03.06.2025

ტვ პირველის ჟურნალისტს თამთა დოლენჯაშვილს, 2015-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ყოფილმა მოჭიდავემ, ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, ხელში ჩაარტყა და ასე სცადა, მისთვის ტელეფონი გაეგდებინებინა. პარლამენტის შენობაში ის წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე ჩვენების მისაცემად იყო მისული, ხოლო თამთა დოლენჯაშვილი „ნოდარ მელაძის შაბათისთვის“ რეპორტაჟს ამზადებდა. ქალებზე ძალადობაში არაერთხელ მხილებული ყოფილი დეპუტატი გააღიზიანა ჟურნალისტის შეკითხვამ გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მისი ფიქტიური დასაქმების თაობაზე. 

ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რესპონდენტები, მათ შორის ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები, თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს ეუხეშონ და მუშაობაში ხელი შეუშალონ. ბოლო თვეებში არაერთი ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის მოძალადეები იშვიათად აგებენ პასუხს. დაუსჯელობის ატმოსფერო ძალადობას ახალისებს.

ქარტია პროკურატურას ამ ინციდენტის დროულად გამოძიებისა და დამნაშავის დასჯისკენ მოუწოდებს.  






30.05.2025

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მოუწოდებს, სრულად გაასაჯაროვოს და/ან „ბათუმელებს“ და მზია ამაღლობლის ადვოკატებს გადასცეს მისი ოპერატორის მიერ 11 და 12 იანვარს გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან პოლიციელები აქციის მონაწილეებსა და მზია ამაღლობელს დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებისას და დაკავების შემდგომ და თუ როგორ დაშავდა ის პოლიციელების ძალადობრივი ქმედებების შედეგად. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვლადიმერ ტატიშვილმა „ბათუმელებს“, რომელიც ჩანაწერს უკვე ორი თვეა, ითხოვს, დაუდასტურა, რომ ამგვარი კადრები მათთან ნამდვილად ინახება. 

სრული ჩანაწერი მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესისთვის და სიმართლის დასადგენად. პროკურატურა ამ ვრცელი ჩანაწერის მხოლოდ 44-წამიან მონაკვეთს კონტექსტიდან ამოგლეჯით იყენებს მტკიცებულებად მზია ამაღლობლის წინააღმდეგ. 7 აპრილს, მზია ამაღლობლის სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზიამ გამოძიებას გადასცა მხოლოდ 44-წამიანი ვიდეოკადრი. მან არ განმარტა, თუ რატომ არ ამოიღო შსს-მ სრული ჩანაწერი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა 11 და 12 იანვარს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის  და იმ კომუნიკაციის აღდგენა, რაც წინ უსწრებს სილის გაწვნის ეპიზოდს. ის, რომ საქმეში დღემდე არ მოიპოვება სრული ჩანაწერი, არღვევს მზია ამაღლობლის უფლებას სამართლიან სასამართლოზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი სტატუსის გამო გამორჩეულად არის ანგარიშვალდებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის წინაშე. 

ქარტიისთვის გაუგებარი და აუხნელია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია, როცა ამ კუთხის გამორჩეული წარმომადგენელი და კოლეგა ცილისწამებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კი მოეპოვება კადრები, რომელსაც ამ ცილისწამების გაქარწყლება და საქმის შემობრუნება შეუძლია, თუმცა ის კადრებს არ ასაჯაროებს „პერსონალური მონაცემების“ დაცვის მოტივით. 

მოგმართავთ პროფესიული თემის სახელით და მოგიწოდებთ, დაძლიოთ შიში იმის გასაკეთებლად, რაც სამართლიანი და სწორია. ამით გადაარჩენთ არა მხოლოდ მზია ამაღლობელს, არამედ თქვენს პროფესიულ რეპუტაციას და შეინარჩუნებთ აუდიტორიის პატივისცემასა და ნდობას. 

