სიახლეები

ტვ პირველის ჟურნალისტს თამთა დოლენჯაშვილს, 2015-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ყოფილმა მოჭიდავემ, ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, ხელში ჩაარტყა და ასე სცადა, მისთვის ტელეფონი გაეგდებინებინა. პარლამენტის შენობაში ის წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე ჩვენების მისაცემად იყო მისული, ხოლო თამთა დოლენჯაშვილი „ნოდარ მელაძის შაბათისთვის“ რეპორტაჟს ამზადებდა. ქალებზე ძალადობაში არაერთხელ მხილებული ყოფილი დეპუტატი გააღიზიანა ჟურნალისტის შეკითხვამ გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მისი ფიქტიური დასაქმების თაობაზე. 

ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რესპონდენტები, მათ შორის ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები, თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს ეუხეშონ და მუშაობაში ხელი შეუშალონ. ბოლო თვეებში არაერთი ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის მოძალადეები იშვიათად აგებენ პასუხს. დაუსჯელობის ატმოსფერო ძალადობას ახალისებს.

ქარტია პროკურატურას ამ ინციდენტის დროულად გამოძიებისა და დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდებს.  






03.06.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდებს, სრულად გაასაჯაროვოს და/ან „ბათუმელებს“ და მზია ამაღლობლის ადვოკატებს გადასცეს მისი ოპერატორის მიერ 11 და 12 იანვარს გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან პოლიციელები აქციის მონაწილეებსა და მზია ამაღლობელს დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებისას და დაკავების შემდგომ და თუ როგორ დაშავდა ის პოლიციელების ძალადობრივი ქმედებების შედეგად. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვლადიმერ ტატიშვილმა „ბათუმელებს“, რომელიც ჩანაწერს უკვე ორი თვეა, ითხოვს, დაუდასტურა, რომ ამგვარი კადრები მათთან ნამდვილად ინახება. 

სრული ჩანაწერი მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესისთვის და სიმართლის დასადგენად. პროკურატურა ამ ვრცელი ჩანაწერის მხოლოდ 44-წამიან მონაკვეთს კონტექსტიდან ამოგლეჯით იყენებს მტკიცებულებად მზია ამაღლობლის წინააღმდეგ. 7 აპრილს, მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზიამ გამოძიებას გადასცა მხოლოდ 44-წამიანი ვიდეოკადრი. მან არ განმარტა, თუ რატომ არ ამოიღო შსს-მ სრული ჩანაწერი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა 11 და 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის  და იმ კომუნიკაციის აღდგენა, რაც წინ უსწრებს სილის გაწვნის ეპიზოდს. ის, რომ საქმეში დღემდე არ მოიპოვება სრული ჩანაწერი, არღვევს მზია ამაღლობლის უფლებას სამართლიან სასამართლოზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი სტატუსის გამო გამორჩეულად არის ანგარიშვალდებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის წინაშე. 

ქარტიისთვის გაუგებარი და აუხნელია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია, როცა ამ კუთხის გამორჩეული წარმომადგენელი და კოლეგა ცილისწამებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კი მოეპოვება კადრები, რომელსაც ამ ცილისწამების გაქარწყლება და საქმის შემობრუნება შეუძლია, თუმცა ის კადრებს არ ასაჯაროებს „პერსონალური მონაცემების“ დაცვის მოტივით. 

მოგმართავთ პროფესიული თემის სახელით და მოგიწოდებთ, დაძლიოთ შიში იმის გასაკეთებლად, რაც სამართლიანი და სწორია. ამით გადაარჩენთ არა მხოლოდ მზია ამაღლობელს, არამედ თქვენს პროფესიულ რეპუტაციას და შეინარჩუნებთ აუდიტორიის პატივისცემასა და ნდობას. 

 

30.05.2025

ბოლო თვეების განმავლობაში გახშირებული დაპატიმრებების ფონზე, რომელთა კანონიერება უმეტეს შემთხვევაში ეჭვის ქვეშაა, საზოგადოების და, შესაბამისად, მედიის ინტერესი სასამართლო პროცესების მიმართ მზარდია. დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოტივით დაპატიმრებამ, ასევე ადმინისტრაციული კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრულმა საქმეებმა.

