კატეგორია : განცხადებები;
ივნისის განმავლობაში პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს კარი „ტვ პირველის“ უკვე მესამე ჟურნალისტს ჩაუკეტა - ნატალია ქაჯაიამ დღეს მიიღო აპარატის უფროსის წერილი, რომლითაც მას შეატყობინეს, რომ პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ერთი წლით აეკრძალა.
მანამდე მსგავსი შინაარსის წერილები მიიღეს მაკა ჩიხლაძემ, 8 ივნისს და მაკა ანდრონიკაშვილმა, 22 ივნისს. აკრედიტაცია მაკა ჩიხლაძეს 6 თვით, ხოლო მაკა ანდრონიკაშვილს ერთი თვით შეუჩერდა.
პარლამენტი თანდათანობით ხდება ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ინსტიტუცია ქვეყანაში, მტრულად განწყობილი იმ ჟურნალისტების მიმართ, რომელთა კრიტიკულ კითხვებზე პარლამენტის წევრების ნაწილს პასუხები ხშირად არ აქვს.
ამგვარი ქმედებით პარლამენტი ჟურნალისტებს მუშაობაში მიზანმიმართულად უშლის ხელს და არ აძლევს მათ საშუალებას, ისეთი დაბალანსებული რეპორტაჟები და გამოძიებები მოამზადონ, რომელშიც ყველა მხარის პოზიცია იქნება წარმოდგენილი. ამ საბაბით კი მედიასაშუალებები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამიზნედ იქცევიან, რომელსაც ახლა უკვე შინაარსობრივი საკითხების განხილვის მანდატიც აქვს და რომელიც მათ სწორედაც რომ ბალანსის დაუცველობისთვის აჯარიმებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და მისცეს მათ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება.
ქარტია სოლიდარულია ყველა ჟურნალისტის მიმართ, რომელიც პარლამენტის უსამართლო მიდგომებით დაზარალდა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშალა.