სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტმა სალომე ლაბაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ. სადავო სიუჟეტი ეთერში გავიდა სახელწოდებით "ოკუპანტი მეთაურის მემორიალური დაფა თბილისში". მასალა ეხებოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის - მიხეილ ლევანდოვსკის შესახებ საინფორმაციო დაფის განთავსებას, სადაც გაკრიტიკებული იყო ეს ფაქტი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტით არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა და ამასთან, მითითების მიუხედავად არ შესწორდა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ქარტიის პრინციპების დარღვევა დაადგინა "ალიასა" და "ჯეოთაიმსის" მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, რომელიც ეხებოდა პარლამენტის წევრს, რომან გოცირიძეს. სადავო მასალებში კონკრეტულ ფეისბუქ გვერდზე დაყრდნობით ნათქვამი იყო თითქოს დეპუტატმა შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის შესახებ ნეგატიურად ისაუბრა. თავად რომან გოცირიძე ამტკიცებდა, რომ მსგავსი რამ მას საეთოდ არ უთქვამს.

ქარტიის საბჭომ საქმის განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ ალიამ და ჯეოთაიმსმა დაარღვიეს სიზუსტე (პირველი პრინციპი) და ფაქტები განზრახ დაამახინჯეს (მეთერთმეტე პრინციპი). გარდა ამისა, ალიას დაუდგინდა მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაც.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ალიას ჟურნალისტმა ნანა სულავამ ქარტიის შემდეგი პრინციპები დაარღვია: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია).

მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა კინომცოდნე გოგი გვახარიამ. სადავო სტატია გამოქვეყნდა სათაურით "რა უამბეს «ალიას» გოგი გვახარიას ბაბუაზე?" ტექსტის თანახმად, მოყვანილი ფაქტები ეხებოდა მას და მის ბაბუას. გოგი გვახარია მიიჩნევდა, რომ სტატია იყო ჰომოფობიური და მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ასევე დარღვეული იყო ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი (ფაქტის განხრახ დამახინჯება), თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,  ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპი დაარღვია ოლგა ბაბლუანმა,  რომელიც ტელეკომპანია იმედის გადაცემის "რა დროს ძილია" წამყვანია. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ქუთაისის შესახებ მომზადებულ მასალაში, როდესაც თქვა, რომ რიონისპირა სახლების და ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

გარდა პირველი პრინციპისა, განმცხადებელი ასევე დავობდა მეცხრე პრინციპთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვით სარეკლამო და სარედაქციო მასალები ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული, თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

28.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაზეთ "რეზონანსის" ჟურნალისტის,  ელზა პაპოშვილის სტატიაში "ჯემნიუსის" მასალის პლაგიატი დაადგინა. მის წინააღმდეგ ქარტიას თავად "ჯემნიუსმა" მიმართა.  ის მიიჩნევდა, რომ სტატია „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - რა ხდება ქვეყანაში", იმეორებს "ჯემნიუსის" მიერ წინა დღეს გამოქვეყნებულ ტექსტს სათაურით „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - ფოტორეპორტაჟი".

მასალების შედარების შემდეგ ქარტიამ მეთერთმეტე პრინციპის (პლაგიატი) დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

alt
28.07.2019
28 ივlისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართება და განიხილება შემდეგი საქმეები:

  • 12:00 საათი - ლევან ქემოკლიძე "იმედის" წამყვანის, ოლგა ბაბლუანის წინააღმდეგ 
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ქუთაისის შესახებ მომზადებულ მასალაში, როდესაც თქვა, რომ რიონისპირა სახლების და ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სადავო პრინციპი: პირველი (სიზუსტე)

24.07.2019
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორებისა და კომპანიის დირექტორის ცვლილების მიუხედავად ამ დრომდე რუსთავი 2 ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლად რჩება. პარალელურად, ტელეკომპანიის თანამშრომლები საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით შეექმნათ.

ჟურნალისტები შიშობენ, რომ არხზე არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა მათი შრომითი კონტრაქტების შეწყვეტის საფუძველი გახდეს, რამაც საბოლოო ჯამში სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს. ქიბარ ხალვაშმა საჯაროდ განაცხადა,რომ რუსთავი 2-ს ,,სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული“. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაუწყებლის ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე ისე, რომ არ დაზარალდეს არხის სარედაქციო პოლიტიკა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედია მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჟურნალისტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საკუთარი სინდისისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, მისი პროფესიული საქმიანობა კი დაცულია დირექტორისა და მესაკუთრის ჩარევისგანაც კი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა. ამასთან მიმდინარე პროცესების ფონზე აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებიან რუსთავი 2-ში განვითარებულ მოვლენებს, განახორციელებენ სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგს და გამოთქვამენ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

ასევე, კოალიცია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
23.07.2019
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიზირებულ მედია გარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ასევე, გარანტირებული უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შემოღებით.

ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედია სივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ მედიის სფეროში და განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. ამავდროულად, გამოვხატავთ მზადყოფნას ტელეკომპანიის თანამშრომლებს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება.

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • მედიის განვითარების ფონდი
  • საზოგადოება და ბანკები
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • მწვანე ალტერნატივა
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტოინგის ცენტრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
18.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო გამოცემა "ჯემნიუსის" განცხადება "რეზონანსის" ჟურნალისტის, ელზა პაპოშვილის წინააღმდეგ. ჯემნიუსი სადავოდ ხდის სტატიას სათაურით „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - რა ხდება ქვეყანაში", რომელიც 10 ივლისს დაიბეჭდა გაზეთში და გამოქვეყნდა მის ვებსაიტზეც.  

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "რეზონანსის" ტექსტი იმეორებს "ჯემნიუსის" მიერ წინა დღეს გამოქვეყნებულ ტექსტს სათაურით „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - ფოტორეპორტაჟი".  "ინტერპრესნიუსის" მიერ მომზადებულ პრესის მიმოხილვაშიც როგორც "რეზონანსის" მასალა ისეა მითითებული. მართალია "რეზონანსმა" მასალა ვებსაიტიდან წაშალა, მაგრამ ხელმისაწვდომია მისი ბეჭდური ვერსია. ამიტომაც "ჯემნიუსი" მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი, რომელიც პლაგიატს უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს.

საქმეს ქარტიის საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა მეთერთმეტე პრინციპი.
12.07.2019
10 ივლისს ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ განცხადებებს:

  • 19:00 საათი -  სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი  qartli.ge-ს რედაქტორის, საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ

09.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის ცნობილი გახდა, რომ 8 ივლისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე 2 აქციის გაშუქებისას დემონსტრანტთა ნაწილი აგრესიული იყო ჟურნალისტების მიმართ, ხელს უშლიდა მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას. ამის საპასუხოდ რეპორტიორების დაცვის ნაცვლად სამართალდამცავები მათ ურჩევდნენ ტერიტორიის დატოვებას. ამასთან ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის უწევთ ახსნა თუ რატომ არის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა დანაშაული. 

09.07.2019
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებებს და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ.
07.07.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.