ბოლო ხანებამდე არსებული პრაქტიკით, ის ჟურნალისტები, რომელთაც არ ჰქონდათ თბილისის სასამართლოს მიერ გაცემული სხდომის გადაღების უფლება, ჩვეულებრივ მუშაობდნენ ვიდეო და ფოტოკამერების გამოყენებით როგორც სასამართლოს ეზოში, ისე შენობაში, მათ შორის, ფოეში სხდომის დარბაზებთან მიმდებარედ. ჟურნალისტები წერდნენ კომენტარებს და გადიოდნენ პირდაპირ ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს მიდგომა პირველად 22 მაისს შეცვალა, როცა იქ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი იმართებოდა. ამ დღეს ჟურნალისტებს მიკროფონებითა და კამერებით სასამართლოს შენობაში შესვლა აუკრძალეს.

23 მაისს, როცა საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი იმართებოდა, მანდატურებმა სასამართლოში მიკროფონებითა და კამერებით მხოლოდ ის ჟურნალისტები შეუშვეს, რომელთაც კონკრეტული სასამართლო პროცესის გადაღებაზე განცხადება დაწერილი და დაკმაყოფილებული ჰქონდათ, ხოლო სხვები რამდენიმე საათით შეაყოვნეს და მათ შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ პირადი მონაცემების ჩანიშვნის შემდეგ მისცეს.

იგივე, უკვე მესამედ, განმეორდა დღესაც, 30 მაისს, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის, მათ შორის იმ აქტივისტებისაც რომელთაც მარიამ ლაშხი უჩივის, სასამართლო პროცესებია ჩანიშნული. მანდატურები პროცესების გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების პირად მონაცემებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელით აღრიცხავენ. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლო ვიწროდ და  შემზღუდველად იყენებს სასამართლო პროცესების გაშუქების ისედაც მკაცრ წესებს და მას სასამართლოს შენობასა და სხდომის დარბაზებში ჟურნალისტებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნისაკენ მოუწოდებს.

30.05.2025

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, სულხან მესხიძის, თქმით, მას ხელვაჩაურის საკრებულოში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს. ის ხელვაჩაურის საკრებულოში საჯარო სხდომის გასაშუქებლად იმყოფებოდა.

ჟურნალისტის განცხადებით, ინციდენტის თვითმხილველმა მოქალაქემ პოლიცია გამოიძახა, თუმცა უშედეგოდ.

ჟურნალისტის ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში ადგილები მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა დაიკავეს, რითაც მოქალაქეებს დასწრების შესაძლებლობა შეუზღუდეს. სულხან მესხიძემ მერიის თანამშრომლებს კითხვებით მიმართა და გადაღება დაიწყო, რათა სხდომათა დარბაზში არსებული ვითარება ეჩვენებინა. დამსწრეთაგან რამდენიმე პირი ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ მას სხდომათა დარბაზი ფიზიკური ძალის გამოყენებით გაატოვებინეს.

სულხან მესხიძე დარბაზში მეორედაც შევიდა, რათა ეკითხა, თუ რატომ შეუშალეს მას ხელი მუშაობაში და რატომ არ მოხდინა რეაგირება ძალადობრივ ინციდენტზე საკრებულოს თავმჯდომარემ. ჟურნალისტს დარბაზი მეორედაც ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ქარტია შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობის სხდომები საჯაროა, და რომ ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

ადგილობრივ მედიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ უფრო ხშირად არ აძლევენ საჯარო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას და ზღუდავენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს ინფორმაციას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ატმოსფერო ადგილებზე ჟურნალისტებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროფესიულ საქმიანობას.

ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ინციდენტით, სწრაფად გამოიძიოს და სათანადოდ დასაჯოს ყველა მოძალადე პირი.

23.05.2025

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს შსს-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თვითნებურ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას 22 მაისს, საქალაქო სასამართლოს შენობაში არ დაეშვა ჟურნალისტები კამერებითა და მიკროფონებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს აქვთ უფლება, სასამართლოს ფოიეში კამერებით იმუშაონ და პირდაპირ ეთერშიც გავიდნენ, მათ ამ უფლებით 22 მაისს პირველად ვერ ისარგებლეს. 

ამ დღეს სასამართლო იხილავდა პოლიტიკოსის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, საქმეს, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი იყო მაღალი და ამ ინტერესის საპასუხოდ სასამართლოში მედიის გამოჩენა იყო სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური. 

ადგილზე  დიდი ოდენობით მობილიზებული საპოლიციო ძალები და მანდატურები ფიზიკურად ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა ქალებზე, და ჟურნალისტებს მუშაობაში უშლიდნენ ხელს. 

ქარტია მოუწოდებს შსს-ს, ხელი აიღოს ჟურნალისტების შევიწროებაზე და მისცეს მათ პროფესიული მოვალეობის შესრულების და კანონით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება. 



23.05.2025

15 მაისის სხდომაზე ქარტიის საბჭომ განიხილა სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” განცხადება ტელეკომპანია “ობიექტივის” წამყვანისა და ჟურნალისტის ნათია მაზანაშვილის წინააღმდეგ.


სადავო გადაცემა “სოციალური თემატიკა” ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში 2025 წლის 13 მარტს გავიდა. გადაცემაში წამყვანი სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” შესახებ საუბრობს.


განმცხადებელი თავდაპირველად მიუთითებდა წამყვანის მხრიდან ქარტიის პირველი (სიზუსტე); მე-3 (დადასტურებული წყარო); მე-5 (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, თუმცა, სხდომაზე მიღებული განმარტებების შედეგად, მე-3 პრინციპი მოხსნა.  საბოლოოდ, სადავო პრინციპებად დაზუსტდა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპები, რომელთაგან საბჭომ ყველა დარღვეულად მიიჩნია.

საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 
17.05.2025

15 მაისის სხდომაზე ქარტიის საბჭომ განიხილა ანა კომლაძის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ.

სადავო მასალა ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 5 მარტს გამოქვეყნდა. ის ანა კომლაძის თბილისის მერიიდან გათავისუფლებას ეხება.

განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, რომელთაგან საბჭომ ყველა დარღვეულად მიიჩნია. 

საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 
17.05.2025

ექვსი მაისის სხდომაზე ქარტიის საბჭომ განიხილა იაკობ ლეჟავას განცხადება გაზეთების "ასავალ–დასავალისა" და "საქართველოს რესპუბლიკის" სამ სხვადასხვა მასალასთან მიმართებით.


სადავო სტატია (გვ. 8-9) თავდაპირველად ყოველკვირეულმა გაზეთმა “ასავალ-დასავალი” 2025 წლის 10 თებერვალს გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ 2025 წლის 14 თებერვალს “საქართველოს რესპუბლიკამ” გადაბეჭდა (გვ. 6). მესამე სადავო მასალა (გვ. 10) 2025 წლის 24-30 მარტის ნომერში გამოქვეყნდა გაზეთ “ასავალ-დასავალში”.


განმცხადებლი თავდაპირველად დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მე-10 (პირადი ცხოვრება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, თუმცა განხილვის დროს მოხსნა ქარტიის მე-11 და მე-10 პრინციპები და ეს უკანასკნელი ჩანაცვლდა ქარტიის მე-7 პრინციპით. ამასთან, მიუთითა, რომ გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკასთან”, ასევე მოხსნა მე-5 პრინციპი ერთ ერთ სტატიასთან მიმართებით. 


საბოლოოდ, სადავო პრინციპებად დაზუსტდა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპები, რომელთაგანაც საბჭომ სამივე დარღვეულად მიიჩნია.


განმცხადებლის მხრიდან მოპასუხე რედაქტორებად/ჟურნალისტებად გაზეთ “ასავალ-დასავალის” შემთხვევაში განისაზღვრნენ მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი და ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ხოლო გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” შემთხვევაში მთავარი რედაქტორი სპარტაკ ქობულია.


საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 
17.05.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ხუთშაბათს, 15 მაისს, ანა კომლაძისა და სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" განცხადებებს განიხილავს.


19:00 საათი - ანა კომლაძე "იმედის" არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ


სადავო მასალა ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 5 მარტს გამოქვეყნდა. ის ანა კომლაძის თბილისის მერიიდან გათავისუფლებას ეხება.


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.


