გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ნუგზარ სოლომონიძე „Factcheck.ge"-ს ანალიტიკოსს ნაზი რეხვიაშვილს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის. „რომ მოვა დრო, მერე მიხვდები რა საფრთხეში გაბი შენი მომავალი, ვერ გიცნივარ,“ „საომრად მეორედ გამოიწვიე მელოდე“ - წერს ნუგზარ სოლომონიძე ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც ნაზი რეხვიაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ტვ 25-ის მასალიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც საკრებულოს წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ“ მოიხსენიებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლების წარმომადგენელს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ქარტიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა თანამდებობის პირის მხრიდან მედიის წარმომადგენლის მიმართ მუქარის ფაქტი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ გაკეთებული ყველა განცხადება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას.
დღეს, 2021 წლის 17 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, დმანისის შესასვლელთან, სადაც სამართალდამცველებმა გზა დროებით გადაკეტეს, დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფსაც, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად ასახონ დმანისში მიმდინარე პროცესები.
ტელეკომპანია „პირველი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დმანისში დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ასევე დაშავდნენ სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც და ხელი შეეშალათ მუშაობაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია „მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გუშინ 8 მაისს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა - მეუფე ანტონმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, აუკრძალა ეპარქიაში გადაადგილება და ფიზიკურად დაუპირისპირდა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტის გამოჩენასა და მის შეკითხვებზე ღიზიანდება და ბოლოს ფიზიკურადაც უპირისპირდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მკაცრად გმობს „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობას. ქარტია ითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს შემთხვევა და დადგეს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.
ეს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის.
2021 წლის 08 მარტს ჭყონდიდის ეპარქიის მეორე სართულზე მოაჯირი ჩაინგრა და ათამდე ადამიანი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ჟურნალისტები სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას და აქციას აშუქებდნენ. კადრებში ჩანდა, თუ როგორ უშლიდნენ ხელს სასულიერო პირები ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
2021 წლის 4 მაისს დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და სასულიერო პირებმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია.
თითოეულ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველა შესაბამისი ინციდენტი იქნება ადეკვატურად და გამჭვირვალედ გამოძიებული, დამნაშავე პირებს კი დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.
ქარტიას მიაჩნია, რომ მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მედიისთვის შეიქმნას თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო.
ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს
ინფორმაციას, რომ დავით გარეჯში სიუჟეტზე მუშაობისას საერო და
სასულიერო პირებმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ნინუცა კეკელიასა და
ოპერატორს, ირაკლი კვარაცხელიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს. მათი თქმით, დაზიანდა მაუწყებლის კუთვნილი
ტექნიკაც.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“
თანამშრომლებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს სამართალდამცავ
ორგანოებს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას
ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას
მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს
ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებით.
ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული.