სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს მედიის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და აქტივისტებს გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
 
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. 
 
ტრენინგს 2022 წლის 19 და 20 ივლისს მედიაკრიტიკისა და ანალიზის პლატფორმა „მედიაჩეკერის" რედაქტორი  და პლატფორმა 64-ის დამფუძნებელი გიორგი გოგუა ჩაატარებს.

რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას - ამ საკითხებს მოიცავს 2 დღიანი ტრენინგ-კურსი. 

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/3NXoVQQ
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 17 ივლისი 18:00 საათი. 
 
ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.        
13.07.2022

გუშინ, 2022 წლის 7 ივლისს პირველი არხის ეთერში პოლიტიკური პარტიის “სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჩართვისას არხის წამყვანს თამთა სანიკიძეს არაერთხელ მიუთითა კითხვების ფორმულირების ცვლილებისკენ და უხეშად მიმართა. 

2022 წლის 7 ივლისს, „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თავდასხმის სამიზნედ იქცა „მთავარ არხი“ და მისი ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილიც. ბრიფინგზე მმართველი პარტიის ლიდერმა ჟურნალისტს რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის გავრცელებაში დასდო ბრალი, “ომში ჩართვისკენ“ მოწოდებებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მსგავსი „პროპაგანდის გავრცელებით“ სხვებიც გამოირჩევიან. - პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან ერთად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ვახო სანაიაც დაასახელა. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიუღებლად მიიჩნევს, მედიის წარმომადგენლებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას. ჟურნალისტების  გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა იწვევს უარყოფით შედეგს, რომელსაც საზოგადოებაზე აქვს გავლენა. პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ახალისებს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობას. ამასთან, წარმოადგენს საზოგადოების თითოეული წევრის ინფორმაციისა და იდეების მიღების უფლებაში ჩარევას. 

კოალიცია მოუწოდებს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე საპარლამენტო უმცირესობის წევრებს პატივი სცენ ჟურნალისტების პროფესიულ თავისუფლებას.

08.07.2022

2022 წლის 7 ივლისს, „ქართული ოცნების” ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, “მთავარ არხს” და მის ჟურნალისტს, თენგო გოგოტიშვილს რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის გავრცელებაში დასდო ბრალი. მან თენგო გოგოტიშვილი “ომში ჩართვისკენ” მოწოდებებში დაადანაშაულა და იქვე დასძინა, რომ მსგავსი “პროპაგანდის გავრცელებით” სხვებიც გამოირჩევიან და პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან ერთად, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაიაც დაასახელა. 

გუშინვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემის” სტუმარი, ოპოზიციური პარტიის, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აგრესიულად ესაუბრა წამყვანს, თამთა სანიკიძეს და მას კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდა. გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტს, არამხოლოდ მისთვის, არამედ წინა სტუმრისთვის დასმული შეკითხვებიც დაუწუნა: “მე მგონი, ამ კითხვით მარტო მე კი არ დამცინით, თქვენს თავსაც დასცინით და საზოგადოებასაც”. ამასთან, სანიკიძის კითხვებს მან “აუტანელი” უწოდა და რამდენჯერმე გაუმეორა ჟურნალისტს, რომ ის წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც კერძო ტელევიზიისგან განსხვავებით, არ შეუძლია ჰქონდეს ისეთი სარედაქციო პოლიტიკა, როგორსაც თავად გადაწყვეტს: “თქვენ არ ხართ კომერციული ტელევიზია, რომ სარედაქციო პოლიტიკა ისე მართოთ, როგორც გინდათ”.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევა - სახელისუფლო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ამგვარი თავდასხმა შემაშფოთებელია, მით უმეტეს, ჟურნალისტების მიმართ უკვე გამოვლენილი ძალადობის ფაქტების ფონზე.

შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა და არ აქვს მნიშვნელობა, მათ მოსწონთ თუ არა ეს შეკითხვები. მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაა - პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია და უპასუხონ დასმულ კითხვებს.

პარლამენტის წევრებს ასევე შევახსენებთ, რომ ინფორმაციის საზოგადოებისთვის და მედიისთვის მიწოდება მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, არა ნება, არამედ, პირდაპირი მოვალეობაა. 

