გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ა[ა]იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ნოდარ ჩაჩუას წინააღმდეგ
12.06.2019
გადაწყვეტილება

07 ივნისი 2019 წელი

საქმე N 281                                       ა[ა]იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ნოდარ ჩაჩუას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე:                        ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები:                                 გიორგი მგელაძე, გელა მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, ლაურა გოგოლაძე.

განმცხადებელი:                                 ა[ა]იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

მოპასუხე:                                           ნოდარ ჩაჩუა

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ა[ა]იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა. განცხადების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა ,,მოამბის“ 2019 წლის 03 აპრილის 12:00 და 15:00 საათიან გამოშვებებში გასულ სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი. სადავო სიუჟეტები ეხებოდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის [CRRC], ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაციას. სიუჟეტების ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - ნოდარ ჩაჩუა.

საქმის განხილვის დროს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს განმცხადებლის წარმომადგენლებმა, მოპასუხე ჟურნალისტმა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და არც საპასუხო პოზიცია არ წამოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა სადავო სიუჟეტები ეხებოდა სოციოლოგიური კვლევის პრეზენტაციას.

მოამბე 12:00 საათზე

პირდაპირი ჩართვის დროს ნოდარ ჩაჩუამ აღნიშნა:

ტექსტი 1: ,,ჩვენ სრულიად შემთხვევით რამდენიმე წუთის წინ სანამ ჩართვაზე დავდგებოდით, აღმოვაჩინეთ, რომ კვლევაში საუბარია მედიაზე და მედიის ნაწილში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებითაც. თუმცა, კვლევის ეს შედეგები ფონდმა „ღია საზოგადოებამ“ დამალა და იგი არც ჩვენ, მედიის წარმომადგენლებს მოგვაწოდა ისე, როგორც კვლევის სხვა შედეგები, მაგალითად როგორც ჯანდაცვაზე, განათლებაზე, კორუფციაზე და ასე შემდეგ და არც თავად ტელევიზიის წარმომადგენლებს ტელევიზიებში ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადააგზავნა“.

ტექსტი 2: „თუმცა, ჯერჯერობით პასუხი კითხვაზე ვერ მივიღეთ თუ რატომ გადაწყვიტა ფონდმა „ღია საზოგადოებამ“ დაემალა აღნიშნული კვლევა. “

ტექსტი 3: ,,მაშინ, როცა ეს კომენტარი ჩავწერეთ ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ხელმძღვანელთან, ჩვენ არ ვიცოდით, რომ მედიის მიმართულებითაც ჰქონდა გაკეთებული აღნიშნულ ფონდს კვლევა და მედიის მიმართულებით საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ეჭირა, თუმცა, ბუნებრივია დავუსვამდით შეკითხვას თავად კვლევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ასევე თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით. ჩვენ ჯერჯერობით ასევე ვერ მივიღეთ ფონდის იმ თანამშრომლისგან პასუხი კითხვაზე თუ რატომ დამალა ფონდმა აღნიშნული კვლევა და რატომ არ გახადა იგი საჯარო როგორც მედიის წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე თავად საზოგადოებისთვის.“

15:00 საათიანი გამოშვება:

ტექსტი 4: წამყვანი: „პირველი არხის ჟურნალისტს პრეზენტაციაზე, სადაც კვლევის სხვა შედეგებთან ერთად ეს მონაცემებიც იყო წარმოდგენილი არ მიეცა საშუალება გამოკითხვის ამ ნაწილზე მეტი ინფორმაცია მიეღო“

ტექსტი 5: ნოდარ ჩაჩუა: „აღნიშნული პრეზენტაციის გასაშუქებლად მივედით, სადაც დაგვხვდა მედიარელიზები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ კვლევაში იყო გამოკითხული საზოგადოების განწყობები ქვეყანაში არსებულ ამა თუ იმ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგალითისთვის კორუფციასთან დაკავშირებით, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა, იქ არ ყოფილა აღნიშნულ რელიზში საუბარი და შემდგომ უკვე ჩაშლილ ვარიანტშიც მედიისათვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კვლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებაც იყო და აღნიშნული კვლევის შედეგები საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობებსაც ასახავდა“

ტექსტი 6: ნოდარ ჩაჩუა: „სწორედ ამ მოთხოვნის შემდეგ გაჩნდა უკვე აღნიშნულ კვლევაში მედიის ნაწილი და კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ნაწილი და გახდა საჯარო სწორედ ის შედეგები რომელიც გამოაქვეყნეს“

ზემოაღნიშნული ტექსტების თანახმად ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში აცხადებდა რომ:

  1.  შემთხვევით გაიგო, რომ კვლევა რომ მედიას და მედიის ნაწილში საზოგადოებრივ მაუწყებელს [ტექსტი 1].
  2. კვლევის ნაწილი, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, კვლევის წარმდგენმა დამალა [ტექსტი 1, 2,3].
  3. კვლევის ნაწილი, რომელიც ეხებოდა მედიას, კვლევის წარმდგენმა მედიის წარმომადგენლებს არ მიაწოდა [ტექსტი 1, 5].
  4. კვლევის ნაწილი, რომელიც ეხებოდა მედიას, მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ნოდარ ჩაჩუამ მოითხოვა [ტექსტი 6].

