ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია ბოლო ორ ღამესაც.
„ტვ პირველის“ ცნობით, 4 დეკემბერს, გვიან საღამოს, „ქორთიარდ მარიოტთან“, კრიმინალურმა პოლიციამ ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს კამერა დაუმტვრია. სასტუმროსთან, სადაც ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. “ტიტუშკები” იყვნენ მობილიზებული. შავფორმიანმა ნიღბიანებმა იძალადეს ტელეკომპანიის ჟურნალისტზე, ნანუკა ქაჯაიაზე, რომელიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა.
წინა დღეს, 3 დეკემბერს, თავის არეში მიიღო დაზიანება „ფორმულას“ ოპერატორმა თედო ქვაჩახიამ. მანამდე ის მხუთავი აირით დაშავდა. თედო ქვაჩახიას ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ხოლო შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერატორს ტვინის შერყევა აქვს.
3 დეკემბერს დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი. მას ხელში პიროტექნიკა ესროლეს. ოპერატორს ჯერ ადგილზე ამოუჩინეს სამედიცინო დახმარება, შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.
3 დეკემბერს “ფორმულას“ ჟურნალისტს ლუკა ტყებუჩავას, რომელიც ადგილზე ოპერატორ მიშო მარტაშვილთან ერთად მუშაობდა, სპეცრაზმელების მიერ სახურავიდან ნასროლი გაზის ორი ყუმბარა მოხვდა.
3 დეკემბერს პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს „ჩაიხანას“ ჟურნალისტს ნატალი ჩხარტიშვილს. მან, სავარაუდოდ, ამ დროს დაკარგა მცირე ზომის კამერა Handycam. კადრებში ჩანს, თუ როგორ ითხოვენ მისგან პოლიციელები ყვირილით, რომ ტელეფონი გამორთოს.
29 ნოემბერს დაშავდა „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ტელევიზიის Current Time-ის ოპერატორი გიორგი ჭუმბურიძე. ის სპეცრაზმელებმა პარლამენტის შენობის სიახლოვეს შემაღლებული ადგილიდან ჩამოაგდეს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს პროკურატურისგან ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას ითხოვს. 5 დეკემბრის მდგომარეობით, ინციდენტების რაოდენობა უკვე 70-ს გადაცდა.
2-3 დეკემბრის ღამეს, ერთი ჟურნალისტი და 2 ოპერატორი დაშავდა, მუშაობაში ხელი შეუშალეს და ტელეფონი გასტაცეს ერთ ჟურნალისტს.
1-2 დეკემბრის ღამეს 7 ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი დაშავდა.
2 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ორი ფოტორეპორტიორის შესახებ, რომლებიც 30 ნოემბერს დაშავდნენ.
2-3 დეკემბრის ღამე
ნინო რამიშვილი, „სტუდია მონიტორის" ჟურნალისტი. ნინო რამიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტელეფონი წაართვეს: „რა თქმა უნდა მეკეთა ბეიჯი და მქონდა არაერთი ნიშანი პრესის, ასევე ვუთხარი რომ ვარ ჟურნალისტი და ვანახებდი პრესკარტას, მაგრამ მთხოვდნენ ვიდეოს წაშლას, ბოლოს კი გაიტაცეს ტელეფონი. შემდეგ კი რჩევად დააყოლეს წადი სახლშიო".
„პირველი არხის“ ინფორმაციით, მათი ჟურნალისტი თეო ხუბულავა და ოპერატორები ლევან ქართველიშვილი და ბადრი გამრეკლაშვილი რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ გაზის კაფსულების გამოყენების დროს დაშავდნენ. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფოს დახმარების ბრიგადამ ადგილზევე აღმოუჩინა.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მისი ოპერატორი [გივი მჭედლიშვილი] დაშავდა და დახმარება სჭირდება.
1-2 დეკემბრის ღამე:
“რუსთავი 2”
● გიორგი ნერგაძე, ოპერატორი. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა. მან აქციაზე გაშვებული გაზი შეისუნთქა. ნერგაძეს სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა ადგილზევე გაუწიეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
● თამთა ჩიტიშვილი, ჟურნალისტი. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა. ჟურნალისტი, რომელმაც ფეხის არეში მიიღო დაზიანება, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„TV პირველი“
● ნიკო კოკაია, ოპერატორი. „TV პირველის“ ინფორმაციით, მას პირველადი დახმარება დასჭირდა.
