სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო "ევექსის ჰოსპიტლების" განცხადება commersant.ge-ს ჟურნალისტის, სალომე ლემონჯავას წინააღმდეგ. სადავო სტატია პირველ მაისს გამოქვეყნდა სათაურით "ევექსი კრიმინალურ სკანდალში ეხვევა". სტატიაში საუბარი იყო ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ნაპოვნ ემბრიონზე, რაზეც სტატიის მიხედვით, გამოძიება დაიწყო. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატიაში საავადმყოფოს პერსონალი და მენეჯმენტი გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზეა დადანაშაულებული. შესაბამისად, მათი აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ დაადგენს სადავო სტატია შეესაბამებოდა თუ არა სადავო ეთიკურ პრინციპებს. 

ამ განცხადებამდე ევექსმა commersant.ge-ს წინააღმდეგ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების გამო ქარტიას ერთხელ უკვე მიმართა. საქმე ჯერ არ განხილულა.
06.05.2019
2 მაისს გაიმართა კონფერენცია ,,მედიის ევროპული სტანდარტი - ეთიკა და პასუხისმგებლობა“. ევროკავშირის ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

04.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო  ლევან ქემოკლიძის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" გადაცემის "რა დროს ძილია" წამყვანის, ოლგა ბაბლუანის წინააღმდეგ.

სადავო გახდა ქუთაისის შესახებ მომზადებული გადაცემა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც თქვა, რომ რიონისპირა სახლების და ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. განმცხადებლის აზრით, ამით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. გარდა ამისა, ლევან ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ ასევე დარღვეულია მეცხრე პრინციპიც, რომლის თანახმადაც სარეკლამო და სარედაქციო მასალები გამიჯნული უნდა იყოს.

სადავო მასალას ქარტიის საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები. 


26.04.2019
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი მრჩეველთა საბჭომ დღევანდელი გადაწყვეტილებით თავადვე ეჭვქვეშ დააყენა

სსიპ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ განიხილა და მიიღო გარე აუდიტის ფინანსური ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ,,სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წარმოდგენილი საბიუჯეტო ფინანსური ანგარიში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შეესაბამება 2014 წლის 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის №429 ბრძანებით დამტკიცებული„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციას.“

26.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა თეონა ხარაბაძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მიმართა. განმცხადებლის უკმაყოფილება გამოიწვია აჭარის ტელევიზიის ეთერში 11 თებერვალს გასულმა სიუჟეტმა, რომელიც ეხებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აუდიტის 2017 წლის ანგარიშს. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, ჟურნალისტმა სოფელ ჯიბინაურში კეთილმოწყობილი სტადიონის ნაცვლად აჩვენა მოუწესრიგებელი სტადიონი. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი კადრები გაუშვა ეთერში, რითიც დაარღვია ქარტიის პრინციპები.

გარდა პირველი და მეხუთე პრიციპისა, ჯუმბერ ვარდმანაძე მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო მესამე (მიჩქმალვა)და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები, თუმცა, საბჭომ განხილვის შემდეგ ამ პრინციპების დარღვევა არ დაადგინა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
25.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებით. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. პირდაპირ ეთერში ჟურნალისტები ყვებიან, რომ დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ დროულად და ადეკვატურად შეძლონ მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენის გაშუქება და მოსახლეობის ინფორმირება. მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მობილიზება, რათა დაშავებულებმა მიიღონ დროული დახმარება.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი და სპეკულაციების შემცველი ცნობების გავრცელება.
21.04.2019
24 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ განცხადებებს:

  • 19:00 საათი - რაშან ზიადალიევი  "იმედის" ჟურნალისტის ქეთევან ბუდაღაშვილის წინააღმდეგ 
სადავო მასალა გავიდა გადაცემაში "იმედის დღე" და ეხებოდა ბოლნისს, მის ისტორიას, იქ არსებულ მდგომარეობას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტში ისეა წარმოჩენილი, თითქოს ბოლნისში მხოლოდ ქრისტიანები ცხოვრობენ და არ ჩანს იქ არსებული ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება

სადავო პრინციპები: მეშვიდე (დისკრიმინაცია)
21.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის განცხადება  გამოცემა qartli.ge-ს რედაქტორის, საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ. 