20:00 საათი - სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგი” ნათია მაზანაშვილის წინააღმდეგ


სადავო გადაცემა “სოციალური თემატიკა” ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში 2025 წლის 13 მარტს გავიდა. გადაცემაში წამყვანი სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგის” შესახებ საუბრობს.


განმცხადებელი მიიჩნევს, რომ წამყვანმა თავის საავტორო გადაცემაში დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე); მესამე (დადასტურებული წყარო); მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.


განმცხადებლის მხრიდან მოპასუხე რედაქტორად/ჟურნალისტად განისაზღვრა გადაცემის წამყვანი ნათია მაზანაშვილი.


ქარტიის საბჭო განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com.

 
15.05.2025

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღშფოთებას გამოთქვამს „ტვ პირველზე“ დღეს, 12 მაისს, განხორციელებული თავდასხმის გამო. 

ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და „ტვ პირველის“ ოპერატორს, რომლებიც  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის, გადადგომის მიზეზების გასარკვევად მარტყოფში მის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა. მან ქალ ჟურნალისტს ხელი გაარტყა, დაარტყა ოპერატორსაც, გატეხა და გაიტაცა ვიდეოკამერა და ჟურნალისტის პირადი მობილური. მარიამ მასაკარაშვილის თქმით, ძალადობის კვალი ეტყობა მასაც და ოპერატორსაც. 

მარიამ მაკასარაშვილმა მანამდე გიორგი შინჯიკაშვილის მამასთან ინტერვიუ ჩაწერა. იმ დროს, როცა გადამღები ჯგუფი ტერიტორიის დასატოვებლად ემზადებოდა და ბოლო კადრებს იღებდა, კაცი მოულოდნელად, გადამღები ჯგუფისთვის უცნობი მიზეზით, აგრესიული გახდა. 

მარიამ მაკასარაშვილმა ინციდენტის შესახებ შსს-ს შეატყობინა, თუმცა, “ტვ პირველის” ცნობით, ერთი საათის შემდეგაც კი, ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები არ ჩანდნენ. 

მარიამ მაკასარაშვილს პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა და ჩივილებიდან გამომდინარე, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყდა. 

გატაცემული აპარატურა 40 წუთის შემდეგ დააბრუნეს. 

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ეს ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით და როცა მოძალადე პირები განზრახ აზიანებენ პროფესიულ აპარატურას. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა “მედიაჩეკერთან” დაადასტურა, რომ გამოძიება დაიწყო. თავდამსხმელის  ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. 

ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა.

12.05.2025

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია დამოუკიდებელი მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკით, რომელიც მედიისა და ჟურნალისტების დევნასა და შევიწროებას განაგრძობს. 

7 მაისს პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ფოტოჟურნალისტ ზურა ცერცვაძეს. გამოცემა „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ის ძალის გამოყენებით გაიყვანეს სასტუმრო „პარაგრაფის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა მიმდინარეობდა.  

„ქართულმა ოცნებამ“ 7 მაისს, ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცა ონლაინ მედიას, რაოდენობრივი შეზღუდვის საბაბით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“, რის შესახებაც გადაცემაზე მომუშავე გუნდის წევრებს 30 აპრილს შეატყობინეს. მათ შესთავაზეს ემუშავათ სხვადასხვა პლატფორმაზე და გადაცემაში. ჟურნალისტებმა და ტექნიკურმა პერსონალმა მენეჯმენტის შეთავაზებაზე უარი თქვა და საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა. მანამდე, 11 აპრილს, სამსახურიდან დაითხოვეს „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი  და გააფრთხილეს გადაცემაზე მომუშავე სამი ჟურნალისტი - თამარ მშვენიერაძე, იოსებ კაციტაძე  და ტუხა კვინიკაძე

11 აპრილსვე დაატოვებინეს სამსახური საინფორმაციო გამოშვების „მოამბე“ წამყვანს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, რომელმაც პირდაპირ ეთერში სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს და ღიად გააკრიტიკა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკა. 

