ქარტია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან ითხოვს, სხდომებზე დამსწრე ჟურნალისტებს ნორმალური სამუშაო პირობები შეუქმნას
07.07.2026

კატეგორია : განცხადებები;

გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ კორესპონდენტი და რედაქტორი 6 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ. ჟურნალისტებს ამჯერადაც არ დაახვედრეს განცალკევებულად მდგომი სამუშაო მაგიდა და სკამები, როგორც ამას საკრებულოს დებულება ითხოვს. ხარაგაულის საკრებულოს დებულების მიხედვით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში “ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები გამგებლის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების [...] და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის” (მე-8 მუხლი, მესამე პუნქტი). ჟურნალისტი ნინო კაპანაძე საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით მერიის წარმომადგენლებისთვის განსაზღვრულ ადგილას დაჯდა. სხდომის შემდგომ საკრებულომ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია სხდომის შესახებ ფოტოს თანხლებით, რომლიდანაც მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსსა და მერის მოადგილეს შორის მჯდომი ჟურნალისტი ამოჭრა. „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა მერის მოადგილეს რეალური კადრი გაუგზავნა. საკრებულომ ფეისბუქ გვერდზე შეცვლილი ფოტო რეალური ფოტოთი მალევე ჩაანაცვლა. “ჩემი ხარაგაულის” მიერ ამ ამბის გახმაურების შემდეგ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის კომენტარებში საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენლის მუქარისშემცველი კომენტარიც დაიწერა. 

“[...] ვთვლი, რომ ამ პოსტზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ და შესაბამისი პასუხიც აგოთ! Nino Kapanadze ტელეფონზე მიპასუხე! ამ პოსტის გამო ჩემს ნერვიულობას ფასად დაგიჯენთ! ყველაფრის მკადრებლებო!”, - წერს სოციალურ ქსელში ნინი თხელიძე. 

ქარტია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოუწოდებს, უზრუნველყოს საკრებულოს სხდომების საჯაროობა, არ გააყალბოს რეალობის ამსახველი ფოტოები და მედიის წარმომადგენლებისათვის შექმნას ადეკვატური სამუშაო პირობები. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.