სიახლეები

ქარტია ეხმაურება გასულ კვირაში პროფესიული თემის წევრების დაკავებას და გმობს მათთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, მათთვის წაყენებულ დაუსაბუთებელ ბრალსა და მათ მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ სასჯელს. 

ამ ქმედებებს ქარტია დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვად და პროფესიული თემის დაშინების მცდელობად აფასებს და „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისაკენ მოუწოდებს. 

22 ოქტომბერს, პოლიციამ უხეში ძალის გამოყენებით დააკავა ლიკა ბასილაია-შავგულიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. მას სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დაკავებისას ის ტროტუარზე იდგა და პოლიციას ემოციურად უხსნიდა, თუ რა მოხდებოდა, თუკი საქართველო რუსეთთან დაახლოებას განაგრძობდა. ლიკა ბასილაია-შავგულიძე დიდი ხანია, სამეურვეო საბჭოს წევრის მანდატის ფარგლებში, აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და მისი მენეჯმენტის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.  

22 ოქტომბერსვე, სახლთან დააკავეს აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი დევნილი ჟურნალისტი. მას სასამართლომ 14-დღიანი ამინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით. აფგან სადიგოვმა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის მოთხოვნით შარშან დააკავეს, საექსტრადაციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე დაჰყო. მან პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა. 

24 ოქტომბერს სახლთან დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემის ყოფილი წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე, ასევე ჟურნალისტი, მაიკო ბოკერია. შსს მათაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. სასამართლომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მის მეუღლეს,  როგორც მცირეწლოვანი შვილების დედას - 5,000-ლარიანი ჯარიმა. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, სანამ მას საზოგადოებრივ მაუწყებელში ეთერი ჰქონდა, ყოველ საინფორმაციო გამოშვებას მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამოხატვით იწყებდა. ჟურნალისტი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა. 

24 ოქტომბერსვე, გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დააკავეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა. სასამართლომ მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

25 ოქტომბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, პოლიციამ დააკავა ნიკა პატარაია, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის „დროება“ ოპერატორი. სასამართლომ ოპერატორს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

წინა დღეებში დააკავეს და იზოლატორში მოათავსეს ტელეკომპანია „ფორმულას“ საღამოს გადაცემის წამყვანი ვახო სანაია, დღის გადაცემის წამყვანი ქეთა ციცქიშვილი და სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. სასამართლომ მათ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, შესაბამისად, 6, 5 და 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 24 ოქტომბერს, იმავე საბაბით დააკავეს გადაცემა „ყოველდღეს“ თანაწამყვანი, მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს „პუბლიკას“ ჟურნალისტის ბასტი მგალობლიშვილის შემთხვევა. 24 ოქტომბერს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა მას გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. „პუბლიკას“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ჟურნალისტი მანქანაში  ჩასვეს, სადაც ის დაახლოებით 50 წუთს შეაყოვნეს. მათ ბასტი მგალობლიშვილს ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, ოჯახს, კოლეგებსა და ადვოკატს დაკავშირებოდა. მოგვიანებით, პოლიციელებმა ჟურნალისტი სახლში დააბრუნეს, უთხრეს რა რომ „სხვაში შეეშალათ“. „პუბლიკას“ აზრით, საქმის გარემოებები საწინააღმდეგოზე მეტყველებს - პოლიციელებს ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტის შესახებ და ის მხოლოდ ფაქტის გახმაურების შემდგომ გაათავისუფლეს. 

სასჯელმისჯილ ჟურნალისტებს განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

28.10.2025

20 ოქტომბერს ქარტიის საბჭომ განიხილა ანნა ნადარეიშვილის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ.


სადავო მასალა ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სათაურით “ვრცელდება ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი”


განმცხადებელი თავდაპირველად მიუთითებდა სადავო მასალაში ქარტიის პირველი (სიზუსტე); მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე, თუმცა, სხდომაზე მიღებული განმარტებების შედეგად, მან მე-3 პრინციპი მოხსნა. საბოლოოდ, სადავო პრინციპებად დაზუსტდა ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპები, რომელთაგან საბჭომ ყველა დარღვეულად მიიჩნია.


