სიახლეები
3-4 ოქტომბერს, თბილისში ევროპის დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოების წლიური კონფერენცია (AIPCE 2019) გაიმართა, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უმასპინძლა. ღონისძიებას 22 ქვეყნის პრესის საბჭოები სტუმრობდნენ, მათთან ერთად კონფერენციას საქართველოში მედიასფეროში მომუშავე 120  მონაწილე ესწრებოდ. 

კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო მედია ცვლილებების ეპოქაში, ევროპის საბჭოს დახმარებით გაიმართა. ღონისძიება გახსნეს ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა,  
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და AIPCE-ს მმართველი კომიტეტის წევრებმა  ელინა გრუნდსტრომმა (ფინეთი) და კატერინა ნიკოლაუმ (კვიპროსი) 

09.10.2019
ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს, 10:00 საათზე სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში (თელავის ქუჩა 20) გაიხსნება ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) ყოველწლიური კონფერენცია.

01.10.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო თვალს ადევნებს საზოგდოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში განვითარებულ მოვლენებს. მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტით თანამდებობიდან გაათავისუფლა დირექტორი, სამი კონკურსის გამართვის შემდეგ ვერ მოახერხა ახალი დირექტორის არჩევა და უკვე 5 თვეა მაუწყებელი ფაქტობრივად დირექტორის გარეშე ფუნქციონირებს, მეოთხედ გამოცხადებული კონკურსი კი სასამრთლოს განჩინებით შეჩერდა. ამ მოთხოვნით სასამართლოს დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გოგა კოხრეიძემ მიმართა. ის მიიჩნევს, რომ მრჩეველთა საბჭოს სხდომის ის ოქმი უნდა გაუქმდეს, რომლითაც მესამე კონკურსი ჩაიშალა და გოგა კოხრეიძე უნდა გამოცხადდეს არჩეულ დირექტორად. სასამართლომ განჩინება ზუსტად იმ დღეს გამოიტანა, როდესაც მეოთხე კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ვადა უნდა ამოწურულიყო.

26.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ონლაინ გამოცემა mcm.ge - ს რედაქტორმა ეკა გულუამ ქარტიის შემდეგი პრინციპები დაარღვია: პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა მიხეილ მეფარიშვილმა, რომელიც სადავოდ ხდიდა mcm.ge-ზე გამოქვეყნებულ 6 მასალას. ყველა მათგანი ეხებოდა თბილისი პრაიდს. საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტმა საკუთარი პოზიცია საბჭოს წერილობით წარუდგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
22.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ  დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს დისკრიმინაციის თავიდან არიდებას ავალდებულებს.

სადავო გახდა გადაცემის "პირისპირ" ის ნაწილი, სადაც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საუბრობდა. მან თბილისში გამართულ აქცია "გეი რევოლუციად" მოიხსენია.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, მოპასუხე ჟურნალისტს განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგივიანებით გამოქვეყნდება.
22.09.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ორი მასალა, რომელიც ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის (JRC)  ფილმს ეხებოდა.  ქარტიას სწორედ JRC-მ მიმართა. 

პირველი სადავო მასალა ეთერში 16 აგვისტოს გავიდა.  წამყვანმა რატი ხვისტანმა საზოგადოებას გააცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება, რომლითაც მაუწყებელი გამოეხმაურა JRC-ს ფილმს "რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე".  განმცხადებლის მოსაზრებით, მასალა დაუბალანსებელი და შეცდომაში შემყვანი იყო. ქარტიის საბჭომ მსჯელობის შემდეგ დაადგინა, რომ რატი ხვისტანმა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე)  და მეხუთე (შესწორება) პრინციპები. განმცხადებელი დავობდა მეთერთმეტე პრინციპზეც, რომელიც უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს ფაქტის განზრახ დამახინჯებას. თუმცა ამ მუხლზე მსჯელობისას საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო. საქმის წარმოების წესის თანახმად, იმისათვის რომ დადგინდეს რომელიმე პრინციპის დარღვევა ან არდარღვევა, საჭიროა საბჭოს მინიმუმ 5 წევრის თანხმობა. ამ შემთხვევაში კი ხმები გაიყო.

მეორე სადავო სიუჟეტი ასევე ეხებოდა JRC-ს ფილმს "რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე" და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ ამ ფილმის განხილვას.  ამ შემთხვევაში საბჭომ დაადგინა, რომ სიუჟეტის ავტორმა ქეთი ქაშაკაშვილმა დაარღვია როგორც პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება), ასევე მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევა.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტებს განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
22.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის და მისი ახლო ნათესავების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს.

საქმე ეხება ბათუმში, 16 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსს როინ კოჩალიძესა და მზია ამაღლობელის ნათესავებს შორის მომხდარ ინციდენტს.

22.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტმა, სოფო შაიშმელაშვილმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის ინტერესი) პრინციპები.  

მის წინააღმდეგ განცხადება ანა არგანაშვილმა შემოიტანა. ის სადავოდ ხდიდა გადაცემა "რადიოვიზიაში" გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხება იმ ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალა იყო დისკრიმინაციული და გათვალისწინებული არ ყოფილა ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს შეპასუხება წერილობითი სახით წარმოუდგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
 
22.09.2019
2019 წლის 21 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ,,ბათუმელების” დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან. მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე კი არ გამორიცხავს, რომ პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება შესაძლოა იყოს მესიჯი გამოცემის მიმართ.

22.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 სექტემბერს შემდეგ საქმეებს განიხილავს:

1. 12:00 საათი -  ანა არგანაშვილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის სოფო შაიშმელაშვილი წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი ეხება ბოშა ბავშვებს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში გამოყენებულია დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამავრცელებელი ფრაზები

სადავო პრინციპები: მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის ინტერესი)

19.09.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიიის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებში ჩანს, რომ 17 სექტემბერს, პარლამენტში ჟურნალისტი ცდილობდა კითხვების დასმას, რამაც მმართველი პარტიის წევრის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის გაღიზიანება გამოიწვია. რის შემდეგაც გია ვოლსკი მას აკრედიტაციის შეჩერებით ემუქრება.

18.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მომართა “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა” (JRC). მისი წარმომადგენლების თქმით, მას შემდეგ, რაც მოამზადეს ფილმი “რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, გახდნენ ზეწოლის და თავდასხმის მსხვერპლნი საზოგადოებრივი მაუწყებლის და ფილმში ნახსენები სარეკლამო კომპანიის, “პანორამას” მხრიდან.

12.09.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.