სიახლეები
მოგმართავთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად და წარმოგიდგენთ მოსაზრებებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტთან დაკავშირებით:

1. არ ჩანს აღნიშნული დოკუმენტი ეყრდნობა თუ არა რაიმე კვლევას, განსხვავებით დღეს მოქმედი 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტებისგან, რომელიც მომზადებული იყო კვლევის საფუძველზე.

20.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ორი განცხადება ტელეკომპანია თრიალეთის წინააღმდეგ. პირველი განმცხადებელი მაია ტატულაშვილი მიიჩნევს, რომ მალხაზ მიქელაძის სიუჟეტში "საიდუმლო გარიგება და პიარისთვის დახარჯული ხალხის ფული“ დაირღვა პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება), ვინაიდან, მისი აზრით, ინფორმაცია არაზუსტი და დაუსაბუთებელია.

მისი თქმით, ამ სიუჟეტით "თრიალეთი" შეეცადა "რეგიონის მოსახლოებაში მითის შექმნას, თითქოს „დია“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინტერესებს ატარებს და სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები მუნიციპალიტეტს და ქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა ტელევიზიასთან სწორედ ამიტომ, მაღალი თანამდებობის პირების, მერის და რეგიონის გუბერნატორის დავალებით გააფორმეს".

მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი განცხადება ქარტიაში ნოდარ მეტრეველმაც შემოიტანა, მას პრეტენზია აქვს გორის პანთეონის შესახებ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით, სადაც განმცხადებელიც ფიგურირებს. ისიც პირველ, მესამე და მეთერთმეტე მუხლებზე დავობს, რადგან მიაჩნია, რომ ტელეკომპანია მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განხილავს.
18.07.2018
21 ივლისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ საქმეებს:

1. 12:00 საათი - ცოტნე მუსელიანი ეკა გაგუასა და მიშა სესიაშვილის (რუსთავი 2) წინააღმდეგ

სადავო  მასალა, რომელიც "კურიერის“ ეთერში გავიდა, სვანეთში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ეხებოდა. ინფორმაციის თანახმად, მამას უკვე 8 წელია შვილები სახლში ჰყავს გამოკეტილი. განმცხადებელი, ცოტნე მუსელიანი მიიჩნევს, რომ მიშა სესიაშვილმა და ეგა გაგუამ დაარღვიეს ქარტიის რამდენიმე პრინციპი: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მერვე (ბავშვებთა ინტერესები) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

18.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვებ საიტმა news.coa.ge დაარღვია ქარტიის  პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. მის წინააღმდეგ განცხადება გიორგი გაბედავამ შემოიტანა, ის მიიჩნევდა, რომ მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, როდესაც გამოცემამ ჟურნალისტის, ელისო კილაძის ფესბუკ სტატუსი უცველელად გამოაქვეყნა სათაურით - "გიორგი გაბედავა ბიძინა ივანიშვილს დედას აგინებს ! ეს იცით რატომაა პირადი ფირების ატვირთვის გამო ციხეში რომ არ ზის ". არდა პირველი პრინციპისა, გიორგი გაბედავა მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო მეშვიდე პრინციპიც(დისკრიმინაცია), თუმცა საბჭომ მისი მოსაზრება არ გაზიარა და მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ ვებსაიტის წარმომადგენლებს, მათ არც სადავო მასალაზე პასუხისმგებელი ჟურნალისტის ვინაობა აცნობეს საბჭოს. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.


12.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ და ჟურნალისტმა ქეთი ბრაჭულმა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვიეს. სადავო გახდა გადაცემა "იმედის კვირაში" გასული სიუჟეტი "მარიხუანა სამედიცინო მიზნებისთვის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა".  მათ წინააღმდეგ განცხადება გიორგი ყიფიანმა შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და გარდა პირველი და მეხუთე პრინციპისა, მისი აზრით, დარღვეული იყო მესამე პრინციპიც, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, თუმცა, მოგვიანებით მოხსნა ეს მოთხოვნა.

