15.12.2025

ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური საერთო კრების მონაწილეები, ჩვენი პროფესიული გაერთიანების სახელით მივმართავთ ქვეყანაში მოქმედ შესაბამის ინსტიტუციებს ჩვენი კოლეგის, „ბათუმელებისა და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლების მოთხოვნით, რათა მას მიეცეს საშუალება, მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება

 

12 იანვარს სრულდება ერთი წელი, რაც მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და უკანონო პატიმრობაში იმყოფება. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის საქმე პოლიტიკური დევნისა და საპოლიციო ანგარიშსწორების კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს, რაც მზია ამაღლობელმა 38-დღიანი შიმშილობით გააპროტესტა. უკანონო იყო მზია ამაღლობლის ადმინისტრაციული წესით დაკავებაც, რომელიც სასამართლომ შემდგომში მთელი რიგი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენა

 

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზია ამაღლობლის საქმეს სამართლიანად განიხილავს და გულდასმით შეისწავლის ყველა იმ გარემოებას, რაც ქართულმა სასამართლომ  არ გაითვალისწინა

 

არაადამიანურმა მოპყრობამ დაკავებისას, უკანონო პატიმრობამ, გახანგრძლივებულმა, დამღლელმა და უსამართლობით გაჯერებულმა სასამართლო პროცესმა, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა საფუძვლიანად შეარყია

 

მზია ამაღლობელს სამედიცინო დიაგნოზის გამო მარცხენა თვალში მხედველობა პრაქტიკულად დაკარგული აქვს. ამ თვალით ის შუქ-ჩრდილების გარჩევას თუ ახერხებს. მარჯვენა თვალში მხედველობა მინიმუმამდე არის შემცირებული

 

მართალია, მარჯვენა თვალში მხედველობის კორექტირება სათვალით ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, მაგრამ საბაზისო გამოკვლევებიც კი, რაც მზია ამაღლობელს პატიმრობის პერიოდში ჩაუტარდა, ნათლად მიუთითებს მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებაზე

 

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მზია ამაღლობელს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები მხოლოდ გასულ ხუთშაბათს ჩაუტარდა ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი. იმედი გვაქვს, ვიდრე მზია ამაღლობელი უკანონოდ არის გამოკეტილი საპატიმრო დაწესებულებაში, მისთვის ხელმისაწვდომი იქნება ამ კვლევების საფუძველზე დანიშნული მკურნალობა.

 

მზია ამაღლობელი საქართველოს ჟურნალისტური თემის მრავალმხრივ გამორჩეული წევრია. მისი წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაში შეუფასებელია. მზია ამაღლობელის ძალისხმევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად აღიარებულია საქართველოს გარეთაც. წელს ის გახდა არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, რომელთა შორისაა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო - სახაროვის პრემია

 

მზიას ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის და იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს

 

მზია ამაღლობელი 25 წელზე მეტია არის მოქალაქეების ხმა ძალაუფლების მქონეთა საპირწონედ. მზია ამაღლობელი, უკიდურესად მტრულ გარემოში, უშიშრად და დაუღალავად იცავდა ყველას, ვისი უფლებებიც ირღვეოდა და ვისაც დევნიდნენ და ავიწროებდნენ. მზია საკუთარი ხელით და მძიმე შრომით ქმნიდა ისეთ საქართველოს, როგორში ცხოვრებაზეც ყველანი ვოცნებობთ - დემოკრატიულს, ჰუმანიზმისა და თანასწორობის იდეალებით შთაგონებულს, ქვეყანას კარგი მმართველობითა და სოციალური სამართლიანობით

 

სანამ მზია ამაღლობელი პატიმრობაშია, ჩვენი თავისუფლებაც შეზღუდულია

გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი და დაუბრუნეთ საზოგადოებას პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ხოლო პროფესიულ თემს - კეთილსინდისიერი პროფესიონალი, ერთგული კოლეგა და მეგობარი.

