სახელმძღვანელო წესები
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ყველა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია. ამიტომაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპი ცალკე გამოყოფს მას - “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ფსიქიკური ჯანმრთელობა განიმარტება როგორც კეთილდღეობის მდგომარეობა, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად შრომა და წვლილის შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თავის მხრივ ჯანმრთელობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია „ჯანმრთელობას“ შემდეგნაირად განსაზღვრავს - „სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა მხოლოდ ავადმყოფობის არარსებობა”.

ფსიქიკურ დაავადებებს შორისაა:
  • დეპრესია
  • შიზოფრენია
  • პოსტ ტრავმული აშლილობა
  • ბიპოლარული აშლილობა და სხვა

ფსიქიკური დაავადებების რიცხვი თითქმის ორმაგდება ომისა და კატასტროფების შემდეგ. საზოგადოებაში არსებული სტიგმა კი ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის მიიღონ ქვეყანაში არსებული სერვისები. სტიგმის გაძლიერებაში კი შესაძლებელია დიდი როლი ითამაშოს მედიის მიერ ამ თემის არასწორმა გაშუქებამ. ამიტომაც ჟურნალისტმა კარგად უნდა გააცნობიეროს რატომ ასახელებს პირის დიაგნოზს, რა დამატებით ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს არამხოლოდ მასალის გმირისთვის, არამედ ყველა იმ პირისთვის, ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

სტიგმა და სტერეოტიპები

  • არ გამოთქვათ ვარაუდი ადამიანის ფსიქიკური ავადმყოფობის შესახებ, თუკი ზუსტად არ იცით, რომ მას ამგვარი დიაგნოზი აქვს. დიაგნოზის არსებობის შემთხვევაშიც, ხაზგასმა პირის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ამ დეტალის მიმართ განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს.
  • დაუშვებელია დიაგნოზით სპეკულირება.
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მრავალფეროვანია, მათ განსხვავებული ფორმები და სიმძიმე აქვთ. ამგვარ პრობლემად მიიჩნევა როგორც მაგალითად, ნევროზი, ან შფოთი, ისე შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა. შესაბამისად, დაუშვებელია ყველა ტიპის პრობლემის ერთ კონტექსტში განხილვა. როცა კი შესაძლებელია, დააზუსტეთ რა ტიპის დიაგნოზთან გაქვთ საქმე, შიზოფრენიასთან, დეპრესიასთან თუ სხვა რამესთან.
  • არ მოიხსენიოთ ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონედ, თუკი ეს დეტალი ჟურნალისტური პროდუქტის თემას ცხადად არ უკავშირდება და დამატებით ინფორმაციას არ აწვდის საზოგადოებას. მიუღებელია, ადამიანის მიერ სხვადასხვა ქმედების მტკიცებითი ფორმით დაკავშრება მის დიაგნოზთან, როდესაც დადასტურებული არ არის, რომ კონკრეტული ქმედება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული. მსგავსი მიდგომა საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, თითქოს ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე კონკრეტული პრობლემის მქონე დიაგნოზის მქონე ყველა პირი ამგვარად იქცევა.
  • განსაკუთრებით დაუშვებელია პირის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ხსენება კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოში საქმის წარმოებაზე რაიმე გავლენას იქონიებს პირის დადასტურებული დიაგნოზი ანდა ამ კონკრეტული დეტალის მიმართ საჯარო ინტერესი მკაფიო და მაღალია. საჯარო ინტერესი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა იყოს დასაბუთებული.
  • თუკი მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ პირის დიაგნოზი ამბის მნიშვნელოვანი დეტალია, მისი გამჟღავნების დროს უმჯობესია დაასახელოთ წყარო. ვინ ამბობს ამას -
    • ექიმი ადასტურებს?
    • სასამართლოს მოთხოვნით დადგინდა?
    • მეზობლები, ახლობლები ამბობენ?
    • ასეთ დროს რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს მათი ინფორმაცია?
  • კრიმინალური ამბების გაშუქებისას ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად წარმოჩენას. კვლევები ცხადყოფს, რომ მოძალადეთა და მძიმე დანაშაულების ჩამდენთა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის დიაგნოზის მქონე ადამიანების სრული უმეტესობა მოძალადე არ არის და არც კანონთან ჰქონიათ პრობლემები.
  • მედიამ ძალადობის, კრიმინალის ან ანტისოციალური ქმედებების გაშუქებისას თავი უნდა აარიდოს ჟურნალისტურ პროდუქტში მოწმეთა, თვითმხილველთა ან მეზობელ-ახლობელთა იმგვარი კომენტარების გამოყენებას, სადაც წყარო ხაზს უსვამს ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას და ჩადენილ ქმედებას მას უკავშირებს.
  • როდესაც ასახელებთ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, აუცილებელია დააზუსტოთ დიაგნოზის დასმის დრო და ამჟამინდელი მდგომარეობა. შესაძლოა, ადამიანს ოდესღაც ჰქონდა დიაგნოზი, მაგრად დღეს მისგან თავისუფალია.
  • მოერიდეთ კონკრეტული სიმპტომების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებას. მაგალითად, მოწყენილობა, გაბრაზება, მარტო ყოფნის სურვილი - ეს ნორმალური ემოციებია როგორც დიაგნოზის მქონე პირებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონიათ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანის მონაწილეობა ჟურნალისტურ პროდუქტში

  • მიეცით საშუალება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს, თავადვე ისაუბრონ როგორც საკუთარ დიაგნოზზე, ისე სხვადასხვა მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ თუ სხვა თემებზე. როგორც ზემოთ აღინიშნა ფსიქიკური დაავადებები სხვადასხვა სიმძიმისაა და არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი პრობლემის მქონე ყველა ადამიანს არ შეუძლია გაცნობიერებულად გამოთქვას აზრი რომელიმე საკითხზე. ამიტომაც არ მოახდინოთ მისი დისკრიმინაცია, არ შეუზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება მისი დიაგნოზის გამო, მაგრამ დარწმუნდით რესპონდენტი ინტერვიუზე გააზრებულად დაგთანხმდათ.
  • ადამიანი, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დიაგნოზის მქონეც გააშუქეთ ისე, რომ არ გახადოთ ბულინგისა და დაცინვის ობიექტი. რას უნდა მოიცავდეს გაშუქება
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალისტურ მასალებში მიაწოდეთ აუდიტორიას ინფორმაცია, რომ განკურნება შესაძლებელია. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანური ისტორიები, განსაკუთრებით, იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეექმნათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ დაძლიეს.
  • აჩვენეთ, რომ დიაგნოზი არ ნიშნავს დასასრულს. თუმცა ამავე დროს ყურადღებით იყავით, პოზიტიურად წარმოჩენის ზედმეტმა მონდომებამ პირიქით, მათი სტიგმატიზება არ გამოიწვიოს.
  • მედიამ აუდიტორია უნდა მიაწოდოს შემდეგი ტიპის ინფორმაცია: 
    • რა ტიპის მკურნალობის მეთოდები არსებობს?
    • რა უფასო და ფასიანი სევრვისები მოქმედებს და სად შეიძლება ამ სერვისების მიღება? რამდენად ხელმისაწვდომია ის მოქალაქეებისთვის?
    • როგორ მუშაობს სახელმწიფო ფისიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით?
    • რამდენად ადეკვატურია და საკმარისია ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები?
    • როგორ მოახერხეს ადამიანებმა ამ პრობლემის დაძლევა?
  • ისევე როგორც სხვა თემების გაშუქებისას უპირატესობა მიანიჭეთ სისტემური პრობლემების ჩვენებას
  • მოერიდეთ ადამიანების პრობლემის სენსაციურ ჭრილში წარმოჩენას

ტერმინები

  • ეცადეთ სხვადასხვა მოვლენა არ აღწეროთ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინებით. მაგალითად, არ გამოიყენოთ “დაჯილდოების ცერემონიალი შიზოფრენიული/შიზოიდური იყო”.
  • დაუშვებელი და დისკრიმინაციულია შემდეგი ტერმინების გამოყენება: გიჟი, შეშლილი, შიზოფრენიკი, პარანოიკი და ა.შ.
  • დიაგნოზის დასახელებისას, აუცილებელია სიზუსტის დაცვა და წინა პლანზე არა დიაგნოზის, არამედ ადამიანის წამოწევა. მაგ: სწორია: ადამიანი, რომელსაც შიზოფრენიის/ დეპრესიის დიაგნოზი აქვს და არა შიზოფრენიკი, შიზოფრენიით/დეპრესიით დაავადებული, სულიერად ავადმყოფი და სხვა.
სწორია არასწორია

 

  • ადამიანი, რომელსაც შიზოფრენიის/ დეპრესიის დიაგნოზი აქვს
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი
  • ადამიანი, რომელსაც ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს

 

  • გიჟი
  • შეშლილი
  • შიზოფრენიკი
  • პარანოიკი
  • ფსიქიკური ავადმყოფი
  • შიზოფრენიით/დეპრესიით/ ბიპოლარული აშლილობით დაავადებული
  • სულიერად ავადმყოფი
  • ფსიქიკური პრობლემის მქონე
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
სასამართლო პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტს პროფესიული სტანდარტების დაცვის გარდა, სამართლებრივი რეგულაციების ცოდნა და გათვალისწინებაც უწევს, რადგან  სასამართლო პროცესის გაშუქების წესები კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბავია, რომლის გაშუქებამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს არამხოლოდ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი საბოლოოდ, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოზე. სწორედ ამიტომ იზრდება მედიის პასუხისმგებლობა, რათა საარჩევნო სუბიექტები გააშუქონ მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად და სამართლიანად.
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში არსებული ფინანსური დახმარებით ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელო წესების კრებული გამოსცა.

კრებული მოიცავს 2016 წლის განმავლობაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს შემდეგ საკითხებზე:
  • კრიმინალის გაშუქება
  • სუიციდის გაშუქება
  • ტერორიზმის გაშუქება
  • კვლევების გაშუქება
  • სოციალური მედიის გამოყენება
  • ჟურნალისტის ინტერესთა კონფლიქტი
კრებულის სრული ვერსია ელექტრონულად შეგიძლიათ ნახოთ აქ
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

მედიის ქცევის კოდექსების უმრავლესობა ბავშვებთან დაკავშირებული სა­კითხების გაშუქებაზე ცალკე ამახვილებს ყურადღებას, ვინაიდან ბავშვების უფლებები ყველაზე ადვილად შეიძლება დაირღვეს, მათ შორის მშობლების მხრიდანაც. სწორედ ამიტომ მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, და­იცვას ბავშვის ინტერესები, ხელი არ შეუწყოს მათი უფლებების დარღვევას, სტიგმატიზებას, სტერეოტიპების გამყარებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შექმნა ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაიწერა რეკომენდაციები, რჩევები, რაც ჟურნალისტს დაეხმარება ეთიკური დილემების გადაჭრაში.
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ხშირად მანიპულაციის საფუძველი ხდება. კვლევის მხოლოდ ერთ მონაცემზე აქცენტირებით შესაძლებელია მთელი კონტექსტი დაირღვეს, ამიტომაც მიღებული შედეგების სრულად ასახვა ერთგვარი გამოწვევაა ჟურნალისტისთვის. მედიასაშუალება უნდა ეცადოს შეცდომაში არ შეიყვანოს აუდიტორია და ამით არ დააზიანოს საკუთარი სანდოობა და მიუკერძოებლობა წინამდებარე სახელმძღვანელო წესები მოიცავს რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა გაშუქდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა როგორც წინასაარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში და რა პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს მედია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების გაშუქებისას, გამოკითხვებისა და ინტერაქტივების მომზადებისას.

ძირითადი პრინციპები:

  • მედია არ უნდა დაეყრდნოს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ კვლევის შედეგების ინტერპერტაციებს, თავად უნდა შეძლოს შედეგების და ტენდენციების ანალიზი.
  • შედეგები უმჯობესია ნაჩვენები იყოს იმდაგვარად, რომ გამოჩნდეს ტენდენცია. ცალკეული მონაცემის უკონტექსტოდ ჩვენებამ შესაძლოა, აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს.
  • კვლევის გაშუქებისას არ გამოიყენოთ ისეთი სიტყვები, რამაც შესაძლოა უფრო მეტი სანდოობა მიანიჭოს მას. მაგალითად უმჯობესია  "გამოკითხვის მიხედვით", "გამოკითხულთა აზრით" და არა "გამოკითხვა ამტკიცებს".
  • კვლევის გაშუქებისას, მნიშვნელოვანია აუდიტორიას მიეწოდოს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა კვლევა და როგორია ცდომილება, სასურველია ეს ინფორმაცია გატანილი იყოს გრაფიკებშიც.
  • აუდიტორიამ უნდა მიიღოს ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ
  • მონაცემთა ინტერპრეტაციისას მნიშვნელოვანია ცდომილების ცოდნა.
  • მნიშვნელოვანია, გაშუქებისას ყურადღება მიექცეს კითხვების ფორმულირებას, ხშირად, სწორედ კითხვის ფორმულირება განსაზღვრავს რესპონდენტების პასუხებს.
  • მედია უნდა მოერიდოს ყველა იმ გამოკითხვის გაშუქებას, რომლის მეთოდოლოგიის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს.
  • წინასაარჩევნო პერიოდში მედია საზოგადოებრივი აზრის კვლევისას ძირითადი აქცენტი იმაზე კეთდება, რომელი კანდიდატია ყველაზე რეიტინგული, ან პირიქით. გამოკითხვების მხოლოდ ამ ფოკუსით გაშუქებაში არის საფრთხე, რომ სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები, ისეთები რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება კანდიდატების რეიტინგებს, დაიკარგოს და მათ შესახებ მოსახლეობამ ვერ გაიგოს
  • დაუშვებელია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

კითხვები, რომელზე პასუხებიც უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს

 

  • ვინ ჩაატარა კვლევა?

თუ გამოკითხვის შედეგების მომწოდებელი პირი არ ან ვერ გეუბნებათ, ვინ ჩაატარა კვლევა, მაშინ შედეგები არ უნდა გამოქვეყნდეს, ვინაიდან მათი სანდოობა ვერ მოწმდება. სოლიდური ორგანიზაციები ყოველთვის მოგაწვდიან საჭირო ინფორმაციას, რადგან მათთვის რეპუტაცია მნიშვნელოვანია და ისინი ყოველთვის შეეცდებიან თავი აარიდონ ცდომილებებს.

  • ვინ და რატომ დააფინანსა კვლევა?

აუცილებელია იმის ცოდნა, თუ ვინ გადაიხადა კვლევაში ფული, ვინ ფიქრობს, რომ საკითხი მნიშვნელოვანია და ვინ ინტერესდება ხალხის აზრით ამ საკითხთან დაკავშირებით.

  • რამდენი ადამიანი გამოიკითხა კვლევისთვის? როგორ შეირჩნენ ეს ადამიანები?
ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ, რამდენად რეპრეზენტატულია კვლევა და ასახავს თუ არა ის მართლაც საზოგადოების აზრს. შესაძლებელია გამოკითხული იყოს მოსახლეობის მცირე ნაწილი, თუმცა, შერჩევა ისე იყოს ჩატარებული, რომ ეს მცირე ნაწილი წარმოადგენდეს მთელი საზოგადოების განწყობას. ასეთ შემთხვევაში მისი განზოგადება შესაძლებელია, შესაბამისად, კვლევა რეპრეზენტატულია.
  • რა არეალიდან (სახელმწიფო, რეგიონი) და რა ჯგუფიდან (მასწავლებლები, იურისტები, დემოკრატიული ამომრჩევლები და ა.შ.) აირჩნენ ეს ადამიანები?

ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელი ჯგუფიდან არიან რესპოდენტები არჩეულნი.  მაგალითად დასაქმებული ადამიანების გამოკითხვა მხოლოდ დასაქმებული ადამიანების აზრს შეიძლება ასახავდეს და არა მთელი საზოგადოების.

  • ვინ არ გამოიკითხა, თუმცა უნდა ყოფილიყო?

არც ერთი გამოკითხვა არ აღწევს ყველა პოტენციურ რესპონდენტამდე. საჭიროა იცოდეთ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა მიუღებელი პასუხების მინიმიზაციისთვის. რამდენჯერ და რამდენი ხანი ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის გამომრკვევი მიუწვდომელ რესპოდენტებთან დაკავშირებას.

  • როდის გაკეთდა გამოკითხვა?

მოვლენები დიდ გავლენას ახდენს კვლევის შედეგებზე. დროის მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რამდენიმე კვირის/თვის წინ გაკეთებული გამოკითხვა თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ვალიდურად.

  • როგორ მიმდინარეობდა კვლევა?

არსებობს რამდენიმე ვარიანტი:  პირისპირ, ტელეფონით, ონლაინ, ან ელ. ფოსტით. თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები აქვს. რესპონდენტთა ქცევა, შესაძლოა სწორედ გამოკითხვის მეთოდით იყოს განპირობებული

  • სანდოა, თუ არა ინტერნეტ სივრცეში არსებული კვლევები?

ონლაინ კვლევები დიდი სიფრთხილით უნდა შეფასდეს გამოყენებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი აზრის გამომრკვევი იყენებს კვლევის ჩასატარებლად აუცილებელ ფუნდამენტურ მეთოდებს, თუ ინტერესის ობიექტებს აქვთ უნივერსალური წვდომა ინტერნეტზე, მხოლოდ მაშინ ონლაინ კვლევები შეიძლება ჩავთვალოთ გასაშუქებლად სანდო წყაროდ.

  • რა კითხვებისგან შედგება გამოკითხვა?

აუცილებელია გაარკვიოთ, თუ რა სიტყვებითაა კითხვა ფორმირებული, რადგან სიტყვის ფორმამ შეიძლება არსებითი ცვლილებები შეიტანოს შედეგებში. არის, თუ არა კითხვა მიუკერძოებელი? ექნება, თუ არა რესპოდენტების უმრავლესობას პასუხის გაცემის შესაძლებლობა?

  • რა თანმიმდევრობით დაისვა კითხვები?

ხანდახან კითხვების თანმიმდევრობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კვლევის შედეგზე. რიგ შემთხვევებში ეს კეთდება განზრახ, რიგ შემთხვევებში კი შემთხვევით. მაგალითად, თუ რთული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში რესპოდენტს ჯერ ეკონომიკის შესახებ კითხავთ აზრს და შემდეგ პრეზიდენტზე, პრეზიდენტის პოპულარობის რეიტინგი ალბათ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ კითხვების თანმიმდევრობას შეცვლით.

  • გაკეთებულა, თუ არა სხვა კვლევები ამ საკითხზე? ემთხვევა, თუ არა შედეგები ერთმანეთს? თუ არა, რატომ?

თუ კვლევები განსხვავდება, პირველ რიგში შეამოწმეთ დროის მონაკვეთი, რომელშიც გაკეთდა თითოეული მათგანი. თუ დრო განსხვავდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა.

თუ ორივე კვლევა დაახლოებით ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში გაკეთდა, სთხოვეთ ორივე კვლევის ავტორს ახსნა-განმარტების გაკეთება. კონფლიქტური კვლევებისგან, ხშირად კარგი "ამბავი" გამოდის. ეხმარება მკითხველს ამ შედეგების ინტერპრეტაციაში. მაგალითად, თუ შედეგი აჩვენებს მომხმარებლის ნდობის შემცირებას, მაშინ, როცა წამყვანი ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რეპორტი შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ ანალიზს იმაზე, თუ რამდენად აისახება გაუმჯობესება ხალხის ყოველდღიურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

კვლევის კონტექსტში ჩასმა თქვენი გაშუქების მთავარი ნაწილი უნდა იყოს.

  • რამდენია ცდომილება?
  • არსებობს თუ არა რაიმე ფაქტორი, რასაც შეიძლება გავლენა ექონია კვლევის შედეგის უზუსტობაზე?


შედეგების ანალიზი


ხშირად დაშვებული შეცდომები:

  • კვლევის ძირითადი შედეგების იგნორირება და მონაცემების თვითნებური ინტერპრეტირება

მაგ: დავით ბაქრაძე პოლიტიკოსთა რეიტინგებში ლიდერობს (იხ. ჩარტი)

რატომ არის არასწორი: ჯამურად, პოპულაციის თითქმის ნახევარმა, 42%-მა არ დაასახელა არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც მისი აზრით, ყველაზე მისაღებია. არასწორია ამ 42%-ის იგნორირება და თქმა, რომ მთელს გამოკითხულ პოპულაციაში ყველაზე მისაღები პოლიტიკოსი ბაქრაძეა.

  • მტკიცება, რომ გამოკითხვის შედეგებით არჩევნების შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეიძლება

რატომ არის არასწორი: მაგალითად, 2012 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისა და  ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვადასხვა შედეგი დაფიქსირდა.