● „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, კოკაიასთან ერთად, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილიც.
„პუბლიკა“
● ნათია ამირანაშვილი, ჟურნალისტი. გამოცემის „პუბლიკა“ ინფორმაციით, პოლიცია ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტი კედელზე მიანარცხეს, რა დროსაც გააგდებინეს ტელეფონი.
„მაუწყებელი“
● გიორგი ჩაგელიშვილი ჟურნალისტი. „მაუწყებლის“ ინფორმაციით, რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს უკანონდ დააკავეს გამოცემის ჟურნალისტი, გიორგი ჩაგელიშვილი. როგორც „პუბლიკა“ წერს, მათ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი საპოლიციო ძალებს მიუთითებდა, რომ ჟურნალისტია, თუმცა მას ჩანთა გაუჩხრიკეს და წაიყვანეს.
OC Media
● მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი. ნიკურაძე წერს: „კიდევ ერთი კამერა დამიზიანდა :)) მაკავებდნენ ცრემლსადენი გაზის ბუღში. ჟურნალისტი ვარ-თქო, გამიშვა და მიმახეთქა კედელს კამერიანად. საბედნიეროდ, მარტო ეკრანი დაზიანდა“.
„მედია აპრილი“
● გიორგი ბასხაჯაური, ჟურნალისტი. „მედია აპრილის“ ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა. „ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მას მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ“, - წერს „მედია აპრილი“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“
მირიან მელაძე, ფოტორეპორტიორი. „პირველმა არხმა“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი თანამშრომელი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გაშუქებისას დაშავდა, 1 დეკემბერს გაავრცელა. ფოტორეპორტიორს სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზევე გაუწია. 2 დეკემბერს მირიან მელაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაშავებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ ეს ფაქტი სამი დღის წინ მოხდა.
მელაძე ვარაუდობს, რომ ფეხში სამართალდამცველების მხრიდან ნასროლი
რეზინის ტყვიები მოხვდა. მან „ნეტგაზეთს“
უთხრა:
„დაზუსტებით თქმა არ შემიძლია, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმმა
მითხრა, თქვა, რომ რეზინის ტყვიის შედეგად მიყენებულ დაზიანებას
ჰგავს. ჩემთან ერთად IPN-ის ფოტოგრაფიც იყო და იმასაც იგივე
დაუდასტურა. ჩემი გადაადგილების მიმართულებით თუ ვიმსჯელებთ, [ტყვია]
პოლიციის მხრიდან მაქვს მოხვედრილი და არა — აქციის
მონაწილეების“.
„ნეტგაზეთისვე“ ინფორმაციით, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფი ვანო გორგიშვილიც დარწმუნებულია, რომ დაზიანება სამართალდამცველების მხრიდან მიიღო. მისი თქმით, „ფიზიკურად შეუძლებელია, სხვა ტრაექტორია ყოფილიყო. ხალხისგან უკვე შენობა გვეფარებოდა“.
30 ნოემბრის დილის 2-3 საათზე „მერიოტთან“ შეჯგუფებულ მედიას წყლის
ჭავლი მოგვიშვეს. რამდენიმე კაცმა გასწრება ვცადეთ და მაშინ გვესროლეს
რეზინის ტყვიები. მირიანს ოთხი მოხვდა. მე, საბედნიეროდ, ერთი პატარა
და მუხლთან. ჩემი შედარებით არაფერია“, წერს ვანო გორგიშვილი.
“ტვ
პირველის” ინფორმაციით შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ 2 დეკემბერს აქციის დაშლისას არაპროპორციული
ძალის გამოყენების შედეგად დაზიანდა მათი სამაუწყებლო აპარატურა, მათ
შორის, პირდაპირი ტრანსლაციის კამერა, რომელიც გამოსაყენებლად
უვარგისია. ტელეკომპანიის ცნობით, ეს არ არის
პირველი შემთხვევა, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი მათი
სამაუწყებლო აპარატურის დაზიანებას ცდილობს, რათა “ტვ პირველს”
პირდაპირი ეთერის სიგნალი გაეთიშოს და მოვლენების ეპიცენტრიდან
მაუწყებლობა ვეღარ შეძლოს.
