კატეგორია : განცხადებები;
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჯარიმა 2,500 ლარის ოდენობით ჯერ 21 მაისს ტელეკომპანია „ფორმულას“ დააკისრა, ხოლო 25 ივნისს - „ტვ პირველს“. კომისია ორივე ტელეკომპანიას ახალი ამბების პროგრამაში ისეთი ტერმინების გამოყენებას ედავება, როგორიცაა, მაგალითად, „ფორმულას“ შემთხვევაში „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „რეჟიმის პროკურატურა“ და „ოლიგარქის გარემოცვიდან“, ხოლო „ტვ პირველის“ შემთხვევაში „ოლიგარქი“ და „სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები“ და სხვა მსგავი. კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ტერმინებით მაუწყებელმა პირადი დამოკიდებულება გამოხატა, რითაც დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის, რომელიც „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ ეხება, მე-5 პუნქტი. დამატებით, „ფორმულას“ კომისია ედავება ასევე 54-ე მუხლის 1-ლი (ეხება სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპს) და მე-4 (ეხება ბალანსს) პუნქტების დარღვევას.
ქარტია კომისიის გადაწყვეტილებებს ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დაჯარიმების შესახებ საგანგაშოდ მიიჩნევს. თუმცა, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებებით კომისია შერჩევითად და უსამართლოდ ფინანსურ ზიანს აყენებს ისედაც მწირი რესურსებით მომუშავე მაუწყებლებს. ჯარიმა ხელ-ფეხს უხსნის „ქართულ ოცნებას“ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველისთვის“ ავტორიზაციის გასაუქმებლად. მაუწყებლობის შესახებ კანონის 72-ე მუხლის თანახმად, შემდგომი სადამსჯელო ზომა შეიძლება იყოს ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5,000 ლარისა ან ავტორიზაციის შესაჩერებლად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ავტორიზაციის შეჩერება შეიძლება საბოლოოდ ავტორიზაციის გაუქმებით დასრულდეს, რისი პირობებიც აღწერილია ამავე კანონის 72-ე, 73-ე და 74-ე მუხლებში.
ამ გადაწყვეტილებებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი არჩევანი ახალი, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული, თავმჯდომარის პირობებში, იყოს ცენზორი და დამსჯელობითი ორგანო იმ მაუწყებლებისთვის, ვის წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნვაც ევალება.
ქარტია საგანგაშოდ და პოლიტიკური მოტივებით დევნის ნიმუშად მიიჩნევს პროკურატურის გადაწყვეტილებას, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით ცრუ დასმენის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბაროს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის, „შაბათის ფორმულას“, წამყვანი, დავით ქაშიაშვილი.
სადავო სიუჟეტი „ფორმულას“ ეთერში 2026 წლის 17 იანვარს გავიდა. გოგა ხაინდრავამ ამ სიუჟეტის გამო სასამართლოს უკვე მიმართა ცილისწამების საბაბით და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. ტელეკომპანია ბრალდებას არ ეთანხმება.
დავით ქაშიაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას ქარტია ჟურნალისტზე ზეწოლად და მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევს. კატეგორიულად დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, წყარო გაამხილოს. წყაროს იდენტიფიცირების მოტივით საგამოძიებო ორგანოებმა შეიძლება მოითხოვონ და, ძალისმიერი ზომებით მოიპოვონ კიდეც, წვდომა ჟურნალისტის ჩანაწერებსა და სხვა მასალებზე, რაც ასევე იქნება მედიის უფლებების უხეში დარღვევა და უკიდურესად დამაზიანებელ პრეცედენტს შექმნის. ქარტია „ქართულ ოცნებას“ ამგვარი მოქმედებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
ქარტია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ და ყველა იმ მედიასაშუალებას და ჟურნალისტს, რომლებიც, „ქართული ოცნების“ პირობებში პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო იდევნება.