საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის განცხადება გაზეთ "ასავალ დასავალის" წინააღმდეგ.
სადავო მასალა "შირაქმა ასავალ-დასავალს და ჯაბა ექიმს სასამართლოში უჩივლა!" 2019 წლის 4 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა და ეხებოდა შპს "შირაქის" მიერ წარმოებულ პროდუქტს და მათ მიერ "ასავალ დასავალის" მასალის გასაჩივრებას. ასოციაცია მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები, ვინაიდან განმცხადებლის აზრით, აუდიტორიამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიიღო.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს
ორშაბათს, 11 თებერვალს 20:00 საათზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს გიგი თევზაძის განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორისა და გადაცემა "კვირის აქცენტების" წაყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, გიგი თევზაძის განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის და გადაცემა "კვირის აქცენტების" წამყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.
გიგი თევზაძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ 3 თებერვლის გადაცემაში დაარღვია სიზუსტის პრინციპი, როდესაც განათლების სისტემაზე საუბრისას ახსენა გიგი თევზაძეც. მისი თქმით, კავშირი არ აქვს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან, რაზეც ნიკა გვარამია მიუთითებდა.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ელმადდინ მამედოვის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ.
2 თებერვალს ეთერში გასული სადავო სიუჟეტი ეხებოდა ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციას. ჟურნალისტმა ამბის თხრობისას აღნიშნა ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებულის ეთნიკური წარმომავლობა, რაც განმცხადებლის აზრით, არღვევს ქარტიის მეშვიდე პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა აირიდოს პირის რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებმა ირაკლი ჩიხლაძემ და თამარ გოგესაშვილმა ქარტიის ორი პრინციპი დაარღვია - პირველი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ჟურნალისტის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და მეათე, რომელიც ჟურნალისტს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას ავალდებულებს.
სადავო სიუჟეტი 23 დეკემბერს გავიდა ეთერში და ეხებოდა ხადის ხეობაში აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობას და ამ საქმეზე ბრალდებულს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალაში ბრალდებული წარმოაჩინეს დამნაშავედ მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯერ არ არსებობს.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება შემდეგი მედიასაშუალების ჟურნალისტების წინააღმდეგ: versia.ge, marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge, resonancedaily.com, ITV.ge
სადავო გახდა სტატია სათაურით "ეკა ბესელიას იჭერენ?! რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ბესელიას კომპრომატები". მასალა თავდაპირველად "ვერსიამ" გამოაქვეყნა. დანარჩენმა ზემოთ აღნიშნულმა ვებსაიტებმა კი იდენტური ინფორმაცია "ვერსიაზე" დაყრდნობით გაავრცელეს.
ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სტატიებში პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად "პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახავ, მკვეთრად შეურაცხმყოფელ კონტექსტშია ნახსენები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის მზია თოდუას სახელი და საქმიანი რეპუტაცია. მეტიც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჟურნალისტის მიერ პირდაპირ, მტკიცებითი ფორმით დადანაშაულებულია კორუფციულ გარიგებებსა და ქრთამის აღებაში."
შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე(შესწორება) პრინციპები.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო გამოცემა "ჩაი ხანას" განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის წინააღმდეგ. სადავო მასალა "გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან" პირველი არხის ეთერში 27 იანვარს გავიდა და ეხება მასწავლებელს, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის.
"ჩაიხანა" საზოგადოებრივ მაუწყებელს პლაგიატში ადანაშაულებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სადავო მასალა მსგავსია მათი ჟურნალისტების მიერ 4 იანვარს გამოქვეყნებული მასალისა "გოგონს მზის ჩასვლის მხარიდან".