 

 

28.11.2025

„ტვ პირველის“ ინფორმაციით 22 ნოემბერს, საღამოს, პოლიციამ, აქციაზე დააკავა მისი ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი. “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, ამ დროს გიორგი მამნიაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ადგილზე პირდაპირ ჩართვაზე  მყოფი ჯგუფის პარალელურად მუშაობდა. 


გიორგი მამნიაშვილთან კავშირი რედაქციამ 22:30 წუთზე დაკარგა. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟურნალისტმა რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გაუგზავნა. 


გიორგი მამნიაშვილს ეძებდნენ, ხოლო შსს-ს პრესსამსახური „ტვ პირველს“ მის დაკავებას არ უდასტურებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული ჟურნალისტი პოლიციამ დიღმის იზოლატორში გადაიყვანა. 


ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღოს საპოლიციო თავნებობაზე, გამოავლინოს და შესაბამისად დასაჯოს პოლიციელები, რომლებიც ჟურნალისტებს აქციების გაშუქებაში ხელს უშლიან და, ზოგიერთ შემთხვევაში, აკავებენ კიდეც მათ. პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია და ის მედიაზე ზეწოლის იმ კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის საბოლოო მიზანი საზოგადოების სანდო და მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციისა და ანალიზის გარეშე დატოვებაა.  


ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გიორგი მამნიაშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომელთა პროფესიული უფლებები პოლიციამ ბოლო წლის განმავლობაში პროევროპული აქციების გაშუქებისას შელახა.  

 
13.11.2025

როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მედიიდან გახდა ცნობილი, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 19 სასამართლოსთვის, რომელთა შორის არის თბილისის საქალაქო სასამართლო და თბილისის სააპელაციო სასამართლო, სხვადასხვა სახის ავეჯი შეისყიდა. ამ შესყიდვის ნაწილია კარადები მობილური ტელეფონების შესანახი ასობით დანომრილი და საკეტიანი სათავსოთი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის დადგენილებით, სასამართლოს მანდატურს აქვს უფლება, არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-,  ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩანაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა. დადგენილება აკონკრეტებს, რომ ამგვარ საშუალებებში მოიაზრება მობილური ტელეფონიც. 

ინფორმაციამ მობილური ტელეფონების შესანახი კარადების შესყიდვის შესახებ ჟურნალისტურ თემში განსაკუთრებული  მღელვარება გამოიწვია - გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ კარადების დამონტაჟების შემდგომ ჟურნალისტებს სასამართლოში მუშაობა და  პროცესების გაშუქება კიდევ უფრო გაუჭირდებათ. 

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, 28 ივნისიდან სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო და ვიდეო გადაღება და აუდიოჩაწერა აკრძალულია. თუმცა ჟურნალისტებს დღემდე აქვთ საშუალება, სასამართლოს შენობაში შეიტანონ მობილური ტელეფონები და ლეპტოპები და სასამართლო სხდომები ფოტო და ვიდეოგამოსახულების და ხმის გარეშე, ლაივ რეჟიმში, ტექსტური სახით გააშუქონ. 

ჟურნალისტები დიდ ძალისხმევას იღებენ იმისთვის, რომ აუდიტორიამ მათ რეპორტაჟებში ფოტო და ვიდეო გამოსახულებისა და ხმის დანაკლისი ნაკლებად იგრძნოს. ამის გაკეთებას ჟურნალისტები სიზუსტის ასე ზედმიწევნით დაცვითა და ისეთი მაღალი ოპერატიულობით ვეღარ შეძლებენ, თუკი მათ სასამართლოს დარბაზებში მხოლოდ კალმისა და ფურცლის გამოყენების უფლებას დაუტოვებენ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა ბევრი ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია. ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების გაუარესება საზოგადოებას მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომას დააკარგვინებს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სასწრაფოდ განმარტოს, გეგმავს თუ არა სასამართლო ჟურნალისტებისთვის სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იმედს იტოვებს, რომ ამგვარი ზომების მიღებისგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავს შეიკავებს, ვინაიდან მსგავსი აკრძალვა არ შედის არც სასამართლოების და, რაც მთავარია, არც საზოგადოების ინტერესებში. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია მართლმსაჯულების აღსრულების პროცესზე მისთვის სანდო მედიასაშუალების დახმარებით. 

