კატეგორია : განცხადებები;
30 მაისს სუს-მა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც, წლებია, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა და თავისი პროექტებით ხელს უწყობს დიალოგს ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.
1 ივნისს დახურულ სხდომაზე მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ირაკლი ჩიხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის ძმაა. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და ასევე მედიაგამოცემა „კავკაზნიუსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
კოლეგებისა და ოჯახის ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძის პროფესიული საქმიანობის ფოკუსი სტერეოტიპების დამსხვრევა და ომითა და ოკუპაციით გახლეჩილი საზოგადოების წევრების დაახლოება იყო.
ჟურნალისტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ნიშნავს, რომ მას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის.
პროკურატურამ, რომელიც ირაკლი ჩიხლაძეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას ედავება, საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაადო, ხოლო ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატს, გიორგი გელხაურს, „გაუთქმელობაზე“ მოაწერინა ხელი და საქმის მასალებზე საუბარი აუკრძალა. თავად ირაკლი ჩიხლაძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.
შედეგად, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედევად, საქმის დეტალების შესახებ არც საზოგადოება და არც ჟურნალისტური თემი ინფორმირებული არ არის.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააკეთეს მინიშნება, რომ ირაკლი ჩიხლაძე ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
ადვოკატი გადაწყვეტილებას უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ის მიანიშნებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ირაკლი ჩიხლაძისთვის წარდგენილ ბრალს არ ადასტურებს და რომ მსგავსი მტკიცებულებების საფუძველზე ნებისმიერი იმ ადამიანის დაკავება შეიძლება, ვინც კი ანალიტიკურ საქმიანობას ეწევა ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.
ისეთი სერიოზული ბრალდების შემთხვევაში, როგორიც ჯაშუშობაა, მტკიცების მაღალი სტანდარტის დაცვაა საჭირო. დახურული და გასაიდუმლოებული პროცესი საზოგადოების ინტერესში ცალსახად არ შედის.
ქარტია უერთდება ოჯახის და თავად ბრალდებულის მოთხოვნას, საქმე გამჭვირვალედ და მაღალი საჯაროობის პირობებში წარიმართოს, რათა საზოგადოებას მიეცეს საშუალება, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თავად შეაფასოს, თუ რამდენად ობიექტური და სამართლიანია ირაკლი ჩიხლაძის მიმართ წარდგენილი ბრალი.