სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაყვეტილებით, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე გახდა.  ის ამ დრომდე სტუდია "მონიტორის" გამომძიებელი ჟურნალისტად მუშაობდა. ასევე იყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და საბჭოს თავმჯდომარე.  მან ქარტიის საბჭო 2019 წლის 22 ოქტომბერს დატოვა.

გიორგი მგელაძე ასევე ხელმძღვანელობდა ქარტიის მედიამონიტორთა ჯგუფს. მიღებული აქვს არაერთი პრიზი საუკეთესო საგამოძიებო ფილმისთვის.  

მის გარდა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეობდნენ  ნათია კაპანაძე, ეკატერინე ბასიალაია და სალომე ცეცხლაძე.

გიორგი მგელაძემ ამ პოზიციაზე ნატა ძველიშვილი შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.
03.11.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიამონიტორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • ფემიციდის, ქალთა უფლებების, ოჯახში ძალადობის და გენდერულ თემატიკაზე მომზადებული მასალების თვისებრივი ანალიზი
  • ყოველთვიური მომზადება და კვლევის ხელმძღვანელისთვის წარდგენა

სამუშაოს ხანგრძლივობა: 2019 წლის ნოემბერი – 2020 წლის მაისი

ანაზღაურება: 600 ლარი თვეში გადასახადების ჩათვლით

შეირჩევა ჯამში 3 მედიამონიტორი

ძირითადი მოთხოვნები:

  • ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება;
  • ფემიციდთან, ოჯახში ძალადობასთან, გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობის, კვლევის გამოცდილება;
  • მედიამონიტორინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • თვისებრივი მონაცემების ანალიზის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2019 წლის 1 ნოემბრამდე უნდა გამოგზავნოს CV ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
25.10.2019
საჯაროდ გავრცელდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძისადმი მიწერილი წერილი. 2019 წლის 08 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს კომისიის თავმჯდომარე, კახა ბეექაური აწერს, შეფასებულია ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის” მიერ მომზადებული ფილმი “რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე”. ამ წერილის თანახმად, მასალა შეიცავს ბევრ მცდარ ინფორმაციას.

24.10.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას "ქარტიის პრიზი 2019-ის" მოსაპოვებლად. ყოველწლიური კონკურსის მიზანია პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების და ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელის შეწყობა.

კონკურსი ცხადდება შემდეგ ხუთ ნომინაციაში:

  • ვიდეორეპორტაჟი
  • მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია)
  • სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
  • ჟურნალისტური გამოძიება
  • ბავშვთა საკითხები
პირველ ოთხ კატეგორიაში პრიზი გაიცემა IREX-ის პროექტის მხარდაჭერით, ხოლო ბავშვთა საკითხების საუკეთესოდ გაშუქებისთვის პრიზი დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ. 

გამარჯვებულებს  შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:
  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში.
  • საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ინდივიდუალურ ჟურნალისტს, ისე მედიასაშუალებას.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ვიდეო რეპორტაჟის და მულტიმედიის შემთხვევაში ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია.
  • დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში)  გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Ethicscharter@gmail.com
  • თითოეულ აპლიკანტს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში
  • საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში
  • საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ნოემბერი. 18.00 საათი.
  • გამარჯვებული გამოვლინდება 2019 წლის დეკემბერში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე

ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:

  • თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
  • თხრობის სტილი და ტექნიკა
  • ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება.
  • სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში ასევე დრამატურგია და ვიზუალური მხარე
  • ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
  • ინფორმაციის სიზუსტე
  • ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა
  • მხარეთა ბალანსი
  • სიძულვილის ენისა და შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/ გამოუყენებლობა
ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
23.10.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით პრაიმტაიმის ჟურნალისტს, თორნიკე ყაჯრიშვილს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები არ დაურღვევია.  

მის წინააღმდეგ ქარტიას ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა მიმართა. სადავო გახდა მასალა სათაურით "„მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“ - მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე". სტატიაში მარიამ კუბლაშვილი საუბრობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ბრალდებაზე. მას  ბარალი ედება ცემასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით  სექსუალური ხასიათის ქმედებაში.  მოგვიანებით გამოცემამ გამოაქვეყნა მარიამ კუბლაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს აუდიო ვერსია სათაურით „მარიამ კუბლაშვილის კომენტარის აუდიო ვერსია - „მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“.

განმცხადებელი ამბობდა, რომ გამოცემამ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და მიმართვის შემდეგ სათანადოდ არ შეასწორა.

საქმის განხილვას ესწრებოდა როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტი. საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო პრინციპები არ დარღვეულა, თუმცა, საბჭოს ორი წევრი არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას,  როგორც საბჭოს უმრავლესობის, ისე მათი განსხვავებული მოსაზრება, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იქნება მოცემული.
 
22.10.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, qartli.ge-ს ჟურნალისტმა, მალხაზ მიქელაძემ სიზუსტის (პირველი) და შესწორების (მეხუთე) პრინციპები დაარღვია.  მის წინააღმდეგ ქარტიას ხათუნა მაცაბერიძემ მიმართა.

სადავო გახდა მასალა სათაურით "ავნევიდან დევნილი მოვაჭრე პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო ხაშურის ბაზრის დირექტორს ადანაშაულებს". ბაზრის დირექტორი, ხათუნა მაცაბერიძე უარყოფდა ამ ბრალდებას და ამბობდა, რომ სტატიაში მოსაუბრე რესპონდენტი არ არის მის მიერ დასაქმებული.