 
06.11.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას „ქარტიის პრიზი 2025-ის” მოსაპოვებლად. ყოველწლიური კონკურსის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება. 

კონკურსი ცხადდება შემდეგ ოთხ ნომინაციაში 

1.      სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში. პრიზი დაწესებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ. 

2.      სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი. პრიზი დაწესებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ. 

3.      ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში. პრიზი გაიცემა ნამუშევრისთვის, რომელიც საუკეთესოდ ასახავს საზოგადოების ძალისხმევას ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად და დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუციების დასაცავად. პრიზი დაწესებულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ. 

4.   ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება. პრიზი დაწესებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ.  

დამატებით, მედიის ადვოკატირების კოალიცია გასცემს სპეციალურ პრიზს სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 

გამარჯვებულებს შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.

განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე 
https://forms.gle/RWTz1sgL82aj1tR8A

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები

კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარადგინონ  მედიაპროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის 15 ნოემბრიდან 2025 წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში. 

საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას. 

მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ  ვერსია.

მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია. 

დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com 

თითოეულ აპლიკანტს შეუძლია კონკურსზე წარადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი და მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთში.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ქარტიის საბჭოს მოქმედი წევრები და მოქმედი  თანამშრომლები/კონტრაქტორები.   

საკონკურსო ნაშრომი მომზადებული უნდა იყოს საქართველოს აუდიტორიისთვის. 

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 ნოემბერი, 18:00 საათი. 

გამარჯვებული გამოვლინდება 2025 წლის დეკემბერში.   

ნამუშევრების შეფასება

ჟურნალისტური პროდუქტის შეფასებისას ამოსავალია ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რომელთაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეფუძნება. 

ზოგადი კრიტერიუმები

კატეგორიისთვის „სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში“

თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი

ინფორმაციის სიზუსტე

ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა

მხარეთა ბალანსი

ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება

თხრობის სტილი და ტექნიკა 

ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება 

დრამატურგია და ვიზუალური მხარე

არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა

კატეგორიისთვის „სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი“

თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი

ინფორმაციის სიზუსტე

ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა

მხარეთა ბალანსი

ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება

თხრობის სტილი და ტექნიკა 

ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება 

დრამატურგია და ვიზუალური მხარე

არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა

კატეგორიისთვის „ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში“

თემის შერჩევა და ინტერპრეტაცია 

ტექნიკური ოსტატობა 

ორიგინალურობა და კრეატიულობა

ემოციური გავლენა და თხრობა 

კატეგორიისთვის „ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება“

თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი

ინფორმაციის სიზუსტე

ფაქტების და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა

მხარეთა ბალანსი

ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება

თხრობის სტილი და ტექნიკა 

ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება 

სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში: დრამატურგია და ვიზუალური მხარე

არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა და გენდერულად არამგრძნობიარე, შეუფერებელი ლექსიკა 

 

06.11.2025

დღეს, 5 ნოემბერს, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გაშუქებისას ძალის გამოყენებით დააკავა „ფორმულას“ ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ჩასვეს ის პოლიციელებმა მანქანაში მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიდეოში ისმის ისიც, თუ როგორ ეუბნებიან ჟურნალისტები, რომლებიც დაკავებას შეესწრნენ, პოლიციელებს, რომ ის მათი კოლეგაა. ისმის პოლიციელების პასუხიც - „გავარკვევთ“. პოლიციელებმა ჟურნალისტი დაახლოებით 10 წუთის მერე გამოუშვეს და მას ბოდიში მოუხადეს. ლიზა ციციშვილი „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ პოლიციელები მას ზრდილობიან ეპყრობოდნენ, თუმცა თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა და მუშაობაშიც ხელი შეეშალა, და რომ მიკროფონი და ტელეფონი ჩამოართვეს, თუმცა რამდენიმე წუთში დაუბრუნეს.  

