სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)" განცხადება "პრაიმტაიმის" მიერ გამოქვეყნებულ სამ მასალასთან დაკავშირებით.  სამივე მათგანი ეხება კასპის რაიონში 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის საქმეს. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში გავრცელდა არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების დეტალები, რის მიმართაც არ არსებობდა   საზოგადოების მაღალი ინტერესი და ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. განმცხადებელს მიაჩნია, რომ მასალები ასევე შეიცავს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეს, ვინაიდან ჟურნალისტი ცდილობს რესპონდენტისგან მიიღოს ინფორმაცია არასრულწლოვნის სხვა გენდერული როლების შესახებ, თუ როგორი დედა და ცოლი იყო ბრალდებული.

აქედან გამომდინარე PHR-ს მიაჩნია, რომ დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) , მერვე (ბავშვის ინტერესი), მეათე ( პირადი ცხოვრება).

ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვეტს იყო თუ არა დარღვეული სადავო პრინციპები.
23.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელის, ანა არგანაშვილის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა "რადიოვიზიის" ჟურნალისტის, სოფო შაიშმელაშვილის წინააღმდეგ. 

სადავო სიუჟეტი ეხება ბოშა ბავშვებს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში გამოყენებულია დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამავრცელებელი ფრაზები, რაც არღვევს ქარტიის მეშვიდე პრინციპს, რომლის თანახმადაც,  ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. განმცხადებლის აზრით, ასევე დარღვეულია ქარტიის მერვე პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ბავშვის ინტერესების დაცვას ავალდებულებს. 

ქარტიის საბჭო განხილვის შემდეგ დაადგენს, მართლაც დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
22.05.2019
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

სუიციდის გაშუქება

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 1-2 ივნისს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა (ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში) და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

18.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს, ქეთუნა ბუდაღაშვილს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია. მის წინააღმდეგ ქარტიას რაშან ზიადალიევმა მიმართა. მას მიაჩნდა, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლების დისკრიმინაცია მოხდა გადაცემა „იმედის დღეში“ 2019 წლის 14 თებერვალს გასულ სიუჟეტში „საიმედო ტური“, რომელიც მიეძღვნა ბოლნისის რაიონს.  განმცხადებლის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ, სიუჟეტში მინიშნებაც კი არ იყო მათ შესახებ.

საქმის განხილვისას საბჭომ მოუსმინა რაშან ზიადალიევს, შეაფასა მოპასუხე ჟურნალისტის მიერ გამოგზავნილი შეპასუხება და დაადგინა, რომ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი არ დარღვეულა.

საბჭომ  გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ "ჟურნალისტი თავისუფალია სარედაქციო არჩევანში, ის თავად წყვეტს კონკრეტულ რეგიონზე საუბრისას რომელ კულტურულ ძეგლზე გააკეთებს არჩევანს, რა კუთხით გააშუქებს ქალაქს. ჟურნალისტი არ არის ვალდებული ერთ კონკრეტულ გადაცემაში ასახოს ყველაფერი, რაც რეგიონში ხდება, ყველა ჯგუფი, რომელიც იქ ცხოვრობს თუკი მასალის ფოკუსი არ არის ამ ჯგუფების წარმოჩენა."



იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი
17.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) იწვევს მოსწავლეებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად - “მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”. ორდღიანი სემინარი გაიმართება 8-9 ივნისს თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში. მონაწილეობა უფასოა.

სემინარი იმართება ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის, “მედიაწიგნიერება ახალგაზრდებისთვის" ფარგლებში.

16.05.2019
მედია წიგნიერების შესახებ ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება ახალგაზრდებში - ეს იქნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) თანამშრომლობის მთავარი ფოკუსი მიმდინარე წელს. გაიმართება ორდღიანი სემინარების ციკლი თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის.

სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გასულ წელს შემუშავებული მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო, რომელიც იუნისეფის კოსოვოს ოფისის მიერ განხორციელებული პროგრამის PONDER-ის ადაპტირებული ვერსიაა. ექსპერტთა ჯგუფმა გადაამუშავა არსებული რესურსი და შეიმუშავა ქართულ რეალობაზე მორგებული სავარჯიშოები, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკულად წაკითხვასა და გაანალიზებაში. სავარჯიშოები ფოკუსირებულია როგორც ტექსტურ, ისე აუდიო და ვიდეო/ფოტო მასალის გააზრების უნარის განვითარებაზე.

ორდღიანი სემინარები უფროსკლასელებისთვის გაიმართება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, მარნეულსა და წნორში. თითოეულ სემინარში 20-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, ესენი იქნებიან როგორც ამ ქალაქებში არსებული მედიასკოლების (ქუთაისი, მარნეული, ბათუმი) მონაწილეები, ასევე, სხვა ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომში, როგორც თანატოლ-განმანათლებლები, მიღებულ ცოდნას თავიანთ თემში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებენ.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის ნაკადი სულ უფრო იზრდება, საზოგადოებას უწევს ამოარჩიოს სანდო ინფორმაცია. ეს კი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საზოგადოებას - განივითაროს ინფორმაციის სელექციის უნარი. საქართველოშიც სულ უფრო აქტუალური ხდება მედიაწიგნიერების განვითარების საკითხი, რადგან მხოლოდ მედიაწიგნიერ და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებას შეეძლება თავი დაიცვას დეზინფორმაციისაგან. სწორედ ეს მიზანი აქვს ახალგაზრდებში მედია წიგნიერების ამაღლებას.

ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, 2019 წლის ბოლოს ქარტია სხვა ნომინაციებთან ერთად გამოაცხადებს პრიზს ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქების ნომინაციაში. ღია კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც ქარტიისა და იუნისეფის უკვე ტრადიციად ქცეული პრიზი გადაეცემა.

***
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

ნინო ნარიმანიშვილი, პროექტის მენეჯერი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ტელ: 593926429 ელ–ფოსტა:narimanishvili.n@gmail.com

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი ტელ: (+995 599) 53 30 71 ელ–ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org
16.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის  ჟურნალისტმა, ნინუცა კახნიაურმა ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი დაარღვია, რომელიც უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს პლაგიატს.

მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა ონლაინ გამოცემა "ჩაიხანამ", რომელიც ამტკიცებდა, რომ პირველი არხის გადაცემა "ახალ კვირაში" გასული სიუჟეტი მათ მიერ რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებული ვიდეოს იდენტური იყო.  ორივე სიუჟეტი სოფელ გუმბათის მასწავლებელს, ირა ძირკვაძეს ეხებოდა. 2019 წლის 4 იანვარს „ჩაიხანას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს სახელწოდება იყო გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან”, 2019 წლის 27 იანვარს პირველი არხის ეთერში გასულ სიუჟეტს კი ერქვა “გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან”.

ქარტიის საბჭომ მოიკვლია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა ირა ძირკვაძის საქმიანობის შესახებ სწორედ „ჩაიხანას“ მიერ მომზადებული ვიდეოდან შეიტყო. მიუხედავად ამისა, წამყვანმა სიუჟეტი წარადგინა ისე, თითქოს მათ აღმოაჩინეს გმირიც და თემაც. წარდგენის ტექსტის მიხედვით, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გმირი - ირა ძირკვაძე, “ახალი კვირის” ჟურნალისტის, ნინუცა კახნიაურის „აღმოჩენილი“ იყო, არც თავად წარდგენის ტექსტში და არც შემდგომ რეპორტაჟში არ ახსენეს, რომ ამბავი დაახლოებით სამი კვირის წინ პირველად “ ჩაიხანამ“ გააშუქა.