შედეგების ამგვარი ინტერპრეტირებით, ისევ და ისევ იგნორირებულია კვლევის ძირითადი შედეგები და ფოკუსირება კვლევის უმნიშვნელო ციფრებზე ხდება, ისე რომ გვავიწყდება პოპულაციის 42% პროცენტი, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კვლევის მიზანი და ამოცანები. ასევე, ამგვარი ინტერპრეტაციებისას, იგნორირებულია საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი - შესაძლოა ის, რასაც კონკრეტული დროის მონაკვეთში ამბობს გამოკითხული, აქტუალურია იმ კონკრეტული დროის მონაკვეთში, მოგვიანებით კი, არის შესაძლებლობა, რომ გამოკითხულმა აზრი შეიცვალოს.

  • სხვდასხვა მონაცემის არარელევანტური შედარება

მაგალითად:

"გამოკითხვა აჩვენებს რომ ირაკლი ალასანია მოსახლეობის 51% - ისთვისაა მისაღები, შესაბამისად, პარტიასაც კარგი მხარდაჭერა აქვს".

"კვლევის შედეგები მცდარია, რადგან მოსახლების მიერ დავით უსუფაშვილის მოწონება მისი საქმიანობის მოწონება, ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის".

რატომ არის არასწორი: უმნიშვნელოვანესია დავაკვირდეთ კითხვის ფორმულირებას - "მოგწონს თუ არა კონკრეტული პირი?", "როგორ შეაფასებდი კონკრეტული პერსონის საქმიანობას", და "რომელი პარტიაა შენთან ყველაზე ახლოს", ეს სამი სხვადასხვა შეკითხვაა. არასწორია მათი ერთმანეთთან დაკავშირება და იმის თქმა, რომ თუკი პერ მოწონების გრაფაში მაღალი მაჩვენებელი აქვს, ხოლო პარტიას - დაბალი, შედეგები მცდარია.

  • აქტი და საზოგადოების აღქმა

საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რას ფიქრობს ხალხი, ის არ არის მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი. გარდა ამისა, საზოგადოების განწყობები შესაძლოა შეიცვალოს, ცვლილება დაკავშირებულია სხვადასხვა გარემოებასთან, გამოკითხვის ჩატარების დროსთან, მიმდინარე მოვლენებთან და სხვა.

მაგ: "ყოფილი პრემიერმინისტრი გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლების სახელით".

რატომ არის არასწორი: საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს პოპულაციის მოსაზრებებს და არა ფაქტებს, შესაბამისად, ფაქტის სახით იმის წარმოჩენა, რომ კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს ხელისუფლების ნაცვლად იღებს, მცდარია.

მაგალითი 2:  საქართველოში 65% უმუშევარია

რატომაა მცდარი: შეკითხვა ასეა ფორმულირებული "მიიჩნევ თუ არა თავს დასაქმებულად?’ ეს ნიშნავს, რომ ინტერვიუერი მოქალაქეებს ეკითხებოდა  მათი დასაქმების შესახებ. ხშირ შემთხვევაში, პოპულაციის ხედვა, მათივე დასაქმების შესახებ, განსხვავდება სახელმწიფოს ხედვისგან. შესაძლოა პირი თავს უმუშევრად მიიჩნევდეს, თუმცა სახელმწიფო მას დასაქმებულთა სტატისტიკაში თვლიდეს (მაგ: თვითდასაქმებულები). ფოკუს ჯგუფები აჩვენებს, რომ არის შემთხვევები, როცა ადამიანი არ მუშაობს კომპანიაში, ან არ მუშაობს თავისი პროფესიით, არის თვითდასაქმებული ან ფლობს მცირე ბიზნესს და  თავს მაინც დაუსაქმებლად მიიჩნევს. თუმცა, ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ამ კომპონენტში შესაძლოა რეალობას არ გამოხატავდეს, არ ნიშნავს იმას, რომ ის უმნიშვნელოა. პირის მოსაზრება ან კმაყოფილება მის სამუშაო სტატუსთან დაკავშირებით შესაძლოა უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე სტატისტიკის დეპარტამენტის ეკონომისტების მიერ დათვლილი რაოდენობრივი მონაცემი უმუშევრობის შესახებ.

  • ორი განსხვავებული გამოკითხვის შედარება, იმის დასადგენად, რომელია სწორი

რატომ არის არასწორი: როცა ორ კვლევას ადარებ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო შემდეგი დეტალები: მეთოდი, რითიც რესპონდენტების შერჩევა მოხდა, სად ჩატარდა კვლევა, როდის გაკეთდა საველე სამუშაოები, რა მეთოდი იქნა გამოყენებული, რა არის კვლევის ცდომილება, როგორ იყო საკვლევი კითხვები ფორმულირებული,  რა იყო შესაძლო პასუხების ჩამონათვალი, როგორი იყო ინტერვიუერებისთვის მიცემული ინსტრუქცია. შესაძლებელია რომ ორმა გამოკითხვამ, მიუხედავად იმისა, რომ  დროის ერთ მონაკვეთშია ჩატარებული, ერთი და  იმავე მეთოდით, სხვა შედეგები დადოს. ეს იმიტომ, რომ შედეგებზე წვრილმანი დეტალებიც კი ახდენს გავლენას. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კვლევა სწორია, მეორე არასწორი.  საზოგადოებრივი აზრი ხშირად იცვლება, ამის მიზეზი ბევრი ფაქტორია,  პერსონალური დეტალებით დაწყებული, სერიოზული, საერთო,  ფართომსაშატაბიანი ღონისძიებებით დამთავრებული. შესაძლოა ერთ კითხვას ადამიანმა დილით სხვა პასუხი გასცეს, საღამოს კი სულ სხვა.

  • კონკრეტული სეგმენტის უგულებელყოფა

მაგალითად, "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 29% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას

რატომ არის არასწორი: გრაფიკზე ჩანს, რომ კითხვაზე "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" მხოლოდ იმ მოქალაქეებმა უპასუხეს, ვისაც არჩევნებში წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. ასეთი კი გამოკითხულთა 30% იყო. შესაბამისად, მხოლოდ 30 პროცენტიდან 29% აპირებს არჩევნებზე კოალიციისთვის ხმის მიცემას. აქედან გამომდინარე ამ მონაცემის განზოგადება არასწორია.

  • ცდომილების იგნორირება

მაგალითად, "გამოკითხვის მიხედვით, ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტი მოქალაქე არასოდეს დაუჭერდა მხარს, ვიდრე ქართულ ოცნებას"

რატომ არის არასწორი: ყველა კვლევაში ცდომილება მინიმუმ 1%-ია, ამიტომ როდესაც ერთი მონაცემი მეორეზე ერთი პროცენტით მეტია, არასწორია ზრდაზე ან უპირატესობაზე ან ზოგადად რაიმე ტენდენციაზე საუბარი. შესაბამისად,  თუ სხვაობა ცდომილების ტოლია ან ნაკლებია ცდომილებაზე, ეს ნიშნავს რომ სხვაობა რეალურად არ არის.

ანგარიშები

ანგარიშები მნიშვნელოვნად განსხვავდება საზოგადოებრივი აზრის კვლევებისგან. თუ ეს უკანასკნელი კონკრეტული პირების გამოკითხვას გულისხმობს, ანგარიში უმთავრესად ექსპერტთა დაკვირვებას და ანალიზს ეყრდნობა.

  • თუ ანგარიშის მოსამზადებლად გამოყენებულია ფოკუს ჯგუფები და იქ მონაწილე პირთა მოსაზრებები, არ ნიშნავს იმას, რომ ავტორი ორგანიზაცია ამ ციტატას ეთანხმება. შესაბამისად, ჟურნალისტმა  ფოკუს ჯგუფის მონაწილის ციტატა არ უნდა გაავრცელოს, როგორც ორგანიზაციის დასკვნა.
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების შედარებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს მეთოდოლოგიას, თუ რა მიმართულებით ზომავს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ანგარიშის ავტორი ორგანიზაცია. მაგალითად, ერთი მათგანი შესაძლოა აქცენტს აკეთებდეს ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლაზე, მეორე კი მედიის მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე. შესაბამისად სხვდასხვა ქულას ანიჭებდეს ამ ორ კომპონენტს.

მაგალითი 1.

არასწორია: ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ანგარიშის მიხედვით საქართველოში მედიაგარემო გაუმჯობესდა"

სწორია: ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" რეიტინგში  საქართველომ წინ წაიწია

ცხრილიდან ჩანს, რომ საქართველოში მედიაგარემო საერთო მაჩვენებლით -0.26 ქულით გაუარესდა, მაგრამ რეიტინგში 5 საფეხურით მაინც წინ წაიწია. მეთოდოლოგიას თუ ჩავხედავთ და მთლიან რეიტინგს გავეცნობით, შევადარებთ წინა წლის მონაცემებთან, აღმოვაჩენთ, რომ უფრო მეტი ქულით გაუარესდა იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც წინა წელს საქართველოზე უკეთეს პოზიციებს უკავებდნენ. სწორედ სხვა ქვეყნებში მდგომარეობის გაუარესების გამო გადაინაცვლა საქართველომ 5 პოზიციით წინ და არა იმიტომ, რომ მედია გარემო ქვეყანაში გაუმჯობესდა.

ქუჩაში გამოკითხვა

  • საზოგადოების გამოკითხვა ქუჩაში, ეწ VOX POP არის კარგი საშუალება ამა თუ იმ საკითხისადმი საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების საჩვენებლად. დაუშვებელია მათი მოსაზრებების განზოგადება, ვინაიდან ამგვარი გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატული და არ ასახავს მთელ საზოგადოებას შესაბამისად არასწორია გამოკითხვის წარდგენა მაგალითად, ამგვარად "თბილისელთა აზრით". უმჯობესია "ჩვენ მიერ გამოკითხულთა აზრით".
  • ჟურნალისტმა კეთილსინდისიერად უნდა შეარჩიოს რესპონდენტები მასალის მონტაჟისას და არ მიანიჭოს უპირატესობა მხოლოდ ერთი მოსაზრების მქონე პირებს.
  • უმჯობესია ჟურნალისტი წინასწარ შეუთანხმდეს მოქალაქეს და სთხოვოს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება, ამცნოს თემა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ჩაწერა.
  • ჟურნალისტმა არ უნდა დაუსვას ისეთი კითხვა განსაკუთრებით არასრულწლოვანს, რაც მას დაცინვის ობიექტად წარმოაჩენს. მაგალითად, არ უნდა ჰკითხოს ბავშვს მოსაზრება საერთაშორისო პოლიტიკაზე, თემაზე რაზეც ლოგიკური შეფასებით შეუძლებელია მისგან ადეკვატური პასუხის მიღება.


ინტერაქტივი

ინტერაქტივის კითხვის შერჩევისას მედიასაშუალება უნდა მოერიდოს იმგვარად ფორმულირებას, რაც:

  • მანიპულაციის საფუძველი გახდება. ვინაიდან კითხვის პასუხიც მედიის მიერ არის შეთავაზებული მანიპულაციის რისკიც იზრდება
  • სვამს იმ პრობლემას, რაც საზოგადოებაში არ არსებობს
  • აყენებს საზოგადოებას რეალურად არარსებული დილემის წინაშე

დაუშვებელია ინტერაქტივის განზოგადება და ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა "საზოგადოების აზრით", "მაყურებელი მიიჩნევს, რომ". უმჯობესია თქვათ "შემოსული ზარებიდან, ამდენი მიიჩნევს, რომ", "მათგან, ვინც ინტერაქტივში მიიღო მონაწილეობა"

ინტერაქტივისას შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული საკითხის, პირის მხარდამჭერებმა დარეკონ/გააგზავნონ შეტყობინება. შესაბამისად, ინტერაქტივის კითხვის პასუხების გამოყენება საზოგადოების დამოკიდებულების საჩვენებლად, არ არის რეკომენდირებული.


გამოყენებული მასალა

  • საქართველოს საარჩევნო კოდექსი
  • "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საქართველოს ოფისიდან მიღებული დოკუმენტი "ხშირად დაშვებული შეცდომები NDI-ს კვლევის გაშუქებისას"
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები

ჩამოტვირთეთ pdf ვერსია

სუიციდი ერთ-ერთი რთული თემაა გაშუქების თვალსაზრისით, ვინაიდან ერთდროულად ბევრი ეთიკური დილემის გადაჭრა უწევს ჟურნალისტს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები და პირიქით, ფრთხილმა, კვალიფიციურმა გაშუქებამ შესაძლოა ეს რიცხვი შეამციროს კიდეც. შესაბამისად, რედაქცია განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას და დასვას კითხვა - რატომ ვაშუქებთ ამ კონკრეტულ შემთხვევას?

გაშუქების მიზანი

სუიციდი ხელშეუხებელი თემა არ არის.  ყოველწლიურად ბევრი ადამიანი სწორედ ამ მიზეზით იღუპება. შესაბამისად, სუიციდის შესახებ საზოგადოებას, ცხადია, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. მთავარი საკითხი ისაა, უნდა გავაშუქოთ თუ არა ყოველი კერძო შემთხვევა? - ამ კითხვაზე ფსიქოლოგებსა და მედიამკვლევრებს ცალსახა უარყოფითი პასუხი აქვთ. მედიამ უნდა უპასუხოს კითხვებს:

  • რატომ აშუქებს თვითმკვლელობის ამ კონკრეტულ შემთხვევას?
  • რატომ ასახელებს გარდაცვალების მიზეზს (თვითმკვლელობას)?

სუიციდი ორი მიმართულებით შეიძლება გაშუქდეს:

ზოგადი - ამგვარი გაშუქების მთავარი ფოკუსი პრობლემაზე მსჯელობაა. მაგალითად, შესაძლებელია, საზოგადოებას დაეხმაროთ გაარჩიონ სუციდის გამომწვევი ნიშნები, რათა მოხდეს პრევენცია. ასევე შეიძლება გაშუქდეს ოფიციალური უწყებების მიერ მზარდი სტატისტიკის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აქცენტი გაკეთდეს გამომწვევ მიზეზებზე.

ინდივიდუალური - თუ მედიასაშუალება გადაწყვეტს, რომ კონკრეტული შემთხვევის შესახებ მოუყვეს აუდიტორიას, ამგვარი ამბავი ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს:

  • კონკრეტული შემთხვევის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი.
  • ამ ფაქტის გაშუქებასთან დაკავშირებით არსებობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების ან ახლობლების გაცნობიერებული თანხმობა.

იდენტური კრიტერიუმების მიხედვით უნდა გადაწყვიტოს რედაქციამ გაასაჯაროვებს თუ არა იმ პირის ვინაობას, რომელიც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა.

გაშუქების დეტალები

  • თუ სამართლებრივად დადასტურებული არ არის, რომ საქმე გვაქვს სუიციდთან, თავად ნუ გააკეთებთ საქმის ამგვარ კვალიფიკაციას.
  • სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო არ არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანმა სუიციდს იმ ადგილას ან იმ მეთოდით მიმართა, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.
  • დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება, სენსაციურ ჭრილში გაშუქება, წარმატებული ადამიანის თვითმკვლელობის, როგორც რაღაც უსაფუძვლოს ან აუხსნელის წარმოჩენით მგრძნობიარე ადამიანებს შეიძლება, გაუჩნდეთ განცდა, რომ სუიციდის შემდეგ მათ სიცოცხლეს დააფასებენ.
  • სუიციდი როგორც პრობლემის გადაჭრის გზა, არ უნდა იყოს ნაჩვენები.
  • მოერიდეთ ხაზგასმას იმაზე, როგორი ახალგაზრდა, ლამაზი, ნიჭიერი ადამიანი იყო გარდაცვლილი. ეს განსაკუთრებით სახიფათოა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სუიციდის გაშუქებისას. ამ ასაკში მათ უმთავრესად ყურადღების ცენტრში მოხვედრა სურთ, მედიამ კი გაუცნობიერებულად შესაძლებელია სუიციდი დაუსახოს ამგვარ გზად.
  • არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და აშ. განსაკუთრებით საშიშია სუიციდის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის (მაგალითად, ფსიქიკური პრობლემები) დასახელება. ამგვარი გაშუქება ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია.
  • ფრთხილად იყავით, სანამ სუიციდის ცალკეულ შემთხვევებს შორის ურთიერთკავშირის დადგენას გადაწყვეტთ.
  • უნდა შესთავაზოთ აუდიტორიას ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და სუიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს ეხმარება.
  • სუიციდი ზოგჯერ გაშუქებულია რელიგიურ და კულტურულ კონტექსტში. რელიგიებს, კულტურებს, სულიერ სწავლებებს აქვთ სხვადასხვა ჩვევები, რომლებიც ასოცირებულია სიკვდილთან: დასაფლავების, გლოვის რიტუალები. სუიციდის ცალკეული შემთხვევის გაშუქებისას მნიშვნელოვანია იმ რელიგიური და კულტურული გარემოს, კონტექსტის ცოდნა, სადაც სუიციდის მსხვერპლი ცხოვრობდა.

ვიზუალური მასალა:

  • ყურადღებით მოეკიდეთ სათაურსა და ვიზუალურ მასალას, რასაც იყენებთ. იფიქრეთ იმაზე, მიაყენებთ თუ არა ტკივილს გარდაცვლილის ახლობლებს ამგვარი გაშუქებით.
  • სათაურში მოერიდეთ სიტყვების "თვითმკვლელობა", "სუიციდი" გამოყენებას.
  • ეცადეთ, არ გამოაქვეყნოთ იმ პირის ფოტო, ვინც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ამით შეამცირებთ საკითხის რომანტიზებას.
  • იფიქრეთ სიტყვებზე, გაშუქების ენაზე, რასაც სუიციდის შესახებ სტატიაში ან სიუჟეტში გამოიყენებთ. თავი აარიდეთ სიტყვებს, სურათებს, ხატებს, რომლებმაც შესაძლოა სუიციდის გლამურულ, რომანტიკულ კონტექსტში წარმოჩენას შეუწყოს ხელი.
  • თავი აარიდეთ სენსაციურ გაშუქებას, მყვირალა სათაურებს და გამომსახველობით გრაფიკას, ფოტოებს.

ახლობლებთან უერთერთობა

  • მეგობრებს და ნათესავებს შესაძლებელია, ტანჯავდეთ დანაშაულის მძაფრი შეგრძნება ან გარდაცვლილის მიმართ განიცდიდნენ რისხვას.
  • ხანდახან შეიძლება ჩათვალოთ, რომ მოცემულ მომენტში უმჯობესია ნათესავებსა და მეგობრებს ახლოსაც არ გაეკაროთ.
  • ახლობლებს პირდაპირ არასდროს ჰკითხოთ "რატომ გააკეთა მან ეს?"
  • სუიციდის მსხვერპლის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები არიან აფექტურ მდგომარეობაში, დაბნეულები, თავს გრძნობენ დამნაშავედ და ეძებენ პასუხებს კითხვაზე, რატომ მოიქცა მათი ახლობელი ასე. ასეთ სიტუაციაში მათ შესაძლოა ჟურნალისტებს უთხრან ისეთი რამ, რასაც მომავალში ინანებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სუიციდის მსხვერპლის გარემოცვა ხშირად იყენებს მედიასთან ინტერვიუს იმისთვის, რომ ბრალი დასდოს რომელიმე პირს ახლობლის თვითმკვლელობაში. არადა, ამ დროს, ისინი, მიღებული შოკის გამო, შესაძლოა კარგად ვერც აცნობიერებდნენ საკუთარ ნათქვამსა თუ ქმედებებს. კვლევები ცხადყოფს, რომ სუიციდის მსხვერპლთა ოჯახი თავადვე არის სუიციდისკენ მიდრეკილი მაღალი რისკჯგუფი.
  • გადაამოწმეთ ფაქტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა რესპონდენტი არ არის სუიციდის მსხვერპლის ახლო ნათესავი, ასეთ დროს შესაძლებელია მას უბრალოდ მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრა უნდოდეს.
  • არ უთხრათ ტრავმირებულ ადამიანს, მსხვერპლის ოჯახს, რომ შენ იცი, რას გრძნობს ის ახლა, რადგან შენ არ გამოგიცდია, რას ნიშნავს ახლობლის დაკარგვა.

მითების გაღრმავება

მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს სუიციდთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპების, მითების გაძლიერებას. მაგალითად:

ადამიანებს ეკრძალებათ სუიციდზე საუბარი - სუიციდზე საუბარი აკრძალული არ არის.

სუიციდზე საუბარი წაახალისებს სუიციდს - თუ შიშობ, რომ ვინმე შეიძლება მიდრეკილი იყოს სუიციდისკენ, უნდა ისაუბრო ამაზე, უნდა მიაწოდო მას ინფორმაცია და დახმარების გზები. თუ ადამიანებმა იციან ნიშნები, რითიც სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანის გამოვლენა შეიძლება, შესაძლოა დავეხმაროთ მათ.

ადამიანები რომლებიც სუიციდზე საუბრობენ, თავს არასოდეს მოიკლავენ - ადამიანები რომლებიც თავს იკლავენ, სუიციდამდე ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ცხოვრება არ ღირს.

