კომუნიკაციების კომისია კვლავაც ცენზორის როლშია - ქარტია გმობს ზეწოლას „ტვ პირველზე“
16.08.2026

კატეგორია : განცხადებები;

კომუნიკაციების ეროვნული კომისია განაგრძობს ზეწოლას ტელევიზიებზე „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი ტერმინოლოგიის ხმარებიდან ამოსაღებად. ამჯერად მისი სამიზნე „ტვ პირველი“ გახდა, რომელსაც კომისია ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებასა და ფაქტების გადაცემისას ჯეროვანი სიზუსტის დაუცველობას ედავება. 

დღეს „ტვ პირველი“ კომისიამ 5,000 ლარით დააჯარიმა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს „ტვ პირველისთვის“ უკვე მესამე სანქციაა. მსგავსი დარღვევებისთვის კომისიამ ის წერილობით გააფრთხილა აპრილში, ხოლო ივნისში ჯარიმის სახით 2,500 ლარის გადახდა დააკისრა. 

კომისიამ მიიჩნია, რომ ახალი ამბების გაშუქებისას „ტვ პირველმა“ 52-ე მუხლის, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას ეხება, პირველი და მეორე პუნქტები დაარღვია, სწორად ვერ გადმოსცა რა პოლიციის მაღალჩინოსნის გოგა მემანიშვილის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე. ტელეკომპანიამ ისეთი ფრაზების გამოყენებით, როგორიცაა „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“, „ჩეჩნური ტიპის რაზმი“, „აქტივისტებზე ნადირობა“, „პოლიციას ნერვებმა უმტყუნა“ და სხვა, ასევე დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის, რომელიც სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას ეხება, მეხუთე პუნქტი. 

კომისიამ ივნისში „ტვ პირველი“ ისეთი ტერმინებისა და ფრაზების გამოყენებისთვის დასაჯა, როგორებიცაა „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „არარსებული დანაშაული“, „აქტივისტების ტერორი გრძელდება“ და სხვა. 

2025 წლის მარტში მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული შესწორების საფუძველზე, რომელმაც კომუნიკაციების კომისიას შინაარსობრივ საკითხებზე ზედამხედველობის მანდატი მიანიჭა, კომისია პროაქტიულად ატარებს მედიამონიტორინგს და ტელეკომპანიებს პერიოდულად დარღვევების შესახებ პრეტენზიებს უყენებს. ამგვარი ქმედება კომუნიკაციების კომისიას, რომლის კავშირები მმართველ პარტიასთან - „ქართულ ოცნებასთან“ - კარგად არის დოკუმენტირებული და დასაბუთებული, აქცევს ერთგვარ „ცენზურის სააგენტოდ“, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის გამტარად. 

ტელეკომპანიებზე სისტემური ზეწოლით კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცდილობს, მათ დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე უარი ათქმევინოს, რათა დისკომფორტი არ შეექმნას „ქართულ ოცნებას“. ამგვარი მცდელობები და დამოკიდებულებები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია. 

ქარტია სოლიდარობას უცხადებს „ტვ პირველს“ და მის გუნდს, რომელიც, წნეხის მიუხედავად, განაგრძობს პროფესიული მოვალეობის შესრულებას საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დასაცავად და არ იშურებს ძალისხმევას სარედაქციო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.  

 

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.