"პირველ არხზე გაშვებული სიუჟეტის სათაური Chai Khana-ს ვებგვერდზე განთავსებული ვიდეომასალის სათაურის იდენტურია. ასევე პირველ არხზე გასული სიუჟეტი თემატურად Chai Khana-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალის იდენტურია. პირველ არხზე გაშვებულ სიუჟეტში ავტორები არ უთითებენ პირველწყაროს და არც Chai Khana-ზე განთავსებული ვიდეომასალის ავტორებს ახსენებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით
Newpost-ის, News.coa-ს და Alia.ge-ს ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი
(ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი
დაარღვიეს.
ქარტიას განცხადებით მარიამ ჯიქიამ მომართა. სადავო მასალები ფოკაში
მომხდარ შემთხვევას ეხება, სადაც თანასოფლელის სახლი გადაწვეს.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალების შინაარსი ქსენოფობიური
ხასიათისაა, რაც ახალისებდა დისკრიმინაციას. ასევე გავრცელებული იყო
არასწორი ინფორმაცია და არ იყო წარმოჩენილი ყველა მხარის პოზიცია.
გარდა ამისა, განმცხადებელი დავობდა ქარტიის მესამე პრინციპზე
(დადასტურებული წყარო), მაგრამ საბჭომ ამ პრინციპზე დარღვევა არ
დაადგინა.
ქარტიაში საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა.
მოპასუხეები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება
წარმოუდგენიათ.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის" ცნობით, მისი სპორტული ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, რათა მყისიერდ გამოიძიონ საქმე და განუმარტონ საზოგადოებას, უკავშირდება თუ არა მომხდარი დავით ერაძის ჟურნალისტურს საქმიანობას. სწორედ მან მოიპოვა კადრები, სადაც ასახულია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეს შორის კონფლიქტი. მასალის ეთერში გასვლის შემდეგ კი ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს.
მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს და შეუფერხებლად ახორციელებდნენ პროფესიულ საქმიანობას. ყოველი გაჭიანურებული გამოძიება ახალისებს ძალადობას ქვეყანაში და ხელს უწყობს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიის ზრდას. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს და საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 27 იანვარს განიხილავს შემდეგ საქმეებს:
სადავო სიუჟეტი 23 დეკემბერს გავიდა ეთერში და ეხებოდა ხადის ხეობაში აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობას და ამ საქმეზე ბრალდებულს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ბრალდებული წარმოაჩინეს დამნაშავედ მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯერ არ არსებობს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ლევან კოჭლამაზაშვილის განცხადება სააგენტო dianews.ge-ს წინააღმდეგ.
სადავო გახდა 16 იანვარს თბილისში, დიდ დიღომში საცხვრებელი სახლის აფეთქების ამსახველი ფოტოს გამოქვეყნება. მძიმე გამოსახულების შემცველი ფოტო გამოქყვენდა სათაურით "დღის ფოტო", რაც განმცხადებლის აზრით, შეურაცხმყოფელია, ადამიანის ტრაგედია გამოყენებულია მნახველთა რაოდენობის გასაზრდელად. ამიტომ ლევან კოჭლამაზაშვილი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეოთხე პრინციპი, რომლის თანახმადაც, ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მარიამ ჯიქიას განცხადება "ალიას", Newposts.ge-ს და news.coa.ge-ს წინააღმდეგ. სადავო გახდა ფოკაში მომხდარი შემთხვევის შესახებ მომზადებული მასალები. ამ სტატიების მიხედვით ფოკაში თანასოფლელის სახლი გადაწვეს.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალის შინაარსი ქსენოფობიური ხასიათისაა და დისკრიმინაციის წახალისების საფრთხის მატარებელია, ვინაიდან სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა საფრთხედ არის წამორჩენილი, რაც ვერ პასუხობს ქარტიის მეშვიდე პრინციპით დადგენილ მოთხოვნებს. ამ პრინციპის თანახმად ჟურნალისტმა თავიდან უნდა აირიდოს დისკრიმინაცია. გარდა ამისა, მარიამ ჩიქოვანის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპები, ვინაიდან ჟურნალისტებმა გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და წარმოჩენილი არ იყო ყველა მხარის პოზიცია.