 

30.05.2025

ბოლო თვეების განმავლობაში გახშირებული დაპატიმრებების ფონზე, რომელთა კანონიერება უმეტეს შემთხვევაში ეჭვის ქვეშაა, საზოგადოების და, შესაბამისად, მედიის ინტერესი სასამართლო პროცესების მიმართ მზარდია. დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოტივით დაპატიმრებამ, ასევე ადმინისტრაციული კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ აღძრულმა საქმეებმა.

ბოლო ხანებამდე არსებული პრაქტიკით, ის ჟურნალისტები, რომელთაც არ ჰქონდათ თბილისის სასამართლოს მიერ გაცემული სხდომის გადაღების უფლება, ჩვეულებრივ მუშაობდნენ ვიდეო და ფოტოკამერების გამოყენებით როგორც სასამართლოს ეზოში, ისე შენობაში, მათ შორის, ფოეში სხდომის დარბაზებთან მიმდებარედ. ჟურნალისტები წერდნენ კომენტარებს და გადიოდნენ პირდაპირ ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს მიდგომა პირველად 22 მაისს შეცვალა, როცა იქ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი იმართებოდა. ამ დღეს ჟურნალისტებს მიკროფონებითა და კამერებით სასამართლოს შენობაში შესვლა აუკრძალეს.

23 მაისს, როცა საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი იმართებოდა, მანდატურებმა სასამართლოში მიკროფონებითა და კამერებით მხოლოდ ის ჟურნალისტები შეუშვეს, რომელთაც კონკრეტული სასამართლო პროცესის გადაღებაზე განცხადება დაწერილი და დაკმაყოფილებული ჰქონდათ, ხოლო სხვები რამდენიმე საათით შეაყოვნეს და მათ შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ პირადი მონაცემების ჩანიშვნის შემდეგ მისცეს.

იგივე, უკვე მესამედ, განმეორდა დღესაც, 30 მაისს, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის, მათ შორის იმ აქტივისტებისაც რომელთაც მარიამ ლაშხი უჩივის, სასამართლო პროცესებია ჩანიშნული. მანდატურები პროცესების გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების პირად მონაცემებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელით აღრიცხავენ. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლო ვიწროდ და  შემზღუდველად იყენებს სასამართლო პროცესების გაშუქების ისედაც მკაცრ წესებს და მას სასამართლოს შენობასა და სხდომის დარბაზებში ჟურნალისტებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნისაკენ მოუწოდებს.

23.05.2025

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, სულხან მესხიძის, თქმით, მას ხელვაჩაურის საკრებულოში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს. ის ხელვაჩაურის საკრებულოში საჯარო სხდომის გასაშუქებლად იმყოფებოდა.

ჟურნალისტის განცხადებით, ინციდენტის თვითმხილველმა მოქალაქემ პოლიცია გამოიძახა, თუმცა უშედეგოდ.

ჟურნალისტის ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში ადგილები მერიის და საკრებულოს თანამშრომლებმა დაიკავეს, რითაც მოქალაქეებს დასწრების შესაძლებლობა შეუზღუდეს. სულხან მესხიძემ მერიის თანამშრომლებს კითხვებით მიმართა და გადაღება დაიწყო, რათა სხდომათა დარბაზში არსებული ვითარება ეჩვენებინა. დამსწრეთაგან რამდენიმე პირი ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ მას სხდომათა დარბაზი ფიზიკური ძალის გამოყენებით გაატოვებინეს.

სულხან მესხიძე დარბაზში მეორედაც შევიდა, რათა ეკითხა, თუ რატომ შეუშალეს მას ხელი მუშაობაში და რატომ არ მოხდინა რეაგირება ძალადობრივ ინციდენტზე საკრებულოს თავმჯდომარემ. ჟურნალისტს დარბაზი მეორედაც ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ქარტია შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობის სხდომები საჯაროა, და რომ ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

ადგილობრივ მედიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ უფრო ხშირად არ აძლევენ საჯარო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას და ზღუდავენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს ინფორმაციას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ატმოსფერო ადგილებზე ჟურნალისტებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროფესიულ საქმიანობას.

ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ინციდენტით, სწრაფად გამოიძიოს და სათანადოდ დასაჯოს ყველა მოძალადე პირი.

23.05.2025

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს შსს-სა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თვითნებურ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას 22 მაისს, საქალაქო სასამართლოს შენობაში არ დაეშვა ჟურნალისტები კამერებითა და მიკროფონებით. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს აქვთ უფლება, სასამართლოს ფოიეში კამერებით იმუშაონ და პირდაპირ ეთერშიც გავიდნენ, მათ ამ უფლებით 22 მაისს პირველად ვერ ისარგებლეს. 

ამ დღეს სასამართლო იხილავდა პოლიტიკოსის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, საქმეს, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი იყო მაღალი და ამ ინტერესის საპასუხოდ სასამართლოში მედიის გამოჩენა იყო სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური. 

ადგილზე  დიდი ოდენობით მობილიზებული საპოლიციო ძალები და მანდატურები ფიზიკურად ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა ქალებზე, და ჟურნალისტებს მუშაობაში უშლიდნენ ხელს. 

ქარტია მოუწოდებს შსს-ს, ხელი აიღოს ჟურნალისტების შევიწროებაზე და მისცეს მათ პროფესიული მოვალეობის შესრულების და კანონით დაცული უფლებებით სარგებლობის საშუალება. 



12.05.2025

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღშფოთებას გამოთქვამს „ტვ პირველზე“ დღეს, 12 მაისს, განხორციელებული თავდასხმის გამო. 

ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და „ტვ პირველის“ ოპერატორს, რომლებიც  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის, გადადგომის მიზეზების გასარკვევად მარტყოფში მის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა. მან ქალ ჟურნალისტს ხელი გაარტყა, დაარტყა ოპერატორსაც, გატეხა და გაიტაცა ვიდეოკამერა და ჟურნალისტის პირადი მობილური. მარიამ მასაკარაშვილის თქმით, ძალადობის კვალი ეტყობა მასაც და ოპერატორსაც. 

მარიამ მაკასარაშვილმა მანამდე გიორგი შინჯიკაშვილის მამასთან ინტერვიუ ჩაწერა. იმ დროს, როცა გადამღები ჯგუფი ტერიტორიის დასატოვებლად ემზადებოდა და ბოლო კადრებს იღებდა, კაცი მოულოდნელად, გადამღები ჯგუფისთვის უცნობი მიზეზით, აგრესიული გახდა. 

მარიამ მაკასარაშვილმა ინციდენტის შესახებ შსს-ს შეატყობინა, თუმცა, “ტვ პირველის” ცნობით, ერთი საათის შემდეგაც კი, ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები არ ჩანდნენ. 

მარიამ მაკასარაშვილს პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა და ჩივილებიდან გამომდინარე, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყდა. 

გატაცემული აპარატურა 40 წუთის შემდეგ დააბრუნეს. 

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ეს ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით და როცა მოძალადე პირები განზრახ აზიანებენ პროფესიულ აპარატურას. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა “მედიაჩეკერთან” დაადასტურა, რომ გამოძიება დაიწყო. თავდამსხმელის  ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. 

ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა.

07.05.2025

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია დამოუკიდებელი მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკით, რომელიც მედიისა და ჟურნალისტების დევნასა და შევიწროებას განაგრძობს. 

7 მაისს პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ფოტოჟურნალისტ ზურა ცერცვაძეს. გამოცემა „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ის ძალის გამოყენებით გაიყვანეს სასტუმრო „პარაგრაფის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა მიმდინარეობდა.  

