სახელმძღვანელო წესები
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
სიძულვილის ენას ხშირ შემთხვევაში აიგივებენ ყველა ტიპის ნეგატიურ გამონათქვამთან. შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური თუ დისკრედიტაციისთვის მომზადებული მასალები სიძულვილის ენად აღიქმება. რეალურად, მათ შორის დიდი განსხვავებაა. იმის გამო, რომ ყველა ქვეყანას სხვადასხვა უნიკალური კონტექსტი აქვს, რთულია განსაზღვრო, რა არის სიძულვილის ენა, რომელი ტერმინები, ფრაზები და გამონათქვამები გააძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას რომელიმე პირის მიმართ. მიუხედავად ამისა, არსებობს შეთანხმება თუ რას ეფუძნება სიძულვილის ენა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციით, “სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით”.

ამ განმარტებიდან ცხადია, რომ სიძულვილის ენა განსხვავდება შეურაცხმყოფელი თუ ცილისმწამებლური გამონათქვამებისგან. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლი სწორედ სიძულვილის ენას მოიცავს და ასეა ფორმულირებული: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

ქარტიის საბჭოს მიერ საქმეთა განხილვის პრაქტიკის თანახმად, მეშვიდე პრინციპი ფარავს დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას, სტიგმატიზებას. როგორც ევროპის საბჭოს, ისე ქარტიის განმარტების თანახმად, სიძულვილის ენა უნდა ეხებოდეს გარკვეულ იდენტობას. დისკრიმინაცია და სტიგმატიზებაც გარკვეული ნიშნით უნდა ხდებოდეს და ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდეს ამ ნიშნის მქონე პირებს. საბჭომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „სიძულვილის ენა უნდა იყოს კონკრეტული ჯგუფის მიმართ და ატარებდეს შეურაცხმყოფელ ხასიათს, თუმცა ყველა შეურაცხმყოფელი ტექსტი არ შეიძლება იყოს სიძულვილის ენა“. ამ განმარტებით ქარტიის საბჭომ ერთმანეთისგან გამიჯნა დისკრიმინაცია და დისკრედიტაცია.

სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული გამონათქვამებთან მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანია კონტექსტი, საზოგადოებაში არსებული განწყობა, დამოკიდებულება ამა თუ იმ თემის მიმართ. ის, რამაც ერთ სოციუმში შესაძლოა საზოგადოების ერთი ჯგუფისადმი სტიგმა გააძლიეროს, სხვა ტიპის საზოგადოებაში ყურადღებასაც არ მიაქცევენ.

სიძულვილის ენის წამახალისებელი, სტერეოტიპების გაღრმავების ხელის შემწყობი შესაძლოა მარტივად გახდეს მედია, თუკი არ მოეკიდება სიფრთხილით თითოეულ შემთხვევას და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებს სენსიტიურ საკითხებზე მუშაობისას.

ძირითადი წესები

  • მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას.
  • მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო ქმედებები განახორციელოს.
  • თითოეულ მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს სიძულვილთან ბრძოლის ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რაც ცხადი იქნება როგორც დასაქმებულთათვის, ასევე აუდიტორიისთვის.
  • მედიასაშუალებები მყისიერად უნდა რეაგირებდნენ მოქალაქეთა მიმართვებსა თუ გამოხმაურებებზე, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ რომელიმე მასალა ახალისებს სიძულვილის ენას ანდა დისკრიმინაციას.
  • ფაქტებზე დაფუძნებული მედიაპროდუქტი, რომელშიც ჟურნალისტს აქვს მცდელობა, ყველა ჯგუფის პოზიციიდან შეხედოს პრობლემას, აზღვევს მას დისკრიმინაციის წახალისებისგან. 

იდენტობაზე ხაზგასმა

როგორც ზემოთ აღინიშნა, სიძულვილის ენა მიემართება სხვადასხვა ნიშნით, იდენტობით გაერთიანებულ ჯგუფებს. ამ ჯგუფის ერთი წევრის მიერ ჩადენილი უარყოფითი ქმედების განვრცობა მთლიანად ჯგუფზე იწვევს მათ სტიგმატიზებას. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად არის პასუხისმგებელი მაგალითად, ანტისოციალურ ქცევაზე და მისი რაიმე იდენტობის ხაზგასმით თქვენ მხოლოდ ხელს შეუწყობთ ამ იდენტობის მქონე სხვა პირთა მიმართა აუდიტორიის უარყოფითი დამოკიდებულების ზრდას.

  • როდესაც გადაწყვეტთ, რომ ანტისოციალური ქმედების ან სხვა რაიმე უარყოფით კონტექსტში ახსენოთ ადამიანთა წარმოშობა, რელიგია, სექსუალური ორიენტაცია, გარეგნობა თუ სოციალური მდგომარეობა, დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანი დეტალია ეს ამბის თხრობისას. იძლევა თუ არა დამატებით ინფორმაციას? სძენს რამე ღირებულს თქვენს მასალას? ამ დეტალზე ხაზგასმით ხომ არ გაღრმავდება ნეგატიური წარმოდგენა მთლიანად ჯგუფის მიმართ? თუკი ერთ მხარეს არის რისკი იმისა, რომ ხელი შეეწყოს სტიგმატიზებას, სტერეოტიპების გაღრმავებას და მეორე მხარეს კი არის დეტალი, რომლის ართქმითაც არსებითი ინფორმაცია არ აკლდება აუდიტორიას, მაშინ სჯობს ხაზი არ გაუსვათ და არ გამოყოთ რაიმე ამგვარი ნიშანი.
  • დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს.
  • ადამიანთა წარმოშობის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, გარეგნობის თუ სოციალური მდგომარეობის უარყოფით კონტექსტში ხაზგასმა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, თუ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, მაგალითად თუ თავს დაესხნენ, გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი ანდა აგრესიის ობიექტი სწორედ ამ ნიშნის (რელიგია, წარმოშობა, მრწამსი და ა.შ.) გამო. ანტისოციალური ქმედების დროს თუ მიგაჩნიათ, რომ არსებითი დეტალია, უმჯობესია აღნიშნოთ პირის მოქალაქეობა და არა ეთნიკური წარმომავლობა. მაგალითად, “საქართველოს ხელისუფლებას ირანის მოქალაქის ექსტრადაციის თხოვნით მიმართეს” და არა “საქართველოს ხელისუფლებას ირანელის ექსტრადაციის თხოვნით მიმართეს”.
  • სხვადასხვა იდენტობის მქონე ჯგუფებთან დაკავშირებული უარყოფით მითებთან ბრძოლა ეთიკური მედიასაშუალებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს.
  • ეცადეთ გადაამოწმოთ და გამოარკვიოთ თუ რას ეფუძნება საზოგადოებაში ჩამოყალიბებული უარყოფითი რწმენა წარმოდგენები ამა თუ იმ იდენტობის მქონე პირთა მიმართ.

