კატეგორია : განცხადებები;
ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, დღეს, ნაშუადღევს, პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა.
პოლიცია მას, სავარაუდოდ, გუშინ, 18 ოქტომბერს, გზის გადაკეტვას ედავება და მისი დევნისთვის სისხლის სამართლის კოდექსში ახლად შეტანილ ცვლილებებს იყენებს.
ბოლო თვეებში შემოღებული საკანონმდებლო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ზღუდავს სივრცეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის და მოქალაქეებს პრაქტიკულად ართმევს შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას. ის, თუ რა ფორმით ხდება ამ ახლად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება - „ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაკავება შეუსაბამოდ მრავალრიცხოვანი საპოლიციო ჯგუფების მიერ, პოლიციელების მიერ გამოჩენილი მონდომება და სიხისტე, ცხადად აჩვენებს, რომ ამ რეპრესიული ზომების მთავარი მიზანი პროტესტის დამორჩილება და კრიტიკული ხმების ჩახშობაა.
მედია უკვე დიდი ხანია, „ქართული ოცნების“ სამიზნედაა ქცეული. ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტოვებენ საარსებო რესურსების გარეშე, ყველა საშუალებით ხელს უშლიან ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ვახო სანაიას დაკავებას და მას მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთ გამოვლინებად მიიჩნევს. უსამართლო კანონების საფუძველზე, რომლებიც არანაირ ლეგიტიმურ მიზანს და საზოგადოებრივ სიკეთეს არ ემსახურება, ჟურნალისტს ხელი ეშლება პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ის დღეს ვერ შეძლებს „ფორმულას“ საღამოს ეთერში გადაცემის წაყვანას.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა ჟურნალისტს, ვინც „ქართული ოცნების“ მხრიდან დევნასა და შევიწროებას განიცდის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვახო სანაია და მომავალშიც თავი შეიკავოს ჟურნალისტების დევნისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისგან.