ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს და გმობს მის გაძევებას ქვეყნიდან
08.04.2026

კატეგორია : განცხადებები;

4 აპრილს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აზერბაიჯანელი რეპრესირებული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, დააკავა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფით, „წარმოშობის ქვეყანაში“, აზერბაიჯანში, გააძევა.  

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს აუკრძალა, სასამართლოს მიერ აფგან სადიგოვის საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი ექსტრადირება აზერბაიჯანში, სადაც ჟურნალისტი შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და სადაც მისი თავისუფლება და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნებოდა. 

მრავალ კითხვას აჩენს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებების კრიტიკოსი ჟურნალისტის დაკავების დრო (ილჰამ ალიევის ვიზიტის წინა დღეებში), ფორმალური მიზეზი (ზოგადი ხასიათის პოსტი სოციალურ მედიაში), დაკავების ფორმა (მოტყუებითა და დიდი საპოლიციო მობილიზებით) და ნაჩქარევი სასამართლო პროცესი (ჩაინიშნა და ჩატარდა ღამით). 

Azel.tv-ს მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ჟურნალისტური საქმიანობისთვის წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაჯანში. მის წინააღმდეგ ორჯერ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე. აზერბაიჯანულ ციხეში ჟურნალისტმა დიდი ხნის განმავლობაში იშიმშილა. 

2023 წელს აფგან სადიგოვი სერიოზულად შერყეული ჯანმრთელობით ჩამოვიდა საქართველოში სამკურნალოდ, ოჯახთან ერთად. თუმცა ის აქ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა და მესამე ქვეყანაში გასვლას გეგმავდა, რისი საშუალებაც ჟურნალისტს საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა. 2024 წლის აგვისტოში აფგან სადიგოვს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. მან ქართულ ციხეში 141 დღე იშიმშილა. აფგან სადიგოვი პატიმრობიდან შარშან აპრილში, გირაოთი გათავისუფლდა. მისმა ოჯახმა საქართველო დატოვა.   

აფგან სადიგოვის სისხლის სამართლებრივი დევნა აზერბაიჯანში 1 აპრილს შეჩერდა, 3 აპრილს მას მოუხსნეს შეზღუდვა გადაადგილებაზე, 4 აპრილს კი დააკავეს. ამ დროისთვის ადვოკატებს პრაქტიკულად მზად ჰქონდათ დოკუმენტები ჟურნალისტის მესამე ქვეყანაში გასაყვანად, თუმცა ქართულმა სასამართლომ მას არ მისცა საშუალება, ქვეყანა ნებაყოფლობით დაეტოვებინა.  

აფგან სადიგოვის შემთხვევა აჩვენებს, თუ როგორ ეფექტურად შეუძლიათ თანამშრომლობა ავტორიტარულ ხელისუფლებებს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გასათელად და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად. 

ქარტია ჟურნალისტთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ყურადღება გამოიჩინონ აფგან სადიგოვის შემთხვევის მიმართ, იზრუნონ მის უსაფრთხოებაზე და გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, ჟურნალისტის დასაცავად აზერბაიჯანში, სადაც ის ამჟამად იმყოფება.   

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.