სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართული ბრიფინგის დროს ონლაინ გამოცემების (რადიო თავისუფლება, „ტაბულა“, პუბლიკა“ და „ნეტგაზეთი“) სტიგმატიზაცია სცადა ფრაზის „უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები“ გამოყენებით და ისინი, ტელეკომპანია “პირველთან” ერთად, სინოდის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.   

ქარტია მას შეახსენებს, რომ მედიის როლი და მოვალეობა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გაშუქება და საზოგადოების ინფორმირებაა ფაქტებისა და მოსაზრებათა მრავალფეროვნების შესახებ. ახალი პატრიარქის არჩევა ასეთ საკითხთა რიგშია და მედია საქართველოში ახლა აკეთებს ზუსტად იმას, რასაც უნდა აკეთებდეს - იძიებს ინფორმაციასა და კომენტარებს ამ საკითხის გარშემო და თავის აუდიტორიას უზიარებს. 

უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა შეწყვიტონ მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების შევიწროება და დაშინება, კრიტიკული ხმების ჩახშობის მიზნით, და უნდა მისცენ მედიას საშუალება, სრულფასოვნად შეიტანოს წვლილი საზოგადოებრივი დისკურსის ფორმირებაში. 

03.04.2026

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქმის წარმოების დაწყებას „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. 

ეს კი მაუწყებლობის შესახებ კანონში ერთი წლის წინ მიღებულ საკამათო ცვლილებებზე დაყრდნობით ხდება. ამ  ცვლილებებმა კანონის რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენების პოტენციალი გაზარდა და მარეგულირებელი უწყების უფლებამოსილება გააფართოვა. 

თუ 2025 წლის ზაფხულში კომისიას ამავე ტელეკომპანიების მიმართ „ქართული ოცნების“ საჩივარზე ჰქონდა რეაგირება, ახლა ის უკვე მედიამონიტორინგის მეშვეობით პროაქტიურად ცდილობს შესაძლო „დარღვევების“ შესახებ ინფორმაციის მოგროვებას. 

კომისია ტელეკომპანია “ფორმულას” მინიტორინგის პერიოდში (2026 წლის 23 თებერვალი - 11 მარტი) ახალი ამბების პროგრამებში მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის “სამართლიანობა და  მიუკერძოებლობა” პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების დარღვევას ედავება, ხოლო “ტვ პირველის” შემთხვევაში ამ ჩამონათვალს 52-ე მუხლის, “ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება”, პირველი მუხლიც ემატება. 2 აპრილს გამართულ სხდომაზე კომისიამ ამ საკითხებზე იმსჯელა. 

ამჯერად სამიზნეა ლექსიკა, რომელსაც მედიასაშუალებები თავიანთი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში, გამოხატვის თავისუფლების დაცული უფლებით, იყენებენ არსებული რეალობის აღსაწერად. ასევე, მაუწყებლებს საყვედურობენ მმართველი ძალისა და სამთავრობო უწყებების კომენტარების გაუჟღერებლობისთვის. კრიტიკულ მაუწყებლებს, უკვე წლებია, უჭირთ კომენტარის მიღება მმართველი ძალის წარმომადგენლებისაგან, რომლებიც მათთან კითხვებით მისულ ჟურნალისტებს ხშირად თავს ესხმიან, შეურაცხყოფას აყენებენ და ამცირებენ. 

პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ პროფესიული დებატების მეშვეობით, ყველა აქტორისა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. იმთავითვე ნათელია, რომ საეჭვო მოტივით გატარებული სადამსჯელო ღონისძიებები საქართველოში ჟურნალისტიკის ხარისხს ვერ გააუმჯობესებს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კომისიას მოუწოდებს, იმ რთულ ტექნიკურ საკითხებზე კონცენტრირდეს, რაც სატელეკომუნიკაციო  და სამაუწყებლო სექტორების წინსვლისთვის მნიშვნელოვანია და კომისიის ძირითად პასუხისმგებლობებს წარმოადგენს, ხოლო ჟურნალისტიკის განვითარებაზე, პროფესიულ სტანდარტებზე და მათი დაცვის გზებზე ზრუნვის შესაძლებლობა მისცეს თავად მედიასაშუალებებს, თვითრეგულირების ორგანოებს, პროფესიულ ასოციაციებს და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს. 

მართალია კომისიას, რომლის აფილიაციებიც მმართველ პარტიასა და მის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან საყოველათაოდაა ცნობილი და ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდება სამაუწყებლო სექტორისთვის ობიექტურობის სადემონსტრაციოდ და მძიმე მემკვიდრეობის დასაძლევად, მას ჯერ კიდევ აქვს არჩევანი. 