„ქართულმა ოცნებამ“ 7 მაისს, ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცა ონლაინ მედიას, რაოდენობრივი შეზღუდვის საბაბით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა დახურა გადაცემა „რეალური სივრცე“, რის შესახებაც გადაცემაზე მომუშავე გუნდის წევრებს 30 აპრილს შეატყობინეს. მათ შესთავაზეს ემუშავათ სხვადასხვა პლატფორმაზე და გადაცემაში. ჟურნალისტებმა და ტექნიკურმა პერსონალმა მენეჯმენტის შეთავაზებაზე უარი თქვა და საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა. მანამდე, 11 აპრილს, სამსახურიდან დაითხოვეს „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი  და გააფრთხილეს გადაცემაზე მომუშავე სამი ჟურნალისტი - თამარ მშვენიერაძე, იოსებ კაციტაძე  და ტუხა კვინიკაძე

11 აპრილსვე დაატოვებინეს სამსახური საინფორმაციო გამოშვების „მოამბე“ წამყვანს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, რომელმაც პირდაპირ ეთერში სოლიდარობა გამოუცხადა მზია ამაღლობელს და ღიად გააკრიტიკა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკა. 

23 აპრილს გააფრთხილეს მემონტაჟე-ოპერატორი გიორგი კიტია, ხოლო 17 აპრილს - „შაბათ-კვირის შოუს“ აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაული და ამავე გადაცემის კორესპონდენტი ანა აბაკელია

„რეალური სივრცე“ 12 წლის განმავლობაში სიღრმისეულად აშუქებდა მწვავე სოციალურ პრობლემებს და მრავალი მოქალაქისათვის წარმოადგენდა იმედს ხელისუფლებისთვის ხმის მისაწვდენად. მისი დახურვით და სხვა გადაცემებზზე მომუშავე კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნით საზოგადობრივი გაუწყებლის მენეჯმენტმა გამოხატა  უპატივცემულობა თავისი მაყურებლის მიმართ და აჩვენა განსხვავებული აზრისა და კრიტიკის სრული აუტანლობა, რითაც რეპუტაციული ზიანი მიაყენა საზოგადოებრივ მაუწყებელს და შელახა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. 

პარლამენტის წევრები არასასურველი კითხვებისთვის თავის დასაღწევად და ჟურნალისტებთან კომუნიკაციის შესამცირებლად კვლავინდებურად იყენებენ პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებას აკრედიტაციის წესის შესახებ, რომელიც არაპროპორციულად და დისკრიმინაციულად ზღუდავს პრესის თავისუფლებას. 16 აპრილს არჩილ გორდულაძისა და ნინო წილოსანის მიმართვის საფუძველზე პარლამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის „ხალხთან ერთად“ წამყვანი ელისო ჯარიაშვილი და „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტი თათა ფორაქიშვილი დაასანქცირა პარლამენტის ამ წევრებისგან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო. ელისო ჯარიაშვილი და თათა ფორაქიშვილი ერთი თვის განმავლობაში ვეღარ მოითხოვენ ერთჯერად საშვს პარლამენტში შესასვლელად. 

ფეისბუქ პოსტის გამო, რომელიც შსს-მ შეურაცხმყოფელად მიიჩნია (შსს დავობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის II ნაწილით, სიტყვიერი შეურაცხყოფა), სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი.

აპრილში კიდევ რამდენიმე ჟურნალისტს გამოუწერეს 5,000-ლარიანი  ჯარიმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით. მათ შორის არიან „ტაბულას“ რეპორტიორი ლუკა კაციტაძე, “ქრონიკა+”-ისა და საინფორმაციო სააგენტო cnews-ის ჟურნალისტი ირინა მაკარიძე და გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი მარიამ ნიკურაძე, რომლისთვისაც ეს უკვე მეოთხე ჯარიმაა. შსს ლუკა კაციტაძეს ედავება “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” 12 აპრილს, ხოლო ირინა მაკარიძეს - 6 აპრილს. ორივე ჟურნალისტი ამ დროს პარლამენტთან მიმდინარე აქციას აშუქებდა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, პატივი სცეს პრესისა და სიტყვის თავისუფლებას და საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედოს. 

 

03.05.2025

3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდნენ. 

2025 წლის 3 მაისს მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემელი, რომლის დამსახურება ქართული მედიის მშენებლობაში შეუფასებელია, შეთითხნილი ბრალდებითა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით ციხეში ხვდება. 

