04.07.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებული მანდატურების არაპროფესონალური ქცევა და ზღვარსგადასული უხეშობა, უკვე დიდი ხანია, საზოგადოების ყურადღებას იქცევს. გუშინ, 3 ივლისს, მანდატურების მცდელობამ, სასამართლოში სიტუაცია უხეში ძალისმიერი მეთოდებით ემართათ, საგანგაშო ხასიათი მიიღო. იმის გამო, რომ მათ ვერ გამოიჩინეს სათანადო პროფესიონალიზმი სასამართლო პროცესებზე დასწრების მსურველთა ნაკადების რეგულირებისას, წარმოიქმნა ჭყლეტა, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მანდატურები უდიერად ექცეოდნენ მოქალაქეებს და მათ შორის, ჟურნალისტებსაც, რომლებსაც სასამართლო პროცესების გასაშუქებლად ისედაც ძალიან მძიმე პირობებში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება. მოქალაქეები და ჟურნალისტები, მათ შორის, ქალი ჟურნალისტები, მანდატურების სისასტიკისგან თავის დაცვასაც ვერ ახერხებდნენ იმის გამო, რომ დიდი იყო იმის ალბათობა, საქმე მათ წინააღმდეგ შემოებრუნებინათ და ისინი იქეთ დაედანაშაულებინათ. 

30 ივნისს ამოქმედებული ცვლილებებით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, ჟურნალისტებს უკიდურესად შეეზღუდათ სასამართლო პროცესის გაშუქების შესაძლებლობა. აიკრძალა ფოტო გადაღება, აუდიო და ვიდეო ჩაწერა და პირდაპირი ტრანსლაცია. ამ ვითარებაშიც კი ჟურნალისტები ცდილობენ, პირნათლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია სასამართლოში მიმდინარე სხდომების შესახებ. 

ქარტია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, ყველა ზომა მიიღოს სასამართლოს ტერიტორიაზე, და ასეთად კანონი ეზოსაც მიიჩნევს, ჟურნალისტთა უსაფრთხოების დასაცავად. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ტრენინგი და ინსტრუქტაჟი თავისი მანდატურებისთვის, ახალი, მეტი პროფესიონალიზმის მქონე კადრებით ჩაანაცვლოს ძალადობაში და სისიტიკეში შემჩნეული მანდატურები, და ჩაატაროს შიდა მოკვლევა ასეთი მანდატურების გამოსავლენად და დასასჯელად.     

ქარტია თბილისის საქალაქო სასამართლოს ასევე მოუწოდებს, გამოყოს უფლებამოსილი პირი, რომელსაც სასამართლოს სხდომების ჩაწერა და მედიისთვის მიწოდება დაევალება. ამას სასამართლოსგან საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული და 30 ივნისს ამოქმედებული ცვლილებები ითხოვს. მთელი კვირის განმავლობაში სასამართლომ ამგვარი პირის გარეშე იმუშავა, მაშინ როცა ამ პერიოდში ისეთი სხდომები იმართებოდა, რომელთა მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია.

 

04.07.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 3 ივლისის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ 27 მაისით დათარიღებული საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანიების „პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ ტელეკომპანიები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან/ჯარიმისგან გაათავისუფლა, როგორც ამას მაუწყებლობის შესახებ კანონის გარდამავალი დებულება მოითხოვდა, მან ამ გადაწყვეტილებით უკიდურესად სახიფათო პრეცედენტი შექმნა. 

3 ივლისს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას აჩვენა, რომ მზად არის, ძალაუფლების მქონე ჯგუფის მითითებით, შინაარსობრივი საკითხების ფართო სპექტრის რეგულირებით დაკავდეს. 

მაშინ, როცა კომისია იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება და მისი დასაბუთება „ანალოგიური დარღვევების პრევენციას“ შეუწყობს ხელს, ქარტია და ჟურნალისტური თემი შიშობს, რომ ის „მსუსხავ ეფექტს“ იქონიებს და ქვეყანაში მიმდინარე საჯარო პოლიტიკურ დისკურსს გააღარიბებს.  

მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე, მუხლი, რომელიც „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ აწესრიგებს და ერთ-ერთია იმ მუხლებს შორის, რასაც საჩივარი ეყრდნობა, პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. 

მედიისთვის ისეთი ტერმინების გამოყენების აკრძალვა, რაც სრულად სარედაქციო პოლიტიკის დისკრეციაშია, სხვა არაფერია, თუ არა პრესის თავისუფლების შეზღუდვა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლებისთვის ცენზურის დაწესება. 

მედიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რეალობა იმგვარი ტერმინებით აღწეროს, როგორც ის ხედავს მას თავისი სარედაქციო პოლიტიკის პრიზმიდან. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით მაუწყებლებისთვის ისეთი ტერმინების გამოყენების აკრძალვა, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“, „ქართული ოცნების რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმარი“, შინაარსობრივი რეგულირების ტიპური ნიმუშია და მედიაში პროფესიული სტანდარტების ამაღლებას არანაირად არ ემსახურება. 

ქარტია მოუწოდებს კომისიას, მხარი დაუჭიროს მისი რეგულირების ქვეშ მოქმედი მაუწყებლების დამოუკიდებლობას მაშინაც კი, როდესაც ამ მაუწყებლებისგან წამოსული კრიტიკა დისკომფორტს უქმნის ძალაუფლების სტრუქტურებს, და იქცეს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის რეალურ გარანტად, როგორც ამას კომისიისთვის, როგორც დამოუკიდებელი სააგენტოსთვის, მინიჭებული მანდატი ითვალისწინებს. სხვა შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიის როლი სამაუწყებლო სექტორის განვითარებაში ცალსახად შეფასდება როგორც რეგრესული და უარყოფითი.  

 

30.06.2025

დღეს, 30 ივნისს, სინდისის პატიმრების პროცესის, ნიკა გვარამიას პროცესის და სხვა პროცესების გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტები სასამართლოს მანდატურებმა ეზოს  შესასვლელთან შეაჩერეს და აპარატურა დაატოვებინეს. წინა დღეებში მათი რედაქტორები უშედეგოდ ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ პროცესების გადასაღებად ნებართვის მისაღებად ან იქნებოდა თუ არა მედიებისთვის ხელმისაწვდომი, ალტერნატივის სახით, თავად სასამართლოს მიერ გაკეთებული ჩანაწერები. სასამართლო სისტემა სრულიად მოუმზადებელი დახვდა საკანონმდებლო ცვლილებებს და მედიისთვის შესაბამისი წესების შემუშავებაზე და ახალი რეგულაციების შესახებ მათ ინფორმირებაზე წინასწარ არ იზრუნა.  

გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რითაც ფაქტობრივად სასამართლოს მთელ ტერიტორიაზე  - სხდომის დარბაზებში, სასამართლოს შენობაში და სასამართლოს ეზოში - აკრძალა ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია. 

საკანონმდებლო ცვლილებებმა მედია სექტორში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ჟურნალისტებს ბევრი კითხვა ჰქონდათ პროცედურებთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭო კი, რომელსაც გადაღებაზე ნებართვების გაცემა დაევალა, დღეს მთელი დღის განმავლობაში დუმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მსგავს საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უკვე მათ კომპეტენციას სცილდებოდა.  

ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეწინააღმდეგება და სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს, ხოლო დემონსტრაციული უყურადღებობა მოქალაქეებისა და მედიის საჭირობის მიმართ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. 

ქარტია მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს,  დაუყოვნებლივ შეიმუშაოს სხდომების გადაღებაზე ნებართვის გაცემის მარტივი და ნათელი პროცედურები, რაც მედიას შესაძლებლობას მისცემს, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, სხდომის დაწყებამდე, სწრაფად მიიღოს პასუხი განცხადებებზე. 

პარალელურად, ქარტია მოუწოდებს საერთო სასამართლოებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს, იზრუნონ სხდომების ჩაწერაზე და ეს ჩანაწერები დროულად და  გამოსადეგ ფორმატში მიაწოდონ მედიას. 

იმ დროს, როცა ქვეყანაში მრავალი იმგვარი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებულად მაღალია, სასამართლო სისტემა ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს პროცესების საჯაროობის უზრუნველსაყოფად.

