03.06.2023

ფოტო: მთავარი არხი


ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ უფლებადამცველებს, რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ. ამ ღამით პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე. დაკავებულთა შორის არიან ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი - შოთა თუთბერიძე (ამჟამად გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე - ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი - საბა ბრაჭველი, აქტივისტი - ნიკა რომანაძე და სხვები.

შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოება ხდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და,  ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას. ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური  პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად.   

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა; 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს -  შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები;

საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე;

Საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას - გამოეხმაუროს ადვოკატების უფლებადარღვევების შემთხვევებს. 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

დემოკრატიის მცველები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 

სალამი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ღია საზოგადოების ფონდი

ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო

საერთაშორისო- გამჭვირვალობა საქართველო

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

უფლებები საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიაომბუდსმენი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭრი ჯგუფი, WISG

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურო და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT

მედიის განვითარების ფონდი

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

26.05.2023

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, თავისუფლების მოედანზე მომუშავე მედიას თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. ჟურნალისტების მიკროფონები და ხმის ჩამწერები მედიისთვის განკუთვნილი სივრციდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარ მინისტრთან პრესსამსახურის თანამშრომლებმა მიიტანეს კომენტარისთვის. ამ სივრცის მიმდებარედ მუშაობდნენ ტელევიზიების ვიდეო ოპერატორები. რაც შეეხება ონლაინ მედიას, რომელიც საქართველოში მეტწილად მობილური ტელეფონების გამოყენებით იღებს ვიდეოს, მანძილის გამო მათთვის ვიდეოს ჩაწერა, სადაც რესპონდენტის ხმაც აღქმადი იქნებოდა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. 

საქართველოს ჟურნალისტების ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა, განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის და არა პოლიტიკოსებისთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელება კითხვების დასმის გარეშე. მსგავსი პრაქტიკა ხელს უშლის მედიის სრულფასოვან მუშაობას და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებას.

მნიშვნელოვანია, რომ ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო პირებს, ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში. მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაა - პოლიტიკური თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია და უპასუხონ დასმულ კითხვებს.

25.05.2023

გუშინ, 2023 წლის 24 მაისს, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომლის შინაარსის მიხედვით, „მთის ამბების” მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური მასალის გამო, მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას უკავშირდება.

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად და ეფექტიანად გამოძიოს მედიის წარმომადგენელზე მუქარის ფაქტი.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია. 

23.05.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროინტაგრაციის პროცესის მიზნებს, არ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს, აგრძელებს ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს და უზრუნველყოფს „ქართულ ოცნებასთან” აფილირებული საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის უფლებამოსილების კიდევ უფრო გაზრდასა და გავლენის გახანგრძლივებას. 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების” წევრების მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა  იზრდება 9-დან 11-მდე; კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, დამატებითი ორი კანდიდატი წარუდგინოს პარლამენტს; უქმდება სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა;  ასევე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება სამი წლიდან ექვს წლამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ეძლევა იმავდროულად ეკავოს თანამდებობა/ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში   და სხვ.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების” მხრიდან მსგავსი შინაარსის კანონპროექტი ეწინააღმდეგება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას. ნაცვლად კანონმდებლობის ევროპის კავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა, რასაც  კოალიცია და მედია სექტორი აქამდეც ითხოვდა, ხელისუფლება აგრძელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დაზიანების პროცესს და ცდილობს კანონმდებლობა მოარგოს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლების დამოუკიდებლობა გადამწყვეტია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიუკერძოებელი გაშუქებისა და საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესი და გაიწვიოს მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ზიანის მომტანი კანონპროექტი. ამასთან, ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციების და მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ გადადგას რეალური ნაბიჯები „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მისაღწევად.

22.05.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს სასტუმრო ყვარლის ტბასთან მიმდინარე პროცესების გაშუქებისას მედიის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, ტექნიკის წართმევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს. 

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის ტბაზე, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავი ქორწილის გადახდას აპირებს, სადაც, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ვინოკუროვა (ლავროვა) და მისი ქმარი იმყოფებიან. პროტესტი ორი დღეა მიმდინარეობს და მედია კახეთში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებს.

ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით, სასტუმრო „ყვარლის ტბის" უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ტელევიზიის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა.

„TV პირველის” ინფორმაციით, კახეთის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლებმა მაუწყებლის ჯგუფს აპარატურა წაართვეს, კერძოდ, ვიდეო ოპერატორის ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც გადამღები ჯგუფი პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა. ტელევიზიის ცნობით, მიმდინარეობს საკომუნიკაციო არხების ჩახშობა, რათა შეიქმნას საინფორმაციო კომუნიკაციის შეფერხება

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს პროტესტის თავისუფლად და უსაფრთხოდ გაშუქების საშუალება არ ეძლევათ. ძალადობასა და უკანონო ჩარევაზე სახელმწიფოს უმოქმედობისა თუ თავად ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის შედეგად, სახეზე გვაქვს უკვე დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა. 

საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა იცავს ჟურნალისტების უფლებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ძალადობისა თუ საქმიანობაში ხელშეშლის გარეშე. შესაბამისად, მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მედიის საქმიანობაში უკანონო ჩარევა, უზრუნველყოს თავდასხმასა და ხელშეშლაში პასუხისმგებელი პირების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა.

20.05.2023

2023 წლის 20 მაისის დილიდან „ყვარლის ტბასთან“ აქცია მიმდინარეობს. 19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმროში იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი და მისი ქმარი, დაგეგმილია ლავროვის შვილის მაზლის საქორწილო წვეულება. ლავროვი და მისი ოჯახის წევრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ არიან სანქცირებულები. მოქალაქეები სასტუმროს ტერიტორიაზე ლავროვის სანქცირებული შვილის ვიზიტის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. ადგილზე მუშაობს მედიაც.

ტელეკომპანია „ფორმულამ" გაავრცელა კადრები, სადაც „ყვარლის ტბის“ უსაფრთხოების თანამშრომელი „ფორმულას“ ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლის და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. 

გარდა ამისა, „მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროსთან სიგნალს ახშობენ და პოლიცია ჟურნალისტებს ტელეფონებს ართმევს. „ტვ პირველის" ინფორმაციით, პოლიციამ მედიასაშუალების გადამღებ ჯგუფს აპარატურა წაართვა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს:

  • დაიცვან მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება და მათი უფლებების დარღვევის შემთხვევებზე ჰქონდეთ სათანადო რეაგირება;
  • დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და მედიის წარმომადგენლებს არ შეუშალონ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

მივმართავთ მმართველ პარტიას, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მედიის ხელშეუხებლობის მხარდასაჭერად და გასცენ სათანადო რეკომენდაციები/ბრძანებები, რათა შეჩერდეს აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და მიეცეთ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება.

ეთიკის ქარტიამ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება მედიის მიმართ აგრესიის ტენდენციასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად კრიტიკული მედიასაშუალებების მისამართით გამოიხატება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის, როგორც ჟურნალისტური გაერთიანებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს თითოეული ჟურნალისტის უფლება, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე მოვლენების შესახებ.  

19.05.2023

რუსული ფრენების დაწყების შემდეგ, დღეს თბილისში მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი ჩამოფრინდა. აეროპორტთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ფრენების დაწყებას აპროტესტებენ. ამ მოვლენებს აშუქებს მედიაც, რომელთა ნაწილმა გაავრცელა ძველი ვიდეო, სადაც ჩანს მგზავრებისთვის შესრულებული ქართული ტრადიციული ცეკვა. ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც. აღნიშნული ვიდეო უკრაინულმა მედიამ 2021 წლის მარტში გაავრცელა და დაწერა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ბორტგამცილებლებმა ეს ცეკვა ანსამბლ სუხიშვილების წევრებს მიუძღვნეს, რომლებიც იმ თვითმფრივანით მგზავრობდნენ.

ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიას, გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და ნუ ენდობა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებსა თუ ვიდეოებს შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე. 