მაუწყებლობა შეწყვიტა „მთავარმა არხმა“, კრიტიკულმა ტელევიზიამ, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საზოგადოებას აჩვენებდა იმ რეალობას, რომლის საგულდაგულოდ დამალვასაც პროპაგანდისტული მედია ცდილობს. 

ახალ შენობაში, მაგრამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემების გარეშე ხვდება 3 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დევნის და სამსახურიდან უშვებს განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებს და ხურავს იმ გადაცემებს, რომლებშიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ. 

მაუწყებელებს შინაარსობრივ საკითხებთან მიმართებით განსჯის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ამ ახალი მანდატით „ქართული ოცნების“ პარლამენტმა აღჭურვა. “ქართული ოცნების” მიერ  მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისინი ვეღარ ისარგებლებენ ვერც დასავლური ფინანსებით და ვერც დასავლური ექსპერტიზით.

ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პრო-ევროპული აქციებზე სასტიკად სცემეს, სპეციალური საშუალებებით დააზიანეს და სხვადასხვა გზით შეურაცხყვეს პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა და, სავარაუდოდ, ძალოვან სტრუქტურებთან აფილირებულმა ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებმა, უშედეგოდ ელიან სამართალს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დაზარალებულმა ჟურნალისტმა ჩვენება მისცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც, მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო, შედეგი არცერთ საქმეზე არ დამდგარა. დამნაშავეები დაუსჯელად განაგრძობენ საქმიანობას. 

ჯარიმას ჯარიმაზე იღებენ ის ჟურნალისტები, „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“, რომლებიც დაუღალავად აშუქებენ აქციებს. 

ჟურნალისტები სამართლებრივად იდევნებიან და ჯარიმდებიან უკვე ფეისბუქ სტატუსების გამოც. 

ცრუმოწმეების ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობისთვის სიტყვიერ გაფრთხილებას იღებენ ჟურნალისტები, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სწორედაც რომ სამართალდამცავები დაესხნენ თავს და იმდენად სასტიკად სცემეს, რომ მათ სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ. 

„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი ინფრასტრუქტურა კრიტიკული ჟურნალისტებისთვის „მტრისა“ და „აგენტის“ იარლიყების მიწებებითაა დაკავებული და მათ მარგინალიზაციას ცდილობს. 

საჯარო ინფორმაცია და საჯარო სივრცეები ჟურნალისტებისთვის დაკეტილია. თანამდებობის პირები ბარიერებს ამაგრებენ ჟურნალისტთა კრიტიკული კითხვებისგან თავის დასაცავად.  ონლაინ მედია ვერ აშუქებს პარლამენტის მუშაობას და ჟურნალისტებს ხშირად არ უშვებემ ადგილობრივი ხელისუფლების სხდომებზეც. მოსამართლეები თვითნებურად ართმევენ ჟურნალისტებს იმ სასამართლო პროცესების გაშუქების უფლებას, რომელთა  მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. 

საქართველოში არ უშვებენ იმ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ. სამაგიეროდ, „ქართულ ოცნებას“ კარი ფართოდ აქვს ღია ყველა ჯურის პროპაგანდისტისთვის. 

„ქართული ოცნების“ პარლამენტში ერთიმეორის მიყოლებით იღებენ რეპრესიულ კანონებს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მოაყოლეს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი. დასავლურ საგრანტო რესურსებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად დაჩქარებული წესით შეიტანეს ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ.  

დაუსჯელობა, თვითნებობა, აგრესია, კონსტიტუციისა და კანონების სრული უპატივცემულობა ყველა დონეზე - აი, ეს არის ის, რასთან გამკლავებაც უწევთ ყოველდღიურად ჟურნალისტებს საქართველოში საზოგადოებამდე სიმართლის მისატანად.  

3 მაისი იმავდროულად არის ავტორიტარ მმართველთათვის მედიის ძალის შეხსენება, იმ ძალისა, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია მედგრად და დიდხანს და რომელთანაც ჯერ არასდროს არცერთ რეჟიმს არ გაუმარჯვია. 

