შემოსავლების სამსახურმა 17 ივლისს „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ დღეს გაავრცელა. „ბათუმელები“ ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მისი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ ძირი თანხის სახით 47 ათას ლარს, საურავის სახით 126 ათას ლარს, ხოლო ჯარიმის სახით 109 ათას ლარს შეადგენს. გამოცემას სახელმწიფოს წინაშე დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა თანხას მის დასაფარად.
„ბათუმელების“ თხოვნას, ვალის გადასახდელად მისთვის გრაფიკი შეედგინა, ივლისის დასაწყისში შემოსავლების სამსახურმა უარით უპასუხა.
“ბათუმელების” მოლოდინით, შემდეგი ეტაპი ქონების დაყადაღება და აღსრულების დაწყება იქნება, რაც ნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას - ოფისსა და ტექნიკურ აღჭურვილობას - გაყიდის.
უკვე წლებია, საქართველოში მედიას უკიდურესად მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, სარეკლამო რესურსების სიმცირის და რეპრესიული კანონმდებლობის გამო. „ბათუმელები“, მზია ამაღლობელის ხელმძღვანელობით, ძალ-ღონეს არ იშურებდა რომ, წინააღმდეგობების მიუხედავად, მკითხველამდე დროულად მიეტანა მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია. გამოცემა დაუღალავად ააშკარავებდა კორუფციის ფაქტებს და იცავდა ადამიანების შელახულ უფლებებს. 2025 წლის იანვრიდან მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რამაც ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა და მის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა.
ინკასოს დასადებად შერჩეული დრო - როცა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება, ქარტიას აფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“ მის ხელთ არსებულ ფინანსურ ბერკეტს კრიტიკული მედიასაშუალების გასაჩუმებლად და შესავიწროებლად იყენებს.
შემოსავლების სამსახურის გააქტიურება მსგავს ეჭვებს აღძრავს იმის გამოც, რომ უკვე წლებია, პროსახელისუფლებო ტელევიზიებს - „იმედსა“ და „რუსთავი2“-ს, მილიონობით ლარი აქვთ საბიუჯეტო დავალიანება, რაც მათ მიმართ სააღსრულებო მოქმედების საფუძველი არ გამხდარა.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუციების, მათ შორის, მედიის განვითარებას, რომლის როლი დემოკრატიის გამართულად ფუნქციონირებაში შეუფასებელია. სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მედიაბიზნესის, რომელიც განსაკუთრებულად მგრძნობიარეა პოლიტიკური და ეკონომიკური რყევების მიმართ, დაცვისა და ხელშეწყობისკენ და არა გადასახადების ამოღების მოტივით მისი დათრგუნვისა და განადგურებისკენ.
ქარტია მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს, მოხსნას ინკასო „ბათუმელების“ ანგარიშებს, შეუდგინოს მას გრაფიკი დავალიანების გასასტუმრებლად და გამოცემას ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება მისცეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებული მანდატურების არაპროფესონალური ქცევა და ზღვარსგადასული უხეშობა, უკვე დიდი ხანია, საზოგადოების ყურადღებას იქცევს. გუშინ, 3 ივლისს, მანდატურების მცდელობამ, სასამართლოში სიტუაცია უხეში ძალისმიერი მეთოდებით ემართათ, საგანგაშო ხასიათი მიიღო. იმის გამო, რომ მათ ვერ გამოიჩინეს სათანადო პროფესიონალიზმი სასამართლო პროცესებზე დასწრების მსურველთა ნაკადების რეგულირებისას, წარმოიქმნა ჭყლეტა, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მანდატურები უდიერად ექცეოდნენ მოქალაქეებს და მათ შორის, ჟურნალისტებსაც, რომლებსაც სასამართლო პროცესების გასაშუქებლად ისედაც ძალიან მძიმე პირობებში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება. მოქალაქეები და ჟურნალისტები, მათ შორის, ქალი ჟურნალისტები, მანდატურების სისასტიკისგან თავის დაცვასაც ვერ ახერხებდნენ იმის გამო, რომ დიდი იყო იმის ალბათობა, საქმე მათ წინააღმდეგ შემოებრუნებინათ და ისინი იქეთ დაედანაშაულებინათ.