30 ნოემბერს ჭიჭინაძის ქუჩაზე, როცა სპეცრაზმი მომიტინგეებს აწვებოდა, ნიღბიანმა მამაკაცმა, სავარაუდოდ ძალოვანმა, ხელი ჰკრა ჟურნალისტ ფიოდორ ხუდოკორმოვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ლადო ტატიშვილის, გადაწყვეტილებით, ამ კვირაში ტელევიზიის ეთერში პოლიტიკური ტოქშოუები არ გავა. მათ შორის არის ირინა ყურუას გადაცემა „სათქმელი“. ეთერიდან ჩაიხსნა ყველა სხვა გადაცემაც, რომელიც კი პირდაპირ ეთერში გადიოდა, გარდა საინფორმაციო გადაცემისა.
აჭარის ტელევიზიის და რადიოს მენეჯმენტმა თავისი პოზიცია ასე ახსნა: “არხის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით, სანამ არსებული პოლიტიკური ვითარებაა, ეთერში გავიდეს მხოლოდ ახალი ამბები და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრებიდან და მხოლოდ ამ დროით შემოქმედებითი ან პოლიტიკური თოქშოუები ეთერში არ გავა”.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს მოუწოდებს, გადაწყვეტილებას გადახედოს და ეთერში ყველა გადაცემა აღადგინოს, რათა საზოგადოებამ აჭარაში და მის ფარგლებს გარეთ, ქვეყნისთვის ამ რთულ დროს, შეუფერხებლად მიიღოს მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და პირდაპირ ეთერში გაგრძელდეს საგნობრივი მსჯელობა აქტუალურ საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რაც აღელვებს საზოგადოებას აჭარაში.
ჩვენ ვშიშობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ეს გადაწყვეტილება სამთავრობო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ეთერიდან გასაყვანად და ეთერში კრიტიკული აზრის ჩასახშობად მიიღო, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ერთი ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ. არ გამოვრიცხავთ, რომ შემდეგი ნაბიჯი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გათავისუფლება იყოს, რათა დირექციამ წინააღმდეგობის გარეშე შეძლოს პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის გატარება.
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო გადასახადების გადამხდელთა ფულით საზოგადოებას და მის საუკეთესო ინტერესებს მოემსახუროს და საპროგრამო ბადე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაცემებით ააწყოს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტის სოლიდარობას უცხადებს აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყველა იმ თანამშრომელს, რომლთაც დირექტორის დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხო და ეთერს მიღმა დატოვა.
ნაცემია “რადიო თავისუფლების” პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც სპეცრაზმმა 1 დეკემბერს ღამით საპროტესტო აქციის მახლობლად დააკავა. ის ახლა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ბექა ბერაძე აქციის სიახლოვეს მიდიოდა, როცა მოულოდნელად პოლიციელების ალყაში აღმოჩნდა. მისი ადვიკატის თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა შეიტყვეს, რომ ბექა ბერაძე “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი იყო, მის მიმართ უფრო აგრესიულები გახდნენ. ის ჯერ ცემეს, ხოლო შემდეგ სხვა დაკავებულებთან ერთად შეაგდეს მინივენში, სადაც მას კიდევ ერთო საათის განმავლობაში ცემდნენ. პოლიცია ბექა ბერაძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. “რადიო თავისუფლებას” აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ახალგაზრდა კაცი პოლიციელებს ეკითხება, თუ კონკრეტულად რაში არ დაემორჩილა მათ. “რადიო თავისუფლება” თანამშრომელს ღამის 3:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.
ონლაინგამოცემა On.ge-ს ინფორმაციით, 1 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს ფოტოგრაფი ნიკოლოზ თაბუკაშვილი.
ქარტიამ მიიღო ინფორმაცია 28-30 ნოემბრის პერიოდში დაშავებული მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის შესახებ:30 ნოემბერს დაშავებული გერმანელი ჟურნალისტი, დომინიკ რაიხერტი, აქციას რუსული პროპაგანდისტული არხის, „რაშა თუდეისთვის“ აშუქებდა. „ტვ პირველის“ ცნობით, ის ჰოსპიტალიზებულია თხემის ძვლის მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით ტვინის გარსში.
