წლიური ანგარიში 2025

2025 წელი მედიისთვის მძიმედ დაიწყო და მძიმედ გაგრძელდა. მედიის სამუშაო გარემო იყო მტრული, ძალადობრივი და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო.

12 იანვარს დაუსაბუთებელი ბრალდებით, ჯერ ადმინისტრაციული, ხოლო შემდგომ სისხლის სამართლის წესით დააკავეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. 6 აგვისტოს ბათუმის სასამართლომ მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მზია ამაღლობელი გახდა პირველი ქალი ჟურნალისტი საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რომელიც პოლიტიკურად მიტივირებული დევნის შედეგად ციხეში მოხვდა. მზია ამაღლობელის მიმართ გამოჩენილი არაადამიანური მოპყრობა დაკავებისას, მისი უკანონო პატიმრობა, ციხის პირობებში გაუარესებული ჯანმრთელობა და უსამართლობით გაჯერებული სასამართლო პროცესი იყო ის ფონი, რამაც ჟურნალისტური თემისთვის მთელი 2025 წელის ტონალობა განსაზღვრა. მზია ამაღლობელის კოლეგებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ის 38 დღე, რა დროსაც მან პროტესტის ნიშნად იშიმშილა.  

პოლიციამ განაგრძო თავდასხმები აქციების მონაწილეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებაზე. პოლიციელები სასტიკად ექცეოდნენ ჟურნალისტებსაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიციელების ძალადობრივი ქცევის დოკუმენტირებას ცდილობდნენ.

„ქართული ოცნების“ წამყვანი ფიგურების შეურაცხმყოფელმა რიტორიკამ ჟურნალისტების მიმართ, მწვანე შუქი აუნთო მათი მხარდამჭერების და აქტივისტების უკონტროლო აგრესიას, რაც არაერთ შემთხვევაში ფიზიკური ზიანით დასრულდა.

„ქართული ოცნების“ პროკურატურამ არ გამოიძია ჟურნალისტების წინააღმდეგ 2025 წელს და წინა წლებში ჩადენილი დანაშაულები, ერთეული გამონაკლისების გარდა. 

საპირისპიროდ, ძალაუფლების მქონე ჯგუფებმა 2025 წელს გაზარდეს და გაამრავალფეროვნეს ინსტრუმენტები მედიის დასათრგუნად და გასანადგურებლად.

2025 წლის გაზაფხულზე უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მიღებით და ცვლილებების შეტანით კანონში გრანტების შესახებ და კანონში მაუწყებლობის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ მედიას დააკარგვინა წვდომა დასავლურ, დონორთა ფინანსებზე. ამ გარემოებამ დაასუსტა მედია და შეამცირა მათი შესაძლებლობები.

2025 წელს უპრეცედენტოდ გაიზარდა სინდისის პატიმრების რიცხვი, რომელთა სასამართლო პროცესების მიმართ საჯარო ინტერესი მაღალი იყო. პროცესებიდან მედიის მიერ გამოტანილი ინფორმაცია საზოგადოებაში ემპათიას აჩენდა და დანაშაულებრივ სიყალბეს ააშკარავებდა. საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ შეზღუდა მედიის უფლებები სასამართლოში, აკრძალა ფოტო და ვიდეოგადაღება არათუ სასამართლოს შენობაში, არამედ მის ეზოშიც.  

მაუწყებლობის კანონში შესული ცვლილებებით „ქართულმა ოცნებამ“ დარტყმა მიაყენა სექტორის თვითრეგულირების იდეას და არსებულ თვითრეგულირების ინსტიტუტებს, გაავრცელა რა საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება მედიაპროდუქტების შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

სხვა მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. USAID-ის მედია პროგრამის დახურვის შედეგად მან დაკარგა დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული ახალი კანონმდებლობის გამო, სხვა დონორების რესურსებზე წვდომაც. ამის შემდგომ ქარტიამ მუშაობა განაგრძო დიდწილად მოხალისეობრივად.

ახალ, რეპრესიულ გარემოში, მწირი რესურსებით, ქარტია თავის ძირითად ფუნქციაზე ფოკუსირდა -  განაგრძო განცხადებების განხილვა ჟურნალისტური ნამუშევრების ქარტიის პრინციპებთან შესაბამისობის დასადგენად. მუშაობა არ შეუწყვეტია „მედიაჩეკერს“ და ქარტიის ამ მედიაპლატფორმამ წლის განმავლობაში ჟურნალისტური თემისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი გააშუქა. ქარტია კოლეგების მხარდამხარ იბრძოდა მზია ამაღლობელის გასათავისუფლებლად და ეწინააღმდეგებოდა მედიის შემზღუდველ ზომებს.

ახლად დაწესებული შეზღუდვების გამო ქარტიამ ვეღარ შეძლო კვლევითი და საგანამანათლებლო საქმიანობის განხორციელება, რაც წლების განმავლობაში მისი პორტფოლიოს ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა.

სირთულეების მიუხედავად, ქარტია არ დანებდა, ისევე როგორც ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალება და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია. გადარჩენის რეჟიმში მომუშავე ორგანიზაციამ მაინც შეძლო სამსახური გაეწია მედიის მომხმარებლებისა და ჟურნალისტური თემისთვის და არსებული ვითარება „მედიაჩეკერის“ ელექტრონულ გვერდებზე დეტალურად აღეწერა.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