30 ივნისს ამოქმედებული ცვლილებებით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, ჟურნალისტებს უკიდურესად შეეზღუდათ სასამართლო პროცესის გაშუქების შესაძლებლობა. აიკრძალა ფოტო გადაღება, აუდიო და ვიდეო ჩაწერა და პირდაპირი ტრანსლაცია. ამ ვითარებაშიც კი ჟურნალისტები ცდილობენ, პირნათლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია სასამართლოში მიმდინარე სხდომების შესახებ.
ქარტია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, ყველა ზომა მიიღოს სასამართლოს ტერიტორიაზე, და ასეთად კანონი ეზოსაც მიიჩნევს, ჟურნალისტთა უსაფრთხოების დასაცავად. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ტრენინგი და ინსტრუქტაჟი თავისი მანდატურებისთვის, ახალი, მეტი პროფესიონალიზმის მქონე კადრებით ჩაანაცვლოს ძალადობაში და სისიტიკეში შემჩნეული მანდატურები, და ჩაატაროს შიდა მოკვლევა ასეთი მანდატურების გამოსავლენად და დასასჯელად.
ქარტია თბილისის საქალაქო სასამართლოს ასევე მოუწოდებს, გამოყოს უფლებამოსილი პირი, რომელსაც სასამართლოს სხდომების ჩაწერა და მედიისთვის მიწოდება დაევალება. ამას სასამართლოსგან საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული და 30 ივნისს ამოქმედებული ცვლილებები ითხოვს. მთელი კვირის განმავლობაში სასამართლომ ამგვარი პირის გარეშე იმუშავა, მაშინ როცა ამ პერიოდში ისეთი სხდომები იმართებოდა, რომელთა მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 3 ივლისის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ 27 მაისით დათარიღებული საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანიების „პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ ტელეკომპანიები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან/ჯარიმისგან გაათავისუფლა, როგორც ამას მაუწყებლობის შესახებ კანონის გარდამავალი დებულება მოითხოვდა, მან ამ გადაწყვეტილებით უკიდურესად სახიფათო პრეცედენტი შექმნა.
3 ივლისს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას აჩვენა, რომ მზად არის, ძალაუფლების მქონე ჯგუფის მითითებით, შინაარსობრივი საკითხების ფართო სპექტრის რეგულირებით დაკავდეს.
მაშინ, როცა კომისია იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება და მისი დასაბუთება „ანალოგიური დარღვევების პრევენციას“ შეუწყობს ხელს, ქარტია და ჟურნალისტური თემი შიშობს, რომ ის „მსუსხავ ეფექტს“ იქონიებს და ქვეყანაში მიმდინარე საჯარო პოლიტიკურ დისკურსს გააღარიბებს.
მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე, მუხლი, რომელიც „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ აწესრიგებს და ერთ-ერთია იმ მუხლებს შორის, რასაც საჩივარი ეყრდნობა, პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
მედიისთვის ისეთი ტერმინების გამოყენების აკრძალვა, რაც სრულად სარედაქციო პოლიტიკის დისკრეციაშია, სხვა არაფერია, თუ არა პრესის თავისუფლების შეზღუდვა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლებისთვის ცენზურის დაწესება.
მედიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რეალობა იმგვარი ტერმინებით აღწეროს, როგორც ის ხედავს მას თავისი სარედაქციო პოლიტიკის პრიზმიდან. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით მაუწყებლებისთვის ისეთი ტერმინების გამოყენების აკრძალვა, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“, „ქართული ოცნების რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმარი“, შინაარსობრივი რეგულირების ტიპური ნიმუშია და მედიაში პროფესიული სტანდარტების ამაღლებას არანაირად არ ემსახურება.