გარდა პირველი და მეხუთე პრინციპისა,  განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის შემდეგი პრინციპები. მესამე (დადასტურებული წყარო),მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება). საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ ეს პოზიცია არ გაიზიარა და მხოლოდ პირველი და მეხუთე პრინციპების დარღვევა დაადგინა.  

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ქარტიის კითხვებს qartli.ge-ს რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა უპასუხა.
22.10.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, qartli.ge-ს რედაქტორს, საბა წიწიკაშვილს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია.  მის წინააღმდეგ ქარტიას ლელა ლობჟანიძემ მიმართა.
სადავო გახდა სტატია სათაურით "მინისტრის მოადგილის კრიტიკის გამო შესაძლოა საკრებულოს დეპუტატი „თრიალეთში“ აღარ მიიწვიონ". სტატია ეყრდნობოდა "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ კომენტარს. მასალაში მოცემული იყო თავად ლელა ლობჟანიძესთან ჩაწერილი კომენტარიც.

ლელა ლობჟანიძე მიიჩნევდა, რომ  დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები, თუმცა საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მისი მოსაზრება არ გაიზიარა. სხდომას არ დასწრებია განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
22.10.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ტვ 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის სულხან მესხიძის და ჟურნალისტის, ეკა ბარამიძის მიმართ მუქარას. საქმე ეხება ღურტის საბავშვო ბაღის ყოფილ გამგეს, მედეა მამულაძის მიერ განხორციელებულ მუქარას, რომელიც სამსახურიდან TV 25-ის მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ გაათავისუფლეს. ჟურნალისტების ცნობით, მათ მუქარის შეტყობინებები მიიღეს მედეა მუმლაძისგან. 4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისთვის უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება.

22.10.2019
22  ოქტომბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემდეგ საქმეებს განიხილავს:

  • 18:00 საათი - მარიამ კუბლაშვილი "პრაიმტაიმის" ჟურნალისტის, თორნიკე ყაჯრიშვილის წინააღმდეგ
სადავო გახდა მასალა სათაურით "„მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“ - მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე". სტატიაში მარიამ კუბლაშვილი საუბრობს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ბრალდებაზე. მას ცემასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, მარიამ კუბლაშვილი კი მის ინტერესებს იცავს.  მოგვიანებით გამოცემამ გამოაქვეყნა მარიამ კუბლაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს აუდიო ვერსია სათაურით „მარიამ კუბლაშვილის კომენტარის აუდიო ვერსია - „მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება)
19.10.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადება პრაიმტაიმის მიერ გამოქვეყნებულ ორ მასალასთან დაკავშირებით. მარიამ კუბლაშვილი იცავს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის უფლებებს, რომელსაც თამთა თოდაძე გაუპატიურებასა და ცემაში ადანაშაულებს.

„პრაიმტაიმმა“ გამოაქვეყნა მასალა სათაურით "„მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“ - მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე". სტატიაში მარიამ კუბლაშვილი სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ საუბრობს. მოგვიანებით გამოცემამ გამოაქვეყნა მარიამ კუბლაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს აუდიო ვერსია სათაურით „მარიამ კუბლაშვილის კომენტარის აუდიო ვერსია - „მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“ მარიამ კუბლაშვილი ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში „პრაიმტაიმს“ სიზუსტის და შესწორების პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს. მას მიაჩნია, რომ გამოცემამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გამოაქვეყნა და შემდეგ სათანადოდ არ შეასწორა და ორივე მასალას სადავოდ ხდის.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს, სადაც როგორც განმცხადებელს, ასევე მოპასუხე ჟურნალისტს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ექნება.
 
17.10.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "პრაიმტაიმის" რედაქტორმა მირიან ბოქოლიშვილმა და "იმედის" ჟურნალისტმა ნატალია მახვილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი  (სიზუსტე) დაარღვიეს. 

მათ წინააღმდეგ განცხადებით ქარტიას მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიმართა. ის სადავოდ ხდიდა "იმედის" და "მაესტროს" იმ მასალებს, რომლები ეხებოდა მისი შვილის, 2017 წელს პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყაროს გახსნას ბანგლადეშში.  

მალხაზ მაჩალიკაშვილი ასევე დავობდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის მე-11 პრინციპი, რადგან ფაქტები მისი აზრით, განზრახ დამახინჯდა და მე-7 პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს. თუმცა, საბჭომ მიიჩნია, რომ ეს პრინციპები სადავო მასალაში არ დარღვეულა.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი. მირიან ბოქოლიშვილმა საბჭოს საკუთარი მოსაზრება წერილობით გამოუგზავნა და ტელეფონით უპასუხა დამატებით კითხვებს. ნატალია მახვილაძეს საბჭოსთვის შეპასუხება არ გამოუგზავნია და არც სხდომას დასწრებია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.10.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით Topnews.com.ge-ს რედაქტორმა ქრისტინე ქარჩხაძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას მომართა ხათუნა კირკიტაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ Topnews.com.ge-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა ბაღდათის მუნიციპალიტეტში კომისიების წევრების ხელფასების შესახებ არღვევდა ეთიკურ სტანდარტებს.  მისი აზრით გარდა სიზუსტისა და შესწორების პრინციპებისა, ასევე არ იყო დაცული ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საბჭომ ამ პრინციპების დარღვევა არ დაადგინა.

საქმის განხილვაში ორივე მხარემ მონაწილეობა დისტანციურად მიიღო, საკუთარი მოსაზრებები საბჭოს ტელეფონით და წერილობით აცნობეს. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
15.10.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.