ორი დღის წინ, 3 ნოემბერს, პოლიციელებმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს სახლისკენ მიმავალი „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. შსს ჟურნალისტს გზის გადაკეტვას ედავება იმ დროს, როცა ნინია კაკაბაძე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და გზის სავალ ნაწილზე ამ მიზეზით იმყოფებოდა. ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ აღძრული ადმინისტრაციული საქმე სასამართლომ 4 ნოემბერს განიხილა. მომდევნო სხდომა 12 ნოემბერს არის ჩანიშნული. 

მანამდე, 24 ოქტომბერს, პოლიციამ 50 წუთის განმავლობაში აღუკვეთა თავისუფლება „პუბლიკას“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა ის მაშინ დააკავეს, როცა სახლიდან გამოდიოდა. ჟურნალისტი მათ მანქანაში ჩასვეს, ჩამოართვეს ტელეფონი და ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლება არ მისცეს. 

ქარტია გმობს ჟურნალისტების საჩვენებელ დაკავებებს, რომელიც ჟურნალისტების დაშინებას ემსახურება, რათა მათ საპროტესტო აქციების გაშუქება შეწყვიტონ და ამ აქციების მონაწილეთა უფლებების დარღვევის დოკუმენტირება ვერ შეძლონ. 

ქარტია შსს-ს მოუწოდებს, უარი თქვას ჟურნალისტების დევნასა და შევიწროებაზე, თავის თანამშრომლებს კი დავალებაზე გაგზავნამდე  ჟურნალისტების უფლებები კარგად განუმარტოს და მათი დაცვა და პატივისცემა დაავალოს. 

 
04.11.2025

გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ დააკავა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. შსს მას, სავარაუდოდ, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. ნინია კაკაბაძე რუსთაველის გამზირიდან, სადაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც დააკავეს და კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს. 

ჟურნალისტის თქმით, მას დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ მცირეწლოვან შვილთან დარეკვის საშუალებას, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა. მოგვიანებით ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს. სასამართლო მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით სავარაუდოდ დღეს, 4 ნოემბერს, იმსჯელებს. 

„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტები პროევროპული პროტესტის დაწყების დღიდან აშუქებენ საპროტესტო აქციებს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სხვა ლოკაციებზე. ისინი ფოტო და ვიდეოკამერაზე ასახავენ ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შესაძლო ფაქტებსაც.

როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, ნინია კაკაბაძე 3 ნოემბერსაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ის იდგა არა მანიფესტანტებთან, არამედ სხვა ჟურნალისტებთან ერთად და კადრებს იღებდა. 

ნინია კაკაბაძის და სხვა ჟურნალისტების დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის და კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება მისი მედიაპლატფორმის „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის, მიმართ და გაუქმდეს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

28.10.2025

ქარტია ეხმაურება გასულ კვირაში პროფესიული თემის წევრების დაკავებას და გმობს მათთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, მათთვის წაყენებულ დაუსაბუთებელ ბრალსა და მათ მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ სასჯელს. 

ამ ქმედებებს ქარტია დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვად და პროფესიული თემის დაშინების მცდელობად აფასებს და „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისაკენ მოუწოდებს. 

22 ოქტომბერს, პოლიციამ უხეში ძალის გამოყენებით დააკავა ლიკა ბასილაია-შავგულიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. მას სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დაკავებისას ის ტროტუარზე იდგა და პოლიციას ემოციურად უხსნიდა, თუ რა მოხდებოდა, თუკი საქართველო რუსეთთან დაახლოებას განაგრძობდა. ლიკა ბასილაია-შავგულიძე დიდი ხანია, სამეურვეო საბჭოს წევრის მანდატის ფარგლებში, აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და მისი მენეჯმენტის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.  