სიძულვილის ენის გამოყენება

საზოგადოებაში და თავად მედიაპროფესიონალებს შორისაც არის დისკუსია, უნდა გაშუქდეს თუ არა სიძულვილის ენა და ამ ლექსიკით მოსაუბრე ჯგუფები. ცალსახა აკრძალვა არ შეიძლება არსებობდეს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც პირიქით, აუდიტორიაში დისკუსიას უნდა შეეწყოს ხელი. მაგალითად, არ შეიძლება უგულვებელყოთ და არ მიაწოდოთ ინფორმაცია საკუთარ აუდიტორიას, როდესაც ქალაქის ცენტრში ფაშისტური თუ ჰომოფობიური ჯგუფები ფართომასშტაბიან აქციას მართავენ ანდა პარლამენტის ტრიბუნიდან ხალხის მიერ არჩეული კანონმდებელი სიძულვილის ენას იყენებს. ამიტომაც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზანი აქვს გაშუქებას და როგორ, რა კუთხით და კონტექსტით წარმოჩინდება ესა თუ ის საკითხი. სიძულვილის ენის შემცველი ციტატის გამოყენება დასაშვებია, როცა გსურთ აჩვენოთ:

  • თანამდებობის პირი თუ საჯარო ფიგურა როგორ აღვივებს სიძულვილს და საუბრობს შეუსაბამო ტერმინოლოგიით;
  • რომელიმე საჯარო უწყებას აქვს დისკრიმინაციული მიდგომა. მაგ, განთავსებულია ასეთი ტიპის ტექსტი, გაფრთხილება;
  • საზოგადოების რომელიმე ჯგუფი აღვივებს სიძულვილს/
ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შესაძლოა, ბევრ სხვა თემასაც მოიცავდეს. მთავარია, ასეთი თემისადმი არსებობდეს საჯარო ინტერესი და შეგეძლოთ დასაბუთება, თუ რატომ არის აუცილებელი ამგვარი გამონათქვამის უცვლელად გამოქვეყნება.

სიძულვილის ენის შემცველი მასალის განთავსებისას:

  • ცხადად უნდა გამოკვეთოთ გაშუქების მიზანი. აჩვენეთ, რომ ემიჯნებით ამგვარ გამონათქვამებსა და პოზიციას. გამიჯვნა არ გულისხმობს მაინცდამაინც სიტყვიერად მითითებას “ვემიჯნებით რესპონდენტის მოსაზრებებს”. რესპონდენტის პოზიციის არგაზიარება შესაძლებელია სხვა ფორმით და სხვა ტექსტით გამოიხატოს.
  • როდესაც გადაწყვეტთ, რომ ამხილოთ რომელიმე საჯარო პირი ან უწყება მაგალითად, ჰომოფობიასა თუ სხვა ტიპის დისკრიმინაციაში, უმჯობესია, სათაურში მიუთითოთ “დეპუტატმა ჰომოფობიური გამოთქვამი გამოიყენა”. “მინისტრმა სექსისტური ეპითეტით მიმართა ოპონენტს”, “საკრებულომ დისკრიმინაციული შეზღუდვები დააწესა” და აშ. თუკი თქვენ მხოლოდ ციტატას გაიტანთ სათაურში და ტექსტში მიანიშნებთ, რომ ემიჯნებით ამგვარ გამონათქვამს, საზოგადოების ნაწილმა სტატია შეიძლება არც გახსნას. მხოლოდ სათაურის წაკითხვის შემდეგ კი ვერც მიხვდეს, რომ რედაქცია არ იზიარებს ამ გადაწყვეტილებას.

რესპონდენტების შერჩევა


  • ფრთხილად შეარჩიეთ რესპონდენტები. განსაკუთრებით იფიქრეთ, როდესაც ტრიბუნას უთმობთ იმ პირებს, ვინც ხშირად იყენებს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს, რატომ ვიწვევთ მათ? რა ინფორმაციის მიღებას ველოდებით მათგან? ვართ მზად, რომ ხელი არ შევუწყოთ პლატფორმით სიძულვილის ენის ტირაჟირებაში?
  • თემის გაშუქების კუთხე და რესპონდენტები ისე შეარჩიეთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოთ ფუნდამენტური უფლებები. მაგალითად, არ დასვათ კითხვა “უნდა ჰქონდეთ თუ არა გამოხატვის თავისუფლება ლგბტქ პირებს?” “უნდა შეეძლოთ თუ არა საკუთრების შეძენა ეთნიკურად არაქართველებს?” გახსოვდეთ, რომ ადამიანები თანასწორნი არიან მიუხედავად განმასხვავებელი იდენტობისა თუ ნიშნებისა. ამიტომაც ისეთი რესპონდენტების მოწვევა, რომლებიც ამ ჯგუფთა უფლებების შელახვას ითხოვენ და თან ამასთან სიძულვილის ენით საუბრობენ, ვერ გამართლდება ბალანსის დაცვის არგუმენტაციით. ასეთ შემთხვევაში ბალანსის დაცვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ხელს უწყობს ამ ჯგუფთა მიმართ უარყოფითი განწყობების გაძლიერებას.
  • როდესაც ეთერში იწვევთ ისეთ პირებს, რომლებიც მოსალოდნელია, რომ სიძულვილის ენას გამოიყენებენ, მოემზადეთ სათანადო ოპონირებისთვის. იფიქრეთ, როგორ შეაჩერებთ მათ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, რა ფორმით აუხსნით აუდიტორიას, რომ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება სხვადასხვა ჯგუფის მიმართ?
  • მოსალოდნელია, რომ რესპონდენტები, რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ, საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად სხვადასხვა ფაქტებს მოიტანენ, რომელთა გადამოწმების საშუალება იმ დროს შესაძლოა არ გქონდეთ. ამიტომ ეცადეთ, გადახედოთ მათ სხვა გამოსვლებს, ნახოთ რა არგუმენტები აქვთ, მოემზადოთ კონტრკითხვებით და ამასთან არ მისცეთ თემიდან გადახვევის შესაძლებლობა. 

რესპონდენტების კომენტარი

  • ჟურნალისტის პასუხისმგებლობაა მათ შორის ისიც, როგორ არჩევს რესპონდენტს და რა მონაკვეთს იყენებს მასალაში მისი კომენტარიდან. ამიტომაც მნიშვნელოვანია გაანალიზოთ, რა შედეგი მოყვება რესპონდენტის ნათქვამს და გამოიწვევს თუ არა ვინმეს დისკრიმინაციას.
  • ვიდრე გამონათქვამს გამოიყენებთ თქვენს მასალაში, იქამდე უნდა შეაფასოთ ვინ არის ავტორი, რა გავლენა აქვს მას, რა ტიპის ტრიბუნიდან კეთდება ეს განცხადება, როგორ იმოქმედებს მისი გამოსვლა ადრესატებზე, შეუწყობს თუ არა ხელს სტიგმების, სტერეოტიპების გაღრმავებას.
  • საჯარო ადგილებში ჩაწერილი პირადი საუბარის ანდა ე.წ. შუმის გამოქვეყნებისას ასევე მნიშვნელოვანია შეამოწმოთ ხომ არ ისმის სიძულვილის ენა და არ დაეხმაროთ მის გავრცლებას თქვენს აუდიტორიაში.
  • რესპონდენტის ნათქვამი უნდა რედაქტირდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეეწყოს სიძულვილის ენის ტირაჟირებას. გამონაკლისი შემთხვევაა თუ მასალის ფოკუსი თავად სიძულვილის ენის გამოყენებაა, მაგალითად, საჯარო პირის მიერ.

