ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთოება უზრუნველყოს
10.08.2026

კატეგორია : განცხადებები;

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში ყოველ საღამოს თავს ესხმიან,  ემუქრებიან და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ჟურნალისტმა დღეს პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცები მას ჰომოფობიური ლექსიკის გამოყენებით მიმართავენ და დაჭრით ემუქრებიან. ჟურნალისტი წერს, რომ მას მსგავსი თავდასხმების ამსახველი კიდევ არაერთი ვიდეო აქვს. 

ჟურნალისტის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან ჩანს, რომ კობა ფარტენაძე რეგულარულად მიმართავს პოლიციას დახმარებისთვის, თუმცა პრობლემა არ გვარდება. 

თავდასხმები ჟურნალისტს მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ამყოფებს, ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში. ის წერს: „ყოველდღე ვმუშაობ, ვცდილობ ჩემი საქმე პროფესიონალურად შევასრულო და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. არ უნდა მიწევდეს იმის არჩევა, სამსახურში მივიდე თუ სახლში დავრჩე, იმიტომ რომ უკან შეიძლება ვერ დავბრუნდე.“ 

ჟურნალისტმა “აჭარა თაიმსს” უთხრა, რომ მისი ვარაუდით, თავდასხმის ერთ-ერთი მოტივი შესაძლოა მისი პროფესიული საქმიანობაც იყოს, ვინაიდან თავმდამსხმელი აჭარის ტელევიზიასაც უცენზურო და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა. 

ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის ატმოსფერო, სამართალდამცავი სტრუქტურების გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ კანონი მათ დაიცავს.  

ქარტია შსს-ს მოუწოდებს, გაიაზროს მდგომარეობის სიმძიმე და საქმის სერიოზულობა, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს დაზარალებული ჟურნალისტის მიმართ, გამოავლინოს და დასაჯოს მოძალადეები მანამ, სანამ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდება. 

 

 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.