22 ოქტომბერსვე, სახლთან დააკავეს აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი დევნილი ჟურნალისტი. მას სასამართლომ 14-დღიანი ამინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით. აფგან სადიგოვმა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის მოთხოვნით შარშან დააკავეს, საექსტრადაციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე დაჰყო. მან პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა. 

24 ოქტომბერს სახლთან დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემის ყოფილი წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე, ასევე ჟურნალისტი, მაიკო ბოკერია. შსს მათაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. სასამართლომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მის მეუღლეს,  როგორც მცირეწლოვანი შვილების დედას - 5,000-ლარიანი ჯარიმა. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, სანამ მას საზოგადოებრივ მაუწყებელში ეთერი ჰქონდა, ყოველ საინფორმაციო გამოშვებას მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამოხატვით იწყებდა. ჟურნალისტი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა. 

24 ოქტომბერსვე, გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დააკავეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა. სასამართლომ მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

25 ოქტომბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, პოლიციამ დააკავა ნიკა პატარაია, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის „დროება“ ოპერატორი. სასამართლომ ოპერატორს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

წინა დღეებში დააკავეს და იზოლატორში მოათავსეს ტელეკომპანია „ფორმულას“ საღამოს გადაცემის წამყვანი ვახო სანაია, დღის გადაცემის წამყვანი ქეთა ციცქიშვილი და სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. სასამართლომ მათ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით, შესაბამისად, 6, 5 და 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 24 ოქტომბერს, იმავე საბაბით დააკავეს გადაცემა „ყოველდღეს“ თანაწამყვანი, მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს „პუბლიკას“ ჟურნალისტის ბასტი მგალობლიშვილის შემთხვევა. 24 ოქტომბერს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა მას გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. „პუბლიკას“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ჟურნალისტი მანქანაში  ჩასვეს, სადაც ის დაახლოებით 50 წუთს შეაყოვნეს. მათ ბასტი მგალობლიშვილს ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, ოჯახს, კოლეგებსა და ადვოკატს დაკავშირებოდა. მოგვიანებით, პოლიციელებმა ჟურნალისტი სახლში დააბრუნეს, უთხრეს რა რომ „სხვაში შეეშალათ“. „პუბლიკას“ აზრით, საქმის გარემოებები საწინააღმდეგოზე მეტყველებს - პოლიციელებს ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტის შესახებ და ის მხოლოდ ფაქტის გახმაურების შემდგომ გაათავისუფლეს. 

სასჯელმისჯილ ჟურნალისტებს განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

21.10.2025

პოლიციამ დღეს, 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მესამე ჟურნალისტი, ცირა ჟვანია, დააკავა მშვიდობიანი შეკრების საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებით სარგებლობის გამო. პოლიცია მასაც, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას ედავება.  

დაკავებების სერია აჩენს ეჭვს, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ მიზანშია ამოღებული და „ქართული ოცნების“ ამოცანა მისი ფუნქციონირების შეფერხებაა. 

19 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ საღამოს გადაცემების წამყვანი ვახო სანაია, ხოლო 20 ოქტომბერს დღის გადაცემის წამყვანი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს. დღეს სოციალური მედიაზე მომუშავე ჟურნალისტის ჯერი დადგა. სასამართლომ ვახო სანაიას ექვსი, ქეთა ციცქიშვილს კი ხუთი დღით პატიმრობა მიუსაჯა. ამ „დანაშაულის“ განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მათ ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

„ქართული ოცნება“ ვეღარ ფარავს აგრესიას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ და მათთვის სხვადასხვა გზით ზიანის მიყენებას ცდილობს. „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა საკანონმდებლო პროცესის ინსტრუმენტალიზაცია ოპონენტების დასათრგუნად და მისი მორჩილი პოლიცია და სასამართლო კორპუსი დიდი  ენთუზიაზმით შეუდგა ახლად მიღებული უსამართლო კანონების აღსრულებას.   