 

24.06.2025

23 ივნისს, გვიან საღამოს, პოლიციელებს ჰქონდათ მცდელობა, ტელეკომპანიაკავკასიისჟურნალისტი ნინო კოდალაშვილი იძულებით გადაეყვანათ სამმართველოში მოწმედ და მოეპოვებინათ წვდომა მის ტელეფონში სავარაუდოდ არსებულ ინფორმაციაზე. პოლიციის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ინციდენტის, რომელსაც ჟურნალისტი შეესწრო, ტელეფონით გაკეთებული ვიდეოჩანაწერი

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია კავკასიის ჟურნალისტისა და ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის, ირგვლივ მოქალაქეები შეიკრიბნენ, და ერთ-ერთი მათგანი პოლიციასთან მათი საუბრის ფეისბუქის ლაივში გადაცემას შეუდგა, პოლიციელებს მოუწიათ, ეღიარებინათ, რომ ამგვარი გამოკითხვა ნებაყოფილობითია და რომ მოწმეს შეეძლო ჩვენება მიეცა მოგვიანებითაც, მოსამართლის წინაშე და ადვოკატის თანდასწრებით. პოლიციელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას აღელვებდა ტელეფონში შენახული მტკიცებულების განადგურების რისკი. საბოლოოდ, პოლიციელებმა ჟურნალისტებს ადგილის დატოვების შესაძლებლობა მისცეს და შეჰპირდნენ, რომ მომდევნო დღეს ოფიციალურად მიმართავდნენ.   

მოქმედი კანონდებლობით, პოლიციას არ აქვს უფლება, აიძულოს ჟურნალისტი, მისცეს წვდომა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მოპოვებულ მასალებზე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მასალები პოლიციისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს. ამ მასალების იმ ნაწილის პოლიციისთვის გაზიარების საკითხი, რაც არ გასაჯაროვდება ჟურნალისტური ნაშრომის სახით, სრულად ჟურნალისტის/მედიასაშუალების დისკრეციაშია.   

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელებს შეახსენებს, რომ ჟურნალისტებს არ ევალებათ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მათთვის მოიპოვონ ვიდეომტკიცებულებები და მისცენ მათ წვდომა პირად/სამსახურებრივ ტექნიკაზე. ამაზე პოლიციელებმა, რომლებიც სამხრე კამერებით არიან აღჭურვილი, თავად უნდა იზრუნონ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს- მოუწოდებს, პოლიციელებს კარგად განუმარტონ მათი უფლებამოსილების ფარგლები მოწმეებთან და მტკიცებულებებთან მიმართებაში და ჟურნალისტების უფლებები, რათა პოლიციელებმა არ სცადონ კანონის დარღვევით ზეწოლა ინციდენტის შემსწრე ჟურნალისტებზე

 

16.06.2025

 

ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობისა და საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, რის მისაღწევადაც სახელისუფლებო სტრუქტურები საკანონმდებლო ბერკეტებსა და მათ ხელთ არსებულ ძალაუფლებას იყენებენ. ეს გარემოება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ღრმა შეშფოთებას იწვევს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირად იხილება როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო კოდექსით მიმდინარე ის დავები, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, მწირი რესურსების მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ სასამართლო სხდომების გასაშუქებლად და საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად. ამის პარალელურად მოსამართლეები, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზებში პროცესებზე დასასწრებად ხან საერთოდ არ უშვებენ და ხან განხილვის დასრულებამდე ატოვებინებენ მათ. ზოგჯერ მათ ფოტო და ვიდეო გადაღების უფლებას არ აძლევენ. არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს სასამართლოს შენობაში მუშაობასაც კი უშლიან. მდგომარეობას ამძიმებს სასამართლოს მანდატურების ძალადობრივი ქცევა, რომლებიც ჟურნალისტთა მიმართ უხეშ ძალას იყენებენ. სასამართლოში გაუარესებულ სამუშაო პირობებზე და ხელშეშლაზე საუბრობენ ის ჟურნალისტები, რომლებიც უკვე წლებია,  სასამართლო სხდომებს აშუქებენ. „პუბლიკას“ ფოტოგრაფმა, მინდია გაბაძემ, 9  ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა: „ხელის და ფეხის ჩარტყმა, თრევა, ხელის  მოჭერა, ფეხის წამოდება, კამერაზე დარტყმა და გინება გახდა ჩვენი ყოველდღიურობა სასამართლოში“. 