პირდაპირი ეთერი

პირდაპირ ეთერში მუშაობა დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც შესაძლოა სიძულვილის ენა მოულოდნელად გამოიყენოს რესპონდენტმა და შესაბამისად მისი რედაქტირებაც ვერ მოხდება. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტმა:
  • უნდა მოუწოდოს რესპონდენტს თავი შეიკავოს დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი ტერმინების გამოყენებისგან.
  • აღნიშნოს, რომ რედაქციისთვის მიუღებელია დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა რომელიმე ჯგუფის მიმართ და ემიჯნება რესპონდენტის მოსაზრებებს.
  • თუ კვლავაც გააგრძელებს რესპონდენტი ამგვარი გამოთქმების გამოყენებას, უმჯობესია შეწყვიტოთ მასთან საუბარი. 
განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა მედია Facebook Live-ის ფუნქციის დამატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელია ყველა ძალადობრივი აქცია უცვლელად შეუზღუდავი ქრონომეტრაჟით გადაიცეს სოციალური ქსელის მეშვეობით.. ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტმა ამბავი იმავე წესებით უნდა გააშუქოს, როგორც ეს ტელემედიის მიერ გადაცემული პირდაპირი ეთერის დროს ხდება:

  • არ მისცეთ რესპონდენტებს საშუალება სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის უცვლელად ტირაჟირების. ამისათვის აუცილებელია, კადრში ისმოდეს ჟურნალისტის კომენტარი, რომელიც ახსნის თუ რა ტიპის აქცია იმართება. მაყურებელს მიაწვდის ინფორმაციას აქციის ლიდერების შესახებ.
  • ჟურნალისტმა ამბავი უნდა აღწეროს იმგვარად, რომ ჩანდეს რომ რედაქციისთვის მიუღებელია სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია.
  • თუ ტექნიკიურად შესაძლებელია, ჩაწერეთ დისკრიმინაციული მოთხოვნების მქონე პირთა მოწინააღმდეგეთა კომენტარები და პირდაპირი ეთერის დროს აჩევენეთ მათი კონტრარგუმენტები, მოსაზრებები, თუ რატომ არ შეიძლება სიძულვილის ენით საუბარი თუ ზოგადად დისკრიმინაცია. ამით თქვენ დააბალანსებთ თქვენს ეთერს.
  • ფრთხილად იყავით დისკრიმინაციული მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეთა აღწერისას. ეცადეთ გამოიყენოთ ისეთი ეპითეტები, რომლებიც დაფუძნებულია ფაქტებზე და ადვილად შეძლებთ მის დასაბუთებას. მაგალითად, თუკი აქციაზე ისმის სიძულვილის ენა ლგბტქ თემის მიმართ, შეგიძლიათ დემონსტრანტები მოიხსენიოთ ჰომოფობებად. თუ სხვა ერის დისკრიმინაციას ითხოვენ, ქსენოფობიურ აქციად შეგიძლიათ შეაფასოთ. მთავარია აუდიტორიისთვის ნათელი იყოს რატომ არიან ისინი ჰომოფობები, ქსენოფობები, ფაშისტები თუ ულტრანაციონალისტები. 

სოციალური მედია და კომენტარები

ხშირად არის შემთხვევა, როდესაც სენსიტიური საკითხის გაშუქებისას როგორც ვებსაიტზე, ასევე სოციალური მედიის გვერდებზე იწერება სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები. რეალურ მომხმარებლებთან ერთად აქტიურობენ ტროლები და ბოტები, რამაც ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა მედია.

ქარტიის პრაქტიკით, მედიასაშუალება არის პასუხისმგებელი მის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ყველა მასალასა და კომენტარზე. თუმცა, მედიასაშუალებების უმრავლესობას არ აქვს რესურსი, რომ ცალკე პირი გამოყოს კომენტარების კონტროლისა და მოდერაციისთვის, რაც, ცხადია, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, როდესაც ფასდება მედიის ძალისხმევა სიძულვილის ენასთან ხელშეშლაში. მნიშვნელოვანია, მედიამ გამოიყენოს ყველა რესურსი, რომ საკუთარი პლატფორმა ამგვარი გამოხატვის ტირაჟირებისთვის არ იყოს გამოყენებული. ამისათვის:

  • ეცადეთ ვებსაიტს ჰქონდეს კომენტარების მოდერაციის შესაძლებლობა, შეგეძლოთ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების წაშლა ანდა კომენტარის წერის ფუნქციის შეზღუდვა.
  • თუკი აქვეყნებთ ისეთ სტატიას, რომლის ქვემოთაც მოსალოდნელია სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების გაჩენა, ანდა ამჩნევთ, რომ თქვენი კომენტარების ველი გამოყენებულია სიძულვილის ენის ტირაჟირებისთვის და ამასთან, არ გაქვთ მისი მოდერაციის რესურსი, სჯობს გამორთოთ კომენტარების წერის ფუნქცია. ამგვარი ქმედება არ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად, ვინაიდან სიძულვილის ენა არ არის დაცული იმავე სტანდარტით, რითიც გამოხატვის სხვა ფორმები. კომენტარების ველს მიუთითეთ რომ დისკრიმინაციული, სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები წაიშლება ადმინისტრაციის მიერ. ამით წინასწარ ეუბნებით მკითხველს რომ ამგვარი გამოხატვა მიუღებელია და მათ არ გაუჩნდებათ კითხვა, თუ რატომ წაიშალა მათი მოსაზრება. ისინი იმყოფებიან თქვენს პლატფორმაზე და ვალდებულნი არიან დაიცვან თქვენ მიერ შეთავაზებული წესები. 
გაცილებით რთული შემთხვევაა სოციალურ ქსელში კომენტარების მოდერაცია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტროლები ანდა ბოტები აქტიურობენ. ასეთ დროს სანამ თითოეულის მოდერაციას შეძლებთ, კარგი იქნება, მიუთითოთ კონკრეტული სიტყვები, რომელთა გამოყენებასაც თქვენს გვერდზე შეზღუდავთ. ამით აირიდებთ ყველაზე უხეშ დისკრიმინაციულ გამონათქვამს, დანარჩენი კომენტარებს კი მოგვიანებით შეგიძლიათ გადახედოთ.


ვიზუალური მხარე


  • ვიდეოები, ფოტოები, მონაცემები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ამბის თხრობისთვის. თუმცა, ცალკე აღებული, კონტექსტის გარეშე მიწოდებული ასეთი ინფორმაცია ინტერპრეტაციის და მანიპულაციის საგანი შეიძლება გახდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიზუალური მასალა სრულად გადმოსცემდეს ამბავს და არ აჩვენებდეს მხოლოდ ერთ მხარეს.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მონაცემებს. მხოლოდ ციფრები, განმარტების გარეშე, უმეტეს შემთხვევაში არასწორ აღქმებს იწვევს საზოგადოებაში.

კითხვები, რომელიც ჟურნალისტმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს:

  • არსებობს თუ არა ახალი ამბის მიმართ საჯარო ინტერესი?
  • ვინ იყენებს სიძულვილის ენას და რა განზრახვა აქვს მას? რესპონდენტის გამონათქვამი ეყრდნობა ფაქტებს?
  • აქვს თუ არა საკუთარი გამონათქვამების დამდასტურებელი მტკიცებულებები?
  • გაშუქებით ავირიდეთ თუ არა თავიდან სტერეოტიპების და სტიგმების გამყარება? დავსვით თუ არა ყველა რელევანტური კითხვა?
  • არის თუ არა რესპონდენტთა მრავალფეროვნება და საუბრობენ თუ არა თავად შესაბამისი ჯგუფის წარმომადგენლები?
  • შევარჩიეთ თუ არა სწორი ენა ამბის თხრობისთვის?
  • გაშუქება შეესაბამება თუ არა აღიარებულ ეთიკურ სტანდარტებს?
გამოყენებული მასალები:

  • DW Akademie - Reporting hate speech – practical tips for journalists
  • Ethical Journalism Network - Hate speech A 5 point test for journalists
  • #MediaAgainstHate - Guidelines for countering online hate speech
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
წინამდებარე სახელმძღვანელო მომზადდა საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მიერ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან პარტნიორობით, „ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, გლობალური ჩართულობის ცენტრის (GEC) ძალისხმევით. პროექტი საქართველოში ხორციელდება PH International- ის საქართველოს ოფისის და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) პარტნიორობით.