მედია ვალდებულია, პატივის სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. არსებულ სიტუაციაში, როდესაც რუსეთიდან ფრენების დაწყებას მოჰყვა სამართლიანი პროტესტი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მედიამ გამოიჩინო მეტი პასუხისმგებლობა და არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რეკომენდაციით მიმართავს:

  • პატივი სცეს საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია;
  • შესწორების სტანდარტის დაცვით, გონივრულ ვადაში გაასწოროს ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება; მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია - რა გასწორდა, რა იყო არასწორი და რა არის სწორი. 
16.05.2023

დღეს, 16 მაისს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთავარი არხის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლო წლებია ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს კრიტიკული მედიის საქმიანობას, იქნება ეს რუსული კანონის მიღების მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, მოძალადე ჯგუფების დაუსჯელობა, ბოიკოტი, ღონისძიებებზე არ დაშვება, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, უსამართლო და არადემოკრატიული აკრედიტაციის წესი პარლამენტში თუ ამ აკრედიტაციის შეჩერების არაერთი შემთხვევა კრიტიკული კითხვის დასმის გამო და ა.შ. გარდა ამისა, არ ხდება აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის სათანადო იმპლემენტაცია, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება ამ პროცესის ნაწილია და უკავშირდება მისი და მის მიერ დაფუძნებული მედიის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას.

ქარტიამ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, არაერთხელ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ეს ნაბიჯი ამ დრომდე არ გადაუდგამს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის მცდელობები. ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრეზიდენტს, შეიწყალოს პოლიტიკური პატიმარი ნიკა გვარამია.

13.05.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად ვგმობთ ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას.

ტელეკომპანია „ფორმულას" ინფორმაციით პარლამენტმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუასთვის პუტინის გადაწყვეტილების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.  აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით თავად დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტი  მედიის წარმომადგენლებს დისკრიმინაციულად აკრედიტაციას უჩერებს. საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად საჯაროობისა და ქვეყანაში პლურალიზმის უზრუნველყოფისა, ახორციელებს მედიის წინააღმდეგ სისტემურ სადამსჯელო ღონისძიებებს. 

ჟურნალისტების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის და მიუღებელია მათი შეზღუდვა საჯარო ინტერესის საკითხებზე გაშუქებისას.  მედიის როლი დემოკრატიაში არის სიმართლის გამოვლენა, მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება და ხელისუფლებაში მყოფთა საქმიანობის მონიტორინგი.  

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაუყოვნებლივ აღადგინოს ტელეკომპანია „ფორმულას"ჟურნალისტებისთვის აკრედიტაცია, გააუქმოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის შესახებ, სადაო მუხლები, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში.  

კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" პატივი სცეს და დაიცვას მედიის თავისუფლება, რომელიც  ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია.

11.05.2023

სტუდია მონიტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ მოიპოვეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო მამუკაშვილის ელექტრონული ფოსტის მიმოწერა, სადაც ჩანს, თუ როგორ უკრძალავს ჯანდაცვის სამინისტრო სტუდია მონიტორისთვის უკვე მომზადებული საჯარო ინფორმაციის მიწოდებას NCDC-ს. სტუდია მონიტორი ასევე აღნიშნავს, რომ ნინო მამუკაშვილმა მათთან საუბარში ეს მიმოწერა უარყო. 

გარდა ამისა, 9 მაისს ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მერმა qvemoqartli.ge-ს შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროებაზე უარი უთხრა. ასევე, Qvemoqartli.ge-ს შიდა აუდიტის დასკვნის გაცემაზე უარი უთხრა რუსთავის მერმაც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედიას საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება. ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ სახელმწიფო უწყებების მხრიდან კომუნიკაციის არათუ სიმცირეზე, არამედ, ფაქტობრივად, არ არსებობაზე, რაც ხელს უშლის მოქალაქეების ინფორმირებას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული ფაქტებიც. 

ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გააცნობიერონ საჯარო ინფორმაციის მნიშვნელობა, შეასრულონ კანონით ნაკისრი ვალდებულებები და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიაწოდონ ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს. მოქალაქეებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, უფლება აქვთ, ხელი მიუწვდებოდეთ საჯარო ინფორმაციაზე.

ქარტია მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, ნუ უქმნიან საფრთხეს დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, ღიაობა და შეცვალონ მიდგომები საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.