გიორგი ყიფინამა ქეთი ბრაჭულისა და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი განცხადება შეიტანა ქარტიაში. სადავო ამჯერადაც მარიხუანის შესახებ მომზადებული სიუჟეტი იყო - "კანაფი და ქართული ტრადიცია - რისთვის იყენებდნენ მცენარეს სვანეთში საუკუნეების განმავლობაში".  ის მიიჩნევდა, რომ ამ სიუჟეტშიც დარღვეული იყო პირველი (სუზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები. საქმის განხილვისას მან მოხსნა მოთხოვნა მესამე პრინციპთან დაკავშირებით. საბჭომ მიიჩნია, რომ ქეთი ბრაჭულმა დაარღვია პირველი პრინციპი, მეხუთე პრინცპი კი არ დაურღვევია. ირაკლი ჩიხლაძეს კი ამ პრინციპების დარღვევა არ დაუდგინდა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
12.07.2018
11 ივლისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 19:00 საათი - გიორგი ყიფიანი "იმედის" ჟურნალისტების ქეთი ბრაჭულისა და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ
10.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდინომ დასაშვებად სცნო პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, ეკა გაგუას წინააღმდეგ.  სადავო გახდა მაუწყებლის ეთერში, საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" 2018 წლის 16 ივნისს გასული სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ეკა ბესელიას კავშირს მარკეტინგულ კომპანია "ქიუნეტთან".

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2-მა" გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან ამ კომპანიას არასოდეს  ჰქონია და არც ახლა აქვს რაიმე კავშირი მასთან. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე) მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
27.06.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო გიორგი გაბედავას განცხადება ონლაინ გამოცემა on.ge-ს წინააღმდეგ. სადავო გახდა 2018 წლის 17 მაისს გამოქვეყნებული ახალი ამბავი "გიორგი გაბედავა ისევ დააკავეს". განმცხადებელს პრეტენზია აქვს მასალის იმ ნაწილთან, სადაც ის მოხსენიებულია როგორც "ჰომოფობიური და ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებელი".

გიორგი გაბედავა მიიჩნევს, რომ გამოცემამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა შესაბამისად, დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. ასევე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები: მესამე (დადასტურებული წყარო/მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება).

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
24.06.2018
,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მიუღებელ და საფრთხისშემცველ პრეცედენტად აფასებს პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესახებ ,,გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმის ეთერში გასვლისთვის წარმოებულ პროცედურებს.

21.06.2018
პირველ რიგში, გვინდა მივესალმოთ ინიციატივას, რომელიც საქართველოში მედია წიგნიერების განვითარების საკანონმდებლო საფუძველს ქმნის და საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მზაობას, ითანამშრომლოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან მედია წიგნიერების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

21.06.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა, ეკა გაგუამ და ია გულიაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას მომართა ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა. სადავო გახდა ძროხების ხელოვნური განაყოფიერების შესახებ საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" გასული სიუჟეტი.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, მოპასუხე ჟურნალისტებს ქარტიასთან არ უთანამშრომლიათ. ისინი არც სხდომას ესწრებოდნენ და არც წერილობით წარმოუდგენიათ შეპასუხება. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველი პრინციპის გარდა დარღვეული იყო მესამეც, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია." საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
20.06.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

მის წინააღმდეგ განცხადება შემოიტანა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა. ის სადავოდ ხდიდა გადაცემა "ბიზნეს კოდის" იმ ეპიზოდს, რომელიც ამ ცენტრის საქმიანობას მიეძღვნა.  მათი აზრით, წამყვანმა აუდიტორიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. 

საქმის განხილვას ესწრებოდნენ როგორც განმცხადებლის, ისე მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენლები. საქმის განხილვისას განმაცხადებელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა მესამე პრინციპთან (მიჩქმალვა) დაკავშირებით. საბჭომაც სადავო მასალა მხოლოდ პირველი პრინციპის ჭრილში განიხილა და დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება
19.06.2018

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.