ქარტია მოუწოდებს კომისიას, მხარი დაუჭიროს მისი რეგულირების ქვეშ მოქმედი მაუწყებლების დამოუკიდებლობას მაშინაც კი, როდესაც ამ მაუწყებლებისგან წამოსული კრიტიკა დისკომფორტს უქმნის ძალაუფლების სტრუქტურებს, და იქცეს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის რეალურ გარანტად, როგორც ამას კომისიისთვის, როგორც დამოუკიდებელი სააგენტოსთვის, მინიჭებული მანდატი ითვალისწინებს. სხვა შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიის როლი სამაუწყებლო სექტორის განვითარებაში ცალსახად შეფასდება როგორც რეგრესული და უარყოფითი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მომართა მოქალაქე ზვიად დევდარიანმა “აპრილი მედიას” ჟურნალისტის და რედაქტორის ხატია ღოღობერიძის წინააღმდეგ.
სადავო სტატია საიტზე 2025 წლის 20 მაისს გამოქვეყნდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტად განმცხადებლის მხრიდან განისაზღვრა ხატია ღოღობერიძე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
27 ივნისს ქარტიის საბჭომ განიხილა ანა ყაულაშვილის განცხადება ტელეკომპანიების “იმედისა” და POSTV-ის და საინფორმაციო სააგენტო info 9-ის ჟურნალისტების მიმართ.
სადავო მასალები მოპასუხე მედიების სოციალურ ქსელებში 2025 წლის 17 მაისს გამოქვეყნდა.
განმცხადებელი
მიიჩნევდა,
რომ
სამ
მედია
პლატფორმაზე
გამოქვეყნებულ
სადავო
ქარდებში
დარღვეული
იყო
ქარტიის
პირველი
(სიზუსტე);
მეხუთე
(შესწორება)
და
მე-11
(ფაქტის
განზრახ
დამახინჯება)
პრინციპები,
რომლებიც
ქარტიის
საბჭომ
სამივე
მედიის
ჟურნალისტებთან
მიმართებაში
დარღვეულად
მიიჩნია.
გადაწყვეტილების
სამოტივაციო
ნაწილი
გამოქვეყნდება
მოგვიანებით.
27 ივნისის სხდომაზე ქარტიის საბჭომ განიხილა TV პირველის ჟურნალისტების, ნატალია და ნანა ქაჯაიების და მარიამ გაფრინდაშვილის, განცხადება ტელეკომპანია
“სეზონის” წამყვანების, ნიკოლოზ მჟავანაძის და დიმიტრი ჩუბინიძის, მიმართ.
სადავო მასალა “სეზონის” პირდაპირ ეთერში გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” 2025 წლის 10 ივნისს გავიდა.
განმცხადებლები დავობდნენ ქარტიის პირველი (სიზუსტე); მე-7 (დისკრიმინაცია); მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, რომლებიც ქარტიის საბჭომ დარღვეულად მიიჩნია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
27
ივნისის
სხდომაზე
ქარტიის
საბჭომ
განიხილა
TV
პირველის
ჟურნალისტების,
ნატალია
და
ნანა
ქაჯაიების
და
მარიამ
გაფრინდაშვილის,
განცხადება
ტელეკომპანია
POSTV-ს
ჟურნალისტების,
ნათია
ბერიძის
და
დათა
გვასალიას,
მიმართ.
სადავო
სიუჟეტი
გადაცემაში
„კვირის
პოსტი“
2025
წლის
15
ივნისს
გავიდა.
განმცხადებლები დავობდნენ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, რომლებიც საბჭომ დარღვეულად მიიჩნია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
დღეს, 30 ივნისს, სინდისის პატიმრების პროცესის, ნიკა გვარამიას პროცესის და სხვა პროცესების გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტები სასამართლოს მანდატურებმა ეზოს შესასვლელთან შეაჩერეს და აპარატურა დაატოვებინეს. წინა დღეებში მათი რედაქტორები უშედეგოდ ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ პროცესების გადასაღებად ნებართვის მისაღებად ან იქნებოდა თუ არა მედიებისთვის ხელმისაწვდომი, ალტერნატივის სახით, თავად სასამართლოს მიერ გაკეთებული ჩანაწერები. სასამართლო სისტემა სრულიად მოუმზადებელი დახვდა საკანონმდებლო ცვლილებებს და მედიისთვის შესაბამისი წესების შემუშავებაზე და ახალი რეგულაციების შესახებ მათ ინფორმირებაზე წინასწარ არ იზრუნა.
გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რითაც ფაქტობრივად სასამართლოს მთელ ტერიტორიაზე - სხდომის დარბაზებში, სასამართლოს შენობაში და სასამართლოს ეზოში - აკრძალა ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია.
საკანონმდებლო ცვლილებებმა მედია სექტორში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ჟურნალისტებს ბევრი კითხვა ჰქონდათ პროცედურებთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭო კი, რომელსაც გადაღებაზე ნებართვების გაცემა დაევალა, დღეს მთელი დღის განმავლობაში დუმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მსგავს საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უკვე მათ კომპეტენციას სცილდებოდა.
ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეწინააღმდეგება და სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს, ხოლო დემონსტრაციული უყურადღებობა მოქალაქეებისა და მედიის საჭირობის მიმართ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
ქარტია მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს სხდომების გადაღებაზე ნებართვის გაცემის მარტივი და ნათელი პროცედურები, რაც მედიას შესაძლებლობას მისცემს, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, სხდომის დაწყებამდე, სწრაფად მიიღოს პასუხი განცხადებებზე.
პარალელურად, ქარტია მოუწოდებს საერთო სასამართლოებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს, იზრუნონ სხდომების ჩაწერაზე და ეს ჩანაწერები დროულად და გამოსადეგ ფორმატში მიაწოდონ მედიას.
იმ დროს, როცა ქვეყანაში მრავალი იმგვარი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებულად მაღალია, სასამართლო სისტემა ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს პროცესების საჯაროობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო პარასკევს, 27 ივნისს ანა ყაულაშვილისა და TV პირველის განცხადებებს განიხილავს.
19:00 საათი - TV პირველი POSTV-ისა და ტელეკომპანია “სეზონის” წინააღმდეგ
აღნიშნული განცხადებების ფარგლებში განიხილება ორი საქმე:
POSTV-ის სადავო სიუჟეტი მათ ეთერში გადაცემაში „კვირის პოსტი“ 2025 წლის 15 ივნისს გავიდა.
განმცხადებლები დავობენ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და
მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
ტელეკომპანია “სეზონის” სადავო სიუჟეტი მათ პირდაპირ ეთერში გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” 2025 წლის 10 ივნისს გავიდა.
განმცხადებლები დავობენ ქარტიის პირველი (სიზუსტე); მე-7 (დისკრიმინაცია); მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
21:00 საათი - ანა ყაულაშვილი ტელეკომპანია “იმედისა” და POSTV-ის და საინფორმაციო სააგენტოს info 9 წინააღმდეგ
განმცხადებელი დავობს სამ მედიაპროდუქტში ქარტიის პრინციპების დარღვევაზე:
სადავო მასალები მოპასუხე მედიების სოციალურ ქსელებში 2025 წლის 17 მაისს გამოქვეყნდა. მათში ნათქვამია, რომ თითქოს განმცხადებელმა ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი ბანერი დაჭრა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო ქარდებში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
ქარტიის საბჭო განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. სხდომაზე დასწრებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად, მოგვწერეთ მეილზე: ethicscharter@gmail.com.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას TV პირველის ჟურნალისტებმა მარიამ გაფრინდაშვილმა; ნანა ქაჯაიამ; ნატალია ქაჯაიამ და TV პირველის წარმომადგენელმა თორნიკე მიგინეიშვილმა ტელეკომპანია “სეზონისა” და POSTV-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადებით მომართეს.
POSTV-ის სადავო სიუჟეტი მათ ეთერში გადაცემაში „კვირის პოსტი“ 2025 წლის 15 ივნისს გავიდაა.
განმცხადებლები დავობენ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტებად/რედაქტორებად განმცხადებლების
მხრიდან განისაზღვრნენ ნათია ბერიძე და დათა გვასალია.