მათ ვინც თავი მოიკლეს, სიცოცხლე აღარ უნდოდათ - კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებმაც თვითმკვლელობა სცადეს, ამბობენ, რომ მათ სიცოცხლე კი არ მობეზრდათ, უბრალოდ  საკუთარი ცხოვრების შეცვლა სურდათ.

გამოყენებული მასალები

  • Australian Press Council - Specific Standards on Coverage of Suicide
  • Media Freedom Committee and the Newspaper Publishers’ Association (2011) – Reporting Suicide
  • American Association of Suicidology – Recommendations for Suicide http://www.suicidology.org/Portals/14/RecommendationsForReportingOnSuicide_swm.pdf
  • კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაgipa.ge საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება - სუიციდის გაშუქება სახელმძღვანელო ჟურნალისტებისთვის /media/1000044/2015/02/suicide.pdf
  • ოქრუაშვილი მაია (2005) - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა http://bit.ly/1sCbH2K
კატეგორია - სახელმძღვანელო წესები

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

სოციალური მედია თანამედროვე ჟურნალისტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა, როგორც ინფორმაციის მოძიების, ასევე გავრცელების თვალსაზრისით. წინამდებარე რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო მედიის სარედაქციო დოკუმენტებს, პრესის საბჭოების კოდექსებს და მიზნად ისახავს ჟურნალისტების დახმარებას, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მიუკერძოებლობის და სანდოობის შენარჩუნება სოციალური მედიის გამოყენებისას.

დოკუმენტში გაწერილი რეკომენდაციები ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტული დეტალები თავად მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად უნდა შეთანხმდეს და  დარეგულირდეს.

ზოგადი პრინციპები

  • სოციალური ქსელის პირადი ანგარიში ჟურნალისტის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც პირადი, ისე პროფესიული მიზნებისთვის.
  • სოციალური მედიის გამოყენებისას ჟურნალისტი ისევე ვალდებულია დაიცვას ეთიკური და პროფესიული სტანდარტები, როგორც ეს რეალურ სივრცეში ხდება.
  • სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციის გამოყენება დაშვებულია, თუმცა, აუცილებელია გადამოწმება, ვინაიდან ონლაინ სივრცეში ყალბი ინფორმაციის გავრცელება ძალიან მარტივია.
  • რედაქციის მიერ საკუთარი ჟურნალისტებისთვის სოციალურ ქსელში რეგულაციების დაწესებისას უნდა იყოს დაცული ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის მიმართ აუდიტორიის სანდოობის უზრუნველყოფას შორის. ამისათვის საჭიროა რედაქციამ შრომითი ურთიერთობის დაწყებისთანავე აცნობოს ჟურნალისტს თუ რა რეკომენდაციას აძლევს სოციალურ ქსელში ქცევასთან დაკავშირებით და რა შედეგი იქნება მისი დარღვევისას.


ინფორმაციის წყაროები და სოციალური მედია

სოციალური ქსელები ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. ხშირ შემთხვევაში საჯარო პირები თუ ორგანიზაციები პირველად ინფორმაციას სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებენ. ვირტუალურ სივრცეში გაყალბება კიდევ უფრო გამარტივდა. ინფორმაციის გაცვლისას კი ბევრი ნიუანსი შეიძლება დაიკარგოს. არაერთი შემთხვევაა ყალბი ანგარიშებით ამა თუ იმ პირის სახელით ინფორმაციის გავრცელებისა, რაც თანამედროვე მედიის კიდევ ერთ გამოწვევად იქცა. ჟურნალისტებს უწევთ ინფორმაციის გადამოწმების  ახალი რესურსების მოხმარება ისწავლონ.

Facebook-ი რომ საჯარო სივრცეა ეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც თქვა თავის ერთ ერთ გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, სოციალური ქსელიდან ინფორმაციის აღება, ამ პლატფორმის როგორც წყაროდ გამოყენება პრობლემას არ ქმნის, თუმცა ჟურნალისტმა უნდა გაიაზროს არის თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობა ინფორმაციული ღირებულების, შესაძლებელია თუ არა ავტორთან დაკავშირება და დეტალების დაზუსტება? ანგარიშის ნამდვილობის შემოწმება?

"გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, "საჯაროდ გავრცელება" არ გულისხმობს ინფორმაციის მხოლოდ პრესასა თუ ტელევიზიაში გახმაურებას, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სოციალური მედია, ბლოგინგი და მიკრობლოგინგი სულ უფრო დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. ნებისმიერი საშუალება, რომელიც ინფორმაციის პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიწოდებისათვის გამოდგება,  საჯაროდ გავრცელების წყაროდ უნდა შეფასდეს. . .  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სოციალური ქსელი არის Facebook, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. Facebook-ზე" კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული პირებისათვის ან ყველა მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის  შესაბამისად. ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტ გამოცემებში.  სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს".

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის №ას-1559-1462-2012 განჩინება
  • სოციალური ქსელიდან მოპოვებული ინფორმაცია უნდა გადიოდეს გადამოწმების ყველა იმ ფილტრს, რასაც ჩვეულებრივ, სხვა გზებით მოპოვებული ახალი ამბავი გადის.
  • ჟურნალისტს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოყენებისას. ასეთ დროს სჯობს, ნებართვა აიღოს ავტორისგან.
  • თუ ჟურნალისტი ვერ ამოწმებს ინფორმაციის ნამდვილობას, მან აუცილებლად უნდა ამცნოს ამის შესახებ აუდიტორიას. სარედაქციო კოდექსების ნაწილი ჟურნალისტებს რეკომენდაციას აძლევს, რომ გადამოწმების ამ ეტაპზე არ გაჩერდნენ და საბოლოო შედეგი გააცნონ საზოგადოებას - დადასტურდა ეს ინფორმაცია თუ არა.
  • ინფორმაციის წყაროთა გადამოწმება სოციალურ ქსელებში, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა, რთული იყოს, თუმცა ჟურნალისტმა მაინც ყველა ღონე უნდა იხმაროს მის გადასამოწმებლად.
  • ჟურნალისტს სიფრთხილე მართებს ყალბი ანგარიშების გადასამოწმებლადაც. ცნობილი ადამიანების ოფიციალური გვერდები სპეციალური მარკერით აღინიშნება, რითიც დასტურდება მათი ნამდვილობა. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა Twitter-იც მოტყუვდა და მარკირება ყალბ ანგარიშს გაუკეთა. ამიტომ აუცილებელია, ჟურნალისტმა თავად გადაამოწმოს. როდესაც არსებობს ეჭვი ანგარიშის ნამდვილობასთან დაკავშირებით უნდა აცნობოს აუდიტორიას.
  • მასალაში რომელიმე ელექტრონული ბმულის მითითებისას ჟურნალისტი დარწმუნებული უნდა იყოს მის სანდოობაში (we think, before we link).
  • სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო ან ვიდეო მასალის ჟურნალისტურ პროდუქტში გამოყენებისას, სასურველია ჟურნალისტმა დაადგინოს ვის აქვს საავტორო უფლება ამ მასალაზე და მათგან ნებართვა აიღოს.
  • სოციალურ ქსელებში დიდი ხნით ადრე გადაღებული ფოტო ხშირად ვრცელდება როგორც ახალი, რაც შესაძლოა მანიპულაციის საფუძველი გახდეს, ეს კი თავიდან უნდა აირიდოს მედიამ.
  • ჟურნალისტმა არ უნდა მიმართოს რაიმე ხერხს სხვის ანგარიშში შესაღწევად. მაშინაც კი, როდესაც პირადი მიმოწერა საჯარო სივრცეში ქვეყნდება, მასალის გამოყენებამდე ჟურნალისტი უნდა ეცადოს საუბრის მონაწილეებთან მისი ნამდვილობის შემოწმებას, თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ ამის შესახებ უნდა აცნობოს აუდიტორიას.
  • სოციალური ქსელით კომენტარის აღებისას, საუბრის დაწყებამდე ჟურნალისტმა რესპონდენტი უნდა გააფრთხილოს, რომ მისი ნათქვამი გასაჯაროვდება.
  • ჟურნალისტს ან მედიასაშუალებას სოციალური ქსელით შეუძლია მოუწოდოს მკითხველს გამოთქვას აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ასევე სთხოვოს, რომ მიაწოდონ რედაქციას მოვლენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. არ უნდა მოუწოდოს მკითხველს მასალის გამოგზავნა ისეთი ადგილიდან, სადაც ყოფნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოქალაქეს.
  • მაშინ, როცა ჟურნალისტი წყაროსთან ამყარებს კომუნიკაციას სოციალური ქსელით, ან იყენებს სოციალურ ქსელებს პროფესიული საქმიანობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ის მომხმარებლებისთვის იდენტიფიცირებული იყოს, როგორც ამა თუ იმ მედიის ჟურნალისტი.

კითხვები რედაქციისთვის:

  • ვინ არის ვიდეოს/ფოტოს/ტექსტის ავტორი? რა მოტივაცია ჰქონდა გავრცელებისას?
  • თავად გადაიღო თუ სხვის გადაღებულს ავრცელებს?
  • აქვს გავრცელების უფლება?
  • რას ამბობს ფოტოს მეტა მონაცემები (Metadata)?
  • ინფორმაციის მიღების სხვა წყაროები არსებობს?
  • რამდენად ღირებულ ინფორმაციას აწვდის მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ღირს მისი გამოყენება?
  • არსებობს თუ არა შეთანხმებული პროცედურები, რაც უნდა გაიაროს ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში (Facebook, Twitter, Youtube და აშ) გავრცელებული ფოტოს/ვიდეოს შესამოწმებლად?

ჟურნალისტის გამოხატვა სოციალურ ქსელში

2015 წელს Associated Press-ი და CNN შეცდომაში შეიყვანა მოქალაქე მარი პარკერმა, რომელმაც twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია თითქოს შეესწრო სროლას სან ბერნანდოში. მსროლელი კი ერთერთ ორგანიზაციას დაუკავშირა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია არასწორი იყო, რის გამოც მედიასაშუალებებმა ბოდიში მოიხადეს.  მარი პარკერმა კი განაცხადა: "როდესაც სროლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, twitter-ზე მე დავწერე როგორ მოვკარი თვალი სროლას. მაშინვე ბევრმა რეპორტიორმა გამომიგზავნა შეტყობინება და მთხოვა ინტერვიუ. მიმიწვიეს პირდაპირ ეთერში. შესანიშნავი იყო როგორ აღმოვჩნდი ტელევიზიაში."

  • სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებაა, იმის მიუხედავად მითითებული აქვს პირადი (private) რეჟიმი თუ საჯარო (public).
  • ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია, პოსტი, კომენტარი, შესაძლოა მომხმარებელმა აღიქვას და დააკავშიროს იმ მედიასაშუალებასთან, რომელშიც პოსტის ავტორი ჟურნალისტი მუშაობს, ამიტომაც ჟურნალისტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ინფორმაციას, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს, განსაკუთრებით, იმ თემაზე, რაზეც ის ან მისი რედაქცია მუშაობს.
  • სოციალურ ქსელში პოლიტიკური შეხედულებების, სიმპატიების ან ანტიპატიების გამომხატველი პოსტის გამოქვეყნებამ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჟურნალისტის მიუკერძოებლობა და დააზიანოს მის მიმართ ნდობა.
  • სოციალურ ქსელში რაიმე სახის საინფორმაციო ან სხვა სახის კამპანიის ღია მხარდაჭერამ შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს ჟურნალისტის მიმართ სანდოობა.
  • ბუნებრივია, ჟურნალისტსაც აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი სივრცე ინტერნეტში, ამიტომაც საუკეთესო გამოსავალია, გამოიყენოს სოციალური გვერდების სპეციალური ფუნქციები, ფილტრები, რათა მარტივად განსაზღვროს რა სახის ინფორმაცია პირთა რა წრეს გაუზიაროს. ამასთან მნიშვნელოვანია, მუდმივად ახსოვდეს, რომ წარმოადგენს მედიასაშუალებას.

 

კითხვები რედაქციისთვის:

  • არის თუ არა ჟურნალისტი სამუშაოს დაწყებისას წინასწარ ინფორმირებული გამოხატვის რა ფარგლები აქვს დაწესებული რედაქციას სოციალურ ქსელებში?
  • შეუძლიათ თუ არა ჟურნალისტებს სხვა პლატფორმაზე ბლოგების წერა?
  • რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მას შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში?
  • ვინ იღებს პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში გადაწყვეტილებას?


დამეგობრ
ება, გამოწერა სოციალურ ქსელში

ბრიტანულმა პრესის საბჭომ (Press Complaint Commission, 2014) კი ეთიკური სტანდარტის დარღვევა დაუდგინა ჟურნალისტს, რომელმაც მომჩივანის აზრით, შეურაცხმყოფელი კომენტარი გამოაქვეყნა Facebook -ზე. საქმე იმაშია, რომ საჩივრის ავტორი დაუკავშირდა რედაქტორს მაშინ, როდესაც ის ახლობლის გარდაცვალების გამო შვებულებაში იმყოფებოდა და უთხრა, რომ იმედგაცრუებული იყო, რადგან რედაქტორმა მისი წერილი გაზეთში არ გამოაქვეყნა. რედაქტორმა Facebook-ზე ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე პოსტი დაწერა და მომჩივანს ცხოვრების გამწარებით დაემუქრა.  მომჩივანი ფიქრობდა, რომ რედაქტორმა ამ ქმედებით დაარღვია ეთიკის მეოთხე მუხლი, რომელიც ჟურნალისტის მხრიდან შევიწროვებას, დაჩაგვრას კრძალავს.  საქმის განხილვისას გაზეთი აპელირებდა იმაზე, რომ მისი რედაქტორის მიერ პერსონალური ანგარიშით გამოქვეყნებული პოსტი შეზღუდული რაოდენობის ადამიანმა ნახა, გარდა ამისა, ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. პრესის საბჭომ ეთიკური სტანდარტის დარღვევა დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა ეთიკური სტანდარტები უნდა დაიცვას ყოველთვის, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც.

  • პოტენციური ინფორმაციის წყაროების მეგობრებად დამატება Facebook-ში, ან Twitter-ზე "ადევნება" პროფესიული სტანდარტების დარღვევა არ არის. თუმცა, მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პოლიტიკოსის, ან საარჩევნო კანდიდატის "დამეგობრებისას", შესაძლოა მომხმარებელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტი ამ კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ დადებითად განწყობილი, ამიტომაც უნდა ეცადოს, რომ სოციალურ ქსელში დაიმეგობროს მეტნაკლებად ყველა კანდიდატი თუ პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პირი. ამასთან, ბევრი რედაქცია რეკომენდაციას აძლევს თავის ჟურნალისტს, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკოსების გვერდებზე კომენტარების გაკეთებისგან და რაიმე საკითხზე დისკუსიაში ჩართვისგან.
  • სხვადასხვა კომპანიის, პოლიტიკოსისა თუ უწყების Facebook გვერდის მოწონების ან მათ დახურულ ჯგუფებში გაწევრიანების შეზღუდვა ჟურნალისტს არ აქვს. თუმცა, მთავარია, ახსოვდეს, რომ ჟურნალისტი ამ ჯგუფებში არის მხოლოდ იმიტომ, რომ მიიღოს ინფორმაცია, დააკვირდეს იქ გავრცელებულ ინფორმაციას და არა იმისთვის, რომ მონაწილოება მიიღოს დისკუსიებში.

მედიასაშუალების ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში

  • სოციალურ ქსელში მედიასაშუალების ოფიციალურ გვერდით გავრცელებული ინფორმაცია აღიქმება როგორც მედიასაშუალების პროდუქტი და მასზე ვრცელდება ყველა ჟურნალისტური სტანდარტი, რაც ჩვეულებრივ, მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ პროდუქტზე ვრცელდება. ამგვარი პრაქტიკა აქვს საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას და ევროპის ბევრი ქვეყნის პრესის საბჭოებსაც.
  • მედიასაშუალებაში მასალის ჩასწორებისას/მოხსნისას ანალოგიურად უნდა დარედაქტირდეს ოფიციალური გვერდით გავრცელებული ინფორმაციაც. მაგალითად, თუ ფოტო ჩასწორდა და სოციალურ ქსელში გამოცემის გვერდზე ისევ ძველი ფოტოთი არის განთავსებული, უნდა წაიშალოს და გავრცელდეს ახალი ვარიანტი. თუ ტექსტი ჩასწორდა ჟურნალისტურ პროდუქტში და იმავე ტექსტით არის გაზიარებული მასალა, ისიც გასწორებას ექვემდებარება.
  • იმ შემთხვევაში, თუ არასწორი ინფორმაცია იკითხებოდა მასალის ბმულშიც, გაასწორეთ ისიც.
  • თუ ვებგვერდზე გასწორების შემდეგ სოციალურ ქსელში ინფორმაცია მაინც ძველი ფოტოთი ან სათაურით ვრცელდება, ჩაასწორეთ მასალის ბმული და გამოიყენეთ შემდეგი რესურსი

კითხვები რედაქციისთვის:

  • არსებობს თუ არა ერთიანი სტანდარტი როგორ უნდა გასწორდეს სოციალური ქსელით მედიასაშუალების სახელით გავრცელებული მასალა?
  • როგორ ასწორებთ? ამცნობთ აუდიტორიას რომ არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული? თუ ისე არედაქტირებთ, რომ მხოლოდ ახალი ინფორმაცია იკითხებოდეს?

გამოყენებული მასალები:

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ინტერესთა კონფლიქტი - სიტუაცია, როდესაც პირის პირადი, პროფესიული ანდა საზოგადოებრივი ინტერესი შესაძლებელია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს, რაც ხელს შეუშლის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

ჟურნალისტის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი უმთავრესად მის მიუკერძოებლობას და სამართლიანობას აყენებს ეჭვქვეშ.

კონფლიქტი ინტერესებს შორის შეიძლება წარმოიქმნას რამდენიმე მხრიდან, მათ შორისაა - ოჯახი, პირადი ურთიერთობები, ფინანსები/ბიზნესი, სამოქალაქო აქტიურობა. საჭიროა ჟურნალისტმა გადახედოს საკუთარ ურთიერთობებს და დაფიქრდეს, როგორ უკავშირდებიან ისინი მის პროფესიულ საქმიანობას.

ზოგადი პრინციპები:

  • აუდიტორია უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკა თავისუფალია კერძო, ფინანსური, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის გავლენებისგან.
  • ჟურნალისტი არ უნდა იყოს არც პოლიტიკურ გაერთიანებების შემომწირველი და არც სხვადასხვა აქტივობების დამფინანსებელი.
  • ჟურნალისტი, მათ შორის ისინიც, ვინც სპორტულ ანდა გასართობ თემატიკაზე მუშაობენ, ვალდებულნი არიან, აირიდონ როგორც უკვე არსებული, ასევე მოსალოდნელი ინტერესთა კონფლიქტი და აცნობონ ამის შესახებ საკუთარ ხელმძღვანელობას.
  • მედიაორგანიზაციებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის თუ სხვა ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხებისადმი.
  • დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება იმუშაოს იმ თემაზე, სადაც ფიქრობს, რომ ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

ურთიერთობა წყაროებთან

თუ ჟურნალისტს აქვს ნათესაური ან სხვა სახის კავშირი საკუთარ წყაროებთან, შესაძლებელია აუდიტორიას უარყოფითი რეაქცია ჰქონდეს, ვინაიდან ეჭვქვეშ დადგეს ჟურნალისტის მიუკერძოებლობა - რამდენად დასვამს ადეკვატურ კითხვებს, იქნება თუ არა მის მიმართ კრიტიკული.

როდესაც ოჯახის წევრი ან მასთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი პირი პოლიტიკაში აქტიურად ერთვება, ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს ის უხერხულობა, რაც შეიძლება შეიქმნას ამ თემაზე მუშაობისას და ამის შესახებ აცნობოს ხელმძღვანელობას. ამის შემდეგ მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას - ჩამოაშოროს ჟურნალისტი მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული ამბის გაშუქებას, მთლიანად თემას თუ გადაიყვანოს სხვა პოზიციაზე.

2011 წელს, როდესაც აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა "All Things Considered-ის" წამყვანის მიშელ ნორისის ქმარი ბროდერიკ ჯონსონი პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის მრჩევლად დაინიშნა, წამყვანმა საკუთარ ხელმძღვანელობას აცნობა ამის შესახებ.

"ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ბროდერიკის ახალი როლი სირთულეებს შემიქმნიდა გადაცემის წაყვანაში. საარჩევნო კამპანიისას ბროდერიკის მიერ დაკავებული პოზიციის თავისებურებიდან და იმ გავლენიდან გამომდინარე, რაც მას შეიძლება ჩვენს ოჯახზე ჰქონდეს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით, 2012 წლის არჩევნების დასრულებამდე აღარ წავიყვანო გადაცემა", - განაცხადა მიშელ ნორისმა და იმავე ორგანიზაციაში სხვა პოზიციაზე გადაინაცვლა.

