3 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ საქმეებს:
ბოლო პერიოდში მედიამ აქტიურად დაიწყო 2018 წლის წლის ივლისში ხადის ხეობაში მოკლული აშშ-ს მოქალაქეების, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის გაშუქება. გამოჩნდა ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების ჩანაწერი, ფოტომასალა, რაც დიდი ალბათობით, თავად ძალოვანი უწყებების მიერ არის მიწოდებული. უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, ამიტომაც ბუნებრივია პროკურატურის ინტერესი - გამოიყენოს მედია სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამია ფხაკაძის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების, ნოდარ მელაძის და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ.
სადავო სიუჟეტი, რომელიც 16 თებერვალს გავიდა ეთერში და მოსამართლეთა ძვირადღირებულ სახლებს ეხებოდა, მათ შორის ნახსენები იყო მამია ფხაკაძეც და მის საკუთრებაში არსებული სახლი. ის მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2-მა" არაზუსტი ფაქტები გაავრცელა მის შესახებ საუბრისას, რითიც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაციას. ამასთან, მამია ფხაკაძის განცხადებით, დარღვეულია ქარტიის მესამე პრინციპიც (ფაქტების მიჩქმალვა), ვინაიდან სადავო მასალაში ჟურნალისტემა აუდიტორიას არ მიაწოდეს სრულყოფილად ინფორმაცია და მიქჩმალეს მნიშვნელოვანი დეტალები.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს მართლაც დარღვეულია თუ არა ქარტიის პრინციპები სადავო სიუჟეტში.
იხილეთ მამია ფხაკაძის განცხადება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვიეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: versia.ge, marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge, resonancedaily.com, ITV.ge. მათ წინააღმდეგ ქარტიას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიმართა.
"ეკა ბესელიას იჭერენ?! რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ბესელიას კომპრომატები" - ამ სათაურით მასალა თავდაპირველად "ვერსიამ" გამოაქვეყნა. დანარჩენმა ზემოთ აღნიშნულმა ვებსაიტებმა კი იდენტური ინფორმაცია "ვერსიაზე" დაყრდნობით გაავრცელეს. სადავო სტატიებში პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად "ნახსენები იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მზია თოდუას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი. ამასთან გამოცემებისთვის მიმართვის შემდეგ მასალა სათანადო წესით არ გასწორდა.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველ და მეხუთე პრინციპთან ერთად დარღვეული იყო მესამე პრინციპიც რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია, თუმცა საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო რაშან ზიადალიევის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის, ქეთევან ბუდაღაშვილის წინააღმდეგ. სადავო მასალა გავიდა გადაცემაში "იმედის დღე" და ეხებოდა ბოლნისს, მის ისტორიას, იქ არსებულ მდგომარეობას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტში ისეა წარმოჩენილი, თითქოს ბოლნისში მხოლოდ ქრისტიანები ცხოვრობენ და არ ჩანს იქ არსებული ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. ამიტომ, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.