სახელმძღვანელო სამ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილში, ყურადღება გამახვილებულია ცნებების თეორიულ თავისებურებებზე, მათ შორის ისეთ ტერმინებზე როგორიცაა ტერორიზმი, რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი და ა.შ. ეს ცნებები არ არის ნეიტრალური ღირებულების მქონე სიტყვები, მათი გამოყენებისას, როგორც წესი, გარკვეული შინაარსით ვტვირთავთ კონკრეტულ მოვლენებსა თუ ინდივიდებს. ამიტომაც ყოველთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აღნიშნულ ტერმინები სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. გარდა ამისა, სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს მედიისა და ტერორიზმის, ისევე როგორც მედიისა და ნეონაცისტური ჯგუფების ურთიერთმიმართებაზე თეორიულ დონეზე, მიმოიხილავს ამ თემებზე არსებულ ლიტერატურას და მოკლედ მოგაწვდით ინფორმაციას ქართულ კონტექსტზე როგორც ტერორიზმთან, ისე რადიკალიზებული მემარჯვენე ჯგუფებთან დაკავშირებით.

სახელმძღვანელოს მეორე ნაწილს პრაქტიკული დანიშნულება აქვს და მასში შემავალი თითოეული ქვეთავი სამი ნაწილისაგან შედგება: ძალადობრივ რადიკალიზაციასთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას, არსებული საერთაშორისო რეკომენდაციების მიმოხილვა, თემის გაშუქების კონკრეტული მაგალითი მედიიდან და შეკითხვები მსჯელობისათვის.

სახელმძღვანელოს ბოლოს, მოცემულია მოკლე განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც თავს უყრის იმ სიტყვებს, რაც შესაძლოა, ყველაზე ხშირად გამოიყენებოდეს ტერორიზმთან თუ ნეონაცისტური ჯგუფების გაშუქებასთან კავშირში და რომლებსაც შესაძლოა, შინაარსობრივი ბუნდოვანება ახასიათებდეთ.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
XXI საუკუნეში 14-18 წლის ახალგაზრდები ინფორმაციას იმ მოცულობითა და სიხშირით იღებენ, რაც წლების წინ წარმოუდგენელიც კი იყო. სწორედ ეს ინფორმაცია აყალიბებს მათ რწმენებს, მოსაზრებებს, ცოდნას და განსაზღვრავს ქცევას საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, მოზარდებს შეეძლოთ მიღებული ინფორმაციის შეფასება და კრიტიკული გააზრება.

საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დგას - მოახერხოს ორიენტირება და სანდო ინფორმაციის ამორჩევა. განსაკუთრებით საქართველოში, სადაც როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანში, წლების მანძილზე აუდიტორია მხოლოდ ერთი ან რამდენიმე არხიდან იღებდა ინფორმაციას. ინტერნეტის განვითარებასთან ერთად კი ინფორმაცია მრავალი წყაროდან თავად მიდის მომხმარებლამდე, რაც ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს მას - განივითაროს ინფორმაციის სელექციის უნარჩვევა. ქვეყანაში სულ უფრო აქტუალური ხდება მედიაწიგნიერების საკითხი, რადგან სწორედ მედიაწიგნიერი და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება ვერ გახდება დეზინფორმაციის მსხვერპლი.

წინამდებარე მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო არაფორმალური განათლების გზით დაეხმარება ახალგაზრდებს აიმაღლონ ცოდნის დონე მასობრივი კომუნიკაციის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ, გააძლიერებს მათ უნარს კრიტიკულად გაანალიზონ, თუ რა კავშირი არსებობს მედიას, აუდიტორიასა და ინფორმაციას შორის. მედიის პრობლემა ისაა, რომ მას შეუძლია წაახალისოს სექსიზმი, რადიკალიზმი, ეთნოცენტრიზმი, ჰომოფობია და სხვა ტიპის ცრურწმენები, ხელი შეუწყოს დეზინფორმაციას, პრობლემურ იდეოლოგიებს და საკამათო ღირებულებებს.

სახელმძღვანელო იუნისეფის კოსოვოს ოფისის მიერ განხორციელებული პროგრამის PONDER-ის ადაპტირებული ვერსიაა

ჩამოტვირთეთ სახელმძღვანელო
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე პრინციპის თანახმად, სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან. ამ პრინციპის მთავარი მიზანია, მედიასაშუალებამ არ შეიყვანოს აუდიტორია შეცდომაში - არ მიაწოდოს ინფორმაცია ისე, თითქოს ის გადამოწმებული და დაზუსტებულია მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მედიასაშუალება პასუხისმგებელია ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მისი რომელიმე პლატფორმით ვრცელდება. შესაბამისად, თუკი სარეკლამო მასალა გამოქვეყნდება შესაბამისი აღნიშვნის გარეშე ისე, როგორც სარედაქციო მასალა, რედაქცია პასუხისმგებელი იქნება მის შინაარსზე. მედია ანგარიშვალდებულია აუდიტორიასთან და პატივს უნდა სცემდეს მის უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და არა შეცდომაში შემყვანი, გადაუმოწმებელი სარეკლამო მასალა.

როგორც წესი სარეკლამო დრო და ადგილი ყველა ტიპის მედიასაშუალებას გამოყოფილი აქვს - ბანერები, სარეკლამო რგოლები ფორმით და შინაარსით მკვეთრად განსხვავდება ჟურნალისტური პროდუქტისგან, შესაბამისად, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ვინმე მას სარედაქციო მასალად აღიქვამს. მათგან განსხვავებით პრობლემურია მასალები, რომლებიც ფორმის თვალსაზრისით არ განსხვავდება ჟურნალისტური პროდუქტისგან. მაგალითად, აქვს სტატიის ფორმა, მომზადებულია სიუჟეტი და ა.შ. ასეთ დროს ძალიან ადვილია დაიჯეროს აუდიტორიამ, რომ შესაბამისი აღნიშვნის გარეშე მიწოდებული ინფორმაცია არის რედაქციის მიერ გადამოწმებული, მაგალითად, პროდუქტი მართლაც საუკეთესოა.

ამიტომაც მნიშვნელოვანია ნაცვლად დამაბნეველი სიმბოლოებისა, ცხადად იყოს მითითებული, რომ მასალა არის რეკლამა.

ძირითადი წესები:

  • მედიაორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა კომერციული გავლენისგან. გავლენაში იგულისხმება დამკვეთის სურვილის შესაბამისად, ეთერში გასვლის, გამოქვეყნების დროის, იდეის, მასალის სიუჟეტის, რესპონდენტების, წამყვანის ქცევის, გადაღების კუთხის, ადგილის თუ სხვა არსებითი დეტალების ცვლილება.
  • აუდიტორიისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ იღებს კომერციული შინაარსის ინფორმაციას.
  • საფასურის სანაცვლოდ მომზადებული და გამოქვეყნებული მასალა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო მასალისგან. უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღნიშვნა ისეთ ადგილას და ისეთი ფორმით, რომ ადვილი იყოს მისი შემჩნევა.
  • ნებისმიერი მასალა შესაბამისი აღნიშვნის გარეშე განხილული უნდა იყოს როგორც რედაქციის პასუხისმგებლობით მომზადებული პროდუქტი.
  • რედაქციას უნდა ჰქონდეს შემუშავებული სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნის პოლიტიკა, რის შესაბამისადაც უნდა გააფორმოს ხელშეკრულება სარეკლამო დამკვეთთან, მომსახურების შემსყიდველთან. ამასთან მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული სარეკლამო და სარედაქციო განყოფილება.
  • სარეკლამო შეთანხმებისას კომერციული შინაარსის მასალის განთავსებისას გამორიცხული უნდა იყოს კომპანიის ან პროდუქტის რაიმე ფორმით შემდგომი სარედაქციო მხარდაჭერა.

