სიახლეები
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებებს და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ.
07.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მიხეილ მეფარიშვილის ექვსი განცხადება Mcm.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ექვს მასალასთან დაკავშირებით. 

ყველა სადავო მასალა ეხება "თბილისი პრაიდის" მიერ თბილისში დაგეგმილ  კვირეულს.

  1. მასალა #1 სათაური: „სერვისებს მივაწვდით, ვისაც დასჭირდება“ – „თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ კვირეულზე თარიღი: 03.06.2019 
  2.  მასალა #2 სათაური: “მეც მინდა ფული მქონდეს” - ლგბტ-ები ალაპარაკდნენ  თარიღი: 09.06.2019 
  3. მასალა #3 სათაური: “ოსები და აფხაზები ლგბტ პრაიდის ჩატარების შესახებ რომ გაიგებენ, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, არ შემოუერთდნენ საქართველოს”  თარიღი: 10.06.2019 
  4. მასალა #4 სათაური: “ეს სასიკვდილო ცოდვაა, ნადგურდება ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები” - დეკანოზი მამათმავლობაზე თარიღი: 10.06.2019 
  5. მასალა #5 სათაური: "აღიარეთ, რომ იტყუებით – რედაქტორის მიმართვა ლგბტ საზოგადოებას"  თარიღი: 03.06.2019 
  6. მასალა #6 სათაური: "დეკანოზები ლგბტ კვირეულზე “მედიაცენტრ მთავარში”  
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ სადავო მასალებში დაღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა რომელიმე პრინციპი.
03.07.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ტელეკომპანია "თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ლელა ლობჟანიძის განცხადება qartli.ge-ს რედაქტორის, საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ.  განცხადების მიხედვით, qartli.ge-მ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა  24 ივნისს, როდესაც გამოაქვეყნა სტატია სათაურით "მინისტრის მოადგილის კრიტიკის გამო შესაძლოა საკრებულოს დეპუტატი „თრიალეთში“ აღარ მიიწვიონ". 

სტატია ეყრდნობოდა "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ სტატუსს.  მასალაში მოცემული იყო თავად ლელა ლობჟანიძესთან ჩაწერილი კომენტარიც. მიუხედავად ამისა, ის მიიჩნევს, რომ სტატიაში დარღვეულია სიზუსტის და შესწორების პრინციპები, რადგან მითითების მიუხედავად მასალა არ ჩასწორდა.

ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები სადავო მასალაში.
25.06.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო "საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის" (სოვლაბი)განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" წინააღმდეგ. სადავო გახდა 12 ივნისის სიუჟეტი სახელწოდებით "ოკუპანტი მეთაურის მემორიალური დაფა თბილისში". სიუჟეტი ეხებოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის - მიხეილ ლევანდოვსკის შესახებ საინფორმაციო დაფის განთავსებას, სადაც გაკრიტიკებულია ეს ფაქტი.

განცხადების მიხედვით, დიდი ტერორის მსხვერპლთა შესახებ დაფები განმცხადებელმა ორგანიზაციამ პარტნიორებთან ერთად განათავსა, მართალია ლევანდოვსკი ოკუპაციაში მონაწილეობდა, მაგრამ მოგვიანებით, ისიც ტერორს ემსხვერპლა. "სოვლაბი" მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” სიუჟეტი,არის დაუბალანსებელი, დამახინჯებულია ფაქტები და მოვლენას ცალმხრივად აფასებს. ვინაიდან მათ არ ასახეს პროექტის ინიციატორთა მოსაზრებები, ცალმხრივად გააშუქეს და არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვეტს მართლაც დაირღვა თუ არა ქარტიის რომელიმე პრინციპი.

25.06.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, commersant.ge-ს რედაქტორმა თამარ კაციტაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

მის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა "ევექსის ჰოსპიტლებმა", რომელიც სადავოდ ხდიდა "კომერსანტის" მიერ გამოქვეყნებულ ორ მასალს 1." ევექსის კრიმინალურ სკანდალში ეხვევა " და 2. "GHG ჯგუფი აქციონერებისთვის გასაცემ დივიდენდს ზრდის, მისი კლინიკები პაციენტების სასაკლაოდ იქცა, ჯანდაცვის სამინისტრო კი დუმს". ორივე სტატიაში საუბარი იყო ევექსის ჰოსპიტლებში არსებულ პრობლემებზე.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტი. "ევექსის ჰოსპიტლები" ასევე დავობდა მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, თუმცა მოგვიანებით მოხსნა ეს პრინციპები. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
23.06.2019
საქართველოს მთავრობას,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს

ჟურნალისტების მიმართვა

21 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. მათი თქმით, სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ მაშინაც კი, როდესაც თვალსაჩინო იყო, რომ ისინი მედიის წარმომადგენლები იყვნენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

21.06.2019
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშლის შედეგად დაშავდნენ "პირველი არხის", რუსთავი 2"-ის,” ტვ პირველის” და სხვა მედიაორგანიზაციების ჟურნალისტები. მათ შორის კორესპონდენტებს რეზინის ტყვიები მოხვედრილი აქვთ თვალის, ყელის არეში, თავსა და მკერდში. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათი მისამართით რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ. 