აქვე დავძენთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება სწორედაც რომ მისი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი უნდა იყოს და მაუწყებელს არათუ შეუძლია, არამედ ვალდებულია, ჰქონდეს კიდეც სრულიად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. საზოგადოებას ყოველთვის აქვს უფლება, მაუწყებელს მისი ყველა ჯგუფის ინტერესების დაკმაყოფილება მოსთხოვოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლება აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ან ცალკეულ პოლიტიკოსებს, განურჩევლად იმისა, ისინი მიეკუთვნებიან მმართველ ძალას თუ ოპოზიციას. 

პოლიტიკოსების, მით უფრო, დეპუტატების მხრიდან მედიაზე თავდასხმა აღიქმება ზეწოლად, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად და ხელს უწყობს ძალადობასა და აგრესიას ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს მათ, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და აგრესიული რიტორიკით ნუ ახალისებენ მედიაზე თავდასხმას. 

08.07.2022
2022 წლის 05 ივლისს ,,TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს შოთა სადაღაშვილს და თორნიკე გელიტაშვილს ჟურნალისტური საქმიანობის დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში მოხდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, მოძალადეები ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფის ,,ალტ-ინფოს“ პარტიის მხარდამჭერებად გაეცნენ, არხის სარედაქციო, პროევროპული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიულ საქმიანობაში.

იმავე დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, „TV მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივ და პრორუსულ ჯგუფთან ,,ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებულმა პირებმა 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და დაუმტვრიეს ტექნიკა. მთლიანობაში 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა. ამ მძიმე გამოცდილების ფონზე, ხელისუფლება ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პრორუსული ჯგუფთან დაკავშირებული პირების მიერ გამოხატულ აგრესიას. მით უფრო, როცა Რეგიონებში მცხოვრები ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას შესაძლოა კიდევ უფრო დაუცველები აღმოჩნდნენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში გამოიკვლიოს „TV მონიტორინგისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა.

კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაატაროს პრევენციული ზომები მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.
06.07.2022

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივლისს ქარელის მუნიციპალიტეტში არაფხიზელ მდგომარეობაში პირები „ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი და ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მოძალადეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს. 

გარდა ამისა, ტელეკომპანიის განცხადებით, მოძალადე ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს პასუხს იმის გამოც სთხოვდა, რომ ტელევიზიას “დასავლური კურსი აქვს აღებული და მათი მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას ეწინააღმდეგება”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს “ტვ მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტები.

06.07.2022
ერთი წლის წინ, 2021 წლის 5 და 6 ივლისს, ქართულ ჟურნალისტიკაში ყველაზე მძიმე დღეები იყო, რა დროსაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების მასობრივი თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ოპერატორი 5 ივლისის თავდასხმების დროს სიძულვილის ჯგუფებმა სასტიკად სცემეს - მიიღო ტვინის შერყევა, ჩამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

გამოძიებას 5 და 6 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები ერთი წლის თავზე კვლავ არ გამოუვლენია და შესაბამისად, არ დაუსჯია. პასუხისმგებლობაში მიცემული არ არიან უშუალოდ ძალადობაში მონაწილეთა ნაწილიც. დაუსჯელობის სინდრომმა კიდევ უფრო გააუარესა მედიაგარემო საქართველოში: მუქარა, შევიწროება, უკანონო მოსმენა-მიყურადება და თვალთვალი, ზეწოლა, დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია, ფიზიკური თავდასხმა, ბრიფინგებზე ჟურნალისტების შერჩევით დაშვება - ეს დარღვევების მცირე ჩამონათვალია.

დღეს ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ხდებიან სამიზნე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო. მათ სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება, თითქმის ყოველდღე ხდებიან პოლიტიკოსების თუ წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლები. საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ მათი ოჯახის წევრებიც.

ჟურნალისტებს ეზღუდებათ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი იკვლევენ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის, ბიუჯეტის არასწორი მართვის თუ დანაშაულებრივი საქმიანობის შემთხვევებს.