დაფინანსებული მასალა


გავრცელებული პრაქტიკაა დამკვეთის მიერ სტატიის ფორმით მომზადებული მასალების საფასურის სანაცვლოდ გამოქვეყნება, რამაც არასათანადო მითითების გამო მკითხველი შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს.

  • ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალებს მკითხველისთვის ადვილად შესამჩნევ ადგილას კარგად აღქმადი ზომით უნდა ჰქონდეს მკაფიო და ცხადი მინაწერი დაფინანსების შესახებ. წარწერები - „პარტნიორის კონტენტი“, NS, R, „მეგობრის მასალა“ და ა.შ მკითხველისთვის დამაბნეველია. უმჯობესია თუ გამოიყენებთ წარწერას „რეკლამა“/“სარეკლამო სტატია“, „სარეკლამო გვერდი“. არ არის კარგი პრაქტიკა, როდესაც გაზეთის ბოლო გვერდზე ანდა საიტზე მითითებულია, რომ რომელიღაც გვერდი/რუბრიკა არის დაფინანსებული. ამგვარი წარწერა თავად სტატიას უნდა ახლდეს. 
  • რედაქცია მიმართული უნდა იყოს გამჭვირვალობისკენ. თუ საფასურის სანაცვლოდ მომზადებული მასალიდან შეუძლებელია განმთავსებლის იდენტიფიცირება, კარგი იქნება, რედაქციამ მიუთითოს დამკვეთიც.
  • იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთის მიერ მოწოდებული მასალა შეიცავს კონკრეტულ ბრალდებებს რომელიმე პირის მიმართ, ანდა ცალსახაა, რომ მიზნად ისახავს მის დისკრედიტაციას, მის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილება რედაქციამ უნდა მიიღოს საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად. 
  • მაუწყებლების შემთხვევაში არამხოლოდ არაეთიკური, არამედ არაკანონიერია ახალი ამბების გადაცემაში რაიმე პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირება. საერთაშორისო მედიის ნაწილს ამგვარი შეზღუდვა აქვს ისეთ გადაცემებშიც, რომელიც ბიზნესის, ეკონომიკის შესახებ ახალ ამბებს აწვდის აუდიტორიას.
  • გადაცემებში, რომელიც არ მიეკუთვნება ახალ ამბებს, სარეკლამო მასალის, სიუჟეტების განთავსებისას, საეთერო დროის გაყიდვისას, მაუწყებელმა აუდიტორიას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასალა დაფინანსებულია. ამისთვის შესაძლოა, გამოყენებული იყოს ტიტრი.

პროდუქტის განთავსება


პროდუქტის განთავსება (product placement) გულისხმობს რეკლამირების მიზნით გადაცემაში პროდუქტის ნებისმიერი ფორმით ინტეგრირებას. მაგალითად, ბანერის განთავსება, ბრენდირებული ნივთების გამოყენება და აშ.

  • კანონმდებლობით, პროდუქტის განთავსება დაშვებულია მხოლოდ მხატვრულ ფილმში, ტელეფილმში, სერიალში, ფილმის (გარდა დოკუმენტური ფილმისა) სერიაში, სპორტულ პროგრამასა და გასართობ გადაცემაში (გარდა საბავშვო პროგრამისა); ლატარიებში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის გარეშე, საქონლის/მომსახურების პრიზის სახით უფასოდ მიწოდებისას. 
  • ასეთ გადაცემებში პროდუქტი შესაძლებელია იყოს განთავსებული, თუმცა შესაბამისი წესებით - დაუშვებელია ამ პროდუქტის, მისი დადებითი მხარეების შესახებ საუბარი და მოწოდება შეძენისკენ. არ უნდა მიეთითოს კონკრეტული მისამართი, პროდუქტის ფასი, ფასდაკლების პროცენტი, სლოგანი ანდა სხვა დეტალები, რაც რეკლამის ნაწილია.
  • აკრძალულია პროგრამაში იმ მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების განთავსება, რომლებიც რეცეპტით გაიცემა.
  • დაუშვებელია პროდუქტის განთავსებისას გადაცემის წამყვანმა საკუთარი გამოცდილების მოშველიებით დაარწმუნოს მაყურებელი პროდუქტის ყიდვაში. მაგალითად, „მე ერთი თვის განმავლობაში გამოვიყენე ეს შამპუნი და შედეგით აღფრთოვანებული ვარ“, „გირჩევთ, შეიძინოთ ეს წვენი. ჩემი შვილი დილას ამით იწყებს. სრულიად ნატურალური პროდუქტია“.
  • წამყვანის მიერ დადებითი შეფასება და ყიდვისკენ მოწოდება განსაკუთრებით მიუღებელი და არაეთიკურია, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას. მედიკამენტებთან, თავის მოვლის საშუალებებთან, დიეტასთან და ამგვარ საკითხებთან დაკავშირებული პროდუქტის გამოყენებაში წამყვანის მხრიდან მაყურებლის დარწმუნებამ შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიწვიოს.

სპონსორობა


სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით. სპონსორობა მკვეთრად გამიჯნული უნდა იყოს რეკლამისგან, რადგან ის პირდაპირ აფინანსებს კონკრეტულ მედიაპროდუქტს.

  • პროდუქტის განთავსების მსგავსად დაუშვებელია სპონსორის მიერ რაიმე სახის გავლენა დაფინანსებული პროგრამის შინაარსზე. 
  • აკრძალულია საინფორმაციო - პოლიტიკური გადაცემის სპონსორობა. აგრეთვე, იმ პროგრამების, რომლებიც უკავშირდება მომხმარებელთა უფლებებს, საარჩევნო კამპანიას.
  • აუდიტორიისთვის ნათელი უნდა იყოს სპონსორის ვინაობა სახელის, სასაქონლო ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის საშუალებით, პროგრამის დასაწყისში, მიმდინარეობისას ან/და დასასრულს.
  • სპონსორობისას დაუშვებელია პროდუქტის თუ მომსახურების შეძენის მოწოდება.
  • გადაცემები, რუბრიკები, რომლებიც მიზნად ისახავენ სხვადასხვა კომპანიის, პროდუქტის მიმოხილვების, რეცენზიების მომზადებას, არ უნდა დასპონსორდეს ისეთი კომპანიების მიერ, რომლებიც შესაძლოა, ამავე გადაცემის ფოკუსში მოხვდეს.

ჟურნალისტების მონაწილეობა რეკლამაში


  • მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად დაუშვებელია ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.
  • იგივე სტანდარტი ვრცელდება როგორც სამაუწყებლო, ასევე სხვა მედიუმის საშუალებით გავრცელებულ რეკლამაში მონაწილეობაზე.

