კატეგორია : განცხადებები;
ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, უკვე რამდენიმე დღეა, ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება მისთვის უცნობი პირი, სავარაუდოდ, გია კიკოლაშვილი-ჭანტურია. ჟურნალისტს მესენჯერით ამ პირის პროფილიდან უკავშირდებოდნენ და დაურეკეს კიდეც. დავით ჭაბაშვილი მუქარაზე საუბრობს პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშიც. თავად ჟურნალისტი მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. ის თავს საფრთხეში გრძნობს, ვინაიდან აგრესიულად განწყობილი პირისთვის ცნობილია მისი საცხოვრებელი მისამართი და საქმიანობის ადგილი. ჟურნალისტის ინფორმაციით, შსს-მ საქმის გამოძიება 151 მუხლით დაიწყო (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და უკვე გამოკითხა დავით ჭაბაშვილი.
ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს ინციდენტი და მიიღოს ზომები დავით ჭაბაშვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სამწუხაროდ, ამგვარ თავდასხმებს ჟურნალისტებზე ახალისებს უმაღლესი თანამდებობის პირების აგრესიული რიტორიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ. ქარტია მათ მოუწოდებს, გაიაზრონ სიძულვილის ენის გამოყენების მოსალოდნელი შედეგები, რისი ერთი მაგალითიცაა მუქარა დავით ჭაბაშვილის მიმართ, და შესაბამისად შეცვალონ მიდგომები და დააკორექტირონ ქცევა.