ჟურნალისტური  ეთიკის ქარტია 3 მაისს „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე მიუთითებს და მოუწოდებს, შეცვალოს დამოკიდებულება მის მიმართ, მედიასათან ურთიერთობისას იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციითა და იმ საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა ხელმომწერი საქართველოცაა. „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, გამოიძიოს ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული და დასაჯოს დამნაშავეები, გაიწვიოს უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები და მისცეს ჟურნალისტებს წვდომა საჯარო ინფორმაციასა და საჯარო სივრცეებზე, გააუქმოს ბოლო თვეებში მიღებული ყველა ის კანონი და ცვლილება კანონში, რომელმაც მედიის გარემო გააუარესა. 

24.04.2025

ჟურნალისტებს სულ უფრო და უფრო უჭირთ სასამართლო პროცესების გაშუქება. მოსამართლეები ხშირად ფორმალური მიზეზებით უზღუდავენ მათ პროფესიულ უფლებებს. ზოგიერთი ფოტორეპორტიორი სისხლის სამართლის საქმეებზე ფოტოგადაღებას საერთოდ ვეღარ ახერხებს. სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტებს თავს დაუსჯელად ესხმიან უცნობი პირები

 

გამოცემა პუბლიკას ინფორმაციით, დღეს, 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად მისული პოლიციელის, ლაშა ხარხელაურის, თანმხლებმა პირებმა. ჟურნალისტებს შორის იყო პუბლიკას ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე, რომელიც სხდომიდან გამოსულ ლაშა ხარხელაურს მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა მოძალადეებს რამდენჯერმე სთხოვეს, თავი წარედგინათ, მათ სასამართლოს ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ვინაობა არ გაუმხელიათ

 

დღესვე, „პუბლიკას ფოტორეპორტიორს, მინდია გაბაძეს, მოსამართლე დავით თეთრაულმა სამართალდამცველის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი ჩხეიძის სასამართლო სხდომაზე ფოტოგადაღების უფლება არ მისცა და დარბაზიდან გააძევა იმ მოტივით, რომ ჟურნალისტს მისთვის ფოტოგადაღების მოთხოვნით წინასწარ, სხდომამდე ერთი საათით ადრე, არ მიუმართავს. მინდია გაბაძემ მოსამართლეს აუხსნა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა, რადგანაც სხდომის შესახებ გიორგი ჩხეიძის ადვოკატებმა და ახლობლებმაც კი მხოლოდ ნახევარი საათის წინ შეიტყვეს.  

 

საქართველოში არსებული დაძაბულობის ფონზე, საზოგადოების ინტერესი როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პროცესების მიმართ, მაღალია. ჟურნალისტებს საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრიათ, საზოგადოება უზრუნველყონ სანდო ინფორმაციით ამ პროცესების შესახებ, სასამართლო კი მათ პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელების საშუალებას არ აძლევს

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, სხდომების გაშუქებისას ჟურნალისტებს პროფესიული უფლებები არ შეუზღუდოს, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან ის სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს

 

18.04.2025

ტელეკომპანია  "თრიალეთის" და "ქართული მედია ჯგუფის" ინფორმაციით, 16 აპრილს,  ჟურნალისტ შორენა ბიჭიკაშვილს და ვიდეო ოპერატორ სოსო მჭედლიშვილს, საოკუპაციო ხაზთან სოფელ აძვში მუშაობისას, ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაესხა თავს. გადამღები ჯგუფი რეპორტაჟს ამზადებდა იმ სირთულეების შესახებ, რასაც ადგილობრივები აწყდებიან სააღდგომოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი საფლავების მონახულებისას. აგრესიულმა პირმა გადამღები ჯგუფის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ოპერატორს აპარატურის დამტვრევით დაემუქრა. მოგვიანებით მან შორენა ბიჭიკაშვილისთვის ტელეფონის წართმევაც სცადა. დაზარალებული ჟურნალისტები პოლიციამ გამოკითხა. მათ ჩვენება მისცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც.  

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ტელეკომპანია „თრიალეთისა“ და “ქართული მედია ჯგუფის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.