დამატებით იხილეთ: ჟურნალისტის ინტერესთა კონფლიქტი

გამოყენებული მასალები:
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოსცა ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელო წესების კრებულის მეორე ნაწილი, სადაც შესულია ქარტიის მიერ 2017-2018 წლემში მომზადებული რეკომენდაციები. კრებული მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს ისეთი საკითხების გაშუქებისთვის, როგორიცაა:
  • პირადი ცხოვრება
  • ფსიქიკური ჯანმრთელობა
  • სასამართლო პროცესები
  • არჩევნები
  • გენდერული საკითხები
  • ბუნებრივი კატაკლიზმები
  • ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები
  • შესწორების სტანდარტი მედიაში

ჩამოტვირთეთ კრებული

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

მიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა, ქარიშხალი - ამგვარი ბუნებრივი კატაკლიზმების გაშუქება მედიას ხშირად უწევს. ინფორმირებულობის მნიშვნელობა ასეთ დროს იზრდება, მოქალაქეები განახლებულ ცნობებს ელიან. მედიის მიერ გავრცელებულ ზუსტ ცნობებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით მოვლენის პირველ ეტაპზე. ამ თემებზე მუშაობისას ჟურნალისტს ინფორმაციის გადაცემასთან ერთად, საკუთარი უსაფრთხოებაზე ზრუნვაც უწევს. რედაქცია დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პროფესიონალიზმთან ერთად ჟურნალისტს აქვს ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობა გააშუქოს ბუნებრივი კატაკლიზმები.

რეკომენდაციები რედაქციას:

  • უმჯობესია შემუშავებული ჰქონდეს სპეციალური პროტოკოლი ველზე მომუშავე და ოფისში დარჩენილი ჟურნალისტებისთვის.
  • უნდა მოახერხოს ჟურნალისტის აღჭურვა შესაბამისი ტანსაცმლით და უსაფრთხოების ტექნიკით, ბუნებრივი კატაკლიზმების ტიპის მიხედვით.
  • მოაგვაროს ტრანსპორტირების, კვების და სხვა ტექნიკური საკითხები. მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ევაკუაციის გეგმა, მათ შორის ის თუ რა ტრანსპორტით ტოვებს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილს.
  • მნიშვნელოვანია რედაქციას ჰქონდეს ინფორმაცია სხვა მედიასაშუალებების შესახებ, რომლებიც კატასტროფის ზონაში იმყოფებიან, რათა საკუთარ გადამღებ ჯგუფთან კომუნიკაციის შეფერხების ან დაკარგვის შემთხვევაში საშუალება ჰქონდეს მიიღოს მათ შესახებ ინფორმაცია.

ადგილზე მისვლამდე ჟურნალისტი უნდა შეეცადოს:

  • მოიძიოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მომხდარის შესახებ. ამისთვის შესაძლოა დაიხმაროს ადგილობრივი ჟურნალისტები.
  • შეაგროვოს კონტაქტების ბაზა პასუხისმგებელი უწყებების, ექსპერტების, დაინტერესებული პირებისა და ადგილობრივების, ვისაც შეიძლება დამატებითი ინფორმაცია ჰქონდეს.
  • თან ჰქონდეს ყველა იმ პირის საკონტაქტო ინფორმაცია, ვისი დახმარებაც შეიძლება თავად დასჭირდეს.
  • განსაზღვროს, როგორც სამუშაო ადგილი, ასევე ღამის გასათევი ლოკაცია თუ მოვლენების ეპიცენტრში ხანგრძლივად მოუწევს დარჩენა.
  • შეისწავლოს შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. აუცილებელია თან იქონიოს ამობეჭდილი რუკა, ასევე რუკის აპლიკაცია, რომელიც ინტერნეტის გარეშეც მუშაობს და მონიშნულია როგორც ეპიცენტრი, ასევე საავადმყოფოები, თავშესაფრები და სხვა გადაუდებელი დახმარების პოტენციური წერტილები. თან ჰქონდეს პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები.
  • შეამოწმოს კვების ბლოკები, დამტენები, გადამყვანები, მეხსიერების ბარათები, ყველა აქსესუარი, რაც შეიძლება მუშაობისას დასჭირდეს. უმჯობესია თან ჰქონდეს რამდენიმე მობილური კომპანიის სიმ ბარათი იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ქსელს პრობლემა ექნება.
  • მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული თუ ვის უნდა ეკონტაქტოს ჟურნალისტი, როგორია სუბორდინაცია, ვისი მითითებები უნდა შეასრულოს.
  • თუ შემთხვევის ადგილზე მყოფი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ წერტილზე მისვლა სახიფათოა, მაშინ რედაქტორის მოთხოვნის მიუხედავად, მას შეუძლია დატოვოს სამუშაო ლოკაცია, დაასაბუთოს საკუთარი გააწყვეტილება და საქმის კურსში ჩააყენოს რედაქცია. ჟურნალისტის უსაფრთხოების დაცვა უპირველესი ამოცანაა.
ტექნიკური დეტალები
ჩაცმულობა
  • გადაამოწმეთ ამინდის პროგნოზი და შეარჩიეთ მოხერხებული ტანსაცმელი
  • ფეხსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, დახურული. წყალდიდობის დროს წყალგაუმტარი, მსუბუქი და მაღალყელიანი.
  • შარვალი და ზედა უმჯობესია ღია, ნეიტრალური ფერის (არ შეიძლება ხაკი, ანდა სამხედრო ფორმას მიმსგავსებული შეფერილობის). შარვალი არ უნდა იყოს ჯინსის, რადგან დასველებისას მძიმდება და მოუხერხებელია.
  • თან იქოინეთ საწვიმარი;
  • წაიღეთ სამედიცინო ნიღაბი, ანდა ყელსახვევი, შარფი, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოთ კვამლის, მტვრის, გაზისგან დასაცავად.
  • არ არის რეკომენდირებული ძვირადღირებული აქსესუარების (საათი, სამკაული) თან ქონა.
საცხოვრებელი ადგილი
  • ღამის გასათევი ადგილის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ უსაფრთხოებას. სიტუაციის მიხედვით, ასეთი ადგილი ზოგ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ცნობილი (ბრენდული) სასტუმრო, ანდა კერძო სახლი.
  • უმჯობესია თუკი საცხოვრებელი ადგილი არ იქნება მოწყვეტილი ცივილიზაციას, არ იქნება განთავსებული განცალკევებით, ანდა ისეთ ქუჩაზე, სადაც ჩიხია და არ არსებობს გასასვლელი ორივე მხარეს.
  • ადგილის შერჩევის შემდეგ კარგად შეისწავლეთ ყველა გასასვლელი შენობიდან.
  • იარეთ იმ გზებით, რომლითაც სხვებიც სარგებლობენ. ერიდეთ გაუკვალავი ბილიკებით მარტო სიარულს. გადაადგილების შესახებ რედაქციას პროაქტიულად აცნობეთ.
სამუშაო ადგილი
  • არ გაჩერდეთ ხეებთან ახლოს, რადგანაც ქარიშხლის თუ ხანძრის დროს არსებობს ტოტებისა და ხის, ასევე მეხის დაცემის რისკი.
  • მოერიდეთ წყლით დაფარულ ადგილებს, სადაც ასევე შეიძლება ელექტრო კაბელები გადიოდეს. თავი აარიდეთ ფეხსაცმლის გარეშე სიარულს.
  • ხანძრის დროს მანქანაში უნდა იყოს აწეული ფანჯრები, მანქანის კარი - ჩაურაზავი, ვენტილაცია - გამორთული. უნდა აკონტროლოთ ქარის მიმართულება, ხანძრის კერებთან მიახლოვებას ერიდეთ.