ქარტიის საბჭოს აღნიშნავს, რომ "თითოეული მასალის მომზადებას სჭირდება ადამიანური და მატერიალური რესურსი, წყაროსთან/წყაროებთან ურთიერთობა, გმირის აღმოჩენა, მასთან დაკავშირება და შეთანხმება, სიუჟეტის მთავარი აქცენტების გამოკვეთა. ეს ყველაფერი ხშირად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ შრომას უნდა სცეს პატივი კეთილსინდისიერმა ჟურნალისტმა და საკუთარ ჟურნალისტურ პროდუქტში ახსენოს პირველწყარო. გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა “ჩაიხანას” სიუჟეტიდან შეიტყო ახალგაზრდა პედაგოგის მოღვაწეობის ამბავი, არც კი ეცადა, რომ ირა ძირკვაძის ისტორია სხვა კუთხიდან გაეშუქებინა, ეპოვა სხვა რესპონდენტები და ახალი, განსხვავებული აქცენტებით მოემზადებინა მასალა. სიუჟეტების სათაურებიც კი თითქმის იდენტურია “.

ამავე გადაწყვეტილებაში  საბჭო ხაზს უსვამს, რომ მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, თითქოს ქარტიის საბჭო ადგენს „თემის პლაგიატს“, საბჭო დასაშვებად და ეთიკურ ჟურნალისტიკასთან შესაბამისად მიიჩნევს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ერთი და იმავე თემის გაშუქებას. განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპის დარღვევა გამოიწვია ზემოთ აღნიშნულმა გარემოებების ერთობლიობამ.

იხილეთ გადაწყვეტილების სრული ვერსია
15.05.2019
ტელეკომპანია ოდიშის ინფორმაციით, 14 მაისს ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ეზოში გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერისას “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ მათ რესპონდენტს, ზუგდიდის მერობის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციიდან სანდრა რულოვს. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გადამღებ ჯგუფს. ტელევიზიამ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

14.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რიონის" წამყვანმა სოფო რაჭველმა ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."

სოფო რაჭველის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა ორგანიზაციამ "რეგიონული განვითარება დემოკრატიისთვის". სადავო გახდა 2019 წლის 8 მაისს გასული გადაცემა "ჩვენი შუადღე". განმცხადებლის აზრით, წამყვანი სტუმართან ერთად იყენებდა სიძულვილის ენას, ჰომოფობიურ გამონათქვამებს. მისი ეს პოზიცია გაიზიარა ქარტიის საბჭომაც.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
14.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს, გიორგი სულაძეს და რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს ქარტიის პრინციპები არ დაურღვევიათ. მათ წინააღმდეგ ქარტიას ხატია ბეროძემ მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ  ამ მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ მასალებში, რომელიც სოფელ გელათის მოსახლეობის პროტესტს ეხებოდა, დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპები.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი და ერთი მოპასუხე, გიორგი სულაძე. რუსთავი 2-ს მონაწილეობა არ მიუღია და არც სიუჟეტზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა უცნობებია. ხატია ბეროძე ასევე დავობდა ამავე თემაზე "პალიტრანიუსის" მიერ გამოქვეყნებულ მასალაზეც თუმცა განხილვის პროცესში მოხსნა ეს მოთხოვნა.

გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
11.05.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ხათუნა მაცაბერიძის განცხადება Qartli.ge-ს ჟურნალისტის, მახო მიქელაძის წინააღმდეგ. სადავო გახდა მასალა სათაურით "ავნევიდან დევნილი მოვაჭრე პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო ხაშურის ბაზრის დირექტორს ადანაშაულებს".

ბაზრის დირექტორი, ხათუნა მაცაბერიძე განცხადებაში უარყოფს ამ ბრალდებას, ამბობს, რომ სტატიაში მოსაუბრე რესპონდენტი არ არის მის მიერ დასაქმებული, არ იცნობს მას და რედაქციას არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ეთიკის პრინციპები სადავო მასალაში.
10.05.2019
11 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ განცხადებებს:

  • 12:00 საათი - ლევან ლაზარეშვილი სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტის, მარი დუდუნიას წინააღმდეგ
სტუდია "მონიტორის" მიერ მომზადებული სადავო მასალა 2018 წლის 15 დეკემბერს გავიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში. სიუჟეტის მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტენდერებში კორუფცია და ნეპოტიზმია, სახელმწიფო ბიუჯეტი კი მერის გარემოცვის სასარგებლოდ იხარჯება.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

10.05.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.