სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ინიციატივას, ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ.

12.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ლელა კურდღელაშვილის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის და გადაცემის წამყვანის, ნოდარ მელაძის წინააღმდეგ. სადავო გადაცემა "შაბათის კურიერის" ეთერში 16 მარტს გავიდა სახელწოდებით "ტროლები ოპონენტებისთვის" და ეძღვნებოდა ხელისუფლების მიერ ინტერნეტში სხვადასხვა პირთა დისკრედიტაციისთვის შექმნილ ანგარიშებს.

სიუჟეტში ნახსენები იყო განმცხადებელი ლელა კურდღელაშვილიც. ის მიიჩნევს, რომ სიუჟეტით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ვინაიდან მას არანაირი შეხება "ქართულ ოცნებასთან" არ ჰქონია.  შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩმქალვა), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

იხილეთ განცხადება  და სადავო მასლა
11.04.2019
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

ძალადობა ოჯახში

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 20-21 აპრილს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა (ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში) და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

09.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება რადიო “ჰერეთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მის ჟურნალისტს დავით ჭაბაშვილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი მესხიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
08.04.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ინგლისურენოვანი გამოცემის, Geogria Today-ს ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვია.

მის წინააღმდეგ განცხადება ლგბტქი ასოციაცია "თემიდამ" შემოიტანა. ის სადავოდ ხდიდა  ნუგზარ რუხაძის op-ed-ს  სათაურით Feminism, Gayism, Drugism & All That Jazz . განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტექსტი შეიცავს არასწორ ინფორმაციას, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში ფობიების გავრცელებას და აღვივებს საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი მონაწილეობდა. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
31.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს, ნათია ტრაპაიძეს და ჯეიჰუნ მუჰამედალის ქარტიის პირველი (სუზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები არ დაურღვევიათ. მათ წინააღმდეგ ქარტიას მიმართა თეა დავაძემ. მისი აზრით,  ზემოთ აღნიშნული პრინციპები დაცული არ იყო  საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ეთერში გასულ სიუჟეტში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პარლამენტის წევრის, რუსლან გაჯიევის შესახებ ვიდეოს გამავრცელებლი რადიო "მარნეულში" მუშაობდა.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა., მოპასუხე ჟურნალისტებს  მოაწილეობა არ მიუღიათ. მჯელობის შემდეგ საბჭომ განმცხადებლის პოზიცია არ გაიზიარა და პრინციპების დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
29.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ხატია ბეროძის განცხადება რუსთავი 2-ის, აგრეთვე ინტერპრესნიუსის და  პალიტრანიუსის ჟურნალისტის, გიორგი სულაძის წინააღმდეგ.

სადავო მასალები ეხებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მოსახლეობის მიერ გზის გადაკეტვას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ  სამივე მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დარღვეულია სიზუსტის (პირველი) და მესამე (მიჩქმალვა), ვინაიდან მოსახლეობამ გადაუმოწმებელი, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა სადავო პრინციპები.
28.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 28 მარტს განიხილავს შემდეგ საქმეებს:

19:00 საათი - თეა დავაძე "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების ნათია ტრაპაიძისა და ჯეიხუნ მუჰამედალის წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი - „კომპრომატებით ომი თუ ანგარებით სექსუალური კავშირი - შსს ოცნების დეპუტატის საქმეს იძიებს“ -ტელეკომპანიის ეთერში 16 მარტს გავიდა. მასალაში ნათქვამი იყო, რომ პარლამენტის წევრის, რუსლან გაჯიევის შესახებ ვიდეოს გამავრცელებლი რადიო "მარნეულში" მუშაობდა.

26.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა, დავით დვალიშვილმა ქარტიის მეშვიდე  პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს ხელი არ შეუწყოს რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას. 

დავით დვალიშვილის წინააღმდეგ ქარტიამ აიდან იუსუბოვამ მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ ეთიკური პრინციპი დაირღვა საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" 3 მარტს გასულ სიუჟეტში. მასალა ეხებოდა ქვემო ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით პირების დასაკავებლად, რა დროსაც ჟურნალისტმა ჩართვისას დაასახელა დაკავებულთა ეთნიკური წარმომავლობა.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
23.03.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს კონკურსს გრაფიკული ვიდეოების დასამზადებლად.