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „ქართული ოცნების“ მავნებლურ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისკენ მიმართულ პოლიტიკას, და ვახო სანაიასთან, ქეთა ციცქიშვილთან და ცირა ჟვანიასთან ერთად სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ვისაც კი „ქართული ოცნების“ რეპრესიები ამა თუ იმ ფორმით შეეხო.  

 
21.10.2025

პოლიციამ დღეს, 20 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მეორე ჟურნალისტი, დღის გადაცემის წამყვანი, ქეთა ციცქიშვილი, დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტის დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა. სავარაუდოდ, პოლიცია ქეთი ციცქიშვილს, ისევე როგორც ვახო სანაიას, გზის გადაკეტვას ედავება. 

სასამართლომ გუშინ „ფორმულას“ საღამოს გადაცემების წამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას, 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, სისხლის სამართლის კოდექსში საჩქაროდ შეტანილი - ორ დღეში სამი მოსმენით დამტკიცებული - ცვლილებების საფუძველზე.    

„ქართული ოცნება“ განაგრძობს შეტევას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, მოქალაქეებისთვის შეკრების კონსტუტუციით დაცული უფლების შეზღუდვის ფონზე. 

მედია „ქართული ოცნების“ სამიზნედ რჩება. მკვეთრად გაუარესებული საკანონმდებლო ჩარჩო, ძალადობრივი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემო, დაუსაბუთებელი ბრალით მაღალი ჯარიმებისა და პატიმრობის შეფარდება, სრული დაუცველობის განცდა - დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი არცერთი დანაშაული არ არის გამოძიებული, ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში ხელს უშლის.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნისა და შევიწროების გამო და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარალდა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დევნა კონსტიტუციის დარღვევით მიღებული კანონების გამოყენებით და მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დროულად გამოიძიოს. 

 

20.10.2025

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, დღეს, ნაშუადღევს, პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა.  

პოლიცია მას, სავარაუდოდ, გუშინ, 18 ოქტომბერს, გზის გადაკეტვას ედავება და მისი დევნისთვის სისხლის სამართლის კოდექსში ახლად შეტანილ ცვლილებებს იყენებს. 

ბოლო თვეებში შემოღებული საკანონმდებლო ცვლილებებით „ქართული ოცნება“  თანმიმდევრულად ზღუდავს სივრცეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის და მოქალაქეებს პრაქტიკულად ართმევს შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას. ის, თუ რა ფორმით ხდება ამ ახლად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება - „ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაკავება შეუსაბამოდ მრავალრიცხოვანი საპოლიციო ჯგუფების მიერ, პოლიციელების მიერ გამოჩენილი მონდომება და სიხისტე, ცხადად აჩვენებს, რომ ამ რეპრესიული ზომების მთავარი მიზანი პროტესტის დამორჩილება და კრიტიკული ხმების ჩახშობაა. 

მედია უკვე დიდი ხანია, „ქართული ოცნების“ სამიზნედაა ქცეული. ჟურნალისტებს აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტოვებენ საარსებო რესურსების გარეშე, ყველა საშუალებით ხელს უშლიან ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაში. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ვახო სანაიას დაკავებას და მას მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთ გამოვლინებად მიიჩნევს. უსამართლო კანონების საფუძველზე, რომლებიც არანაირ ლეგიტიმურ მიზანს და საზოგადოებრივ სიკეთეს არ ემსახურება, ჟურნალისტს ხელი ეშლება პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ის დღეს ვერ შეძლებს „ფორმულას“ საღამოს ეთერში გადაცემის წაყვანას. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა ჟურნალისტს, ვინც „ქართული ოცნების“ მხრიდან დევნასა და შევიწროებას განიცდის. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვახო სანაია და მომავალშიც თავი შეიკავოს ჟურნალისტების დევნისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისგან. 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.