მოპასუხე მხარეს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც საკუთარი წერილობითი პოზიცია წარმოუდგენია განცხადებასთან დაკავშირებით.

საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 
21.10.2025

პოლიციამ დღეს, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მესამე ჟურნალისტი, ცირა ჟვანია, დააკავა მშვიდობიანი შეკრების საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებით სარგებლობის გამო. პოლიცია მასაც, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას ედავება.  

დაკავებების სერია აჩენს ეჭვს, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ მიზანშია ამოღებული და „ქართული ოცნების“ ამოცანა მისი ფუნქციონირების შეფერხებაა. 

19 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ საღამოს გადაცემების წამყვანი ვახო სანაია, ხოლო 20 ოქტომბერს დღის გადაცემის წამყვანი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს. დღეს სოციალური მედიაზე მომუშავე ჟურნალისტის ჯერი დადგა. სასამართლომ ვახო სანაიას ექვსი, ქეთა ციცქიშვილს კი ხუთი დღით პატიმრობა მიუსაჯა. ამ „დანაშაულის“ განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მათ ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

„ქართული ოცნება“ ვეღარ ფარავს აგრესიას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ და მათთვის სხვადასხვა გზით ზიანის მიყენებას ცდილობს. „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა საკანონმდებლო პროცესის ინსტრუმენტალიზაცია ოპონენტების დასათრგუნად და მისი მორჩილი პოლიცია და სასამართლო კორპუსი დიდი  ენთუზიაზმით შეუდგა ახლად მიღებული უსამართლო კანონების აღსრულებას.   

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „ქართული ოცნების“ მავნებლურ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ მიმართულ პოლიტიკას, და ვახო სანაიასთან, ქეთა ციცქიშვილთან და ცირა ჟვანიასთან ერთად სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ვისაც კი „ქართული ოცნების“ რეპრესიები ამა თუ იმ ფორმით შეეხო.  

 
21.10.2025

პოლიციამ დღეს, 20 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მეორე ჟურნალისტი, დღის გადაცემის წამყვანი, ქეთა ციცქიშვილი, დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტის დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა. სავარაუდოდ, პოლიცია ქეთი ციცქიშვილს, ისევე როგორც ვახო სანაიას, გზის გადაკეტვას ედავება. 

სასამართლომ გუშინ „ფორმულას“ საღამოს გადაცემების წამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას, 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, სისხლის სამართლის კოდექსში საჩქაროდ შეტანილი - ორ დღეში სამი მოსმენით დამტკიცებული - ცვლილებების საფუძველზე.    

„ქართული ოცნება“ განაგრძობს შეტევას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, მოქალაქეებისთვის შეკრების კონსტუტუციით დაცული უფლების შეზღუდვის ფონზე. 

მედია „ქართული ოცნების“ სამიზნედ რჩება. მკვეთრად გაუარესებული საკანონმდებლო ჩარჩო, ძალადობრივი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემო, დაუსაბუთებელი ბრალით მაღალი ჯარიმებისა და პატიმრობის შეფარდება, სრული დაუცველობის განცდა - დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი არცერთი დანაშაული არ არის გამოძიებული, ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში ხელს უშლის.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნისა და შევიწროების გამო და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარალდა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დევნა კონსტიტუციის დარღვევით მიღებული კანონების გამოყენებით და მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დროულად გამოიძიოს. 

 

21.10.2025

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, დღეს, ნაშუადღევს, პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა.  

პოლიცია მას, სავარაუდოდ, გუშინ, 18 ოქტომბერს, გზის გადაკეტვას ედავება და მისი დევნისთვის სისხლის სამართლის კოდექსში ახლად შეტანილ ცვლილებებს იყენებს. 

ბოლო თვეებში შემოღებული საკანონმდებლო ცვლილებებით „ქართული ოცნება“  თანმიმდევრულად ზღუდავს სივრცეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის და მოქალაქეებს პრაქტიკულად ართმევს შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას. ის, თუ რა ფორმით ხდება ამ ახლად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება - „ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაკავება შეუსაბამოდ მრავალრიცხოვანი საპოლიციო ჯგუფების მიერ, პოლიციელების მიერ გამოჩენილი მონდომება და სიხისტე, ცხადად აჩვენებს, რომ ამ რეპრესიული ზომების მთავარი მიზანი პროტესტის დამორჩილება და კრიტიკული ხმების ჩახშობაა. 

მედია უკვე დიდი ხანია, „ქართული ოცნების“ სამიზნედაა ქცეული. ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტოვებენ საარსებო რესურსების გარეშე, ყველა საშუალებით ხელს უშლიან ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ვახო სანაიას დაკავებას და მას მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთ გამოვლინებად მიიჩნევს. უსამართლო კანონების საფუძველზე, რომლებიც არანაირ ლეგიტიმურ მიზანს და საზოგადოებრივ სიკეთეს არ ემსახურება, ჟურნალისტს ხელი ეშლება პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ის დღეს ვერ შეძლებს „ფორმულას“ საღამოს ეთერში გადაცემის წაყვანას. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა ჟურნალისტს, ვინც „ქართული ოცნების“ მხრიდან დევნასა და შევიწროებას განიცდის. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვახო სანაია და მომავალშიც თავი შეიკავოს ჟურნალისტების დევნისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისგან. 

 

20.10.2025

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ორშაბათს, 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, განიხილავს ანნა ნადარეიშვილის განცხადებას

 

ანნა ნადარეიშვილი ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ 

 

სადავო მასალა სათაურით - “ვრცელდება ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი”, ტელეკომპანია იმედმა” 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა

 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე.

 

მოპასუხედ განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ტელეკომპანია იმედი”. 

 

ქარტიის საბჭო განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com

 

19.10.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო პარასკევს, 10 ოქტომბერს, 19:00 საათზე, განიხილავს ანნა ნადარეიშვილის განცხადებას

 

ანნა ნადარეიშვილი ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ 

 

სადავო მასალა სათაურით - “ვრცელდება ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი”, ტელეკომპანია იმედმა” 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა

 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე.

 

მოპასუხედ განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ტელეკომპანია იმედი”. 

 

ქარტიის საბჭო განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com

 

09.10.2025

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართეს ქეთევან გოგიჩაშვილმა, მარიამ ოთინაშვილმა, მარიამ აქუბარდიამ, ნიკოლოზ ტყემალაძემ და მზია კაკალაშვილმა POSTV- წინააღმდეგ.

 

სადავო მასალა POSTV-ანალიტიკის Facebook გვერდმა 2025 წლის 10 სექტემბერს გაავრცელა. მასში მოქალაქე მეგი ფერაძის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმაზე იყო საუბარი. 

 

განმცხადებლები დავობენ ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები), მე-5  (შესწორების ვალდებულება), მე-7 (დისკრიმინაცია), მე-8 (ბავშვის უფლებები), მე-10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

 

მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლების მხრიდან განისაზღვრა ნათია ბერიძე

 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

06.10.2025

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ანნა ნადარეიშვილმა ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ.

 

სადავო მასალა სათაურით - “ვრცელდება ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი”, ტელეკომპანია იმედმა” 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა

 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე.

 

მოპასუხედ განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ტელეკომპანია იმედი”. 

 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

06.10.2025

გუშინ, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების დროს საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდნენ ჟურნალისტები. დაიკარგა და დაზიანდა პროფესიული ტექნიკა. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე ძალადობისა და ტექნიკის ხელყოფის ყველა შემთხვევას და პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

ორჯერ დაშავდა “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია. ვიდეოში ჩანს, რომ მას სუნთქვის პრობლემა შეექმნა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ოპერატორმა მუშაობა გააგრძელა, რა დროსაც მას ფეხზე, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა მოხვდა.

“ტვ პირველის” ჟურნალისტს ირაკლი ბახტაძეს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დამიზნებით ესროლეს, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა. ჟურნალისტი მძიმე დაზიანებისგან ჩაფხუტმა იხსნა. 

