გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 07 სექტემბერს სამუშაო პროცესის დროს ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორს მანქანა ფეხზე დააჯახეს. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ჟურნალისტიც.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ქარტია მოუწოდებს შსს-ს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის თითოეული ფაქტი.
ქარტია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.
ეს ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ქარტია არაერთხელ გამოეხმაურა მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტებს.
2021 წლის 09 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. მათი თქმით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.
2021 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმის მოტივი იმ აგრესიული პროპაგანდის შედეგი იყო, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ეწევა.
2021 წლის 30 ივნისს TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, გადაღების დროს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, აპარატურა კი დაუმტვრიეს.
2021 წლის 16 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
მედიის წარმომადგენლები მიზანმიმართული თავდასხმების ობიექტები გახდნენ 5-6 ივლისსაც, რა დროსაც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.
კოალიცია „მედის ადვოკატირებისთვის” ეხმიანება თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებას, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან დასახელებული თბილისის მერობის კანდიდატი აპირებს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილ სატელევიზიო დებატებში, ამასთანავე, რეგიონული ტელევიზიების ნაწილმა უკვე მიიღო უარი მმართველი პარტიის კანდიდატების მხრიდან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე.
შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ დებატებში მონაწილეობა დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი ელემენტი და ამომრჩევლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ზოგად პრინციპებს და აბრკოლებს მოქალაქეთა უფლებას გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
მოვუწოდებთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა მედიასაშუალებების მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა ფორმატში, პატივი სცენ ამომრჩეველთა უფლებას გაეცნოს მერობის კანდიდატთა ხედვებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების შესრულების
მიზნით, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და
საარჩევნო სუბიექტებს სთავაზობს მემორანდუმის გაფორმებას, რომელზე
ხელმოწერაც მოიცავს პასუხისმგებლობას, საარჩევნო პროცესები წარმართოს
მშვიდობიან - არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ გარემოში.
მემორანდუმის ტექსტი
ჩვენ, ხელმომწერი პირები,
პატივს ვცემთ საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ.
ვცნობთ და ვაღიარებთ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის საჭიროებას და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას, რომელიც გულისხმობს წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების გამართვის და მასში მონაწილეობის აუცილებლობას.
ვიაზრებთ, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების სწორ და ზუსტ, მიუკერძოებელ და სამართლიან გაშუქებასთან.
მიუღებლად ვაცხადებთ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმს.
ვაღიარებთ წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და თანხმობას ვაცხადებთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის ვალდებულების შესრულებაზე. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ქალთა მონაწილეობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, დებატებში ქალი კანდიდატების წარმოდგენას.
ვგმობთ, მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმას.
მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტებს, პოლიტიკური აქტივისტებს და მხარდამჭერებს პატივი სცენ მედიის პროფესიულ ვალდებულებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
ვთანხმდებით, რომ საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების ფარგლებში, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაშუქების სტანდარტის უზრუნველსაყოფად, მხარეები გამოიყენებენ მაუწყებელთა თვითრეგულირების ეფექტიან მექანიზმს ან/და მიმართავენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს.
* შენიშვნა: საარჩევნო საკითხებზე საჩივარი/განცხადება განიხილება დაჩქარებულად - 7 სამუშაო დღის ვადაში
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
ლიბერალური აკადემია თბილისი
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
სატელევიზიო ქსელი
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი OSGF
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 02 სექტემბერს 1
საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - ლაშა ჯანიბეგაშვილი გურამ როგავას და ლუკა ხაჩიძის წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი - „ძალადობის მსხვერპლი ქალი ადვოკატის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა - იურისტი ომბუდსმენის აპარატმაც ამხილა”, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში 2021 წლის 06 თებერვალს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია მის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია. მხარე თვლის, რომ ჟურნალისტური პროდუქტი ზიანს აყენებს მის საქმიან რეპუტაციას. ასევე, განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტებმა არ გამოაქვეყნეს მისი პოზიცია და გაასაჯაროვეს პერსონალური ინფორმაცია.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 31 აგვისტოს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - ენკა რინიუებლზ ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტის მაია სტეფნაძის წინააღმდეგ
სადავო გადაცემა - „ხალხი ხალხისთვის მაია სტეფნაძესთან ერთად“, ტელეკომპანია „პირველის" ეთერში 2021 წლის 07 მარტს გავიდა და ნამახვანი ჰესის მშენებლობას ეხებოდა.