სადავო მასალა 3 აპრილს გამოქვეყნდა სათაურით "გორის ჰოსპიტალის ცნობით სამხედრო მოსამსახურეს ,,ლირიკა" ესაჭიროება". სტატიაში საუბარია გორის ჰოსპიტლის მიერ "ლირიკის" შესყიდვაზე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გამოცემამ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, ვინაიდან ჰოსპიტალს ეს მედიკამენტი შეძენილი ჰქონდა უკვე.

შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე,), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მეხუთე (შესწორება)  და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

საქმის განხილვის შემდეგ საბჭო გადაწყვეტს დაირღვა თუ არა მითითებული პრინციპები.
21.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო "ევექსის ჰოსპიტლების" განცხადება commersant.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის გამო.  სადავო გახდა სტატია სათაურით "GHG ჯგუფი აქციონერებისთვის გასაცემ დივიდენდს ზრდის, მისი კლინიკები პაციენტების სასაკლაოდ იქცა, ჯანდაცვის სამინისტრო კი დუმს". მასალაზე კონკრეტული ავტორი მითითებული არ არის.  სტატია ეხება პაციენტის გარდაცვალებას და მასთან "ევექსის" კლინიკის კავშირს, მის პასუხისმგებლობას. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ სტატიაში დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე,), მესამე ( დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება). დარღვევების დასაბუთებისას განმცხადებელი უთითებს, რომ ,კომერსანტმა“ ყოველგვარი მტკიცებულებებისა და სარწმუნო ინფორმაციის გარეშე მოამზადა და გამოაქვეყნა სტატია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს სს ,,ევექსის ჰოსპიტლებს“.

ქარტიის საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
21.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო ასოციაცია "ჰერა XXI-ს" განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების, მაგდა ანიკაშვილის, თორნიკე კვერენჩხილაძის და ირაკლი მაისურაძის წინააღმდეგ. სადავო გახდა 2019 წლის 3 აპრილს გასული გადაცემა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემამ სათაურით - ,,აბორტი როგორც განაჩენი“, " წარმატებით მოახდინა ქალების დისკრიმინაცია, მათი უფლებების უგულვებელყოფა და სიძულვილის ენის წახალისება საზოგადოებაში."

შესაბამისად განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია).

ქარტიის საბჭო განხილვის შემდეგ გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა აღნიშნული პრინციპები.

იხილეთ განცხადება

სადავო მასალა

17.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო კომპანია "ფრესკოს" განცხადება ტელეკომპანია "მესამის" ჟურნალისტების, მზია შარაშენიძის, უშო რუხაძის და ნათია ჩიქოვანის წინააღმდეგ.  სადავო მასალა 2019 წლის 20 მარტს გავიდა ეთერში და ეხებოდა დასაქმებულთა შრომით უფლებებს.  დარღვეულ უფლებებზე საუბრისას ნახსენებია "ფრესკოც". განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემის წამყვანი და სტუმრები ამ კომპანიის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ახდენენ, რეალურად კი შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები "ფრესკოში" არ დადასტურებულა.

აქედან გამომდინარე განმცხადებელს მიაჩნია, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭო განიხილავს საქმეს და დაადგენს მართლაც დაირღვა თუ არა აღნიშნული პრინციპები სადავო მასალაში.

15.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა გადაწყვეტილებით, ქარტიის მესამე პრინციპი შეიცვალა და ასე ჩამოყალიბდა:

"ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია."

ძველი ვერსია  ასე იყო ფორმულირებული:

"ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".

ქარტიის პრაქტიკით გამოიკვეთა, რომ ქარტიის მე-3 პრინციპის მეორე ნაწილს: "ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები" ფარავს პირველი პრინციპი [სიზუსტე], ვინაიდან ფაქტების მიჩქმალვა სწორედ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას იწვევს. წინადადება "არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები" კი რეალურად მოიცავს მე-11 პრინციპს "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება". აქედან გამომდინარე ქარტიის წევრთა უმრავლესობა, 243 წევრი დაეთანხმა მესამე პრინციპის ცვლილებას, 24 წევრმა კი  მხარი არ დაუჭირა ახალ ვერსიას.
14.04.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.