საპოლიციო ძალებმა 30 ნოემბრის ღამესაც განაგრძეს იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნა, რომლებიც თბილისში, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპულ საპროტესო აქციებს აშუქებდნენ. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამიზნებით და ახლოდან სახეში ასხამდნენ ქიმიურ ნივთიერებებს, მიზანმიმართულად ძალადობდნენ მათზე, რომ მედიის წარმომადგენლები დასახიჩრებულიყვნენ და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიეღოთ. პოლიციელები ჟურნალისტებს ართმევდნენ და უმტვრევდნენ ვიდეო და ფოტო აპარატურას, ტელეფონებს, ისეთ დამცავ აღჭურვილობას, როგორიცაა რესპირატორები და სათვალეები. პოლიციელები ჟურნალისტებს განსაკუთრებული გავეშებით მაშინ ესხმოდნენ თავს, როცა ისინი პოლიციელთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს - აქციის მონაწილეების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევებს აფიქსირებდნენ. 29 და 30 ნოემბრის ღამეს საპოლიციო ძალების ქმედებაზე დაკვირვება გვაძლებს საფუძველს დავასკვნათ, რომ მათი აგრესია მედიის წარმომადგენლების მიმართ იყო სისტემური, დაგეგმილი და განზრახი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ამგვარი ქცევით მედიის ერთ ნაწილზე შურისძიებას, ხოლო მათი სამაგალითოდ დასჯით უკვე მეორე ნაწილის დაშინებას ისახავდნენ მიზნად.
„ტვ პირველის" ინფორმაციით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს და მის ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს. მარიამ გაფრინდაშვილმა თავზე მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. მარიამ გაფრინდაშვილს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ჟურნალისტს აქვს ტვინის შერყევა.
შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე, საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა გამოცემა „რეალპოლიტიკის“ ჟურნალისტს, აკა ზარქუას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ათამდე სპეცრაზმელმა ჟურნალისტი წრეში მოაქცია და წიხლებით ცემა, ხოლო მათი მეთაური ჟურნალისტისთვის პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათის პირში ჩატენვას შეეცადა. ამის შესახებ აკა ზარქუამ თავად დაწერა ფეისბუქის პირად გვერდზე. მისი გადაღებული ვიდეოდან ჩანს, თუ როგორ ძალადობენ ჟურნალისტზე პოლიციელები. აკა ზარქუაზე ძალადობა ჩანს „ფორმულას“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოშიც. პოლიციელებმა ჟურნალისტს აირწინაღი წაართვეს.
სპეცრაზმელებმა გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს. ამის შესახებ „პუბლიკამ“ დაწერა. ჟურნალისტის თქმით, იმ დროს, როცა ის ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, სპეცრაზმელმა მას ჯერ ტელეფონი დააგდებინა, ხოლო ტელეფონის ასაღებად დახრილს, თავში ჩაარტყა. ამის შემდეგ სპეცრაზმელებმა, სავარაუდოდ, ჟურნალისტის ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ.
პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფოტოგრაფ გიორგი გამგებელს. ის სახისა და ფეხის არეში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი გამგებელს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურა, რომლითაც ის მუშაობდა.
“ფორმულას” ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს. ტექნიკა დაუზიანდა ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს, რომელიც ბათუმში მიმდინარე აქციას აშუქებდა. ამის შესახებ “ფორმულას” ჟურნალისტმა თამარ თედიაშვილმა პირდაპირი ჩართვისას თქვა. ჟურნალისტმა აღნიშნა ისიც, რომ აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და პოლიციის მანქანაში ჩატენა ფოტოგრაფი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 28, 29 და 30 ნოემბერს, მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობაზე, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ათობით დოკუმენტირებულ ფაქტზე, პირად პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს აკისრებს და მას კანონის ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ქარტია პროკურატურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მრავალი ფაქტის სწრაფ და მიუკერძოებელ გამოძიებას, საპოლიციო ძალების მოძალადე თანამშრომლების, ასევე, მათი ხელმძღვანელების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც.
დაშავდა „ტვ პირველის” ხუთი თანამშრომელი:
წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ოპერატორ ნიკა კოკაიას, არაერთხელ.
წიწაკის სპრეი შეასხეს ჟურნალისტ ანა მდივანსაც, რომელსაც შედეგად სპაზმური შეტევა დაემართა.
