სიახლეები

„ტვ მონიტორინგის“ ცნობით, დღეს მათ ოპერატორს, თორნიკე გელიტაშვილს, რომელიც ტრანსპორტის სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიიდან შენობის კადრებს იღებდა, ამ დაწესებულების თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ ოპერატორს ჯერ ძაღლი მიუქსიეს, ხოლო შემდეგ ტელეფონი დაუზიანეს და კადრების გადაღების შესაძლებლობა არ  მისცეს. “ტვ მონიტორინგის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტს სააგენტოს ხელმძღვანელი შეესწრო, რომელმაც ვითარების განსამუხტად არაფერი იღონა. ადგილზე მისულმა პოლიციამ გამოკითხვის შემდეგ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაამისამართა. 

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჟურნალისტზე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირები ძალადობენ. ყოველი ასეთი შემთხვევა ჟურნალისტურ თემში დაუცველობის განცდას აჩენს და ზრდის რისკს, რომ საზოგადოება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე დარჩება. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ოპერატორზე თავდასხმის ფაქტი.  

01.04.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტებმა ნუცა ბახუტაშვილმა, დავით ქაშიაშვილმა და თამარ ბაღაშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი დაარღვიეს. 

მის წინააღმდეგ ქარტიას შპს „ენ პროდუქტმა” მომართა. 

სადავო მასალა 2024 წლის 10 თებერვალს გავიდა ეთერში. 

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია განზრახ გაავრცელეს და აუდიტორია შეცდომაში შეიყვანეს.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

01.04.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „ქართული TV”-ს ჟურნალისტმა მაკა ბრეგაძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი დაარღვია. 

მის წინააღმდეგ ქარტიას თემურ ლაჭყეპიანმა მომართა.

სადავო მასალა 2023 წლის 15 ოქტომბერს გავიდა ეთერში.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ცრუ ბრალდებები, რომელზეც მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

01.04.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „TV პირველის” ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვია. 

მის წინააღმდეგ ქარტიას ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო” მომართა. 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 2 მარტს გავიდა.

განმცხადებლი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ფემიციდის შემთხვევა არაეთიკურად გააშუქა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

01.04.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N 2024-1

2024 წლის 29 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ დამტკიცდა მედიაცია.

  • ქარტიის საბჭოს განცხადებით, ლევან პაპავამ [განცხადების ნომერი N 734] მომართა IPN-ის წინააღმდეგ.
  • განცხადებით სადავო იყო 2024 წლის 13 მარტს გამოქვეყნებული მასალა, სათაურით „ომბუდსმენის განცხადებით, აპარატის თანამშრომლის ლევან პაპავას გავრცელებული ინფორმაცია მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას ემსახურება". განმცხადებლის პოზიციით მასალაში არ ჩანდა ლევან პაპავას მხარე და გავრცელებული ინფორმაცია იყო დაუბალანსებელი.
  • ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიერ მედიასაშუალებისთვის განცხადების მიწოდების შემდეგ მედიასაშუალებასა და განმცხადებელს შორის დაიწყო მედიაციის პროცესი.
  • 2024 წლის 28 მარტს მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა მასალა - „ლევან პაპავას წარმომადგენელი სახალხო დამცველის განცხადებაზე, რომელიც მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოებას ეხება, განცხადებას ავრცელებს". თავის მხრივ, განმცხადებელის წარმომადგენელი და მოპასუხე დაეთანხმნენ მედიაციის მექანიზმს.
  • წინამდებარე ოქმის მე-4 მუხლში მითითებული გარემოების გათვალისწინებით, ლევან პაპავას განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მედიაციის საფუძველზე.
01.04.2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი.

27 მარტს, ტელეკომპანია „პირველის" რეგიონულმა კორესპონდენტმა ნატო გოგელიამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შევიდნენ და ქონება დააზიანეს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტის სახლში უკანონოდ შეაღწიეს და მისი ნივთები დააზიანეს. ნატო გოგელიას განცხადებით, 2023 წელს ჩადენილ მსგავს დანაშაულებზე ხელისუფლებას დღემდე არ ჰქონია ეფექტიანი რეაგირება, რამაც, შესაძლოა, ბოლო დანაშაულის ჩადენაც წაახალისა.

ჟურნალისტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვასა და საზოგადოების ინფორმირებაში. მათი დაშინების ან ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ფუნდამენტურ პრინციპებზე.  ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების შესაძლებლობას, რომ მათ შიშისა და რეპრესიების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობები.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სამართალდამცველ ორგანოებს აღნიშნული და სხვა მსგავსი ინციდენტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს  ჟურნალისტების უსაფრთხოება.

28.03.2024

ტვ პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას ცნობით, 24 მარტს, ოზურგეთში, მის საცხოვრებელ სახლში, უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს. 

ჟურნალისტი ფეისბუქ სტატუსში მიუთითებს, რომ მისი სახლი გასულ წელს არაერთხელ - ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ (31 იანვარს, 2 თებერვალს და 5 თებერვალს) - გაქურდეს და დაარბიეს. დამნაშავე დღემდე არ არის იდენტიფიცირებული. ჟურნალისტს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ის დაზარალებულადაც კი არ უცვნიათ

ნატო გოგელია ამ დანაშაულებს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინების და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს. 

ნატო გოგელია დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი გასულ წელსაც გახდა. 2023 წლის 15 მარტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში მას ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს, წევრმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტექნიკა დაუზიანა. 

ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე ზეწოლის განსახორციელებლად უკვე ამ ხერხსაც - ჟურნალისტის პირადი ქონების დაზიანებას - მიმართავენ. დაუსჯელობა ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულს ახალისებს, მათ მარგინალიზებას და საზოგადოებრივი პროცესებიდან გარიყვას ემსახურება.  

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ დანაშაული, გამოავლინონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ შესაძლო დამკვეთებიც.

27.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 30 მარტს 4 საქმეს განიხილავს: 

11:00 საათი: თოზუ გულმამედოვა „მთავარი არხის" ჟურნალისტის ია გულიაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2024 წლის 2 მარტს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის პოზიციით, მასალის მიხედვით შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება. ამასთან, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა წაახალისა დისკრიმინაცია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე. 

12:00 საათი: შპს „ენ პროდუქტი" ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტების დავით ქაშიაშვილის, თამარ ბაღაშვილის და ნუცა ბახუტაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2024 წლის 10 თებერვალს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა აუდიტორია შეცდომაში შეიყვანეს და მასალაში სუბიექტური შეფასებები გააკეთეს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

13:00 საათი: თემური ლაჭყეპიანი „ქართული TV"-ს ჟურნალისტის მაკა ბრეგაძის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2023 წლის 15 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლების პოზიციით, მასალაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ცრუ ბრალდებები, რომელზეც მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე. 

16:00 საათი: ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო „TV პირველის" ჟურნალისტის მარიამ გაფრიდანშვილის წინააღმდეგ 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 2 მარტს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ფემიციდის შემთხვევა არაეთიკურად გააშუქა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

 

სხდომა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, სხდომას შეგიძლიათ დაესწროთ ადგილზე: 

მისამართი - ბაქოს ქუჩა N4

სხდომას შეგიძლიათ შემოუერთდეთ ონლაინ პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. 

სხდომაზე ონლაინ დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

27.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომოანია „იმედის” და „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ააიპ საქართველოს კინოინსტიტუტი. 

სადავო მასალები 2024 წლის 26 თებერვალს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ხელი შეუწყვეს ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

25.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „IPN”-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ლევან პაპავა. 

სადავო მასალა 2024 წლის 13 მარტს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ცალმხრივად გაავრცელა არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

19.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „TV პირველის” ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია იოსებ ლაზარაშვილი. 

სადავო მასალა 2024 წლის 6 მარტს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და არ დაიცვა ბავშვის საუკეთესო ინტერესი. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

18.03.2024

გუშინ, 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნების ქალაქში" ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ TV25-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან ერთად, დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის კამერის წართმევასაც შეეცადა.

TV25-ის ჟურნალისტი თეო ფუტკარაძე და ოპერატორი გერა კილაძე „ოცნების ქალაქში“ სწორედ იმ კორპუსის გადასაღებად იმყოფებოდნენ, რომლის მშენებლობაც დასრულებულია, მაგრამ მოსახლეებს, თვეებია, საცხოვრებელ ბინებს არ აძლევენ.

TV25-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, გადამღები ჯგუფი კორპუსის გადაღებას  საჯარო სივრციდან ცდილობდა, საიდანაც გადაღების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად დაიწყოს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო იქნეს უზრუნველყოფილი.

15.03.2024

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.