 

პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს გიორგი დიასამიძეს. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ჟურნალისტს აგინებენ, ხელს ჰკრავენ და ტერიტორიიდან აგდებენ. გიორგი დიასამიძეს ჰქონდა პრესის მაინდენტიფიცირებელი ნიშნები და ის პოლიციელებს ეუბნება კიდეც, რომ მედიას წარმოადგენს. თუმცა ეს გარემოება პოლიციელებს არ აჩერებს. 

დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა მარიამ გიუნაშვილმა წიწაკის სპრეისგან დამწვრობა მიიღო. მან „მედიაჩეკერს“ უთხრა: „სამი სხვადასხვა მხრიდან შემესხა [წიწაკის სპრეი], წინიდან ეგრევე სახეში და გვერდებიდან მთელ სხეულზე. ხელებზე და მკლავებზე მივიღე განსაკუთრებულად დამწვრობა”. 

„სტუდია მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის თქმით, კრიმინალური პოლიციის ორი თანამშრომელი მისთვის ტელეფონის წართმევას შეეცადა იმ დროს, როცა ის იღებდა, თუ როგორ მისდევდნენ პოლიციელები მოქალაქეებს დასაჭერად. პოლიციელები ჟურნალისტს უყვიროდნენ და ეჯაჯგურებოდნენ. ქეთი თუთბერიძემ პოლიციელებისგან თავი კოლეგების დახმარებით დაიხსნა.  

რუსთაველის გამზირზე დრონებზე კონტროლი დაკარგეს “პროექტმა 64-მა”, “ნეტგაზეთმა” და “მაყურებელმა”. მათ დრონები ამ დრომდე არ უპოვნიათ.  

აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი სითხე, სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, შეასხეს „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს  - შალვა სუმბაძეს, ნიკა ცირიკიძეს და ვახო ლეკიაშვილს. ჟურნალისტ შალვა სუმბაძის თქმით, აქციის მონაწილეები მათგან გადაღების შეწყვეტას ითხოვდნენ. ის პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდა და დამცავი საშუალება - აირწინაღი, მოიხსნა, რითაც თავდამსხმელებმა ისარგებლეს. 

აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მათ მანამდე ხელითაც შეეხნენ. წამყვანის თქმით, დაზიანდა ტექნიკაც.  

სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფსაც.

როგორც ქარტიისთვის არის ცნობილი, პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

 

ქარტია პროკურატურას მოუწოდებს, ასეთივე ოპერატიულობით შეუდგეს პოლიციელების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებისა და დრონების გატაცების ფაქტების გამოძიებას და მედიასაშუალებებს დრონების დაბრუნებაში დაეხმაროს.

 

 

05.10.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა მეგი ფერაძემ POSTV- წინააღმდეგ.

სადავო მასალა, სადაც შეეცადნენ, მოქალაქე მეგი ფერაძე კონკრეტულ სამართალდარღვევასთან - ჟურნალისტზე თავდასხმასთან - დაეკავშირებინათ, POSTV-ანალიტიკის Facebook გვერდმა 2025 წლის 10 სექტემბერს გაავრცელა

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები), მე-5  (შესწორების ვალდებულება), მე-7 (დისკრიმინაცია), მე-8 (ბავშვის უფლებები), მე-10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ნათია ბერიძე

 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

04.10.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა ია როდამი ფარულავამ ტელეკომპანია იმედის”, ინტერნეტმედიების - “კვირას”, “ლიდერის”, “ნიუსჰაბის”, “ექსკლუზივნიუსის”, “დაიჯესტის”, “რეზონანს დეილის”, “ინფოფოსტალიონის”, “ენესპი ჯის და ექსკლუზივტივის წინააღმდეგ.

 

სადავო მასალები, რომლებშიც ია ფარულავა ძალადობრივი აქციების ორგანიზებასა და მსგავსი აქციების ჩასატარებლად უცხო ქვეყნებიდან დავალებების მიღებაშია დადანაშაულებული, 21 აგვისტოს მოპასუხე მედიებმა თითქმის ერთდროულად გაავრცელეს

 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.

 

მოპასუხედ განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ზემოთ ჩამოთვლილი მასალების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტები

 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

04.10.2025

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.