პოლიციელები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორ გიორგი შეწირულს.
დამიზნებით შეასხეს წყლის ჭავლი ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის რესპონდენტს.
დაშავდა ასევე ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი, რომელიც ნანუკა ქაჯაიასთან ერთად მუშაობდა.
ქიმიური ნივთიერებით დაშავდნენ “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი, ხოლო ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ასევე ჟურნალისტ დავით კობიძეს და ოპერატორ ლუკა ბაჩილავას.
სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას, რის შედაგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო (სახის ძვლისა და კისერთან ხერხემლის მალის მოტეხილობა). ჟურნალისტს ფიზიკურ დაპირისპირებამდეც შეუშალეს ხელი - მას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს პოლიციელებმა ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ქიმიური ნივთიერებით დაშავდა ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე, ასევე ოპერატორი თედო ქვაჩახია. წიწაკის სპრეი შეასხეს ჟურნალისტ ხატია სამხარაძესაც.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნიღბიანი სპეცრაზმელი მათ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ფიზიკურად გაუსწორდა - მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა. ქაშვეთის ეკლესიასთან დაშავდა ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი. პროფესიულ საქმიანობაში შეუშალეს ხელი და მცირედი დაზიანება მიაყენეს ოპერატორებს ილია რატიანსა და ზუკა ხიდაშელს.
აქციაზე “პუბლიკას” ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი უკანონოდ დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ მასზე იძალადა, რა დროსაც ჟურნალისტმა თავისა და სახის არეში დაზიანებები მიიღო. მას ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილს ტელეფონი გააგდებინეს და მუშაობის საშუალება არ მისცეს. ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს. მუშაობაში არაერთხელ შეუშალეს ხელი ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილსაც. გამოცემის ინფორმაციით, მას რამდენჯერმე ჰკრეს ხელი და დაარტყეს.
„მედია აპრილის“ ინფორმაციით, დაშავდა ფოტორეპორტიორი ტბელ აბუსერიძე.
„პუბლიკას“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს გიორგი გოგუას.
დაშავდა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე. ჟურნალისტი მასზე მიშვებულმა წლის ჭავლმა წააქცია. მას რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი. დაუზიანდა კამერაც. მარიამ ნიკურაძემ ზიანი მიიღო წიწაკის სპეის შესხმითაც.
დაშავდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, დაშავდა “პირველი არხის” ოპერატორი დავით ბეჟანიშვილი.
JAMnews-ის ინფორმაციით, მათ ფოტორეპორტიორს, უკრაინელ იულია კალაბანს პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს ჩაარტყეს.
წყლის ჭავლით დაშავდა „რუსთავი 2“ - ის ჟურნალისტი.
სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა „ექსპრესნიუსის“ ჟურნალისტს ირაკლი მანაგაძეს
პოლიციელებმა გადაღებაში ხელი შეუშალეს სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტებს ნინო წვერავას და ნინო შუბითიძეს. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა ქაშვეთის ეკლესიის შესასვლელიდან. პოლიციელმა ფეხი ჩაარტყა ოპერატორ გიორგი ბარამიძეს.
წიწაკის სპრეით დაშავდა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ნინო ლორჩოშვილი.
დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი, რომელიც საპროტესტო აქციას აშუქებდა. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ დაზიანებები მას თვალის არეში აქვს მიყენებული.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს 28 ნოემბერს საპოლიციო ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ზიანი. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თვითმხილველთა თქმით, საპოლიციო ძალების წარმომადგენლები მათ, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც.
● „ტვ პირველის” ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს სახეში ამ ტელეკომპანიის ოპერატორს ნიკა კოკაიას და ჟურნალისტს ანა მდივანს, რომელსაც შედეგად სპაზმური შეტევა დაემართა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, პოლიციელები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტვ პირველის” ოპერატორს გიორგი შეწირულს. დამიზნებით შეასხეს წყლის ჭავლი „ტვ პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას და მის რესპონდენტს. დაშავდა ასევე ოპერატორი დავით ბიჭიკაშვილი, რომელიც ნანუკა ქაჯაიასთან ერთად მუშაობდა.
● მედია აპრილის ინფორმაციით დაშავდა ფოტოგრაფი ტბელ აბუსერიძე.