კომისიას შეუძლია, საერთო მდგომარეობის გაჯანსაღებასა და საზოგადოებრივი დისკურსის დამაზიანებელი პოლარიზაციის დაძლევაში პოზიტიური წვლილი შეიტანოს - მოუწოდოს მმართველ პარტიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს, აქტიურად ითანამშრომლონ მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასთან, რაც, პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესებშია, რომელიც მმართველი ძალის მიერ დამოუკიდებელი მედიისთვის გამოცხადებული ბოიკოტის გამო, უკვე წლებია, ინფორმაციას სრულფასოვნად ვერ იღებს. 

ან, კომისიას შეუძლია იქცეს ცენზორად და მიკრომენეჯერად უკვე ყოველმხრივ შევიწროებული და რესურსებისგან დაცლილი მედიისთვის, ცარისტული რუსეთის და საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიციებით ჩაუსაფრდეს თითოეულ სიტყვასა და ფრაზას, დასაჯოს მედიასაშუალებები „ბალანსის დაუცველობისთვის“ იმ პირობებში, როცა „მეორე მხარისგან“ ინფორმაციისა და კომენტარის მოსაპოვებლად ჟურნალისტებს აღარავითარი ბერკეტი აღარ აქვთ შერჩენილი. 

იმას, თუ რა არჩევანს გააკეთებს კომისია, 8 აპრილს გავიგებთ, როცა ის „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ საქმეებზე გადაწყვეტილებებს გამოაცხადებს.



 

 
03.04.2026

ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის გამო შექმნილი პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ გადამღებ ჯგუფს ადგილზე მყოფი პირები, სავარაუდოდ, მშენებლობაზე მომუშავე ჩინური სახელმწიფო კომპანიის და გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამუშაოების ზედამხედველები, დაუპირისპირდნენ. გამოცემის ცნობით, ჩამოშლილი სასაფლაოს ფერდობზე კომპანიის წარმომადგენლები გარდაცვლილთა ნეშტებს ეძებდნენ, რა დროსაც ჟურნალისტებს გადაადგილება შეუზღუდეს, უცენზურო სიტყვების გამოყენებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ვიდეოში, რომელიც „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა, ისიც ჩანს, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი, მამუკა როსტიაშვილი, ჟურნალისტებს  სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. 

„მთის ამბების“ და „საქართველოს ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. 

ჟურნალისტების თანმიმდევრულმა და მიზანმიმართულმა სტიგმატიზაციამ, სიძულვილის ენის ხშირმა გამოყენებამ და დაუსჯელობის სინდრომმა საქართველოში შექმნა კლიმატი, სადაც აგრესია მედიის მიმართ წახალისებულია. ამგვარი დამაზიანებელი მიდგომის შედეგებს ჟურნალისტები ყოველდღიურად გრძნობენ. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ ჟურნალისტების მიმართ გაჟღერებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისა გამო. თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ქარტია პროკურატურას ამ შემთხვევის სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს, ხოლო შსს-ს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას თხოვს. 

02.04.2026

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა შპს “უნიქალმედის” დირექტორმა კახა ნურალიძემ.


სადავო მასალა ტელეკომპანია Mega TV-ის სოციალურ ქსელში 2026 წლის 24 თებერვალს გავრცელდა. ის ქუთაისში ექიმის მიერ თვითდაზიანებების მიყენების შესახებ გავრცელებულ ამბავს ეხება.


განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტი და გადაუმოწმებელია და დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლის მხრიდან Mega TV-ის ჟურნალისტი თამარა ქავთარაძე განისაზღვრა.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 
21.03.2026

20 თებერვალს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა ნინო დათაშვილის განცხადება  ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ. 

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ორ სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებაში 2025 წლის 6 აგვისტოს გავიდა. ის ეხება ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კონფლიქტს მასსა და სასამართლოს მანდატურებს შორის.

განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-7 (დისკრიმინაცია), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა გიორგი აბაზაძემ ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები დაარღვია, ხოლო მე-10 და მე-11 პრინციპების დარღვევა საბჭომ არ  დაადგინა.

მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და არც საკუთარი წერილობითი პოზიცია წარუდგენია საქმესთან დაკავშირებით.

საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 
21.03.2026

20 მარტს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა რამაზ სამხარაძის განცხადება  ტელეკომპანიის “იმედი” გადაცემის “იმედის კვირა” ავტორისა და წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის, ასევე ჟურნალისტების, ანუკი გუმბერიძისა და სანდრო გამსახურდიას, წინააღმდეგ. 


სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის “იმედი” გადაცემის “იმედის კვირა” ეთერში 2025 წლის 30 ნოემბერს გავიდა. ჟურნალისტურ გამოძიებაში რადიო “თბილისი”, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, წარმოჩენილი იყო როგორც “უცხოური გავლენის აგენტი” და “უცხოური სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელი/მართული სტრუქტურა”.


განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორების ვალდებულება) პრინციპების დარღვევაზე.


განხილვის პროცესში, განმცხადებელმა მე-3 პრინციპი მოხსნა. 


საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის “იმედი” ავტორმა და წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ, ასევე, ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტებმა ანუკი გუმბერიძემ და სანდრო გამსახურდიამ დაარღვიეს პირველი და მე-5 პრინციპები. 


მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია და პოზიცია წერილობით არ წარმოუდგენია. 


საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 
21.03.2026

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ლიანა ყვარელაშვილმა საინფორმაციო ინტერნეტ ჟურნალის Geolite.ge-ს წინააღმდეგ. 


სადავო მასალა საინფორმაციო ინტერნეტ ჟურნალის სოციალურ ქსელში 2026 წლის 4 თებერვალს გამოქვეყნდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (კეთილსინდისიერება), მე-5 (შესწორება), მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე ჟურნალისტად საინფორმაციო ინტერნეტ ჟურნალის Geolite.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი განისაზღვრა.


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

18.03.2026

20 მარტს, 20:00 საათზე, ქარტიის საბჭო განიხილავს რამაზ სამხარაძის განცხადებას ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “იმედის კვირა” ავტორის და წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის, და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტების ანუკი გუმბერიძისა და სანდრო გამსახურდიას წინააღმდეგ. 

სადავო სიუჟეტი “უცხოური სპეცსამსახურების მედიაქსელი” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “იმედის კვირაში”, გავიდა 2025 წლის  30 ნოემბერს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სიუჟეტში ის და მისი მედიაორგანიზაცია (რადიო თბილისი) უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად წარმოაჩინეს როგორც “უცხოური გავლენის აგენტები” და “უცხოური სპეცსამსახურების ინტერესების გამტარებელი/მართული სტრუქტურა”.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-5 (შესწორება) პრინციპების დარღვევაზე.

მოპასუხე ჟურნალისტებად განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრნენ ირაკლი ჩიხლაძე, ანუკი გუმბერიძე და სანდრო გამსახურდია. 

ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com

 
17.03.2026

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ქრონიკა” წამყვანების, ხატია ქვათაძისა და ლევან ჯავახიშვილის, და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიამ ქართველიშვილის წინააღმდეგ. 


ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “ქრონიკა” სადავო გამოშვება ეთერში გავიდა 2026 წლის 16 თებერვალს, 20:00 საათზე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ გადაცემაში მის, როგორც მოსამართლის, მიმართ “ქრონიკის” წამყვანებმა და ჟურნალისტმა არაერთი არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს.


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-5 (შესწორება) პრინციპების დარღვევაზე.


მოპასუხე ჟურნალისტებად განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრნენ ხატია ქვათაძე, ლევან ჯავახიშვილი და მარიამ ქართველიშვილი.  


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 
 
11.03.2026

მიმდინარე კვირიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იწყებს მაუწყებელთა კონტენტის პროაქტიულად შესწავლას. კომისიის თქმით, მისი მოტივი ამ შემთხვევაში მაუწყებელთა შესახებ კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება და მაუწყებელთა ობიექტურობის „სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით“ შეფასებაა. ჟურნალისტურმა თემმა მარეგულირებელი კომისიის გეგმა სადამსჯელო ღონისძიების დაანონსებად აღიქვა და არცთუ უსაფუძვლოდ. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დამოუკიდებლობა წლებია, კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი საკამათო პრაქტიკისა და მაუწყებლების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების გამო. ამის ერთი ნიმუშია კომისიის ბოლო განცხადება, რომელშიც ის გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებულ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხებს ექომაგება, იმ ფონზე, როცა კომისიამ ცოტა ხნის წინ მცირე ზომის სათემო მაუწყებლები  „უცხოურ ძალასთან“- რეალურად კი საქართველოს დასავლელ მეგობრებთან - თანამშრომლობის გამო გააფრთხილა. მანამდე, მან “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე, ახალი ამბების გადაცემისას “მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის” სამართალდამრღვევად ცნო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამი ტელევიზია (“ფორმულა”, “ტვ პირველი” და “მთავარი არხი”). ასევე, კომისიამ  არ დააკმაყოფილა პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ შესული “მომავლის აკადემიის” ოთხი საჩივარი და სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის”  საჩივარი. 