ტექსტების შეჯერების, განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და საბჭოს მიერ დამატებით მოკვლეული [მაგალითად ინფორმაცია იქნება მოპოვებული კვლევის პრეზენტაციაზე მყოფი სხვა ჟურნალისტებისგან] დადგენილი იქნა შემდეგი გარემოებები:

  1.  როცა 12:00 საათიან გამოშვებაში, პირდაპირი ჩართვის დროს ნოდარ ჩაჩუა აცხადებს რომ კვლევის მედიის ნაწილი „დამალულია“, კვლევის პრეზენტაცია ჯერ დასრულებული არ არის.
    მტკიცებულება: თავად ნოდარ ჩაჩუას განცხადება პირდაპირი ჩართვის დროს 12:00 საათიან გამოშვებაში - „კვლევის პრეზენტაცია ჯერაც არ დასრულებულა სასტუმრო რუმსში“.

  2.  მედიასთან დაკავშირებული კვლევის „გასაჯაროების მოთხოვნა“ ნოდარ ჩაჩუამ დააყენა კვლევის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.
    მტკიცებულება:  ტექსტი 6.

  3. კვლევის პრეზენტაციის თარიღამდე ერთი დღით ადრე, 02 აპრილს, მედიასაშუალებებს [მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს] გაეგზავნათ ანონსი, იმის შესახებ, რომ 03 აპრილს გამოქვეყნდებოდა კვლევა, რომელიც სწავლობს „მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ და განწყობას პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებების და სხვა საკითხების შესახებ“ .
    მტკიცებულება: ა[ა]იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლის, ანა ტოკლიკიშვილის მიერ გაგზავნილ ელ. ფოსტის შეტყობინება 2019 წლის 02 აპრილი, 13:52 საათი.

  4. პრესრელიზში, რომელიც ადგილზე დახვდათ მისულ ჟურნალისტებს, აღნიშნული იყო, რომ: „სოციოლოგიური კვლევა ეხება საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობას, სწავლობს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ და განწყობას პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა საკითხების შესახებ“
    მტკიცებულება: პრესრელიზი

  5. კვლევის პრეზენტაცია შეიცავდა მედიის ნაწილსაც.
    მტკიცებულება: პრეზენტაცია, სხვა გამოკითხული ჟურნალისტები, ტექსტი 4, ა[ა]იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლის, ანა ტოკლიკიშვილის მიერ გაგზავნილ ელ. ფოსტის შეტყობინება 2019 წლის 03 აპრილი, 13:38 საათი.

  6. კვლევის პრეზენტაციის ფაილი [სადაც მითითებული იყო მედიის ნაწილი] უშუალოდ ნოდარ ჩაჩუას გაეგზავნა 03 აპრლს, 11:57 საათზე.
    მტკიცებულება: ა[ა]იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლის, ანა ტოკლიკიშვილის მიერ გაგზავნილ ელ. ფოსტის შეტყობინება 2019 წლის 03 აპრილი, 11:57 საათი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, კერძოდ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია:

  1. მედიასთან [საზოგადოებრივ მაუწყებელთან] დაკავშირებული კვლევის ნაწილი არ იყო დამალული. კვლევა რომ მედიას შეეხებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ცნობილი იყო წინა დღეს და დაინტერესების შემთხვევაში ადვილად ხელმისაწვდონი იყო ინფორმაცია, რომ მედიის ნაწილში კვლევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩატარდა. ამავე ინფორმაციას მოიცავდა ღონისძიების მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის დარიგებული პრესრელიზი. მედიის შესახებ ინფორმაცია უჩვენეს პრეზენტაციისას და გაეგზავნა უშუალოდ ნოდარ ჩაჩუას პრეზენტაციის დასრულებამდე.

  2. მაშინ, როცა კვლევის პრეზენტაცია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, შეუსაბამო იყო ნოდარ ჩაჩუას განცხადება, რომ მედიასთან დაკავშირებული კვლევის ნაწილი დამალულია.

  3. არაზუსტია ნოდარ ჩაჩუას განცხადება, თითქოს „შემთხვევით გაიგო“ რომ კვლევა მედიის ნაწილს ეხებოდა.

  4. ურთიერთგამომრიცხავია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის და ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას ტექსტებიც, კერძოდ: ნოდარ ჩაჩუა აცხადებს, რომ მედიის შესახებ კვლევის ნაწილი მისი მოთხოვნის შემდეგ გასაჯაროვდა. სიუჟეტის წარმდგენისას წამყვანი აცხადებს, რომ: „პირველი არხის ჟურნალისტს პრეზენტაციაზე, სადაც კვლევის სხვა შედეგებთან ერთად ეს მონაცემებიც იყო წარმოდგენილი არ მიეცა საშუალება გამოკითხვის ამ ნაწილზე მეტი ინფორმაცია მიეღო“


როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, მოპასუხე ნოდარ ჩაჩუამ არ ითანამშრომლა საბჭოსთან. მისი პოზიცია საბჭოსათვის ნაწილობრივ ცნობილი გახდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თვითრეგულირების ორგანოს/კომისიის დასკვნიდან, რომელსაც ა[ა]იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა, სადავო სიუჟეტებზე განცხადებით ასევე მიმართა. ამ დასკვნაში არ არის უარყოფილი რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო წინასწარი ანონსი კვლევის შესახებ. გადაწყვეტილებაში ჟურნალისტის გამამართლებელ არგუმენტად მითითებულია, რომ ანონსში საუბარი იყო „მედიაზე“ და არა იმაზე, რომ კონკრეტულად საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნებოდა კვლევა. „მედია“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კი არ არის იდენტური.