21.06.2019
2019 წლის 20 მაისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენებისას, ჩვენი ინფორმაციით 12 ჟურნალისტია დაშავებული. მიგვაჩნია, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ემუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

21.06.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მამუკა მახარაძის განცხადება imedinews.ge-ს წინააღმდეგ. სადავო მასალა ეხება საქართველოში ერთ-ერთი რუსი ყოფილი  მაღალჩინოსნის დაკავებას.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში დაირღვა ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი, რადგან სტატია შეიცავს არაზუსტ მონაცემებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

განცხადებაში მითითებულია ასევე რომ ჟურნალისტს ვერ ეყოლება ინფორმაციის დადასტურებული წყარო, რადგან საქმე კონფიდენციალურია, აქედან გამომდინარე, მხარის აზრით დარღვეულია მესამე პრინციპიც: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია იმ ფაქტებზე დაყრდნობით რომელთა წყაროც დადასტურებულია“.

მამუკა მახარაძე კიდევ ერთ პრინციპზე დაობს. განმცხადებლის აზრით, მასალაში იკვეთება ფაქტის განზრახ დამახინჯება, რაც არღვევს ქარტიის მეთერთმეტე პრინციპს.

ქარტიის საბჭოს განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
18.06.2019
19 ივნისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემდეგ განცხადებებს განიხილავს:

  • 19:00  საათი -  ევექსის ჰოსპიტლები კომერსანტის წინააღმდეგ
სადავო გახდა "კომერსანტის" სტატია სათაურით "GHG ჯგუფი აქციონერებისთვის გასაცემ დივიდენდს ზრდის, მისი კლინიკები პაციენტების სასაკლაოდ იქცა, ჯანდაცვის სამინისტრო კი დუმს". მასალაზე კონკრეტული ავტორი მითითებული არ არის. სტატია ეხება პაციენტის გარდაცვალებას და მასთან "ევექსის" კლინიკის კავშირს, მის პასუხისმგებლობას.
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე  (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

15.06.2019
როგორც მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციებით ირკვევა, ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მუშაობაში ხელს უშლიან და ემუქრებიან ჟურნალისტებს, რომლებიც კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

ინციდენტები შეემთხვათ გამოცემების: ნეტგაზეთის, ლიბერალის, რადიო თავისუფლების, აჭარის ტელევიზიის, TV პირველისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს.

15.06.2019
22-23 ივნისს, ბათუმში, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში, გაიმართება უფროსკლასელთა სემინარი თემაზე - “მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება”. სემინარში მონაწილეობა უფასოა. სემინარი იმართება ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი პროექტის, “მედიაწიგნიერება ახალგაზრდებისთვის" ფარგლებში.

სემინარის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს გახდნენ მედიაწიგნიერები, კრიტიკულად მოაზროვნენი, რათა შეძლონ იმის ინტერპრეტაცია და გააზრება, რასაც ხედავენ, კითხულობენ და ისმენენ. სემინარი დაეხმარება ახალგაზრდებს აიმაღლონ ცოდნის დონე მასობრივი კომუნიკაციის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ, გააძლიერებს მათ უნარს კრიტიკულად გაანალიზონ, თუ რა კავშირი არსებობს მედიას, აუდიტორიასა და ინფორმაციას შორის.

პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით მონაწილეები შეძლებენ დაინახონ:

  • როგორ ანიჭებს ადამიანი სხვადასხვა მნიშვნელობას მოვლენას, საკითხს, მონაცემს თუ ინფორმაციას და ყალიბდება სტერეოტიპები, ხდება მანიპულაცია.
  • როგორ იცვლება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მედია და მისი ურთიერთკავშირი აუდიტორიასთან.
  • რა გავლენა აქვს სურათებს მოვლენათა აღქმისას, როგორ შეიძლება ფოტოები იქნას გამოყენებული მანიპულაციისთვის და როგორ ცვლის კონტექსტი, დრო, ადგილი, სოციალური გარემო ერთი და იმავე კადრის აღქმას.

სემინარს გაუძღვებიან:

ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;

ნინო დანელია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ნინო ნარიმანიშვილი, პროექტის კოორდინატორი
ტელ: 593926429
ელ.ფოსტა: narimanishvili.n@gmail.com

 

 

14.06.2019

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.