კატეგორია : განცხადებები;
დღეს, 19 ოქტომბერს, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანსა და ჟურნალისტს ვახო სანაიას, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო. მას ბრალად შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფა ჰქონდა წარდგენილი.
გამოხატვის თავისუფლება ვახო სანაიას, როგორც მოქალაქეს, უკვე მესამედ შეეზღუდა. 22 ივლისს, მას მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა, ხოლო 10 ივლისს 6,000-ლარიანი ჯარიმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკისრა.
კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, არაპროპორციული ძალით იმოქმედოს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების, წინააღმდეგ.
ქარტია ვახო სანაიას შემთხვევას სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდად.
„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით და შემდგომ უკვე ამ ცვლილებების აღსრულების პრაქტიკით, უარი თქვა თმენის ვალდებულებაზე. დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე.
ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა ჟურნალისტსა და მოქალაქეს, ვისი გამოხატვის თავისუფლებაც „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივი თუ ძალისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით შეზღუდა.