სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მომართა “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა” (JRC). მისი წარმომადგენლების თქმით, მას შემდეგ, რაც მოამზადეს ფილმი “რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, გახდნენ ზეწოლის და თავდასხმის მსხვერპლნი საზოგადოებრივი მაუწყებლის და ფილმში ნახსენები სარეკლამო კომპანიის, “პანორამას” მხრიდან.

12.09.2019
9 სექტემბერს “გურიის მოამბის” რედაქტორმა, თეა იოსელიანმა განაცხადა, რომ მას სოციალური ქსელში უცნობი პირი შვილების მოკვლით დაემუქრა. თეა იოსელიანი მიღებულ შეტყობინებას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს .

მუქარის შესახებ თეა იოსელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო.

09.09.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო  ეკატერინე მესხიძის განცხადება შემდეგი 15 მედიასაშუალების წინააღმდეგ:

  1. კვირის პალიტრა;
  2. ამბები.ჯი;
  3. ტელეკომპანია მაესტრო;
  4. ექსკლუზივნიუსი;
  5. ტელეკომპანია იმედი;
  6. ინტერპრესნიუსი;
  7. აიპრესი;
  8. გურიანიუსი; 
  9. მარშალპრესი;
  10. ნიუსპოსტი;
  11. ფორტუნა;
  12. Caucasus business week;
  13. ლიბერალი; 
  14. 2020news;
  15. ინფოფოსტალიონი.
განცხადების თანახმად, აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ სცნო და დაადგინა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ის საჯარო რეესტრის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია.  სექსუალურ შევიწროებაში მას ბრალს განმცხადებელი, ეკა მესხიძე სდებდა. ის ამბობს, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ დარღვეულია მეხუთე პრინციპიც, ვინაიდან მიმართვის მიუხედავად მასალები არ ჩასწორებულა.

ქარტიის საბჭო საქმეს განიხილავს და დაადგენს მართლაც დაირღვა თუ არა ეთიკური სტანდარტები სადავო მასალებში.
30.08.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო "ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის" (JRC) განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" წამყვანის, რატი ხვისტანის წინააღმდეგ.  

სადავო გახდა 16 აგვისტოს გადაცემული ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა  JRC-ის  ფილმის "რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე" საპასუხოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას. 

JRC მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე პრინციპები, რადგანაც განმცხადებლის აზრით, "მოამბეში" მცდარი ინფორმაცია გადაიცა, ამასთან განზრახ დამახინჯდა ფაქტები და შესწორების მოთხოვნის მიუხედავად დაშვებული უზუსტობები არ გასწორებულა. 

საქმეს ქარტიის საბჭო განიხილავს, სადაც როგორც განმცხადებელს, ისე მოპასუხე მხარეს შესაძლებლობა ექნება წარადგინოს საკუთარი პოზიცია. საქმის განხილვის შემდეგ კი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას რატი ხვისტანმა მართლაც დაარღვია თუ არა მითითებული პრინციპები.

26.08.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის, ნატა მახვილაძის და "პრაიმტაიმის" რედაქტორის, მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ. 

სადავო გახდა მათ მიერ მომზადებული ის მასალები, რომლებიც ეხებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, 2017 წელს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყაროს გახსნას ბანგლადეშში.  მასალების მიხედვით, ინტერპოლით არის ძებნილი იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც წყარო გახსნა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების თანახმად, ჟურნალისტებმა მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდეს აუდიტორიას, რითიც დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), ამასთან ფაქტები განზრახ დაამახინჯეს, რასაც ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს. მისი აზრით, ასევე დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპიც, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს. 

ქარტიის საბჭო საქმეს განიხილავს და დაადგენს მართლაც დაირღვა თუ არა მითითებული პრინციპები.
23.08.2019
დღეს, 2019 წლის 20 აგვისტოს, პაატა სალიას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საინფირმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა. გიორგი გაბუნიასთან, ეკა კვესიტაძესთან და ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას არხის დირექტორი მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მიიღებს.

ტელეკომპანიის თანამშრომლები დირექტორის შეცვლის შემდგომ საუბრობდნენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით შექმნოდათ. დღეს კი ეს მოლოდინი გამართლდა.

კოალიციას მედიის ადვოკატირებისათვის მიაჩნია, რომ ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საჯარო რეეტრში 2019 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა განცხადება რუსთავი 2 ში პროფესიული კავშირების შექმნის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ დირექტორადც არხის საინფორმაცი სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე იყო მიათითებული.

20.08.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის განცხადება საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ.  სადავო გახდა მასალა, რომელიც 2019 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა სათაურით „გორის ჰოსპიტალში მოთავსებულ სამხედროს „ლირიკა“ ესაჭიროება“. მოგვიანებით სტატიაში მოცემული დეტალები ჩასწორდა. შეიცვალა სათაურიც: „გორის ჰოსპიტალის ცნობით სამხედრო მოსამსახურეს „ლირიკა“ ესაჭიროება“.

ქარტიის საბჭომ მხარეებს 10 ივლისს მოუსმინა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და საქმეზე განმეორებით იმსჯელა 28 ივლისის სხდომაზე.  პირველ პრიინციპზე (სიზუსტე) მსჯელობისას საბჭოს წევრთა ხმები გაიყო. 

საბჭოს წევრთა ერთმა ნაწილმა მიიჩნია, რომ  ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ჰოსპიტლის მიერ სხვადასხვა მედიკამენტების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერების შესახებ საჯარო ინტერესი არსებობს და სადავო მასალაც არ არის გამონაკლისი. მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტის მიერ გავრცელებული არაზუსტი დეტალები არაარსებითი იყო და არ ცვლიდა მთლიანი სტატიის არსს.

საბჭოს მეორე ნაწილმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მათ გაიზიარეს, რომ დაშვებული უზუსტობები არ იყო არსებითი ხასიათის, მაგრამ მიიჩნიეს, რომ სულ 90 სიტყვიან ჟურნალისტურ პროდუქტში 3 არასწორი ფაქტის მითითება შეუსაბამოა ეთიკური ჟურნალისტიკისათვის. მით უფრო, რომ ჟურნალისტი სტატიის მომზადებისას ხელმძღვანელობდა ოფიციალური შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტებით, სადაც ყველა ინფორმაცია ზუსტად იყო მითითებული. ეს კი ხაზს უსვამს ჟურნალისტის ზერელე დამოკიდებულებას ეთიკური ვალდებულებისადმი, პატივი  სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. 

იმისათვის, რომ ქარტიის რომელიმე პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა დადგინდეს, საჭიროა საბჭოს 5-მა წევრმა ანუ  საერთო რაოდენობის უმრავლესობამ დაუჭიროს მხარი . მოცემულ შემთხვევაში კი პირველ პრინციპზე საბჭოს წევრთა ხმები გაიყო და გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. 

აქედან გამომდინარე  საბჭოს აღარ უმსჯელია მეხუთე (შესწორების) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.   რაც შეეხება მესამე (დადასტურებული წყარო) და მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) პრინციპს, რომლებსაც ასევე სადავოდ ხდიდა განმცხადებელი, საბჭომ არ დაადგინა მათი დარღვევა. 

იხილეთ სხდომის ოქმი
18.08.2019
16 აგვისტოს, როდესაც დიპლომატიური კორპუსი სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის ცვლილების სანახავად ჩავიდა, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ. ტეროტორიაზე მხოლოდ მაუწყებლები და საერთაშორისო მედია დაუშვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კი მათ განუმარტეს, რომ ყველას დაშვების შემთხვევაში “უსაფრთხოების კონტროლი გართულდებოდა".

17.08.2019
"ტელეკომპანია პირველის" ცნობით, არხზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ვერ ხერხდება გადაცემების ეთერში გაშვება და სრულფასოვნად მუშაობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი შემთხვევა. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, "გურიანიუსის" შემთხვევაში მოხდა.
13.08.2019
2019 წლის 01 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე - მიიღონ კომპანიის 40%, უარს ამბობენ, სამართლებრივ დავას განაგრძობენ და ხალვაშთან მოლაპარაკებებს წყვეტენ. ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადების საფუძველზე, მათი ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის 08 დეკემბერს დაიწყო და ისევ გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე არაერთი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა თავად ,,რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში ჩართული პირების მხრიდან.
05.08.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო  თამარ კაპანაძის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ. 

საქმე ეხება გადაცემა "პირისპირს", რომელიც ეთერში 4 ივლისს გავიდა და ეხებოდა თბილისში გამართულ აქციებს. გადაცემაში მონაწილეობდა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი. განმცხადებელი სწორედ მასთან დიალოგს ხდის სადავოდ და მიიჩნევს, რომ მოხდა  სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია, ვინაიდან ირმა ინაშვილმა სიტყვა "გეი" დამამცირებელ და უარყოფითი კონოტაციის მატარებლად გამოიყენა, წამყვანს კი არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია. 

საქმის განხილვის შემდეგ დაადგენს საბჭო მართლაც დაირღვა თუ არა ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.
03.08.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, imedinews.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში "მედია: საქართველოში რუსი ყოფილი სახელმწიფო მოხელე დააკავეს" სიზუსტის (პირველი პრინციპი) დაირღვა.

მის წინააღმდეგ განცხადება შემოიტანა მამუკა მახარაძემ. მას მიაჩნდა, რომ სტატიაში ასევე დარღვეული იყო ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები. ქარტიის საბჭომ  საქმის განხილვის შემდეგ ამ ორი პრინციპის დარღვევა არ დაადგინა. 

ქარტიასთან არ უთანამშრომლია imedinews.ge-მ, მათ არც მოპასუხე ჟურნალისტის ვინაობა აცნობეს ქარტიას და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.
30.07.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.