20.02.2023

2023 წლის 20 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში რუსი ჟურნალისტი, „რადიო Armazas”-ის დამფუძნებლი ფილიპ ძიადკო არ შემოუშვეს. 

მედიაჩეკერი წერს, რომ ჟურნალისტის ძმის ტიხონ ძიადკოს თქმით, რომელიც რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ მთავარი რედაქტორია, ის რამდენიმე საათია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გაჩერებული.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება ჟურნალისტის საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს შეასრულოს მისი პროფესიული მოვალეობა.

ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს.

  • 2022 წლის 5 მარტს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხეილ ფიშმანი.
  • 2021 წლის 18 ნოემბერს, უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს. 
  • 2021 წლის 27 ოქტომბერს, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს, ამის ფონზე საქართველოს დახმარება სჭირდებათ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს. 

07.02.2023
2023 წლის 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი. აღნიშნული რეგულაცია დღეიდან, 7 თებერვლიდან, შედის ძალაში.
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიუღებელია დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების გარეშე აკრედიტაციის წესის დამტკიცება და მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე ძალაში შესვლა. მით უფრო, რომ აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს არა მხოლოდ აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ, აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებებს. 

აკრედიტაციის წესის თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად, მითითებულია შემდეგი:
  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ადგილიდან.
  • ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
გარდა ამისა, ახალი წესის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი “ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან” გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტის სასახლეში დაშვება, გადაადგილება ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგება. თუმცა დოკუმენტში არ არის მითითებული, რა შემთხვევაშია ღონისძიება “სპეციფიკური” ან როგორ განისაზღვრება “უსაფრთხოების რეჟიმი”. შესაბამისად, ეს ქმნის საფრთხეს, რომ მედიის შეზღუდვის მიზნით, პარლამენტის აპარატმა ჩანაწერი შეიძლება განმარტოს თავისი შეხედულებისამებრ.

ამ და სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია ერთი თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში — 6 თვით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციების დაწესებით შეუძლებელი გახდება ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოებისთვის მიწოდება. 

ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არ დაუშვას, რომ საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა  ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და ღიაობა და გააუქმოს მიღებული ბრძანება, რომელიც გამოიწვევს ფორმალურ დაბრკოლებებს და საქმიანობის შეზღუდვას მედიისთვის.
 
03.02.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება 2023 წლის 2 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციას, ქალაქ ოზურგეთში კრიტიკული ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიას სახლში დროის მცირე მონაკვეთში უცხო პირის/პირების უკანონო შეღწევის ფაქტებს.

ნატო გოგელიას განცხადებით, პირველი შემთხვევა რიგითი კრიმინალური ფაქტი ეგონა, რადგან სახლიდან რამდენიმე ნივთი წაიღეს, მათ შორის მეხსიერების ბარათი. თუმცა, მეორე შემთხვევის დროს ღირებული არაფერი წაუღიათ, მაგრამ სახლი დაარბიეს. ჟურნალისტის შეფასებით, მსგავსი შემთხვევა ჩვეულებრივ ქურდობას არ ჰგავს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის სახლში უკანონო შეღწევის ფაქტები. ქვეყანაში არსებული მძიმე მედია მდგომარეობის ფონზე, პრინციპულად მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევების სწრაფი გამოძიება და დადგენა, ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტები ჟურნალისტის საქმიანობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უზრუნველყონ გამოძიების შედეგების შესახებ ჟურნალისტისა და საზოგადოების დროული ინფორმირება.

 

03.02.2023

2023 წლის 2 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას სახლი სამი დღის მანძილზე ორჯერ გაქურდეს.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიას სახლში ქურდობის ფაქტები. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული ფაქტები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას.

31.01.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის გამო ჟურნალისტების დისკრედიტაციის მცდელობას, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პერსონალური მონაცემების გასაჯაროების და მესამე პირებისთვის უკანონოდ გადაცემის შემთხვევებში.

2023 წლის 16 იანვარს, „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი, თეა გილიგაშვილი, პარლამენტიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი გახდა. თეა გილიგაშვილმა პარლამენტიდან კანონით დადგენილი ფორმით გამოითხოვა ინფორმაცია ხარჯების თაობაზე და იკითხა, რა სახსრებით გაემგზავრნენ მმართველი პარტიის წევრები იტალიაში, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად და ვინ დააფინანსა მათი მოგზაურობა. საქართველოს პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილი მალევე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“, აფილირებულმა Facebook გვერდმა „სინამდვილეში“ გამოაქვეყნა და გილიგაშვილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო ხელისუფლების „დისკრედიტაციის მცდელობაში“ დაადანაშაულა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გვერდს მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კრიტიკული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით რეგულარულად იყენებს — ფაქტებისა და ფოტოების მანიპულაციებით ცდილობს მათზე საზოგადოებაში უარყოფითი აზრის შექმნას. 2023 წლის 31 იანვარს თეა გილიგაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა.

