ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს კიბერთავდასხმებს „სტუდია მონიტორზე“ და მას სოლიდარობას უცხადებს
10.08.2026

კატეგორია : განცხადებები;

დღეს, 3 აგვისტოს, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მესამედ, საქმიანობაში ხელი შეეშალა „სტუდია მონიტორს“, კიბერთავდასხმის გამო. 

ამჯერად „სტუდია მონიტორის“ Facebook-გვერდი წაიშალა. Meta საგამოძიებო პლატფორმას საავტორო უფლებების დარღვევას ედავება, რასაც „სტუდია მონიტორი“ უარყოფს. 

25 ივლისს, მსგავსი საბაბით, „სტუდია მონიტორის“ YouTube-არხი გაითიშა. მოგვიანებით არხი აღდგა. 

უფრო ადრე კი, 1 ივლისს, Meta-მ Facebook-სა და Instagram-ზე, ასევე YouTube-ზე, „სტუდია მონიტორის“ რამდენიმე მასალა წაშალა, რომლებიც არალიცენზირებულ ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული სამშენებლო კომპანიების შესაძლო კავშირებს აღწერდა. მოგვიანებით ეს მასალები თავის ადგილზე დაბრუნდა. 

„სტუდია  მონიტორის“ ხელმძღვანელი, ნინო ზურიაშვილი, მიიჩნევს, რომ ამ თავდასხმებში მათი ხელი ურევია, ვისი კორუფციულ საქმეები და კავშირები „სტუდია მონიტორს“ სააშკარაოზე გამოაქვს. ამ მოსაზრებას ქარტიაც იზიარებს. „სტუდია მონიტორი“ მალე ე.წ „სკამერების“ - თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებული ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებას გეგმავს. 

საჩივრების წყარო წინა ორ შემთხვევაში ტროლები და სხვა არაავთენტური ანგარიშები იყო. ქარტია Meta-ს მოუწოდებს, სწრაფად აწარმოოს გამოძიება და აღადგინოს „სტუდია მონიტორის“ წაშლილი გვერდი. 

ქვეყანაში დაუსჯელად მოქმედებენ კიბერდამნაშავეები და დიდი რესურსები იხარჯება ტროლ-ბოტების ქარხნებზე, რომელებიც რეგულარულად ესხმიან თავს „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ორგანიზაციებს, ექსპერტებს და აქტივისტებს, მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობენ. 

ქარტია სოლიდარობას უცხადებს „სტუდია მონიტორს“ და მის გაბედულ ჟურნალისტებს, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით აშუქებენ ყველაზე კომპლექსურ საკითხებს - შიფრავენ კორუფციულ სქემებს, რომელთა მეშვეობით ძალაუფლების მქონე ჯგუფები ძარცვავენ ქვეყნის ბიუჯეტს და მოქალაქეებს, მონაწილეობენ საერთაშორისო კრიმინალში და ძირს უთხრიან დემოკრატიულ წყობასა და ინსტიტუტებს. შექმნილი სირთულეების მიუხედავად, „სტუდია მონიტორი“ ჟურნალისტები დამნაშავეთა მხილებას განაგრძობენ და ქარტიაც იმ მაღალეთიკური ჟურნალისტიკის სადარაჯოზე დარჩება, რომელსაც „სტუდია მონიტორის“ გუნდი ქმნის. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.