● „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს გიორგი გოგუას.
● ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე.
● საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას.
● დაშავდა OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც წლის ჭავლმა წააქცია.
● დაშავდა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელსაც სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
● ქიმიური ნივთიერებით დაშავდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.
● რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.
● მედია აპრილის ინფორმაციით, აქციაზე გერმანელი ჟურნალისტი დაშავდა.
● აქციაზე “პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ მასზე სასტიკად იძალადა.
● რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, დათო ცაგარელს, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.
● „პუბლიკას” ინფორმაციით, პროფესიულ საქმინობაში ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს.
● JAMnews-ის ინფორმაციით, მათ ფოტორეპორტიორს, უკრაინელ იულია კალაბანს პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და თვითნებობა.
25 ნოემბერს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი ზონის ამოქმედებით მედიასა და ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში დაგემილ ღონისძიებებზე წვდომა შეეზღუდათ. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად პარლამენტმა მისი თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბერს მიღებული დადგენილება მიუთითა.
შედეგად, ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა მე-11 მოწვევის პარლამენტის, რომელიც პლენარულ სხდომაზე პირველად შეიკრიბა, საქმიანობის გაშუქება კვლავინდებურად ვერ შეძლეს. შენობაში შეუშვეს მხოლოდ აკრედიტებული წარმომადგენლების ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, თუმცა, დამატებითი აკრძალვებით - სხდომის გაშუქებისას ჟურნალისტებს მცირე ზომის შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო ოპერატორებს სხდომათა დარბაზში არ შეატანინეს პირდაპირი ჩართვის აპარატები, რაც, მაუწყებლების ცნობით, წარსულში პრობლემას არ წარმოადგენდა.
მოგვიანებით, 25 ნოემბერს, პარლამენტმა დააზუსტა, რომ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე 26 ნოემბრიდან “მის გაუქმებამდე”იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ ონლაინ მედია პარლამენტის შენობაში შესვლას განუსაზღვრელი დროით ვერ შეძლებს.
ონლაინ მედიის მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული კანონის განხილვის დროიდან დაამკვიდრა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ონლაინ მედიის ერთ ჯგუფთან ერთად, დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით სახალხო დამცველს ჯერ კიდევ აპრილში მიმართა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს პარლამენტის გადაწყვეტილების მიმართ და მოუწოდებს მას, პარლამენტის შენობაში მიმდინარე პროცესებზე წვდომა მისცეს მედიას და ჟურნალისტებს, პლატფორმის მიუხედავად, დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე.
25 ნოემბერს News.On.ge-ს მთავარ რედაქტორს ვანცენტ ხაბეიშვილს ქაშვეთის ეკლესიის წინ, სავარაუდოდ, თბილსერვის ჯგუფის სამსახურის თანამშრომელმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აგრესიული პირი ჟურნალისტს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ჟურნალისტმა ვიდეო გადაუღო სასულიერო პირს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდებდა და უმტკიცებდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ჟურნალისტის მოთხოვნის მიუხედავად, თავდამსხმელმა ვინაობა არ გაამხილა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს თავდასხმას News.On.ge-ს მთავარ რედაქტორზე და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
დღეს, 19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა „მთავარი არხის“ ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე, და დააკავა ის. ოპერატორი მელიქიშვილის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - ის პოლიციელების მიერ აქციის მონაწილის დაკავებას იღებდა. სერგი ბარამიძეს რამდენიმე პოლიციელი განსაკუთრებული სისასტიკით დაუპირისპირდა. ოპერატორს მიღებული აქვს ფიზიკური დაზიანებები. დამტვრეულია კამერა. ამ დროისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება სერგი ბარამიძე.
გამოცემა „პუბლიკას“ ცნობით, პოლიციელებმა დაარტყეს „პუბლიკას“ ჟურნალისტს მინდია გაბაძესაც.
მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა ასევე OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს და „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტს გივი ავალიანს.
„ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ამ ტელეკომპანიის კორესპონდენტმა გიორგი კვიჟინაძემ თქვა, რომ პოლიციელები მას და მის ოპერატორსაც უშლიდნენ ხელს გადაღებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნელივ დაიწყოს სერგი ბარამიძის და სხვა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.