2012 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ გაუწევს მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას პოლიტიკური მიკერძოების გამოსავლენად და პროფესიულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა და მის მიერ მედიის მიმართ გატარებულმა დამაზიანებელმა პოლიტიკამ მსგავსი საქმიანობის განხორციელება წელს შეუძლებელი გახადა.
„ქართული ოცნების“ მეცადინეობით ქარტიამ დაკარგა წვდომა იმ დასავლელი დონორების ფინანსებზე, რომელთა მხარდაჭერითაც ქარტია წლების განმავლობაში ახორციელებდა მედიამონიტორინგის მასშტაბურ და კომპლექსურ პროექტებს.
მედიაკონტენტის მონიტორინგი, რომელიც იძლევა არჩევნების სამართლიანობის შესაფასებლად საყურადღებო ინფორმაციას, მნიშვნელოვანია თავად მედიასაშუალებებისთვისაც, შეცდომების დასანახად და სამომავლოდ მათი გამოსწორებისთვის.
საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, საარჩევნო კონტენტის მონიტორინგი ქარტიამ პირველად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განახორციელა, ხოლო ბოლოს - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
წინა მუნიციპალური არჩევნების დროს, 2021 წელს, ქარტია დააკვირდა ახალი ამბების გაშუქებას და პოლიტიკური ტოკშოუებს ექვს ნაციონალურ ტელეარხზე და ცხრა ონლაინ მედიასაშუალებაში.
ამ ეტაპისთვის ქარტია მოხალისეობრივ საწყისებზე განაგრძობს საბაზისო ფუნქციების შესრულებას, მათ შორის, მოქალაქეთა განცხადებების განხილვას პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე, თუმცა, ის პროექტების განხორციელებას და საზოგადოებისა და ჟურნალისტური თემისათვის ამ და სხვა საჭირო სერვისების მიწოდებას ვეღარ ახერხებს.
2024 წელი მედიისთვის გამოწვევებით იყო აღსავსე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწრაფი ტემპით იძენდა ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს და მისი პოლიტიკა მედიის მიმართ ხდებოდა უფრო და უფრო რეპრესიული. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახალი ინიცირებითა და მისი მიღებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. სახალხო პროტესტის ჩახშობა ძალოვნებმა სასტიკი, ძალადობრივი მეთოდებით სცადეს. აქციების გაშუქებისას არაერთი ჟურნალისტი ფიზიკურად დაშავდა და ბევრ მათგანს მუშაობაში შეეშალა ხელი. პარალელურად, „ქართული ოცნება“ აწარმოებდა ჟურნალისტების დისკრედიტაციისა და მარგინალიზაციის კამპანიას. ჟურნალისტებს თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოძალადე პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, ძალოვანთა მფარველობით სარგებლობდნენ. ჟურნალისტებს და მათი ოჯახის წევრებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ, მათ დაუტოვეს შეურაცხმყოფელი მინაწერები მანქანებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებზე.
ამავე პერიოდში, „ქართულმა ოცნებამ“ ონლაინ მედიას დისკრიმინაციულად შეუზღუდა წვდომა საპარლამენტო პროცესებზე.
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ქარტიამ შეაგროვა ინფორმაცია 70-ზე მეტი შემთხვევის შესახებ, როცა საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტს მუშაობაში შეუშალეს ხელი, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით.
28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაპაუზების თაობაზე მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტებს, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ, პოლიციური ძალები და, სავარაუდოდ, მათი ხელშეწყობით მოქმედი ძალადობრივი ჯგუფები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს. აქციების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის და დაუდგენელი შემადგენლობის სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენით და მიღებული ფიზიკური დაზიანებების, მათ შორის თავის არეში, გამო ბევრი ჟურნალისტის ჯანმრთელობა გრძელვადიანად გაუარესდა. წლის ბოლომდე ქარტიამ 90-მდე ასეთი შემთხვევა აღრიცხა.
ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დღემდე გამოუძიებელია. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დამნაშავეები არ გამოუვლენია და არავინ დასჯილა.
მთელი წლის განმავლობაში მედიისთვის გარემო იყო უკიდურესად ძალადობრივი, შემზღუდავი და დამთრგუნველი. ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა ჟურნალისტების უნარზე, ემუშავათ პროფესიული სტანდარტების დაცვით.
შეცვლილმა გარემო პირობებმა შეცვალა ქარტიის პრიორიტეტებიც. ქარტიას მოუწია, ჩვეულებრივზე მეტად ეზრუნა ჟურნალისტთა ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და მათი უფლებების დაცვა მოეთხოვა. შედეგად, ქარტიას ნაკლები რესურსი დარჩა პროფესიული განვითარების პროგრამებზე სამუშაოდ.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივების ირგვლივ სიცხადის ნაკლებობამ შეზღუდა ქარტიის შესაძლებლობები, მოეძიებინა ფინანსები და დაესახა თუნდაც მოკლევადიანი გეგმები. ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების ნაცვლად, ქარტია გადარჩენისთვის ბრძოლაზე გადაერთო.
სირთულეების მიუხედავად, ქარტიამ შეძლო, სწორი გადაწყვეტილებები მიეღო მედიის სწრაფად ცვალებადი საჭიროებების საპასუხოდ და ის ეფექტურად გაუმკლავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.