ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის უარი ანტიკორუფციული ბიუროს დაუსაბუთებელ მოთხოვნას
03.10.2025

კატეგორია : განცხადებები;

 

30 სექტებერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ანტიკორუფციული ბიუროდან წერილობით აცნობეს, რომ ბიუროს დაწყებული აქვს წარმოება ორგანიზაციის საქმიანობის გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამ წარმოების ფარგლებში ბიურომ ქარტიისგან გამოთხოვა სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია. 

გამართულად მომუშავე თვითრეგულირების ორგანო ქვეყნის მედიასექტორის მაღალგანვითარებულობისა და მაღალორგანიზებულობის მარკერია. საქართველოს, პრესის დიდი ტრადიციების მქონე დასავლური დემოკრატიების მსგავსად, უკვე 15 წელი აქვს მსგავსი ინსტიტუცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია 2009 წელს, იმ ჟურნალისტებმა დააფუძნეს, ვისაც სურდა, საზოგადოების მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით ემუშავა. მას შემდეგ ქარტია საქართველოს მედიალანდშაფტის ორგანულ ნაწილად იქცა და მედია სექტორთან ერთად ვითარდებოდა და იხვეწებოდა. 

დღემდე ქარტიამ ჟურნალისტური ნამუშევრების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად 800-მდე განცხადება განიხილა. განმცხადებლებს შორის, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, იყვნენ პარლამენტის წევრები, მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები, ბიზნესმენები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები, სასულიერო პირები, მსჯავრდებულები და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეები, რაც საზოგადოების განსხვავებულ სეგმენტებში ქარტიის მიმართ მაღალ ნდობაზე მიუთითებს. მართალია, ქარტიის გადაწყვეტილებები ყველას კმაყოფილს არ ტოვებდა, ამ წლების მანძილზე ორგანიზაციის კეთილ განზრახვაში, მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არავის შეუტანია. ქარტიის ეს 800 გადაწყვეტილება საქართველოს მედიისთვის უძვირფასესი რესურსია, რომელიც პროფესიონალ ჟურნალისტებს და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტებს ეხმარება, გაიგონ, თუ როგორ უნდა მუშაობდეს პასუხისმგებლიანი მედია კონკრეტულ სიტუაციებში და მუშაობისას სწორი პრაქტიკით იხელმძღვანელონ. 

ქარტიას წვლილი აქვს შეტანილი ქართული დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ქარტია არჩევნებს პირველად 2012 წელს დააკვირდა და მას შემდეგ, წლევანდლამდე, ორგანიზაციას არჩევნები არ დაუტოვებია, წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგაშუქების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ხარისხი რომ არ შეეფასებინა, რაც, თავისთავად, უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი იყო იმის დასადგენად, ესა თუ ის არჩევნები კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარდა თუ არა.   

ქარტიამ პროფესიული განვითარების მრავალი შესაძლებლობა მისცა ასეულობით ქართველ ჟურნალისტს და სტუდენტს, ჩაატარა ტრენინგები, გაუწია მათ კონსულტაცია პროფესიულ საკითხებზე, მოამზადა და გამოაქვეყნა მეგზურები და სახელმძღვანელოები. ქარტია თანამშრომლობდა უნივერსიტეტებთან და სკოლებთან, რათა ახალ თაობაში გაჩენილიყო მოთხოვნა დამოუკიდებელ და ხარისხიან ჟურნალისტიკაზე. 

ამ ყველაფერს ქარტია მინიმალური რესურსებით და დიდი ენთუზიაზმით აკეთებდა. ქარტიის საბჭოს არჩეული წევრები, ქარტიის საბჭოს არჩეული თავმჯდომარეები, განცხადებებს მოხალისეობრივ საწყისებზე იხილავდნენ, ამ საქმეს უშურველად უთმობდნენ დიდ დროს და ენერგიას იმ რწმენით, რომ ყოველი გადაწყვეტილებით კიდევ ერთ აგურს დებდნენ საქართველოში უფრო მაღალპროფესიული მედიის მშენებლობაში, რომელიც უკეთ მოემსახურებოდა მეტად მედიაწიგნიერ საზოგადოებას.

„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკამ და მის მიერ მიღებულმა შემზღუდველმა კანონებმა საფრთხის ქვეშ დააყენეს ქარტიის მომავალი. ქარტიამ დაკარგა წვდომა დასავლელ დონორებზე და იმ დახმარებაზე, რასაც წლების განმავლობაში ჟურნალისტური თემის და საზოგადოების გასაძლიერებლად იყენებდა. მედიაპროდუქტთან დაკავშირებულ, მთელ რიგ შინაარსობრივ საკითხებზე, მათ შორის, მედიაპროდუქტის სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებთან შესაბამისობაზე, მსჯელობის და ამის საფუძველზე მაუწყებლეთა სანქცირების უფლების საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისთვის მინიჭებამ ძირი გამოუთხარა თვითრეგულირების კონცეფციას, რომელიც ეფუძნება არა დასჯასა და განადგურებას, არამედ კოლეგების დახმარებით შეცდომების გააზრებას, მომავალში მათ პრევენციასა და პრაქტიკის გაუმჯობესებას.  

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული წარმოება პირველი პრაქტიკული ნაბიჯია ახალი კანონმდებლობის გამოყენებით ძალიან ბევრი კარგი ჟურნალისტის დიდი ძალისხმევით შექმნილი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის გასანადგურებლად. 

ქარტია თავის კანონიერ უფლებებს  ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით დაიცავს. 

ივნისიდან ქარტია ისედაც მოხალისეობრივად მუშაობს, პროფესიული თემის მხარდაჭერით და ადგილობრივი შემოწირულობებით. ქარტია ცდილობს, გაუმკლავდეს „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად შექმნილ სირთულეებს, რათა პროფესიულ თემსა და საზოგადოებას კვლავინდებურად გაუწიოს სამსახური, მისცეს მათ კომუნიკაციისა და  წუხილების გაზიარების საშუალება და მიაწოდოს მათ პროფესიული აზრი მათთვის საინტერესო საკითხებზე. 

ქარტია კვლავ იდგება ჟურნალისტთა უფლებების სადარაჯოზე და ძალაუფლების მქონე სტრუქტურებისგან კვლავინდებურად მოითხოვს ჟურნალისტების დევნის შეწყვეტასა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას. 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.