12 ივნისს, მანდატურებმა, პროევროპულ აქციაზე დაკავებული სტუდენტის, მათე დევიძის, სასამართლო პროცესის გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტების ერთ ნაწილს, მოქალაქეებთან ერთად, შენობა ძალით დაატოვებინეს. ჟურნალისტთა მეორე ნაწილს ისინი სასამართლოს შენობაში არ უშვებდნენ. 

11 ივნისს მოსამართლემ პროევროპული აქციების მონაწილე ექიმის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძის, პროცესი სრულად დახურა და ჟურნალისტებს დარბაზი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინა. 10 ივნისს, იგივე გააკეთა მოსამართლემ პროევროპული აქციების მონაწილე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესზეც, ოთხი მოწმის დაკითხვის შემდეგ. „პუბლიკას“ ჟურნალისტმა ნათია ამირანაშვილმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მათ, ჟურნალისტებს, 11 ივნისს სხდომაზე წესრიგი არ დაურღვევიათ და რომ არც 11 ივნისს და არც წინა დღეს, 10 ივნისს, მედიის, მათ შორის იმ მედიის, რომელთაც გადაღების ნებართვა ჰქონდათ, დარბაზიდან გაძევებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. 

11 ივნისს, მოსამართლე, პროევროპული აქციების მონაწილე ჯგუფური ძალადობაში ბრალდებული რვა პირის სასამართლო პროცესზე, „პუბლიკას“ ფოტოგრაფს, მინდია გაბაძეს, მის პროცესზე ფოტოგადაღების უფლების ჩამორთმევით დაემუქრა. ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ფოტოების გადაღებას სხდომის დასრულების შემდეგაც განაგრძობდა, თუმცა სრულიად უხმაუროდ, რამაც მოსამართლის გაღიზიანება გამოიწვია. 

9 ივნისს სასამართლოს შენობაში ჟურნალისტებზე იძალადეს პროევროპული აქციების მონაწილის, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას, საქმის მოწმე პოლიციელის თანმხლებმა პირებმა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სასამართლოებში არსებულ მძიმე სამუშაო გარემოს განცხადებით 30 მაისსაც გამოეხმაურა.  

შსს და სასამართლოები განაგრძობენ ჟურნალისტების დაჯარიმებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვისათვის“ იმ პირობებში, როდესაც მრავალი მტკიცებულება მოიპოვება ჟურნალისტების სასარგებლოდ. ქარტიამ ამ საკითხზე ისაუბრა განცხადებაში, რომელიც 9 ივნისს გამოქვეყნდა. 

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ფრანგ ფოტოგრაფს, მარილიზ ვინიოს. 2022 წლიდან დღემდე, ღია წყაროებში მსგავსი კიდევ 14 შემთხვევა იძებნება, როცა უცხოელი ჟურნალისტები საქართველოში არ შემოუშვეს. ეს ჟურნალისტები ან კრიტიკულად იყვნენ განწყობილი პუტინის რეჟიმის მიმართ ან საქართველოში მიმდინარე პროტესტს აშუქებდნენ. მარილიზ ვინიოს თქმით, ის საქართველოში ორჯერ - 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და დეკემბერში იმყოფებოდა. ფოტოგრაფი საქართველოში მისი არშემოშვების გადაწყვეტილებას მის პროფესიულ საქმიანობასა და დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის მიმართ სოციალურ ქსელში მის ღიად გამოხატულ მხარდაჭერას უკავშირებს. საქართველოში გადაღებული მისი ფოტოები პოპულარულ გამოცემებში გამოქვეყნდა და რამდენიმე საერთაშორისო კონკურსშიც მოხვდა. ისინი საქართველოშიც გამოიფინა. 