მარეგულირებელი კომისიის მანდატის გაფართოება შინაარსობრივ საკითხებში შესასვლელად არ ემსახურება არც პრესის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცებას და არც სამართლიანი კონკურენციისა და მედიაპლურალიზმის ხელშეწყობას. საეჭვოა ის, რომ მარეგულირებელი კომისიის შთაგონების წყარო ამ მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაა. ბრიტანულ სამაუწყებლო მოდელსა და „ქართული ოცნების“ მიერ დაკანონებულ ცვლილებებს შორის მრავალი განსხვავებაა. ასეც რომ იყოს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო გაერთიანებული სამეფოსგან არსებითად განსხვავდება ისეთი კრიტერიუმებით შეპირისპირებისას, როგორიცაა მაუწყებლობის მარეგულირებლისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და კომპეტენცია, და პოლიტიკური კლიმატი და პოლიტიკური პროცესის კლასი. 

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებებისა და მათი გამოყენებით მაუწყებლების დევნის მიზანი სინამდვილეში სულ სხვაა - კრიტიკული მაუწყებლების ხმის ჩახშობა და საზოგადოების დატოვება პროპაგანდისტული კონტენტის პირისპირ, დამოუკიდებელი წყაროებისაგან მიღებული ინფორმაციის გარეშე. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს იმ შინაარსობრივი საკითხების შეფასებისგან, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში ჯდება და რაც საქართველოში არსებული ტრადიციითა და საერთაშორისო პრაქტიკით თვითრეგულირების საგანია. სხვაგვარი მიდგომა, თუნდაც მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ბოლოდროინდელ საკამათო ცვლილებებზე დაყრდნობით, ჟურნალისტური თემის მხრიდან განხილული იქნება, როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა და მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა.

 

 
09.03.2026

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ჟურნალისტთა სამართლებრივ დევნას პროტესტის გაშუქებისას, უდგენს რა მათ სამართალდარღვევის ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა სრულიად აშკარაა, რომ ისინი კონკრეტულ ლოკაციაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ. 

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ შსს 18 თებერვალს ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილს. თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ამ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები 6 მარტს გამოიკვლია და გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. გიორგი თარხნიშვილის ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ფოტოგრაფი იმ საღამოს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - მას ჰქონდა მაინდენტიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა წარწერა „PRESS” და ე.წ. ჟურნალისტის ბეიჯი, და მუშაობდა დიდი ზომის პროფესიული კამერით ხელში. 

შსს „ტაბულას“ ჟურნალისტს მარიამ კუპრავას 7 თებერვალს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება. „ტაბულას“ ინფორმაციით, ამ დროს მარიამ კუპრავა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და „შაბათის მარშს“ აშუქებდა. 

იგივეს ედავება შსს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს მარიამ ძიძარიასაც, ოღონდ 31 იანვარს. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ამ დროს მარიამ ძიძარია „შაბათის“ მარშს აშუქებდა. მას ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა სამხრე ნიშანი „PRESS” და ჟურნალისტის ე.წ. ბეიჯი, და მუშაობდა კამერით ხელში. 

მარიამ კუპრავას და მარიამ ძიძარიას საქმეებზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. 

სამივე ჟურნალისტს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით. 

შსს-ს დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სინამდვილეში სამართალდამცავი სტურუქტურების მიზანი მათი დაშინებაა და იძულება, რომ საზოგადოებამდე საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციის მიტანა შეწყვიტონ.  

სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და, გამოგონილ საფრთხეებზე აპელირების ნაცვლად, თავისი რესურსი მოძლიერებულ კრიმინალთან ბრძოლასა და საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე დახარჯოს.       

09.03.2026

7 თებერვალს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა მეგი ფერაძის, ქეთევან გოგიჩაიშვილის, მარიამ ოთინაშვილის, მარიამ აქუბარდიას, ნიკოლოზ ტყემალაძის და მზია კაკალაშვილის განცხადება POSTV-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ. 


სადავო მასალა, რომელიც მოქალაქე მეგი ფერაძის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმას ეხებოდა, POSTV-ანალიტიკის Facebook გვერდზე 2025 წლის 10 სექტემბერს გამოქვეყნდა. 


განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მე-5 (შესწორების ვალდებულება), მე-7 (დისკრიმინაცია) მე-8 (ბავშვთა უფლებები), მე-10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


განხილვის პროცესში, განმცხადებელმა მოხსნა მე-3, მე-8 და მე-10 პრინციპები.

 

საბჭოს გადაწყვეტილებით, POSTV-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია პირველი, მე-5, მე-7 პრინციპები, ხოლო მე-4 და მე-11 პრინციპების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.


მოპასუხე მხარე სხდომას არ დასწრებია, თუმცა  წერილობით წარმოადგინა პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ქარტიის პრინციპები დარღვეულად არ მიიჩნია. 


საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება. 

 
21.02.2026

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.