„მაუწყებლის” ინფორმაციით, 2023 წლის 18 ნოემბერს თბილისში, რაჭის ტყეების დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას მათი ჟურნალისტი, რატი რატიანი დააკავეს. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, პოლიციას უხსნიან, რომ რატიანი ჟურნალისტია, თუმცა პოლიციამ ის მაინც დააკავა.
ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და სამართალდამცავი უწყების მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაათავისუფლოს რაჭის ტყეების დასაცავად გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი.
ქარტია მიიჩნევს, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. დაუშვებელია, მედიას არ მიეცეს საშუალება, გააშუქოს საპროტესტო აქცია.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა - მედიის საქმიანობის შეზღუდვა, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოდ მუშაობის პირობები, ასევე, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და მისცენ ჟურნალისტებს საშუალება, რომ თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა.
ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.
2023 წლის 19 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებს სოფელ ჭორვილაში შესვლის უფლება არ მისცეს.
მედია ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მსვლელობის გასაშუქებლად მივიდა, რომლებიც სოფელში შესვლას და აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. პროცესი ადგილზე მყოფ სხვა ადამიანებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განუმარტა, რომ სოფელში მედიის არ შეშვების მიზეზი მათივე უსაფრთხოება და “ქვის ცვენა” იყო.
ქარტია მიიჩნევს, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა და მედიის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. დაუშვებელია, მედიას არ მიეცეს საშუალება შევიდეს სოფელში, საჯარო ტერიტორიაზე. ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა - მედიის საქმიანობის შეზღუდვა და პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას. მისცენ ჟურნალისტებს საშუალება თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა და უზრუნველყონ უსაფრთხოდ მუშაობის პირობები.
ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება მმართველი პარტიის მიერ “მაუწყებლობის შესახებ კანონში” ინიციირებულ მორიგ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, იზრდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება, მათ შორის სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით.
“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ “კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დახვეწას ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღსაკვეთად, ეფექტური მექანიზმის შექმნას”. კანონპროექტის თანახმად, 55 (2) მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მარეგულირებელ კომისიაში იქნება შესაძლებელი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია იზიარებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და სრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. კოალიციამ და მისმა წევრებმა არაერთგზის განაცხადეს ამის შესახებ და რეგულარულად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროკავშირის მიერ შემუშავებული 12 პრიორიტეტის შესრულება, რაც უზრუნველყოფს, როგორც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ასევე არსებული სერიოზული ინსტიტუციური გამოწვევების დაძლევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია აცნობიერებს სიძულვილის ენის საკითხის მოგვარების აუცილებლობას. ამ მიზნით კოალიციამ მაუწყებლებთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს შეიმუშავა ალტერნატიული წინადადება, ეფექტიანი თანარეგულაციის მექანიზმი, თუმცა მმართველმა პარტიამ აღნიშნული შეთავაზება არ განიხილა. მსგავს მოდელზე საუბრობდნენ ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ქვეყანაში არსებული კონტექსტის გამო ეფექტიანი თანარეგულაციის შემოღების მომხრენი იყვნენ. მიმდინარე წლის ზაფხულში, მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები კოალიციამ დადებითად შეაფასა, თუმცა არასაკმარისად მიიჩნია მეორე ეტაპის, თანარეგულირების ეფექტიანი მექანიზმის გარეშე.
მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და მედია ორგანიზაციებს შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვს.
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღოს მაუწყებლებთან კონსულტაციისა და ფართო კონსენსუსის გარეშე, რასაც მოითხოვს ევროდირექტივა აუდიოვიზულაური მედიამომსახურების შესახებ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ბოლო პერიოდის საგანგაშო შემთხვევებს, რომელიც მანიშნებელია მედიაგარემოს კიდევ უფრო გაუარესებისა ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს ისედაც რთულ ვითარებაში უწევთ საქმიანობა. სახიფათოა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, თავდასხმები წამყვანი მედიის, “მთის ამბების”, წინააღმდეგ, და მისი მცდელობები, ცენზურას დაუქვემდებაროს დამოუკიდებელი მედია OC Media. საგანგაშოა, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის დახურვასთან დაკავშირებით.
“ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის პროტესტის შედეგად ვერ შეძლო “რუსული კანონის” მიღება, რომლის მიზანი ქვეყანაში, მათ შორის, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის განადგურება იყო. თუმცა, შალვა პაპუაშვილის განცხადებები და ქმედებები ცალსახად მიანიშნებს, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს ქმედებებზე “რუსული კანონის” სულისკვეთებით და მედიაზე ზეწოლას ახორციელებს.
თავდასხმები მედიის მფლობელებზე და დამოუკიდებელ ონლაინ მედიასაშუალებებზე ზეწოლის მცდელობები ძირს უთხრის ჟურნალისტების ძალისხმევას, თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, არამედ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილ დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც ანადგურებს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მედიის თავისუფლების დასაცავად. ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ „ჟურნალისტურ ეთიკაზე და სტანდარტებზე იყოს ჩადარაჯებული”.
„თუკი რაიმეს ვოჩდოგი უნდა იყოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ის უნდა იყოს ჟურნალისტების ვოჩდოგი, ჟურნალისტების მიმართ უნდა ჰქონდეთ ეს დამოკიდებულება და აბსოლუტურად ჩუმად არიან”, - აღნიშნა მან OC Media-ს დონორებთან კომუნიკაციის შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
ქარტია აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია არის ჟურნალისტების დამოუკიდებელი გაერთიანება, შესაბამისად, თავად წევრები წყვეტენ და გადაწყვეტენ, რით უნდა იყოს ეს ორგანიზაცია დაკავებული. ხელისუფლება კი დაკავებული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების დაცვით, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების სათანადო დასჯით, მედიის კითხვებზე პასუხის გაცემით და არა ინფორმაციის დამალვით, მედიაზე ზეწოლით, შემზღუდავი კანონებისა თუ ბრძანებების მიღების მცდელობებითა და მიღებით.
რაც შეეხება OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას, საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას გამოეხმაურა იმავე დღეს, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა და მომხდარი თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნის მცდელობად შეაფასა. ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას. მედიას სრული უფლება აქვს, უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და, მით უმეტეს, არ არის ვალდებული, მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა, იყო “მთის ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის მუშაობა შოვში, სტიქიის ზონაში და ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს “მთის ამბებს”. ქარტიის პოზიციაა, რომ შოვის ტრაგედიის გაშუქებისას და შემდეგ ხელისუფლებამ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, რასაც ქარტია მედიის ადვოკატირების კოალიციასთან ერთად გამოეხმაურა. „მთის ამბების“ რედაქტორი მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემუქრება მას საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“. გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმები თავისუფალ, მიუკერძოებელ ჟურნალისტებზე არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ზეწოლას იმ მედიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზეწოლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის წერილობით მიმართვებს თავისუფალი მედიის დონორებისადმი და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, ისე მედიასაშუალებებზე, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, არ ჩაერიოს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და იზრუნოს მედიისთვის თავისუფალი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას.
OC Media-ს ინფორმაციით, მათ დაუკავშირდნენ შალვა პაპუაშვილის ოფისიდან და სთხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ოპედის გამოქვეყნება. მიუხედავად მედიასაშუალების თხოვნისა, შალვა პაპუაშვილის წარმომადგენლებმა მედიას არ მიაწოდეს ოპედის სრული ვერსია.
მედიასაშუალების რედაქტორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ გამოქვეყნებულიყო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული მასალა. მათი უარი დასაბუთებული იყო კონკრეტული კრიტერიუმებით, რომელიც მედიასაშუალებას აქვს გაწერილი.
მოგვიანებით, OC Media-სთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა დონორ ორგანიზაციებს და ჰკითხა, თუ რატომ აფინანსებენ ისეთ მედიასაშუალებას, რომელიც ცალმხრივად აშუქებს ინფორმაციას.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ OC Media-მ ინტერვიუ სთხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს, რაზეც უარი მიიღო.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას.
ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ მედიას სრული უფლება აქვს უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და მით უმეტეს არ არის ვალდებული მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეწყვიტოს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის დევნა და ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიის მუშაობასა და უსაფრთხოებას.