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო, რომელიც შეფასებით მსჯელობას წარმოადგენს და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სრულად ჯდება, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 1,500-დან 4,000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. მათი ნაწილის სასამართლო პროცესები უკვე გაიმართა. მამუკა მდინარაძემ საჩივარი ტელეწამყვანების ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, ეკა მიშველაძის და ნანუკა ჟორჟოლიანის, ჟურნალისტ დეა მამისეიშვილის და „ფორმულას“ თანამფლობელის მიშა მშვილდაძის წინააღმდეგ ახლად ამოქმედებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173(16)-ე მუხლის საფუძველზე შეიტანა. ეს მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წუხილის საგანია ამ მუხლის მსუსხავი ეფექტი და მის საფუძველზე მასობრივი ცენზურის საფრთხე. 173(16)-ე მუხლში ჩამოთვლილ პირებს თმენის მაღალი ვალდებულება აქვთ, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს კი მათი მისამართით კრიტიკული აზრის გამოთქმის არ უნდა ეშინოდეთ. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც ამ დამთრგუნველ გარემოში, მაღალი პროფესიონალიზმით აგრძელებენ საქმიანობას და საზოგადოების ინფორმირებას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და პროცესების შესახებ.

 

09.06.2025

თავიდან შსს გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ჟურნალისტებისთვის გამოწერილ ჯარიმებს მას შემდეგ აუქმებდა, რაც ისინი წარადგენდნენ პრესის ბარათს, ცნობას სამსახურიდან, ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და სხვა მტკიცებულებებს, რითაც დასტურდებოდა, რომ დაჯარიმების მომენტში ისინი სამუშაო მოვალეობას ასრულებდნენ და საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. ბოლო ხანებში ეს მიდგომა შეიცვალა. 

ივნისში ჟურნალისტებმა შსს-სგან მიიღეს დადგენილებები უარით საჩივრის დაკმაყოფილებაზე მათ წინააღმდეგ შედგენილ ოქმებზე გზის გადაკეტვის გამო. 

ჟურნალისტებისა და მათი უფლებადამცველების თქმით, ეს დადგენილებები შაბლონურია, რაც აჩვენებს,რომ შსს-ს გადაწყვეტილების მიღებისას მათი პროფესიული კუთვნილება და სამუშაოს სპეციფიკა საერთოდ არ გაუთვალისწინებია. 

სასამართლო პრაქტიკაც იმავეს აჩვენებს იმ შემთხვევებზე, სადაც საქმე სასამართლომდე მივიდა. 

ეს ცვლილება მიდგომაში აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შსს-სა და სასამართლოების მიზანია, ჯარიმების მსუსხავი ეფექტის პოტენციალის გამოყენებით, ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების გაშუქებაზე უარი ათქმევინონ, რათა ინფორმაციამ ამ აქციების შესახებ საზოგადოებამდე არ მიაღწიოს. 

დაჯარიმებულთა შორის არიან როგორც სამაუწყებლო, ისე ონლაინ მედიაში დასაქმებული ჟურნალისტები, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი პროფესიონალები, როგორც ფრილანსერები და მედიასაშუალებებში შტატიან პოზიციებზე დასაქმებულები. 

კომუნიკაცია ჟურნალისტებსა და შსს-ს შორის და სასამართლო პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ არც შსს-სა და არც სასამართლოში არ ესმით ან არ სურთ გაიგონ, თუ როგორ ფუნქციონირებს მედია და რა პროცესებისა და პრაქტიკის შედეგად იქმნება მედიაპროდუქტი. განსაკუთრებულად რთული გასაგები მათთვის ონლაინ მედიის სპეციფიკა აღმოჩნდა. ზოგიერთ შემთხვევაში შსს-მ ონლაინ მედიისგან მტკიცებულებებად მოითხოვა პირდაპირი ჩართვები და იმ დღესვე გამოქვეყნებული მასალები. 

ცალკე წუხილის საგანია ჯარიმის ოდენობა - 5,000 ლარი, რაც მედიაში დასაქმებულებისთვის  არაპროპორციულად მძიმე ტვირთს წარმოადგენს.  