ტელეკომპანია “სეზონის” სადავო სიუჟეტი მათ პირდაპირ ეთერში გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” 2025 წლის 10 ივნისს გავიდა.
განმცხადებლები დავობებ ქარტიის პირველი (სიზუსტე); მე-7 (დისკრიმინაცია); მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე ჟურნალისტებად/რედაქტორებად განმცხადებლების
მხრიდან განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანები ნიკოლოზ მჟავანაძე და
დიტო ჩუბინიძე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ანა ყაულაშვილმა ტელეკომპანია “იმედისა” და POSTV-ის და საინფორმაციო სააგენტოს info 9 წინააღმდეგ განცხადებით მომართა.
სადავო მასალები მოპასუხე მედიების სოციალურ ქსელებში 2025 წლის 17 მაისს გამოქვეყნდა. მათში ნათქვამია, რომ თითქოს განმცხადებელმა ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი ბანერი დაჭრა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო ქარდებში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
განმცხადებლის მხრიდან მოპასუხე რედაქტორად/ჟურნალისტად ტელეკომპანია “იმედის” შემთხვევაში განისაზღვრა ნუცა ფიცხნარაშვილი, POSTV-ის შემთხვევაში მედეა ილურიძე, ხოლო საინფორმაციო სააგენტოს info 9 შემთხვევაში - არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
23 ივნისს, გვიან საღამოს, პოლიციელებს ჰქონდათ მცდელობა, ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტი ნინო კოდალაშვილი იძულებით გადაეყვანათ სამმართველოში მოწმედ და მოეპოვებინათ წვდომა მის ტელეფონში სავარაუდოდ არსებულ ინფორმაციაზე. პოლიციის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ინციდენტის, რომელსაც ჟურნალისტი შეესწრო, ტელეფონით გაკეთებული ვიდეოჩანაწერი.
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტისა და ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის, ირგვლივ მოქალაქეები შეიკრიბნენ, და ერთ-ერთი მათგანი პოლიციასთან მათი საუბრის ფეისბუქის ლაივში გადაცემას შეუდგა, პოლიციელებს მოუწიათ, ეღიარებინათ, რომ ამგვარი გამოკითხვა ნებაყოფილობითია და რომ მოწმეს შეეძლო ჩვენება მიეცა მოგვიანებითაც, მოსამართლის წინაშე და ადვოკატის თანდასწრებით. პოლიციელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას აღელვებდა ტელეფონში შენახული მტკიცებულების განადგურების რისკი. საბოლოოდ, პოლიციელებმა ჟურნალისტებს ადგილის დატოვების შესაძლებლობა მისცეს და შეჰპირდნენ, რომ მომდევნო დღეს ოფიციალურად მიმართავდნენ.
მოქმედი კანონდებლობით, პოლიციას არ აქვს უფლება, აიძულოს ჟურნალისტი, მისცეს წვდომა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მოპოვებულ მასალებზე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მასალები პოლიციისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს. ამ მასალების იმ ნაწილის პოლიციისთვის გაზიარების საკითხი, რაც არ გასაჯაროვდება ჟურნალისტური ნაშრომის სახით, სრულად ჟურნალისტის/მედიასაშუალების დისკრეციაშია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციელებს შეახსენებს, რომ ჟურნალისტებს არ ევალებათ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მათთვის მოიპოვონ ვიდეომტკიცებულებები და მისცენ მათ წვდომა პირად/სამსახურებრივ ტექნიკაზე. ამაზე პოლიციელებმა, რომლებიც სამხრე კამერებით არიან აღჭურვილი, თავად უნდა იზრუნონ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, პოლიციელებს კარგად განუმარტონ მათი უფლებამოსილების ფარგლები მოწმეებთან და მტკიცებულებებთან მიმართებაში და ჟურნალისტების უფლებები, რათა პოლიციელებმა არ სცადონ კანონის დარღვევით ზეწოლა ინციდენტის შემსწრე ჟურნალისტებზე.