საქართველოს პარლამენტს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, მოეთხოვება პოლიტიკური მიუკერძოებულობის მკაცრად დაცვა, ხოლო პარლამენტის აპარატში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ან/და ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებაში ჩართულ დეპუტატებს არ აქვთ უფლება, პარტიული/პოლიტიკური მიზნებით გამოიყენონ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის უკანონოდ გადაცემის შემთხვევა 2022 წლის 08 ოქტომბერსაც მოხდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, სოციალურ ქსელ Facebook-ში საჯაროდ განათავსა გაზეთი „ბათუმელების“ რედაქტორის, თედო ჯორბენაძის მიერ გამოთხოვილ წერილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მიერ მომზადებული პასუხი, რაც თედო ჯორბენაძის პირად ინფორმაციასაც შეიცავდა. საკითხის შესწავლისას, როგორც აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლებმა, ისე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვერ გაიხსენეს, როგორ მოხდა ჟურნალისტისთვის მომზადებული კორესპონდენციის გასაჯაროება, ხოლო პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა ვერ შეძლო დაედგინა, როგორ გახდა აჭარის მთავრობის მიერ ჟურნალისტისთვის მომზადებული პასუხი „ქართული ოცნების” დეპუტატისთვის ხელმისაწვდომი.

მედიის ადვოკატირებისთვის კოალიცია მიიჩნევს, რომ საჯარო დაწესებულების მიერ მიღებული ან/და გაგზავნილი სამართლებრივი დოკუმენტის პარტიული ინტერესებით გამჟღავნება და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამო ჟურნალისტის დისკრედიტაციის მცდელობა ქმნის საშიშ პრაქტიკას. მომხდარი შემთხვევა ნათლად მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებისა და ვიწრო პარტიული ინტერესების აღრევაზე.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს:

  • საქართველოს პარლამენტის აპარატს - გააკეთოს განმარტება, თუ როგორ აღმოჩნდა თეა გილიგაშვილის მიერ აპარატისთვის გაგზავნილი განცხადება მმართველ პარტიასთან აფილირებული სოციალური მედიის გვერდისთვის ხელმისაწვდომი;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - შეისწავლოს ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის აპარატისთვის გაგზავნილი სამართლებრივი განცხადებისა და მასში მითითებული პერსონალური მონაცემების გვერდისთვის „სინამდვილეში“ მიწოდების კანონიერება.
  • ხელისუფლებას - ნუ გამოიყენებს სახელმწიფო რესურსებს პარტიული მიზნებისა და მედიაზე თავდასხმისთვის, უარი თქვას საჯარო ინფორმაციის გაცემის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაზე და უსაფუძვლოდ ნუ შეუზღუდავს მოქალაქეებსა და მედიას საჯარო ინფორმაციაზე წვდომას.
20.01.2023

2023 წლის 20 იანვარს, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან პირმა რამდენჯერმე გაისროლა, რასაც 4 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 პირი კი დაჭრილია. 

ამავე პირმა ცეცხლი გაუხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილზე გამოძახებულ თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ–ერთი დაიღუპა. შსს-ის ინფორმაციით, თავდამსხმელმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

ქარტია, პირველ რიგში, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 

ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ საკითხს და გაშუქებისას სენსაციურობის ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭონ ფაქტებზე ორიენტირებულ გაშუქებას.

ამასთან, ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, მაღალი საჯარო ინტერესის გარეშე თავი შეიკავონ მძიმე ვიზუალური კადრების შემცველი მასალის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაღუპულ და დაჭრილ მოქალაქეთა ახლობლების რეტრამვირება.

17.01.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 16 იანვარს მიღებულ განაჩენს, რომლის საფუძველზეც მედიის წარმომადგენლებზე, 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმისას, ძალადობაში მსჯავრდებულები ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გამართლდნენ და მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდათ.

აღნიშნული განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, ჟურნალისტის მირანდა ბაღათურიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებულ ძალადობას, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს ეხება. მართალია, 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო, თუმცა ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.

საგანგაშოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

საქართველოს სახალხო დამცველმა, მედიის ადვოკატირების კოალიციამ და მისმა წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს გენერალურ პროკურატურას 5 ივლისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით. სამწუხაროდ, მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები არ დგამენ სათანადო ნაბიჯებს მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც ორგანიზებული ძალადობის შედეგად 56 პირი, მათ შორის, 47 ჟურნალისტი დაზარალდა. თავდასხმის შემდეგ 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.

მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ყურადღება არის გამახვილებული, მათ შორის, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

ამის თაობაზე არაერთხელ აღნიშნა მედიის ადვოკატირების კოალიციამ თავის განცხადებებში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მედიაზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა.

09.01.2023

2023 წლის 9 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა მოსკოვში ქართველი მზარეულის მკვლელობის დაუფარავი კადრები. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. აღნიშნული კადრების გავრცელება საზოგადოებისთვის დამატებითი ინფორმაციის მატარებელი არ არის და მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეიძლება ემსახურებოდეს.

მედიამ უნდა იფიქროს, რა გავლენის მომტანია დაზარალებულის ოჯახისა და ახლობლებისთვის მსგავსი შემზარავი გამოსახულების გავრცელება და მინიმუმამდე უნდა შეამციროს გარდაცვლილის ახლობლების რეტრავმირება.

ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ აღნიშნული კადრების გავრცელებისგან, უკვე გავრცელებული ჩანაწერები კი წაშალონ ყველა პლატფორმიდან. 

06.01.2023

2022 წლის 5 იანვარს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია ბელგიაში მცხოვრები ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ.

ამ დრომდე [23:50, 05.01.2023] ლიზა ქისტაურის გარდაცვალება არ დაუდასტურებიათ არც მისი ოჯახის წევრებს და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არ არსებობს არცერთი ოფიციალური წყარო, რომელიც ქალის გარდაცვალებას ადასტურებს.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. 

ამასთან, მნიშვნელოვანია გაშუქების დროს მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. 

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მედიამ გაითვალისწინოს ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, მათ ამის შესახებ მედიიდან არ შეიტყონ.

 

21.12.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი დაჩქარებულად, სფეროში ჩართული ადამიანების მოსაზრებების გაზიარების და რისკების შეფასების გარეშე წარიმართა, რაც ქვეყანაში ისედაც მძიმე მედიაგარემოს გაუარესების საფრთხეს ქმნის.

კანონპროექტი და განხილვის პროცესი - კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 7 სექტემბერს ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს, საჯაროდ ხელმისაწვდომი 13 სექტემბერს გახდა. კანონპროექტი პარლამენტის სესიაზე 19 სექტემბერს პირველი მოსმენით, განხილვებისა და დისკუსიის გარეშე, გავიდა. დაჩქარების მიზეზად, კანონპროექტის ავტორებმა ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება მოიყვანეს და აღნიშნეს, რომ მეორე მოსმენამდე სამაუწყებლო მედიასა და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები ჩაინიშნებოდა. მას შემდეგ პარლამენტში მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც დამატებითი შეხვედრის საჭიროება გამოიკვეთა, კანონპროექტის ტექსტის დეტალურად განსახილველად, თუმცა მოულოდნელად, 28 ნოემბერს, ჩაინიშნა მეორე მოსმენა, დამატებითი შეხვედრების გარეშე. ამჯერადაც არგუმენტი ევროკავშირთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება იყო.

აღსანიშნავია ევროკავშირის მოთხოვნა ინკლუზიურობაზე, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, საკანონმდებლო ცვლილებები მოხდეს მხარეებთან შეთანხმებით და კონსენსუსით, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში არ მომხდარა.

ალტერნატიული წინადადება - საქართველოში არსებული მედია გარემოს საფრთხეების გათვალისწინებით, ტელემაუწყებლობის უმრავლესობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშავეს. აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენამდე პარლამენტს თამარ კორძაიამ წარადგინა, თუმცა შეთავაზება მხედველობაში არ მიუღიათ.

ევროპის საბჭოს ექსპერტების დასკვნა სადავო სამი საკითხის შესახებ - მნიშვნელოვანია, რომ დირექტივის იმპლემენტაციისას, ევროკავშირი არ უთითებს ქვეყნებს თუ კონკრეტულად როგორ უნდა შეცვალონ კანონპროექტი - მისთვის მთავარია, ქვეყნებმა მიზანს მიაღწიონ. ეს ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დირექტივის შესრულებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინონ და ისეთი გზა აირჩიონ, რომელიც სფეროს არ დააზიანებს.

სწორედ ეს მიიღეს მხედველობაში ევროპის საბჭოს ექსპერტებმა და სადავო საკითხის შეფასებისას არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების მსგავსი პოზიცია ჩამოაყალიბეს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მესამე მოსმენამდე ევროკავშირმა ვალდებულების შესასრულებლად და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაოდ პროცესი 2023 წლის 31 მაისამდე გადაავადა.

მიუხედავად ამისა, წამყვანმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი მესამე მოსმენითაც დაუჭირა.

მედიის ადვოკატირების კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით და იცოდეს, რომ არ სრულდება ის მინიმალური სტანდარტიც კი, რომელიც დაინტერესებული პირების პროცესებში ჩართულობას გულისხმობს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.