ქარტიის საბჭოს კომპეტენცია არ არის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თვითრეგულირების ორგანოს დასკვნის შეფასება, მაგრამ იმისათვის რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს ორივე მხარის პოზიციას, ზემოაღნიშნული მიდგომა საბჭოს მიერ ჩაითვალა როგორც მოპასუხის მხარის პოზიცია და იმსჯელა მასზე. რა თქმა უნდა „მედია“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ არის იდენტური, მაგრამ მედია მოიცავს საზოგადოებრივი მაუწყებელს, კვლევის წარმდგენი არ იყო ვალდებული, რომ წინასწარ გაგზავნილ პრეს-რელიზში კონკრეტულად მიეთითებინა რას მოიცავდა მედიის ნაწილი. მით უფრო, რომ წინასწარ არ მითითება არ ნიშნავს დამალვას როგორც ეს მაუწყებლის ჟურნალისტმა მიიჩნია. ანონსიდან გამოდინარე კი ჟურნალისტს უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ კვლევაში იქნებოდა მედიის ნაწილიც. თუ დავუშვებთ, რომ ჟურნალისტმა ვერ ივარაუდა რომ „მედიის“ ქვეშ საზოგადოებრივი მაუწყებელიც შესაძლოა ნახსენები ყოფილიყო, ეს მაინც არ ამართლებს მის მიერ სიტყვა „დამალვის“ გამოყენებას. „დამალვა“ ნიშნავს, რომ კვლევის ეს ნაწილი არ გამოუქვეყნებიათ. რეალურად კი კვლევიდან მედიის [საზოგადოებრივი მაუწყებლის] ნაწილი გასაჯაროვდა პრეზენტაციის დროს, გაეგზავნა უშუალოდ ჟურნალისტს და საზოგადოებრივ მაუწყებელს. პრეზენტაცია კი პირდაპირ და ცალსახად შეიცავდა ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ.

ქარტიის მე-5 პრინციპი: მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ ამის შესახებ განმცხადებელმა მიმართა მედიასაშუალებას - საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძოდ, შეიტანა განაცხადება თვითრეგულირების ორგანოში, სადაც უთითებდა არასწორი ინფორმაციის შესახებ. მიუხედავად ამისა, საბჭოს მიერ განცხადების განხილვის მომენტისათვის არასწორი ინფორმაცია არ იყო უარყოფილი, შესაბამისად დარღვეული იქნა ქარტიის მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპი:ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“, ქარტიის საბჭოს მიერ პირველი პრინციპის ჭრილში მსჯელობისას აღნიშნული იყო რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა როგორც 12:00 საათიან, ისე 15:00 საათიან გამოშვებებში და იმსჯელა, სახეზე იყო თუ არა არასწორი ინფორმაციის განზრახ გავრცელება. ქარტიის საბჭომ დაუშვა რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ 12:00 საათიან გამოშვებაში არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობა შესაძლოა ყოფილიყო სხვადასხვა გარემობა, მაგალითად არ ენახა ელ. შეტყობინება, არ წაეკითხა მედიარელიზი, უშუალოდ პრეზენტაციისას არ იმყოფებოდა ადგილზე, იჩქარა და მანამ გააკეთა დასკვნა, სანამ პრეზენტაცია დასრულდებოდა, ტერმინ „მედიის“ ქვეშ ვერ მოიაზრა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ა.შ. მაგრამ მსგავსი დაშვება უკვე გამოირიცხება 15:00 საათიანი გამოშვების დროს, როცა უკვე პრეზენტაციის დაწყებიდან 3 საათია გასული, როცა თავად სიუჟეტის წარმდგენიც კი აცხადებს, რომ პრეზენტაციაში საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაკავშირებითაც იყო საუბარი [ტექსტი 4], დამატებით კიდევ არის გაგზავნილი პრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის და თავად ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუასთვის [სადაც ასახულია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული სლაიდები] და ამის ფონზე 15:00 საათიან გამოშვებაში ნოდარ ჩაჩუა კვლავ აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ინფორმაცია არ იყო საჯარო. ყოველივე ზემოაღნიშნული აძლევს ქარტიის საბჭოს საფუძველს მიიჩნიოს რომ 15:00 საათიან გამოშვებაში ნოდარ ჩაჩუას მიერ ინფორმაცია გავრცელდა განზრახ არასწორად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ნოდარ ჩაჩუამ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.

საქმის მასალები