საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას და ინციდენტებზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს
08.09.2025

კატეგორია : განცხადებები;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სასტიკად გმობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ძალადობას ჟურნალისტებზე პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობისა და გულგრილობის ფონზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ, ხოლო პროკურატურას ამ ინციდენტების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

დაუსჯელობა მოძალადეებს ახალისებს და ახალ-ახალი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყველა დაზარალებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს. 

8 სექტემბერს, საღამოს, მელიქიშვილის გამზირზე, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს, რომლებიც კახა კალაძის შტაბის წინ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას აშუქებდნენ. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ჟურნალისტები მოძალადეებისგან არ დაიცვა და, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ შეურაცხყოფა თავადაც მიაყენა. 

დაშავდა უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მიზეში. ის სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ლასლო „მედიაჩეკერთან" ჰყვება, რომ მას ჯერ ტელეფონი წაართვეს, მერე კი სცემეს, მიუხედავად იმისა, რომ მან თავდამსხმელებს უთხრა, რომ ჟურნალისტი და უნგრეთის მოქალაქე იყო. 

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ პოლიციელმა მას შეაგინა და  მუშაობაში ხელი შეუშალა. ქეთევან ხუციშვილი „ნეტგაზეთის“ ფეისბუქლაივში მუშაობდა, რა დროსაც დაინახა, თუ როგორ წაართვეს ტელეფონი „პუბლიკის“ ჟურნალისტს. ის მივიდა შტაბთან და იღებდა, თუ როგორ აგინებდნენ შტაბიდან გამოსულები მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მასაც დაემუქრნენ ტელეფონის წართმევით და არაერთხელ შეაგინეს. 

ტელეფონები წაართვეს და ფიზიკურად იძალადეს „პუბლიკის“ ორ ჟურნალისტზე - ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეზე. ალექსანდრე ქეშელაშვილმა ტელეფონი მოგვიანებით კოლეგის დახმარებით დაიბრუნა. „პუბლიკა” ჯერ ისევ ეძებს მეორე ტელეფონს. მან მოუწოდა პირს, რომელმაც ქეთო მიქაძეს ტელეფონი წაართვა, ის რედაქციისათვის დაებრუნებინა. 

ალექსანდრე ქეშელაშვილი „მედიაჩეკერს“ ეუბნება, რომ მას და „პუბლიკის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს [ქეთო მიქაძეს] ტელეფონები ფიზიკური ძალის გამოყენებით წაართვეს. 

პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს OC Media-ს დამფუძნებელს მარიამ ნიკურაძესაც. მან „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ „ქართული ოცნების“  მხარდამჭერმა მას თავზე მთელი ბოთლი წყალი დაასხა. პოლიციამ კი, იმის ნაცვლად რომ მოძალადე შეეკავებინა, მარიამ ნიკურაძეს ურჩია, სიტუაციას გარიდებოდა. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.