განმცხადებლის განმარტებით, ჟურნალისტმა არაერთხელ გააჟღერა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რაც საზოგადოების შეცდომაში შემყვანია. განმცხადებლის თქმით, მაია სტეფნაძემ ასევე დისკრიმინაციული ენის გამოყენებით ხელი შეუწყო ქსენოფობიური შეხედულებების გავრცელებას საზოგადოებაში.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 30 აგვისტოს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - გიორგი ხუჭუა „მთავარი არხის" ჟურნალისტის მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ
სადავო მასალა გადაცემის „მთავარი შაბათს” ეთერში 2021 წლის 19 ივნისს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში ჟურნალისტმა ფაქტები განზრახ დაამახინჯა და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია არ მიაწოდა. მისი თქმით, ჟურნალისტმა ინფორმაციის მოპოვებისას არაკეთილსინდისიერი და არასამართლიანი მეთოდები გამოიყენა. შემდგომ კი არ შეასწორა გამოქვეყნებული არაზუსტი ინფორმაცია, რომელიც აუდიტორიის შეცდომაში შემყვანია.
მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.
მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა, ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კი წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს.
დღეს, 2021 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა: სასამართლომ სამივე ბრალდებულს მინიმალური სასჯელი - 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რისი ვადაც დღეს ამოიწურა. შედეგად, ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ. ამასთან, მოსამართლემ ზეპირი მითითებით დარბაზში არ დაუშვა დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი.
თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 156-ე (დევნა) მუხლებით. სასამართლომ ბრალდებულ სულიკო საყევარიშვილს დისკრიმინაციული მოტივით, ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ხოლო გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო 126-ე და 156-ე მუხლებით და მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა. დამატებით ამ უკანასკნელს ასევე დაეკისრა 2500-ლარიანი ჯარიმა.
შემთხვევა 2021 წლის 25 თებერვალს მოხდა, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ. ჯერ კიდევ მაშინ, კოალიციამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით მოეხდინა სათანადო რეაგირება ჟურნალისტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ამასთან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მანიფესტით, რომელსაც ხელს 1000-ზე მეტი ადამიანი აწერს, მოქალაქეებმა ერთობლივად მიმართეს გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და მოითხოვეს ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები.
სამწუხაროა, რომ მწვავე საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო არ იცავს მედიის წარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთან. ისინი სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგ თავდასხმებს.
2021 წლის 5 ივლისიდან, მას შემდეგ რაც თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის სასამართლოს პასუხისმგებლობას სათანადოდ შეისწავლოს ჟურნალისტების დაშინების თითოეული მცდელობა და გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკური მოტივების გარეშე. სამწუხაროა, რომ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა.
ამასთან ერთად მიგვაჩნია, რომ მოსამართლის ზეპირი მითითება,
რომლითაც თითქოსდა კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ დაზარალებული
ჟურნალისტის ადვოკატს შეეზღუდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა,
წარმოადგენს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ჩარევას.
ეს შემთხვევა არის საშიში მცდელობა ჟურნალისტები დარჩნენ
სამართლებრივი დახმარების გარეშე, უფლებადამცველებს კი აღარ ჰქონდეთ
შესაძლებლობა სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მედიას.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
მედიის განვითარების ფონდი
მედიის უფლებები
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
სატელევიზიო ქსელი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი OSGF
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ალექსანდრე მითაიშვილის განცხადება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ჯენი კვანტალიანის წინააღმდეგ.
სადავო სიუჟეტი - „შესაძლო კორუფცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში", ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 01 ივნისს გავიდა.
განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია განზრახ დაამახინჯა და აუდიტორიას არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია, რაც საზოგადოებას ნეგატიურად განაწყობდა მის წინააღმდეგ.
განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „ალტ-ინფომ“ ქარტიის მეშვიდე - დისკრიმინაციის პრინციპი დაარღვია.
ქარტიას განცხადებით ნანა იამანიძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი მედიასაშუალების Youtube არხზე 2021 წლის 2 ივლისს განთავსდა და ლგბტქ(ი) ადამიანებს ეხებოდა.
განმცხადებელი განმარტავდა, რომ გადაცემაში ფაქტების ანალიზი მანიპულაციურად კეთდებოდა და დისკრიმინაციული ტერმინები იყო გამოყენებული. მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება აღვივებს სიძულვილს.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „25”-ის ჟურნალისტმა ნინია მესხიძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) პრინციპები დაარღვია.
მის წინააღმდეგ ქარტიას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 04 მაისს გავიდა.
განმცხადებლის განმარტებით, სიუჟეტში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით გამოთქმული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
განმცხადებელი ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.