26.06.2026

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჯარიმა 2,500 ლარის ოდენობით ჯერ 21 მაისს ტელეკომპანია „ფორმულას“ დააკისრა, ხოლო 25 ივნისს - „ტვ პირველს“. კომისია ორივე ტელეკომპანიას ახალი ამბების პროგრამაში ისეთი ტერმინების გამოყენებას ედავება, როგორიცაა, მაგალითად, „ფორმულას“ შემთხვევაში „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „რეჟიმის პროკურატურა“ და „ოლიგარქის გარემოცვიდან“, ხოლო „ტვ პირველის“ შემთხვევაში „ოლიგარქი“ და „სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები“ და სხვა მსგავი. კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ტერმინებით მაუწყებელმა პირადი დამოკიდებულება გამოხატა, რითაც დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის, რომელიც „სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას“ ეხება, მე-5 პუნქტი. დამატებით, „ფორმულას“ კომისია ედავება ასევე 54-ე მუხლის 1-ლი (ეხება სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპს) და მე-4 (ეხება ბალანსს) პუნქტების დარღვევას. 

ქარტია კომისიის გადაწყვეტილებებს ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ დაჯარიმების შესახებ საგანგაშოდ მიიჩნევს. თუმცა, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებებით კომისია შერჩევითად და უსამართლოდ ფინანსურ ზიანს აყენებს ისედაც მწირი რესურსებით მომუშავე მაუწყებლებს. ჯარიმა ხელ-ფეხს უხსნის „ქართულ ოცნებას“ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „ტვ პირველისთვის“ ავტორიზაციის გასაუქმებლად. მაუწყებლობის შესახებ კანონის 72-ე მუხლის თანახმად, შემდგომი სადამსჯელო ზომა შეიძლება იყოს ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5,000 ლარისა ან ავტორიზაციის შესაჩერებლად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ავტორიზაციის შეჩერება შეიძლება საბოლოოდ ავტორიზაციის გაუქმებით დასრულდეს, რისი პირობებიც აღწერილია ამავე კანონის 72-ე, 73-ე და 74-ე მუხლებში.  

ამ გადაწყვეტილებებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი არჩევანი ახალი, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული, თავმჯდომარის პირობებში, იყოს ცენზორი და დამსჯელობითი ორგანო იმ მაუწყებლებისთვის, ვის წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნვაც ევალება.  

ქარტია საგანგაშოდ და პოლიტიკური მოტივებით დევნის ნიმუშად მიიჩნევს პროკურატურის გადაწყვეტილებას, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით ცრუ დასმენის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბაროს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის, „შაბათის ფორმულას“, წამყვანი, დავით ქაშიაშვილი. 

სადავო სიუჟეტი „ფორმულას“ ეთერში 2026 წლის 17 იანვარს გავიდა. გოგა ხაინდრავამ ამ სიუჟეტის გამო სასამართლოს უკვე მიმართა ცილისწამების საბაბით და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. ტელეკომპანია ბრალდებას არ ეთანხმება.     

დავით ქაშიაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას ქარტია ჟურნალისტზე ზეწოლად და მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევს. კატეგორიულად დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, წყარო გაამხილოს. წყაროს იდენტიფიცირების მოტივით საგამოძიებო ორგანოებმა შეიძლება მოითხოვონ და, ძალისმიერი ზომებით მოიპოვონ კიდეც, წვდომა ჟურნალისტის ჩანაწერებსა და სხვა მასალებზე, რაც ასევე იქნება მედიის უფლებების უხეში დარღვევა და უკიდურესად დამაზიანებელ პრეცედენტს შექმნის. ქარტია „ქართულ ოცნებას“ ამგვარი მოქმედებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 

ქარტია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ და ყველა იმ მედიასაშუალებას და ჟურნალისტს, რომლებიც, „ქართული ოცნების“ პირობებში პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო იდევნება.  