შინაარსობრივი მხარე

გაშუქების ტონი
  • ბუნებრივი კატაკლიზმებისას იმატებს ჭორები, გამოგონილი ამბები და სპეკულაცია. ამიტომაც, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გადამოწმებული ინფორმაცია. არაზუსტმა ცნობებმა შეიძლება დააბნიოს და საფრთხე შეუქმნას სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს.
  • ჟურნალისტის გამოწვევაა, რომ ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად არ დათესოს პანიკა და უსაფუძვლო შიში მოსახლეობაში. გაშუქების ტონი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მშვიდი.
  • ბუნებრივი კატაკლიზმებისას ჟურნალისტებს ზოგჯერ უჭირთ აქტივიზმსა და პროფესიულ მოვალეობას შორის ზღვარის გავლება. მნიშვნელოვანია საკუთარი როლი მკაფიოდ გქონდეთ გააზრებული. ბალანსის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულების ფიზიკური დახმარების მცდელობისას. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ჰუმანიტარული დახმარების მისიაში არ იმყოფებით.
  • რედაქციამ კარგად უნდა განსაზღვროს როდის გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, როგორ და რა ფორმით აშუქებს მოვლენას სხვადასხვა პლატფორმაზე - სოციალურ ქსელში, ოფიციალურ ვებ-გვერდზე, დამხმარე ვებსაიტებზე და ა.შ.
  • საგანგებო რეჟიმში მუშაობის დროსაც შეეცადეთ მაქსიმალურად დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელოთ, რათა თავიდან აიცილოთ სპეკულაცია და პანიკა. თუ კი ჟურნალისტს უწევს დაუზუსტებელი ინფორმაცის გადაცემა, მან ამის შესახებ ცხადად და ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას.
  • განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მათ, ვინც აცხადებს, რომ თვითმხილველია. გამოჰკითხეთ დეტალები და დარწმუნდით, რომ მან ნამდვილად თავად ნახა ის, რის შესახებაც ჰყვება.
  • ბუნებრივი კატასტროფების დროს იზრდება ყალბი აუდიო-ვიზუალური მასალის გავრცელების რისკი, ამიტომაც გადაამოწმეთ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული მასალები, რედაქცია თავად უნდა დარწმუნდეს, რომ აუდიტორიისგან მიღებული მასალები სინამდვილეს ასახავს.
იხ. სოციალური მედიის გამოყენების სახელმძღვანელო წესები

ეცადეთ მოიძიოთ:
  • დეტალები, რომლის ცოდნა დაეხმარება მოსახლეობას;
  • ის რისკები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან;
  • უწყებები რომელთა პასუხისმგებლობაცაა მოქალაქეთა დახმარება, ინფორმირება, მომზადება და ა.შ.;
  • ზარალის რაოდენობა და სახელმწიფოს გეგმები/ღონისძიებები დაზარალებულთა დასახმარებლად;
დაზარალებულებთან ურთიერთობა
  • ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებულები გაუცნობიერებლად, წინასწარი გათვლის გარეშე ხვდებიან მედიის ყურადღების ცენტრში და მომეტებული საჯარო ინტერესის საგნად იქცევიან. ამ დროს მნიშვნელოვანია მედიამ პატივი სცეს მათ პირად ცხოვრებას და დაუსაბუთებლად არ შეიჭრას მათ პერსონალურ სივრცეში.
იხ. პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელო
  • ეცადეთ არ გამოაქვეყნოთ ისეთი ვიზუალური მასალა, რომელიც დაზარალებულს, კატასტროფაში მოყოლილ ადამიანს ღირსებას შეულახავს. დააკვირდით, რა ფორმით ჩანან ისინი თქვენს მასალაში. რედაქციამ უნდა დაიცვას ბალანსი საჯარო ინტერესსა და იმ მასალის გამოქვეყნებას შორის, სადაც ადამიანთა ტანჯვაა ასახული;
  • ინტერვიუს აღებისას გაითვალისწინეთ დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა. ნუ აიძულებთ იმ დეტალების გახსენებას, რაც მის ხელახალ ტრავმირებას იწვევს;
  • ნუ დარჩებით მათ კერძო საკუთრებაში, თუკი დატოვებას გთხოვენ;
  • არ აედევნოთ, თუკი გთხოვენ რომ არ გაჰყვეთ თან;
  • ნუ შეაწუხებთ დაზარალებულებს ხშირი ზარებით, შეტყობინებებით, სახლთან დალოდებით; ცხადად განუმარტეთ თუ რომელ მედისაშუალებას წარმოადგენთ;
  • დაკრძალვის გადაღებისას აუცილებელია თანხმობა. სხვა შემთხვევაში, რედაქციამ უნდა დაასაბუთოს, რომ დაკრძალვის გადასაღებად განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.
ვიზუალური მასალა
  • მძიმე კადრების გამოქვეყნების შემთხვევაში, (დასახიჩრებულთა, გარდაცვლილთა ხედები) როგორც სამაუწყებლო, ისე ონლაინ მედიამ წინასწარ უნდა გააფრთხილოს მკითხველი ამის შესახებ. პრესა უნდა მოერიდოს ამგვარი ფოტოების გამოქვეყნებას გამოცემის პირველ გვერდებსა და გარეკანზე;
  • დაუშვებელია კადრებით, ხმით მანიპულირება. ამბის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, ცალსახად უნდა იყოს მითითებული, რომ სცენა დადგმულია;
  • მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მძიმე კადრების პერმანენტულად განმეორებამ, ანდა განგრძობითად ჩვენებამ;
  • ბუნებრივი კატაკლიზმების განმეორებითი აღწერის დროს რედაქცია უნდა დაფიქრდეს, რამდენად ღირს მძიმე ვიზუალური მასალის ხელახალი გავრცელება, სადაც კონკრეტულ პირთა ტანჯვაა ასახული.იფიქრეთ გადარჩენილთა, მათ ახლობელთა რეტრავმვირებასა და ემოციურ მდგომარეობაზე.

გამოყენებული მასალა:

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ყველა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია. ამიტომაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპი ცალკე გამოყოფს მას - “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ფსიქიკური ჯანმრთელობა განიმარტება როგორც კეთილდღეობის მდგომარეობა, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად შრომა და წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თავის მხრივ ჯანმრთელობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია „ჯანმრთელობას“ შემდეგნაირად განსაზღვრავს - „სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა მხოლოდ ავადმყოფობის არარსებობა”.

ფსიქიკურ დაავადებებს შორისაა:
  • დეპრესია
  • შიზოფრენია
  • პოსტ ტრავმული აშლილობა
  • ბიპოლარული აშლილობა და სხვა

ფსიქიკური დაავადებების რიცხვი თითქმის ორმაგდება ომისა და კატასტროფების შემდეგ. საზოგადოებაში არსებული სტიგმა კი ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის მიიღონ ქვეყანაში არსებული სერვისები. სტიგმის გაძლიერებაში კი შესაძლებელია დიდი როლი ითამაშოს მედიის მიერ ამ თემის არასწორმა გაშუქებამ. ამიტომაც ჟურნალისტმა კარგად უნდა გააცნობიეროს რატომ ასახელებს პირის დიაგნოზს, რა დამატებით ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს არამხოლოდ მასალის გმირისთვის, არამედ ყველა იმ პირისთვის, ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