  • ჟურნალისტმა გააცნობიერა, რომ ქმრის ახალი პოზიცია ხელს შეუშლიდა საარჩევნო კამპანიის გაშუქებაში;
  • მან ხელმძღვანელობას იქამდე აცნობა ქმრის ახალი პოზიციის შესახებ, ვიდრე ის დაიკავებდა ამ თანამდებობას;
  • ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება - ჟურნალისტი დარჩა ორგანიზაციაში, თუმცა, მისი საქმიანობა გაიმიჯნა პოლიტიკური საკითხების გაშუქებისგან. ნორისი წამყვანის პოზიციას დაუბრუნდა 2013 წელს.
პარალელურად სხვა ადგილას მუშაობა

ინტერესთა კონფლიქტის საკითხი დგება მაშინაც, როდესაც ჟურნალისტი პარალელურად სხვა ორგანიზაციაში მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ აუდიტორიას შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა, რამდენად მიუკერძოებლად გააშუქებს ის არა თუ იმ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას, არამედ ზოგადად იმ სფეროში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მისი ორგანიზაცია მუშაობს.

მედიის პარალელურად სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციის პრესსამსახურში მუშაობა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს. ჩნდება მოლოდინი, რომ ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით, სხვა ჟურნალისტებთან შედარებით მას უპირატესობა აქვს და არათანაბარი სამუშაო პირობები იქმნება.

კერძო ბიზნესი

ჟურნალისტებსა და რედაქტორებს არ უნდა ჰქონდეთ ბიზნეს ინტერესები რომელიმე კომპანიაში, რომლის საქმიანობასაც აშუქებენ.

კანადელი ჟურნალისტი ივან სალომონი CBC-ს წამყვანი იყო და ამზადებდა საზოგადოებრივ პოლიტიკური შინაარსის გადაცემებს. ცნობილია, რომ სალომონს მენეჯმენტისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ცოლთან ერთად ფლობდა კომპანიას, თუმცა, მისი მტკიცებით, აქტიურად ჩართული არ იყო საქმიანობაში. მაშინ მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ სალომონის საქმიანობა არ დააზარალებდა არხის რეპუტაციას და გავლენას არ იქონიებდა მასზე.

2015 წლის იანვარში სალომონი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი გამოძიების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის დაკავებული იყო ძვირადღირებული ნახატების გაყიდვით. შუამავლობდა სხვადასხვა კოლექციონერებსა და მყიდველებთან, რაშიც იღებდა ანაზღაურებას. მხარეებს შორის იყვნენ ის პირებიც, ვინც სალომონის გადაცემებსაც სტუმრობდა. CBC-ს ეთიკის კოდექსის თანახმად, დასაქმებულმა "არ უნდა გამოიყენოს დაკავებული პოზიცია პირადი ინტერესებისათვის". მოგვიანებით, სალომონმა თქვა, რომ სახელოვნებო ბიზნესი შორს იდგა პოლიტიკური თემისგან, რასაც ის აშუქებდა, ამიტომ ვერ ხედავდა ინტერესთა კონფლიქტს. მისი თქმით, არასდროს გამოუყენებია CBC-ს სახელი პროდუქტის გასაყიდად. მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ არხის სანდოობა დააზიანა.

  • ჟურნალისტმა დაუმალა ხელმძღვანელობას რეალური საქმიანობა
  • ჟურნალისტი გაათავისუფლეს სამსახურიდან

სამოქალაქო აქტივიზმი

ჟურნალისტი არ უნდა ჩაებას იმგვარ აქტივიზმში, რამაც შესაძლოა მედიასაშუალების სანდოობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენოს. ეს ეხება როგორც რეალურ, ისე ონლაინ აქტივიზმს. ასეთ შემთხვევაში აუდიტორიას შესაძლოა გაუჩნდეს კითხვის ნიშნები - ხომ არ ახდენს გავლენას ჟურნალისტურ პროდუქტზე ავტორის სამოქალაქო აქტივიზმი.

კონფიდენციალური ინფორმაცია

ჟურნალისტს ხშირ შემთხვევაში მიუწვდება ხელი ისეთ ინფორმაციაზე, რაც სხვა პროფესიის ადამიანისთვის ძნელად მისაღები იქნება. კონფიდენციალური ინფორმაციის მედიაპროდუქტში გამოყენების ერთადერთი მიზანი მოქალაქეთა ინფორმირებაა.

დაუშვებელია პროფესიული მოვალეობისას მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის პირადი სარგებლისთვის გამოყენება.

საჩუქრები წყაროებისგან

ჟურნალისტების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სხვადასხვა პირები მათ ხშირად სთავაზობენ საჩუქრებს.

  • დაუშვებელია ინფორმაციის გავრცელების სანაცვლოდ საჩუქრის მიღება.
  • რედაქციას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ლიმიტი, რა საფასურის საჩუქარი შეიძლება მიიღოს ჟურნალისტმა წყაროსგან. აქვე ჩნდება კითხვები:

o რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ კომპანიას თუ წყაროს, როდესაც ის საჩუქარს გჩუქნის?

o  ხდება ეს საჯაროდ თუ პირადად?

  • საზღვარგარეთ ყოფნისას გასათვალისწინებელია ქვეყნის კულტურა, თუ როგორ აღიქმება იქ საჩუქრის მიღება.
  • ჟურნალისტმა უარი უნდა თქვას სახელმწიფო დაწესებულებებისგან და ბიზნეს კომპანიებისგან ფასიანი საჩუქრების მიღებაზე.
  • ჟურნალისტმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ხელმძღვანელობა რომელიმე კონკურსში მონაწილეობის შესახებ განსაკუთრებით მაშინ, თუ კონკურსის პირობებმა, პრიზმა რაიმე გავლენა შეიძლება იქონიოს მედიაპროდუქტზე.

უფასოდ შესვლა ღონისძიებაზე

როდესაც გასაშუქებლად მიდის ჟურნალისტი უნდა მიიღოს თუ არა უფასოდ შესვლის შეთავაზება იმ ღონისძიებაზე, სადაც სხვები ფულს იხდიან? ნაწილი ჟურნალისტებისა ფიქრობს, რომ ბილეთი თავად რედაქციამ უნდა იყიდოს, რათა არ გაჩნდეს ვალდებულება ამ ღონისძიებების გაშუქებისა, სხვა ნაწილი კი მიჩნევს, რომ უფასოდ შესვლა გაშუქების ნაწილია. ამიტომ მედიამენეჯერებმა თითოეულ შემთხვევაში თავად უნდა აწონონ, ღირს თუ არა კონკრეტულ ღონისძიებაზე მასალის მომზადება, აქვს თუ არა მას ინფორმაციული ღირებულება, რის გამოც ჟურნალისტმა უფასოდ შესვლის შეთავაზება უნდა მიიღოს.  დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სასურველია, ჟურნალისტმა აუდიტორიას აცნობოს, რომ ღონისძიებაზე მისი დასწრება თავად ორგანიზატორმა უზრუნველყო.

მედიატურები/მგზავრობა

უცხო პრაქტიკა არ არის როდესაც ჟურნალისტი რომელიმე კომპანიას ან საჯარო უწყებას მიჰყავს მედიატურში, რაც გულისხმობს მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას, ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა ადგილის დათვალიერებას, თუმცა, ხშირად მედიატურში მონაწილე პირები ამზადებენ მასალას, სადაც მთავარი მედიატურია და არა ის, რაც ამ ტურის განმავლობაში ნახეს და ტურის ორგანიზატორის დადებით კონტექსტში წარმოჩენას ისახავს მიზნად. კონკრეტული ამბის გასაშუქებლად საზღვარგარეთ უფასოდ მგზავრობაც იშვიათი არ არის.

ასეთ დროს რედაქციამ უნდა იმსჯელოს:

  • რის სანაცვლოდ იღებს ის ამგვარ შეთავაზებას?
  • ეუბნება თუ არა აუდიტორიას უფასოდ მგზავრობის ამბავს?
  • როგორ არწმუნებს, რომ ამბავს საინფორმაციო ღირებულება ჰქონდა, სწორედ ამიტომ მიიღო ეს შეთავაზება და რეალურად იმ უწყების თუ კომპანიის დადებით კონტექსტში წარმოჩენას არ ისახავდა მიზნად?

მგზავრობის ან ცხოვრების ანაზღაურება მიზანშეწონილია მხოლოდ გამონაკლისის დროს, როცა სხვანაირად ვერ ხერხდება რეპორტაჟის მომზადება (მაგ: ინაუგურაცია, სამხედრო ოპერაცია) თუ ჟურნალისტის მგზავრობის ან სასტუმროს ხარჯი ანაზღაურდა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, ამის შესახებ მითითება რეპორტაჟშივე უნდა გაკეთდეს.

რედაქციამ ასევე უნდა იმსჯელოს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში ჟურნალისტების მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ. ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნად ისახავდეს სპეციფიკური ცოდნის მიღებას.

ჟურნალისტი სარეკლამო მასალაში

ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები არ უნდა მონაწილეობდნენ რაიმე პროდუქტის რეკლამაში, ანდა პრომოუშენში. "მაუწყებლობის შესახებ" კანონშიც აღნიშნულია, რომ "იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში". ამ ნორმის მთავარი მიზანი ის არის, რომ როდესაც წამყვანის მიერ რეკლამირებული პროდუქტის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაცია ამავე მედიასაშუალების მიერ გავრცელდება, აუდიტორიამ ეჭვქვეშ არ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა.

რეკომენდაციები რედაქციებს

რედაქციამ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, როცა ფიქრობს, რომ ინტერესთა კონფლიქტი აქვს? ვინ უნდა ჩააყენოს საქმის კურსში და რა შესაძლო გადაწყვეტილებები შესაძლოა არსებობდეს?
  • რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტმა დამალა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ფაქტი და არ აცნობა შესაბამის პირს ორგანიზაციაში?
  • შეუძლია თუ არა ჟურნალისტს სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა? არსებობს თუ არა გამონაკლისი შემთხვევები?
  • როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი როდესაც მას საჩუქარს სთავაზობენ? რა ღირებულების შეიძლება იყოს საჩუქარი რის აღებაც შეუძლია? როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, როდესაც საჩუქარს პირდაპირ ეთერში სთავაზობენ?
  • რა შემთხვევაში უნდა დათანხმდეს ჟურნალისტი უფასოდ მგზავრობას, რომელიმე ღონისძიებაზე უფასოდ შესვლას ანდა მედიატურში მონაწილეობას?
  • შეუძლია თუ არა ჟურნალისტს რაიმე კონკურსში მონაწილეობა?
  • შეუძლია თუ არა ჟურნალისტს ბლოგპოსტების წერა როგორც ამავე მედიასაშუალების, ისე სხვა გამოცემის პლატფორმაზე ანდა პერსონალურ ბლოგზე?

