კატეგორია : განცხადებები;
გუშინ, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ ჟურნალისტები. დაიკარგა და დაზიანდა პროფესიული ტექნიკა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობისა და ტექნიკის ხელყოფის ყველა შემთხვევას და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ორჯერ დაშავდა “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია. ვიდეოში ჩანს, რომ მას სუნთქვის პრობლემა შეექმნა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ოპერატორმა მუშაობა გააგრძელა, რა დროსაც მას ფეხზე, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა მოხვდა.
“ტვ პირველის” ჟურნალისტს ირაკლი ბახტაძეს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დამიზნებით ესროლეს, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა. ჟურნალისტი მძიმე დაზიანებისგან ჩაფხუტმა იხსნა.
პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ჟურნალისტს აგინებენ, ხელს ჰკრავენ და ტერიტორიიდან აგდებენ. გიორგი დიასამიძეს ჰქონდა პრესის მაინდენტიფიცირებელი ნიშნები და ის პოლიციელებს ეუბნება კიდეც, რომ მედიას წარმოადგენს. თუმცა ეს გარემოება პოლიციელებს არ აჩერებს.
დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა მარიამ გიუნაშვილმა წიწაკის სპრეისგან დამწვრობა მიიღო. მან „მედიაჩეკერს“ უთხრა: „სამი სხვადასხვა მხრიდან შემესხა [წიწაკის სპრეი], წინიდან ეგრევე სახეში და გვერდებიდან მთელ სხეულზე. ხელებზე და მკლავებზე მივიღე განსაკუთრებულად დამწვრობა”.
„სტუდია მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის თქმით, კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი მისთვის ტელეფონის წართმევას შეეცადა იმ დროს, როცა ის იღებდა, თუ როგორ მისდევდნენ პოლიციელები მოქალაქეებს დასაჭერად. პოლიციელები ჟურნალისტს უყვიროდნენ და ეჯაჯგურებოდნენ. ქეთი თუთბერიძემ პოლიციელებისგან თავი კოლეგების დახმარებით დაიხსნა.
რუსთაველის გამზირზე დრონებზე კონტროლი დაკარგეს “პროექტმა 64-მა”, “ნეტგაზეთმა” და “მაყურებელმა”. მათ დრონები ამ დრომდე არ უპოვნიათ.
აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი სითხე, სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, შეასხეს „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს - შალვა სუმბაძეს, ნიკა ცირიკიძეს და ვახო ლეკიაშვილს. ჟურნალისტ შალვა სუმბაძის თქმით, აქციის მონაწილეები მათგან გადაღების შეწყვეტას ითხოვდნენ. ის პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდა და დამცავი საშუალება - აირწინაღი, მოიხსნა, რითაც თავდამსხმელებმა ისარგებლეს.
აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მათ მანამდე ხელითაც შეეხნენ. წამყვანის თქმით, დაზიანდა ტექნიკაც.
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფსაც.
როგორც ქარტიისთვის არის ცნობილი, პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, ასეთივე ოპერატიულობით შეუდგეს პოლიციელების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებისა და დრონების გატაცების ფაქტების გამოძიებას და მედიასაშუალებებს დრონების დაბრუნებაში დაეხმაროს.