მალხაზ მაჩალიკაშვილმა "იმედისა" და "პრაიმტაიმის" წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
23.08.2019
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის, ნატა მახვილაძის და "პრაიმტაიმის" რედაქტორის, მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ. 

სადავო გახდა მათ მიერ მომზადებული ის მასალები, რომლებიც ეხებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, 2017 წელს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყაროს გახსნას ბანგლადეშში.  მასალების მიხედვით, ინტერპოლით არის ძებნილი იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც წყარო გახსნა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების თანახმად, ჟურნალისტებმა მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაცია მიაწოდეს აუდიტორიას, რითიც დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), ამასთან ფაქტები განზრახ დაამახინჯეს, რასაც ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს. მისი აზრით, ასევე დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპიც, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს. 

ქარტიის საბჭო საქმეს განიხილავს და დაადგენს მართლაც დაირღვა თუ არა მითითებული პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.