სტიგმა და სტერეოტიპები

  • არ გამოთქვათ ვარაუდი ადამიანის ფსიქიკური ავადმყოფობის შესახებ, თუკი ზუსტად არ იცით, რომ მას ამგვარი დიაგნოზი აქვს. დიაგნოზის არსებობის შემთხვევაშიც, ხაზგასმა პირის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ამ დეტალის მიმართ განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს.
  • დაუშვებელია დიაგნოზით სპეკულირება.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მრავალფეროვანია, მათ განსხვავებული ფორმები და სიმძიმე აქვთ. ამგვარ პრობლემად მიიჩნევა როგორც მაგალითად, ნევროზი, ან შფოთი, ისე შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა. შესაბამისად, დაუშვებელია ყველა ტიპის პრობლემის ერთ კონტექსტში განხილვა. როცა კი შესაძლებელია, დააზუსტეთ რა ტიპის დიაგნოზთან გაქვთ საქმე, შიზოფრენიასთან, დეპრესიასთან თუ სხვა რამესთან.
  • არ მოიხსენიოთ ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონედ, თუკი ეს დეტალი ჟურნალისტური პროდუქტის თემას ცხადად არ უკავშირდება და დამატებით ინფორმაციას არ აწვდის საზოგადოებას. მიუღებელია, ადამიანის მიერ სხვადასხვა ქმედების მტკიცებითი ფორმით დაკავშრება მის დიაგნოზთან, როდესაც დადასტურებული არ არის, რომ კონკრეტული ქმედება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული. მსგავსი მიდგომა საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე კონკრეტული პრობლემის მქონე დიაგნოზის მქონე ყველა პირი ამგვარად იქცევა.
  • განსაკუთრებით დაუშვებელია პირის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ხსენება კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოში საქმის წარმოებაზე რაიმე გავლენას იქონიებს პირის დადასტურებული დიაგნოზი ანდა ამ კონკრეტული დეტალის მიმართ საჯარო ინტერესი მკაფიო და მაღალია. საჯარო ინტერესი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა იყოს დასაბუთებული.
  • თუკი მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ პირის დიაგნოზი ამბის მნიშვნელოვანი დეტალია, მისი გამჟღავნების დროს უმჯობესია დაასახელოთ წყარო. ვინ ამბობს ამას -
    • ექიმი ადასტურებს?
    • სასამართლოს მოთხოვნით დადგინდა?
    • მეზობლები, ახლობლები ამბობენ?
    • ასეთ დროს რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს მათი ინფორმაცია?
  • კრიმინალური ამბების გაშუქებისას ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად წარმოჩენას. კვლევები ცხადყოფს, რომ მოძალადეთა და მძიმე დანაშაულების ჩამდენთა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის დიაგნოზის მქონე ადამიანების სრული უმეტესობა მოძალადე არ არის და არც კანონთან ჰქონიათ პრობლემები.
  • მედიამ ძალადობის, კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედებების გაშუქებისას თავი უნდა აარიდოს ჟურნალისტურ პროდუქტში მოწმეთა, თვითმხილველთა ან მეზობელ-ახლობელთა იმგვარი კომენტარების გამოყენებას, სადაც წყარო ხაზს უსვამს ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას და ჩადენილ ქმედებას მას უკავშირებს.
  • როდესაც ასახელებთ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, აუცილებელია დააზუსტოთ დიაგნოზის დასმის დრო და ამჟამინდელი მდგომარეობა. შესაძლოა, ადამიანს ოდესღაც ჰქონდა დიაგნოზი, მაგრად დღეს მისგან თავისუფალია.
  • მოერიდეთ კონკრეტული სიმპტომების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებას. მაგალითად, მოწყენილობა, გაბრაზება, მარტო ყოფნის სურვილი - ეს ნორმალური ემოციებია როგორც დიაგნოზის მქონე პირებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონიათ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანის მონაწილეობა ჟურნალისტურ პროდუქტში

  • მიეცით საშუალება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს, თავადვე ისაუბრონ როგორც საკუთარ დიაგნოზზე, ისე სხვადასხვა მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ თუ სხვა თემებზე. როგორც ზემოთ აღინიშნა ფსიქიკური დაავადებები სხვადასხვა სიმძიმისაა და არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი პრობლემის მქონე ყველა ადამიანს არ შეუძლია გაცნობიერებულად გამოთქვას აზრი რომელიმე საკითხზე. ამიტომაც არ მოახდინოთ მისი დისკრიმინაცია, არ შეუზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება მისი დიაგნოზის გამო, მაგრამ დარწმუნდით რესპონდენტი ინტერვიუზე გააზრებულად დაგთანხმდათ.
  • ადამიანი, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოზის მქონეც გააშუქეთ ისე, რომ არ გახადოთ ბულინგისა და დაცინვის ობიექტი. რას უნდა მოიცავდეს გაშუქება
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალისტურ მასალებში მიაწოდეთ აუდიტორიას ინფორმაცია, რომ განკურნება შესაძლებელია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანური ისტორიები, განსაკუთრებით, იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეექმნათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ დაძლიეს.
  • აჩვენეთ, რომ დიაგნოზი არ ნიშნავს დასასრულს. თუმცა ამავე დროს ყურადღებით იყავით, პოზიტიურად წარმოჩენის ზედმეტმა მონდომებამ პირიქით, მათი სტიგმატიზება არ გამოიწვიოს.
  • მედიამ აუდიტორია უნდა მიაწოდოს შემდეგი ტიპის ინფორმაცია: 
    • რა ტიპის მკურნალობის მეთოდები არსებობს?
    • რა უფასო და ფასიანი სევრვისები მოქმედებს და სად შეიძლება ამ სერვისების მიღება? რამდენად ხელმისაწვდომია ის მოქალაქეებისთვის?
    • როგორ მუშაობს სახელმწიფო ფისიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით?
    • რამდენად ადეკვატურია და საკმარისია ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები?
    • როგორ მოახერხეს ადამიანებმა ამ პრობლემის დაძლევა?
  • ისევე როგორც სხვა თემების გაშუქებისას უპირატესობა მიანიჭეთ სისტემური პრობლემების ჩვენებას
  • მოერიდეთ ადამიანების პრობლემის სენსაციურ ჭრილში წარმოჩენას

ტერმინები

  • ეცადეთ სხვადასხვა მოვლენა არ აღწეროთ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინებით. მაგალითად, არ გამოიყენოთ “დაჯილდოების ცერემონიალი შიზოფრენიული/შიზოიდური იყო”.
  • დაუშვებელი და დისკრიმინაციულია შემდეგი ტერმინების გამოყენება: გიჟი, შეშლილი, შიზოფრენიკი, პარანოიკი და ა.შ.
  • დიაგნოზის დასახელებისას, აუცილებელია სიზუსტის დაცვა და წინა პლანზე არა დიაგნოზის, არამედ ადამიანის წამოწევა. მაგ: სწორია: ადამიანი, რომელსაც შიზოფრენიის/ დეპრესიის დიაგნოზი აქვს და არა შიზოფრენიკი, შიზოფრენიით/დეპრესიით დაავადებული, სულიერად ავადმყოფი და სხვა.
სწორია არასწორია

 

  • ადამიანი, რომელსაც შიზოფრენიის/ დეპრესიის დიაგნოზი აქვს
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი
  • ადამიანი, რომელსაც ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს

 

  • გიჟი
  • შეშლილი
  • შიზოფრენიკი
  • პარანოიკი
  • ფსიქიკური ავადმყოფი
  • შიზოფრენიით/დეპრესიით/ ბიპოლარული აშლილობით დაავადებული
  • სულიერად ავადმყოფი
  • ფსიქიკური პრობლემის მქონე
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
სასამართლო პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტს პროფესიული სტანდარტების დაცვის გარდა, სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა და გათვალისწინებაც უწევს, რადგან  სასამართლო პროცესის გაშუქების წესები კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბავია, რომლის გაშუქებამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს არამხოლოდ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი საბოლოოდ, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოზე. სწორედ ამიტომ იზრდება მედიის პასუხისმგებლობა, რათა საარჩევნო სუბიექტები გააშუქონ მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად და სამართლიანად.