დაჯარიმებულთა შორის არის „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი. ჟურნალისტმა, რომელსაც შსს 14 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებოდა, 6 ივნისს ფეისბუქზე დაწერა, რომ შსს-მ მას საჩივარი არ დაუკმაყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მან მრავალგვარი მტკიცებულება წარადგინა იმის საჩვენებლად, რომ იმ დღეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ბასტი მგალობლიშვილი შსს-სგან მიღებული უარის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

31 მაისს დააჯარიმეს მედია აპრილის მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე. ჟურნალისტი იმ დღეს, 29 მარტს, როცა მას გზის გადაკეტვას ედავებიან, ქალთა მარშზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ხატია ღოღობერიძემ შსს-ს მასალები მიაწოდა, მის წარმომადგენლებს ისიც დეტალურად აუხსნა, თუ როგორ მუშაობს ონლაინ მედია, თუმცა უშედეგოდ. ხატია ღოღობერიძეც გეგმავს, შსს-ს დადგენილება სასამართლოში გაასაჩივროს. 

30 მაისს, უკვე სასამართლოში დააჯარიმეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი  ნათია გოგსაძე. მას შსს 2 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

23 მაისს, ასევე სასამართლომ დააჯარიმა „პუბლიკას“ ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია, რომელსაც შსს 3 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებოდა.

3 ივნისს სასამართლომ დააჯარიმა ფოტოჟურნალისტი  გოგა ჩანადირი გზის გადაკეტვისთვის თებერვალში. 

OC Media-ს დამფუძნებელსა და ფოტოჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს შსს-მ ოთხი ჯარიმა გამოუწერა. ჟურნალისტმა 4 ივნისს ფეისბუქზე დაწერა, რომ შსს-მ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი ამ ოთხიდან ერთ-ერთზე.  

გასაჩივრებულ ოქმებზე უარის მოლოდინში არიან სხვა ჟურნალისტებიც, ვისაც შსს გზის გადაკეტვას ედავება იმ დროს, როცა ისინი პროფესიულ საქმიანობას ეწეოდნენ. მათ არც სასამართლოს იმედი აქვთ, თუმცა, სასამართლოსთვის მიმართვას მაინც გეგმავენ. 

ჟურნალისტებისა და მათი უფლებადამცველების შეფასებით, რასაც ქარტიაც იზიარებს, ჟურნალისტების დაჯარიმება გზის გადაკეტვის გამო პროფესიული მოვალეობის შესრულებისას წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას მედიის საქმიანობის თავისუფლებაში. ქარტიისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია შსს და სასამართლოების მიდგომის სისტემური ხასიათი და ის გულგრილობა, რასაც ისინი იჩენენ წარდგენილი მტკიცებულებების მიმართ. ჟურნალისტები მაშინაც კი მკაცრად ისჯებიან, როცა ისინი ცდილობენ არ დაარღვიონ თვით იმგვარი კანონები, რომლებიც სამართლიანობის საბაზისო ტესტსაც ვერ უძლებენ. 

ქარტია შსს-ს და სასამართლოებს მოუწოდებს, იმოქმედონ კანონიერად და სამართლიანად, შეწყვიტონ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის დაზიანება და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლა მათ წინააღმდეგ ფინანსური ბერკეტების გამოყენების გზით. 

 

06.06.2025

გუშინ, 5 მაისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, დასაშვებად ცნო ტელეკომპანიების „ფორმულა“, „ტვ პირველი“ და „მთავარი არხი“ წინააღმდეგ ირაკლი კობახიძის მინდობილი პირის, ნათია ბოკუჩავას საჩივარი, რომელიც, მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის (სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის შესახებ) საფუძველზე, სადავოდ ხდის ამ მედიასაშუალებების მიერ ქვეყანაში ძალაუფლების მქონე სტრუქტურების სახელდებას. საჩივრის არსებითი განხილვა 19 ივნისს ჩაინიშნა. 

მაუწყებლობის შესახებ კანონში 1 აპრილს შეტანილი ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას შინაარსში ჩარევის უფლებამოსილებას ანიჭებს და მას ქვეყანაში მთავარ ცენზორად აქცევს. ნიშანდობლივია, რომ 27 მაისს, პირველი საჩივრით კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიას მიმართა არა რიგითმა მოქალაქემ, რომელთა ინტერესების დაცვის მოტივითაც ასაბუთებდა „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებების აუცილებლობას, არამედ ირაკლი კობახიძემ.