ვიდეო რგოლების ტექნიკური მახასიათებლები:
  • გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს 5 გრაფიკული ვიდეოს მომზადება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, მისი რესურსების შესახებ დამკვეთის მიერ მიწოდებული მონაცემების, ტექსტის შესაბამისად
  • დამკვეთთან უნდა შეთანხმდეს ვიდეო რგოლების ვიზუალიც
  • ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს
  • ვიდეო შესაბამისი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან
  • ხუთივე ვიდეო საბოლოო სახით დამზადებული უნდა იყოს არაუგვიანეს 20 მაისისა

ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ:
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირს
  • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს გრაფიკული ვიდეოების დამზადების გამოცდილება, რის დასადასტურებლად უნდა გამოგზავნოს მის მიერ შექმნილი მინიმუმ 5 ვიდეო (ბმულები)

შეთავაზების ვადა და ინსტრუქცია:
  • წინადადება (განაცხადი) წარმოდგენილი უნდა იყოს 2019 წლის 5 აპრილამდე მისამართზე ethicscharter@gmail.com. დასახელებაში მიუთითეთ „ვიდეოს დამზადება“
  • განაცხადი უნდა მოიცავდეს ფასთა გაანგარიშებას ლარში. ფასი უნდა მოიცავდეს გაწეული სამუშაოების სრულ ხარჯებს. შემდგომი დამატებითი ხარჯები/მოსაკრებლები განხილული არ იქნება. ფასები მოცემული უნდა იყოს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე, ვინაიდან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გათავისუფლებულია ამ გადასახადისგან
  • განაცხადს თან დაურთეთ უკვე შესრულებული ვიდეომასალები/ბმულები
  • იურიდიული პირის შემთხვევაში წარმოადგინეთ სარეგისტრაციო დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ვებსაიტის მისამართი
  • ინდივიდუალური პირის შემთხვევაში წარმოადგინეთ CV განაცხადში მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია
გამარჯვებული შეირჩევა შეთავაზებული ფასისა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შეფასების შედეგად. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს საცდელი ვიდეოს შექმნა.
22.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო თეა დავაძის განცხადება, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტების, ნათია ტრაპაიძის და ჯეიხუნ მუჰამედალის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი - „კომპრომატებით ომი თუ ანგარებით სექსუალური კავშირი - შსს ოცნების დეპუტატის საქმეს იძიებს“ -ტელეკომპანიის ეთერში 16 მარტს გავიდა. მასალაში ნათქვამი იყო, რომ პარლამენტის წევრის, რუსლან გაჯიევის შესახებ ვიდეოს გამავრცელებლი რადიო "მარნეულში" მუშაობდა.  განმცხადებელი მიიჩნევს, რომ რადიოს ამგვარად ხსენება მის დისკრედიტაციას და პოლიტიკურ ძალებთან ასოცირებას იწვევს. შესაბამისად,  განმცხადებლის აზრით, მასალაში დარღვეულია ქარტიის სიზუსტის (1) და ინფორმაციის მიჩქმალვის (3) პრინციპი. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს დარღვეულია თუ არა ქარტიის პრინციპები.
20.03.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას ქარტიის მერვე პრინციპი (ბავშვის ინტერესი) არ დაურღვევია. მის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, 2019 წლის 17 თებერვალს, გადაცემა „კურიერი P.S. -ში“ სექსუალური განათლების შესახებ სიუჟეტის წარდგენა ბავშვის ინტერესს აზიანებდა და არ იყო მითითებული  "ასაკობრივი შეზღუდვის ნიშანი +16.

ქარტიის საბჭომ საქმის განიხლვის შემდეგ მიიჩნია, რომ ქარტიის მერვე პრინციპი არ დარღვეულა, ვინაიდან დაცული იყო გადაცემის ეთერში გასვლის დროს (21:00 საათზე) მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მაუწყებელს 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამების შეზღუდვას ავალდებულებს 23 საათამდე.  შესაბამისად საბჭომ შეაფასა დასაშვები იყო თუ არა წარდგენის ტექსტის ყურება 12-დან 15 წლამდე არასრულწლოვნისათვის და მიიჩნია, რომ  გიორგი გაბუნიამ ქალის რეპროდუქციული ორგანო აღწერა ბიოლოგიური [არა ჟარგონული] ტერმინებით, ხოლო ვიზუალი არ იყო ნატურალიზირებული და არ ატარებდა სექსუალურ კონტექსტს, შესაბამისად არ იყო ვალდებულება + 15 ასაკობრივი შეზღუდვის დაწესების.

გადაწყვეტილების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე
13.03.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.