23 აპრილს გააფრთხილეს მემონტაჟე-ოპერატორი გიორგი კიტია, ხოლო 17 აპრილს - „შაბათ-კვირის შოუს“ აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაული და ამავე გადაცემის კორესპონდენტი ანა აბაკელია

„რეალური სივრცე“ 12 წლის განმავლობაში სიღრმისეულად აშუქებდა მწვავე სოციალურ პრობლემებს და მრავალი მოქალაქისათვის წარმოადგენდა იმედს ხელისუფლებისთვის ხმის მისაწვდენად. მისი დახურვით და სხვა გადაცემებზზე მომუშავე კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნით საზოგადობრივი გაუწყებლის მენეჯმენტმა გამოხატა  უპატივცემულობა თავისი მაყურებლის მიმართ და აჩვენა განსხვავებული აზრისა და კრიტიკის სრული აუტანლობა, რითაც რეპუტაციული ზიანი მიაყენა საზოგადოებრივ მაუწყებელს და შელახა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. 

პარლამენტის წევრები არასასურველი კითხვებისთვის თავის დასაღწევად და ჟურნალისტებთან კომუნიკაციის შესამცირებლად კვლავინდებურად იყენებენ პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებას აკრედიტაციის წესის შესახებ, რომელიც არაპროპორციულად და დისკრიმინაციულად ზღუდავს პრესის თავისუფლებას. 16 აპრილს არჩილ გორდულაძისა და ნინო წილოსანის მიმართვის საფუძველზე პარლამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის „ხალხთან ერთად“ წამყვანი ელისო ჯარიაშვილი და „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტი თათა ფორაქიშვილი დაასანქცირა პარლამენტის ამ წევრებისგან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო. ელისო ჯარიაშვილი და თათა ფორაქიშვილი ერთი თვის განმავლობაში ვეღარ მოითხოვენ ერთჯერად საშვს პარლამენტში შესასვლელად. 

ფეისბუქ პოსტის გამო, რომელიც შსს-მ შეურაცხმყოფელად მიიჩნია (შსს დავობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის II ნაწილით, სიტყვიერი შეურაცხყოფა), სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი.

აპრილში კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს გამოუწერეს 5,000-ლარიანი  ჯარიმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით. მათ შორის არიან „ტაბულას“ რეპორტიორი ლუკა კაციტაძე, “ქრონიკა+”-ისა და საინფორმაციო სააგენტო cnews-ის ჟურნალისტი ირინა მაკარიძე და გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი მარიამ ნიკურაძე, რომლისთვისაც ეს უკვე მეოთხე ჯარიმაა. შსს ლუკა კაციტაძეს ედავება “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” 12 აპრილს, ხოლო ირინა მაკარიძეს - 6 აპრილს. ორივე ჟურნალისტი ამ დროს პარლამენტთან მიმდინარე აქციას აშუქებდა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, პატივი სცეს პრესისა და სიტყვის თავისუფლებას და საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედოს. 

 

07.05.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სამშაბათს, 6 მაისს, იაკობ ლეჟავას განცხადებას განიხილავს გაზეთების "ასავალ–დასავალისა" და "საქართველოს რესპუბლიკის" სამი სხვადასხვა სადავო მასალის წინააღმდეგ.


19:00 საათი - იაკობ ლეჟავა  გაზეთების "ასავალ–დასავალისა" და "საქართველოს რესპუბლიკის" წინააღმდეგ.


სადავო სტატია (გვ. 8-9) თავდაპირველად გაზეთმა “ასავალ-დასავალი” 2025 წლის 10 თებერვალს გამოაქვეყნა თავის ყოველკვირეულ გაზეთში, ხოლო შემდეგ 2025 წლის 14 თებერვალს “საქართველოს რესპუბლიკამ” გადაბეჭდა (გვ. 6). მესამე სადავო მასალა (გვ. 10) კი, 2025 წლის 24-30 მარტის ნომერში გამოქვეყნდა გაზეთ “ასავალ-დასავალში”.


განმცხადებელი სამივე შემთხვევაში ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეხუთე (შესწორება); მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე დავობს.


განმცხადებლის მხრიდან მოპასუხე რედაქტორებად/ჟურნალისტებად გაზეთ “ასავალ-დასავალის” შემთხვევაში განისაზღვრნენ მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი და ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ხოლო გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” შემთხვევაში, მთავარი რედაქტორი სპარტაკ ქობულია.


ქარტიის საბჭო განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com.

 
06.05.2025

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.