ქარტიას მიაჩნია, რომ მსგავსი ტერმინების შესახებ გადაწყვეტილება ისეთ გადაწყვეტილებათა რიგს განეკუთვნება, რომელიც მედიასაშუალებებმა სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში უნდა მიიღონ და არა მარეგულირებელი კომისიის მითითებით. 

სიტუაციაში, როცა ქვეყანაში ძალაუფლების მქონე სტრუქტურების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ როგორც შიდა, ისე გარე აქტორები, რაც არაერთი დოკუმენტითა თუ რეზოლუციითაა დადასტურებული, მედიასაშუალებების მხრიდან მათ მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სრულიად ბუნებრივია და მოსალოდნელი. მედიასაშუალებებს აქვთ სრული უფლება, სიტუაციის აღსაწერად გამოიყენონ იმგვარ ტერმინები, რაც მათ საჭიროდ მიაჩნიათ თავიანთი ინდივიდუალური სარედაქციო ხაზიდან გამომდინარე.  

საჩივარი, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ დასაშვებად ცნო, ისეთ საკითხს ეხება, რაც უნდა იყოს და არის კიდეც პროფესიული წრეების მსჯელობის საგანი, და არა საფუძველი სანქცირებისათვის და გზა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.  

ამ საჩივრის დაშვებით, კომუნიკაციების კომისია ცენზურას აკანონებს. ყველას გვესმის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და ეს კონკრეტული საჩივარი კომუნიკაციების კომისიას აქცევს მძლავრ იარაღად „ქართული ოცნების“ ხელში დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.   

ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას, კარგად გაიაზროს სიტუაციის კომპლექსურობა და სიმძიმე და არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილებებით არ მიიღოს მონაწილეობა აბსურდულ პროცესში, რომელიც მისი როგორც ინსტუტუციისადმი ისედაც შერყეულ ნდობას და ცალკეული კომისიონერების პროფესიულ რეპუტაციას საბოლოოდ დაასამარებს. 

 

03.06.2025

ტვ პირველის ჟურნალისტს თამთა დოლენჯაშვილს, 2015-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ყოფილმა მოჭიდავემ, ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, ხელში ჩაარტყა და ასე სცადა, მისთვის ტელეფონი გაეგდებინებინა. პარლამენტის შენობაში ის წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე ჩვენების მისაცემად იყო მისული, ხოლო თამთა დოლენჯაშვილი „ნოდარ მელაძის შაბათისთვის“ რეპორტაჟს ამზადებდა. ქალებზე ძალადობაში არაერთხელ მხილებული ყოფილი დეპუტატი გააღიზიანა ჟურნალისტის შეკითხვამ გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მისი ფიქტიური დასაქმების თაობაზე. 

ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რესპონდენტები, მათ შორის ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები, თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს ეუხეშონ და მუშაობაში ხელი შეუშალონ. ბოლო თვეებში არაერთი ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის მოძალადეები იშვიათად აგებენ პასუხს. დაუსჯელობის ატმოსფერო ძალადობას ახალისებს.

ქარტია პროკურატურას ამ ინციდენტის დროულად გამოძიებისა და დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდებს.  






30.05.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდებს, სრულად გაასაჯაროვოს და/ან „ბათუმელებს“ და მზია ამაღლობლის ადვოკატებს გადასცეს მისი ოპერატორის მიერ 11 და 12 იანვარს გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან პოლიციელები აქციის მონაწილეებსა და მზია ამაღლობელს დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებისას და დაკავების შემდგომ და თუ როგორ დაშავდა ის პოლიციელების ძალადობრივი ქმედებების შედეგად. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვლადიმერ ტატიშვილმა „ბათუმელებს“, რომელიც ჩანაწერს უკვე ორი თვეა, ითხოვს, დაუდასტურა, რომ ამგვარი კადრები მათთან ნამდვილად ინახება. 

სრული ჩანაწერი მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესისთვის და სიმართლის დასადგენად. პროკურატურა ამ ვრცელი ჩანაწერის მხოლოდ 44-წამიან მონაკვეთს კონტექსტიდან ამოგლეჯით იყენებს მტკიცებულებად მზია ამაღლობლის წინააღმდეგ. 7 აპრილს, მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზიამ გამოძიებას გადასცა მხოლოდ 44-წამიანი ვიდეოკადრი. მან არ განმარტა, თუ რატომ არ ამოიღო შსს-მ სრული ჩანაწერი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა 11 და 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის  და იმ კომუნიკაციის აღდგენა, რაც წინ უსწრებს სილის გაწვნის ეპიზოდს. ის, რომ საქმეში დღემდე არ მოიპოვება სრული ჩანაწერი, არღვევს მზია ამაღლობლის უფლებას სამართლიან სასამართლოზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი სტატუსის გამო გამორჩეულად არის ანგარიშვალდებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის წინაშე. 

ქარტიისთვის გაუგებარი და აუხნელია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია, როცა ამ კუთხის გამორჩეული წარმომადგენელი და კოლეგა ცილისწამებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კი მოეპოვება კადრები, რომელსაც ამ ცილისწამების გაქარწყლება და საქმის შემობრუნება შეუძლია, თუმცა ის კადრებს არ ასაჯაროებს „პერსონალური მონაცემების“ დაცვის მოტივით. 

მოგმართავთ პროფესიული თემის სახელით და მოგიწოდებთ, დაძლიოთ შიში იმის გასაკეთებლად, რაც სამართლიანი და სწორია. ამით გადაარჩენთ არა მხოლოდ მზია ამაღლობელს, არამედ თქვენს პროფესიულ რეპუტაციას და შეინარჩუნებთ აუდიტორიის პატივისცემასა და ნდობას. 

 

30.05.2025

ბოლო თვეების განმავლობაში გახშირებული დაპატიმრებების ფონზე, რომელთა კანონიერება უმეტეს შემთხვევაში ეჭვის ქვეშაა, საზოგადოების და, შესაბამისად, მედიის ინტერესი სასამართლო პროცესების მიმართ მზარდია. დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოტივით დაპატიმრებამ, ასევე ადმინისტრაციული კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრულმა საქმეებმა.

ბოლო ხანებამდე არსებული პრაქტიკით, ის ჟურნალისტები, რომელთაც არ ჰქონდათ თბილისის სასამართლოს მიერ გაცემული სხდომის გადაღების უფლება, ჩვეულებრივ მუშაობდნენ ვიდეო და ფოტოკამერების გამოყენებით როგორც სასამართლოს ეზოში, ისე შენობაში, მათ შორის, ფოეში სხდომის დარბაზებთან მიმდებარედ. ჟურნალისტები წერდნენ კომენტარებს და გადიოდნენ პირდაპირ ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს მიდგომა პირველად 22 მაისს შეცვალა, როცა იქ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი იმართებოდა. ამ დღეს ჟურნალისტებს მიკროფონებითა და კამერებით სასამართლოს შენობაში შესვლა აუკრძალეს.

23 მაისს, როცა საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი იმართებოდა, მანდატურებმა სასამართლოში მიკროფონებითა და კამერებით მხოლოდ ის ჟურნალისტები შეუშვეს, რომელთაც კონკრეტული სასამართლო პროცესის გადაღებაზე განცხადება დაწერილი და დაკმაყოფილებული ჰქონდათ, ხოლო სხვები რამდენიმე საათით შეაყოვნეს და მათ შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ პირადი მონაცემების ჩანიშვნის შემდეგ მისცეს.

იგივე, უკვე მესამედ, განმეორდა დღესაც, 30 მაისს, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის, მათ შორის იმ აქტივისტებისაც რომელთაც მარიამ ლაშხი უჩივის, სასამართლო პროცესებია ჩანიშნული. მანდატურები პროცესების გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების პირად მონაცემებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელით აღრიცხავენ. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლო ვიწროდ და  შემზღუდველად იყენებს სასამართლო პროცესების გაშუქების ისედაც მკაცრ წესებს და მას სასამართლოს შენობასა და სხდომის დარბაზებში ჟურნალისტებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნისაკენ მოუწოდებს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.