ამგვარი დეტალების გადაწყვეტა სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად უნდა ხდებოდეს. დასაქმებულები კი ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ყველა იმ რეგულაციის შესახებ, რაც რედაქციის შიგნით არსებობს.

გამოყენებული მასალები:

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტის ინტერესთა კონფლიქტი

კატეგორია - სახელმძღვანელო წესები
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

კრიმინალური ფაქტები და ანტისოციალური ქცევა იმ თემებს შორისაა, რომელსაც მედია აშუქებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. როდესაც მომხდარი ფაქტის გარშემო ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რთულდება  ეთიკური გაშუქების პროცესი,  გავრცელებული ინფორმაციის მიერ  მოტანილი  ზიანის შეფასება.  აქედან გამომდინარე ვაქვეყნებთ პრაქტიკულ  სახელმძღვანელო წესებს მედიისთვის, რათა გავაადვილოთ  გაცნობიერებული, პროფესიული  და ეთიკური გადაწყვეტების პოვნა (შეზღუდულ დროში).  დოკუმენტში მოცემულია ის ძირითადი წესები, რაც უნდა დაიცვას მედიამ კრიმინალური თემების გაშუქებისას, რათა არ დაარღვიოს როგორც მსხვერპლის, ისე ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა უფლებები და არ მიაყენოს დამატებითი ზიანი.

როდესაც საქმის გარემოებები  რთულია, საჯარო ინტერესი კი  მაღალი,  ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის რეალურ საფრთხეს  შეიქმნას ბრალდებულების და მათი ახლობლების  "დევნის" პრეცენდენტი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება მხოლოდ ძირითადი, განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი, გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც ამცირებს  სპეკულაციებისა და საზოგადოებაში  მცდარი შეხედულებების შექმნის საშიშროებას.

უბედური შემთხვევების, ტრაგედიების, ძალადობის გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვას.

1.ზოგადი წესები

1.1. კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდ რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადებისას. როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალურ ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.

1.2. მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს.

1.3. მედიასაშუალებამ არ უნდა გამოაქვეყნოს მასალა, რომელიც წაახალისებს კრიმინალს, დანაშაულს ან ანტისოციალურ ქმედებას. პირდაპირ ეთერში რესპონდენტის პირდაპირ მოწოდებას ძალადობისკენ მედია უნდა დაუპირისპირდეს და დაგმოს.

1.4. დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ტექნიკის აღწერა.

2.იდენტიფიცირება

2.1. საზოგადოებას ლეგიტიმური ინტერესი აქვს ჰქონდეს ინფორმაცია კრიმინალური ამბების, გამოძიებისა და სასამართლო პროცესების შესახებ. მედიას მხოლოდ მაშინ აქვს კრიმინალისა და ანტისოციალური ქმედების მონაწილე პირების იდენტიფიცირების უფლება, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი გადაწონის პირის ინტერესებს. ფაქტორები, რომელიც ამ დროს უნდა გაითვალისწინოს მედიამ არის: დანაშაულის სიმძიმე, არიან თუ არა მონაწილეები ცნობილი პირები და რამდენად მაღალია საჯარო ინტერესი იცოდეს საზოგადოებამ პირთა ვინაობა.

2.2. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მედიამ არ უნდა მოახდინოს სავარაუდო დამნაშავის, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

2.3. დაუშვებელია კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე, დაზარალებული, ბრალდებული და მსჯავრდებული ან/და თვითმხილველი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება.

2.4. დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს პიროვნების იდენტიფიცირება, როცა:

  • ადამიანი გამოიყენება ქმედების ილუსტრირებისათვის ან არ არის სრულად პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებაზე;
  • რთულია ინფორმირებული თანხმობის მიღება, მაგალითად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო;
  • არსებობს მაყურებლის მიერ გონივრული ვარაუდის საფუძველზე კადრში შემთხვევით მოხვედრილი პიროვნებების დანაშაულთან დაკავშირების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, მასალა საჯარო ადგილას არის გადაღებული თუ კერძო ტერიტორიაზე.

2.5. მსხვერპლებს აქვთ უფლება, არ იყვნენ იდენტიფიცირებული საჯაროდ. მსხვერპლის სახელის და გვარის ცოდნა როგორც წესი არაფრისმომცემია ხოლმე. სახელის, გვარისა და ფოტოების ჩვენება შესაძლებელია ოჯახის წევრების ან თავად მსხვერპლის ნებართვით.

2.6. დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

2.7. თუ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ საქმის მონაწილეების სახელი და გვარები არ გამჟღავნდეს (თუ თავად საგამოძიებო ორგანოები იცავენ ანონიმურობას ან სასამართლო პროცესებია დახურული) მედიამ არ უნა მოახდინოს მათი იდენტიფიცირება.

2.8. როცა საქმე ეხება პედოფილიას, ან სექსუალურ ძალადობას, მაშინაც კი, როცა საგამოძიებო უწყებები ასახელებენ ბრალდებულის ვინაობას, მედიამ თავი უნდა შეიკავოს მათი იდენტიფიცირებისგან. გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი.

3. მსხვერპლი

3.1. მასალის მოსამზადებლად განკუთვნილი მცირე დროის გამო პირველი გამოწვევა ჟურნალისტებისთვის არის მსხვერპლის ინტერვიუზე დათანხმება. ეს განსაკუთრებით რთულდება მათთვის, ვისაც ვიდეორეპორტაჟის მომზადება სურს, რადგან დაზარალებულს შესაძლოა, არ სურს კადრში გამოჩენა იმ მდგომარეობაში, რაშიც მომხდარის შემდეგ იმყოფება. ეთიკურად გაშუქებისთვის:

  • მსხვერპლთან საუბარი დაიწყეთ კამერისა და სხვა ტიპის ჩამწერის გარეშე. შეუთანხმდით ინტერვიუზე და ამის შემდეგ დაიწყეთ ჩაწერა. წარუდგინეთ საკუთარი თავი, რათა რესპონდენტმა იცოდეს ვის ესაუბრება.
  • დაიწყეთ საუბარი ისეთი ფრაზებით რითიც აჩვენებთ, რომ თანაუგრძნობთ მსხვერპლს.
  • ერიდეთ შეცოდების ტონით საუბარს.
  • შეარჩიეთ მსხვერპლისთვის მოსახერხებელი ადგილი ჩასაწერად. ტრავმირებულ ადამიანებს ხშირად არ სიამოვნებთ უცხო ადამიანებთან კონტაქტი, მით უფრო მათი შეხება. ამიტომ ეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ დასამაგრებელი მიკროფონი (ეწ "პეტლიჩკა").
  • კითხვები დასვით ისე, რომ მსხვერპლმა არ იგრძნოს თავი დამნაშავედ მომხდარ ამბავში.

3.2. მედია უნდა შეეცადოს, არ მოახდინოს მსხვერპლის რეტრავმირება. ადამიანს აქვს "დავიწყების უფლება", რაც ნიშნავს იმას, რომ მედიამ არ უნდა შეუწყოს ხელი პირისთვის მძიმე ისტორიის გახსენებას და ხელახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაყენებას. თუმცა, ძველი ამბის შეხსენება შესაძლებელია საჭირო გახდეს ახალი და წარსულში მომხდარი ფაქტის დასაკავშირებლად.

4. ბრალდებული

4.1. პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

4.2. მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.

4.3. დაუშვებელია ბრალდებულის ეთნიკური, რელიგიური ან სხვა სახის იდენტობის დაკავშირება დანაშაულთან, ან მისი იდენტობის ხსენება, თუკი ის პირდაპირ არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს.

4.4. სასამართლო პროცესების გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიაგაშუქებაში იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ.

4.5. ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს.

4.5. მნიშვნელოვანია მედია ბოლომდე მიყვეს კრიმინალური ამბის გაშუქებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირის იდენტიფიცირება ხდება. შესაძლოა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს იმისათვის, რომ არ მოხდეს პირის სტიგმატიზაცია.

4.6. მედიამ უნდა  მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.

5. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

5.1. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით სარგებლობენ როგორც კერძო, ისე საჯარო პირები. მედიამ პატივი უნდა სცეს შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

5.2. მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის.

5.3. ჟურნალისტებს შეუძლიათ რამდენ ხანსაც სურთ იმყოფებოდნენ დაზარალებულის, ბრალდებულის სახლებთან მხოლოდ გზაზე, საზოგადოებრივ ადგილას და არა სახლის კართან, მიუხედავად იმისა, ის პირი საჯარო არის თუ არა.

6. ვიზუალური მხარე

6.1.მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

6.2. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.

6.3. ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას მაუწყებელი უნდა შეეცადოს, შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს. იგივე ეხება ინსცენირებულ რეკონსტრუქციებსა და ფაქტებზე დაფუძნებულ პროგრამებს.

6.4. დაუშვებელია დანაშაულის ჩადენის ხერხის ისეთი აღწერა ან დემონსტრირება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დანაშაულის ჩადენას, გარდა იმ შემთხევებისა როცა არსებობს სარედაქციო დასაბუთება.

6.5. მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, დანაშაულის რეკონსტრუქციის გადაცემისას, მაუწყებელმა მკაფიოდ უნდა მიუთითოს სად იწყება და მთავრდება რეკონსტრუქცია.

7.ტერმინოლოგია

7.1. კრიმინალის გაშუქებისას ჟურნალისტები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდნენ  სახელებს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტერმინებს.

7.2. ინტერვიუს ჩაწერისას მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს დანაშაულის მოწონების ან გამართლებისგან და დაიცვას პატიმართან ინტერვიუს ჩაწერის წესები.

ძირითადი სამართლებრივი ტერმინები, რომელიც კრიმინალის გაშუქებისას გამოიყენება

(ტერმინები მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად)

ბრალდებული – პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული

მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი

ეჭვმიტანილი - ქართულ კანონმდებლობაში ეს ტერმინი აღარ არსებობს.

დაზარალებული – სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად.

მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი, პროკურორი.

ბრალდების მხარე – გამომძიებელი, პროკურორი.

დაცვის მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი.

დაკავება - დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომლის საფუძველი შეიძლება გახდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულ დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად.

აღკვეთის ღონისძიება - დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. მოცემულ ვადაში შუამდგომლობის წარდგენის არ არსებობის შემთხვევაში პირი გათავისუფლდება.

აღკვეთის ღონისძიების სახეები - გირაო, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა.

საპროცესო შეთანხმება -  სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.