პატიმრობაშია კრიტიკული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის გამამტყუნებელ განაჩენსაც შიდა და საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

გამოხატვის თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. იგი პასუხისმგებელია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და ხელშეშლის თავიდან აცილებაზე. სახელმწიფო ვალდებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დაიცვას მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს 5-6 ივლისის მოვლენების დროს დანაშაულებრივი ქმედებების უშუალო ჩამდენები და ორგანიზატორები. Სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ მომრავლებული თავდასხმები, მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტები და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები.

შეწყდეს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები. ციხიდან გათავისუფლდეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

გამოიძიოს მედიის წარმომადგენლების მასობრივი უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის საქმეები.
05.07.2022

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.

შსს-ს ცნობით, ამ დღეს მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. 

2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა. ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია. 

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას. 

ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება. 

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.

04.07.2022

გუშინ, 2022 წლის 30 ივნისს კრიტიკული მაუწყებლის „ტელეკომპანია პირველის” დირექტორს ვატო წერეთელს ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხნენ „ქართული ოცნების” დეპუტატები. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება უკვე დაადასტურა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით, ასევე ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებებით, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას.

კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წამომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.

01.07.2022

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ. TV პირველის მფლობელის განცხადებით, შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 

ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა. 

ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით.  მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი.

30.06.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს მედიის წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და აქტივისტებს გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. 

ტრენინგს 2022 წლის 6-7 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულას" ციფრული დეპარტამენტის მთავარი რედაქტორი, ტოქშოუს წამყვანი სალომე უგულავა, ხოლო 2022 წლის 14-15 ივლისს ონლაინმედია „ნეტგაზეთის" რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი ჩაატარებს.

რა არის გენდერულად მგრძნობიარე რეპორტაჟის მომზადება, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მუშაობა, როგორია არამგრძნობიარე/საზიანო რეპორტაჟის მომზადების გავრცელებული ფორმები, რას ნიშნავს სამართლიანი და დაბალანსებული გაშუქება, როგორია საუკეთესო გამოცდილება ქალების და ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას - ამ საკითხებს მოიცავს 2 დღიანი ტრენინგ-კურსი. 

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე - https://bit.ly/3QW1lGY

პირველ ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 4 ივლისი 18:00 საათი, ხოლო მეორე ტრენინგზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 12 ივლისი 18:00 საათი. 

ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.         

29.06.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 30 ივნისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - ფონდი ფემინა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ 

სადავო მედიაპროდუქტი 2022 წლის 31 მაისს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო გადაცემაში ჩატარებული გამოკითხვა დისკრიმინაციულია და ხელს უწყობს გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნორმალიზაციას. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი. 

19:00 საათზე - ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართვველო” რუსთავი 2-ის წინააღმდეგ

სადავო გადაცემა 2022 წლის 31 მაისს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, მასალა ქალთა მიმართ ძალადობის გამართლებასა და ძალადობის „ახსნის” მცდელობას ისახავს მიზნად. ასევე, განმცხადებელს მიაჩნია, რომ გადაცემაში კონკრეტული ქალების იდენტიფიცირება და ფოტოების გავრცელება, ფემიციდისა და ძალადობის სისტემურ პრობლემაზე საუბარს, არ სძენდა დამატებით შინაარსს.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი.

სხდომები გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მათზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

28.06.2022

2022 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე  „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „პრაიდის კვირეული“ იგეგმება, 2021 წლის მძიმე გამოცდილების ფონზე, უმცირესობებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ გამართვაზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება. ესენია:

  • ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება
  • რეგიონული კონფერენცია, საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან ლგბტქ აქტივისტების მონაწილეობით
  • პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს

ყველასთვის ცნობილია, რომ პრაიდის დემონსტრაციები ლგბტქ თემის პოლიტიკური ადვოკატირების იარაღი, გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა,  როცა თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს. თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.

ვფიქრობთ, ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები - ისევ  საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ. 

უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა. 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ  სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდან აირიდოს  2021 წელს დაშვებული შეცდომები, მიიღოს ეფექტიანი  ზომები, რათა:

- უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება

- დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან

- ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

27.06.2022

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.