 
26.06.2026

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მანკიერად და დამაზიანებლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო წლებში დანერგილ ჟურნალისტთა აკრედიტაციის პრაქტიკას. 

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 2023 წლის 6 თებერვალს გამოცემულმა ბრძანებამ ჟურნალისტთა აკრედიტაციის იმგვარი მექანიზმი შექმნა, რომელიც მმართველ გუნდს საშუალებას აძლევს, მათგან იზოლირდეს, ვინც კრიტიკულ შეკითხვებს სვამს და პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან მუშაობას მიჩვეულებს დისკომფორტს უქმნის. 

იმ პირობებში, როცა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონების შედეგად უკიდურესად შეზღუდული რესურსით მუშაობენ, საპარლამენტო კორესპონდენტისთვის აკრედიტაციის დაუსაბუთებლად შეჩერება ამ მედიასაშუალებების აუდიტორიას და, შესაბამისად, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, საპარლამენტო პროცესების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას უკარგავს.  

ეს კი იმის პარალელურად, რომ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სხვა ჟურნალისტები პარლამენტში შესასვლელად ერთჯერად აკრედიტაციას ძნელად ან საერთოდ ვერ იღებენ.

აკრედიტაციის 2023 წელს შეცვლილი წესი პარლამენტში უკვე არაერთხელ გამოიყენეს ჟურნალისტების შესაზღუდად. მაისის ბოლოს აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმეს დამოუკიდებელ ონლაინ მედიასაშუალებებს, მათ შორის ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ და „სტუდია მონიტორს“.  

24 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ ნინი ბალანჩივაძეს,  „ფორმულას“ საპარლამენტო კორესპონდენტს, უკვე მეორედ დააკისრა სანქცია და პარლამენტის კარი 6 თვით ჩაუკეტა. ნინი ბალანჩივაძეს, იმ დროს „მთავარი არხის“ თანამშრომელს, პარლამენტმა აკრედიტაცია პირველად 2024 წლის 23 ივნისს, ერთი თვით შეუჩერა, ნინო წილოსანის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა. 

ამჯერად პარლამენტი ნინი ბალანჩივაძეს 2026 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „ახალ ფორმულაში“ გასულ სიუჟეტს ედავება. წერილში, რომელიც ჟურნალისტმა პარლამენტიდან მიიღო, ნათქვამია, რომ მან არ დაიცვა აკრედიტაციის წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ასახული მოთხოვნა, რომლის თანახმადაც აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია: „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“. 

სიუჟეტიდან ჩანს, რომ არცერთ იმ პირს, ვისგანაც ნინი ბალანჩივაძე კომენტარის ჩაწერას ცდილობდა, მისთვის ინტერვიუს შეწყვეტა არ უთხოვია. ჟურნალისტი მათ კითხვებს უსვამდა რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაწყვეტილებაზე აგვისტოს ომის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურის წამებისა და მოკვლის და ტყვეობაში ხუთი ქართველი ჯარისკაცის წამებისა და დამცირების გამო. 

„ქართული ოცნება“ შესაშურ თანმიმდევრულობას იჩენს ქვეყანაში მედიისათვის ხელშემშლელი გარემოს მშენებლობისას. სამწუხაროდ, საერთო სურათის ნაწილია გაუმჭვირვალე პარლამენტი, რომელიც არ გრძნობს თავს საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულად და დამოუკიდებელი მედიის კრიტიკულ თვალს ემალება.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ნინი ბალანჩივაძეს და ყველა ჟურნალისტს, ვინც დაუმსახურებლად გახდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მხრიდან თავდასხმისა და დევნის ობიექტი აკრედიტაციის უსამართლო და ლოგიკას მოკლებული წესის გამოყენებით. 

18.06.2026

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. საქმე ეხება გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს. გოგა ხაინდრავა მოწმის სახით უკვე გამოიკითხა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.

სავარაუდოდ, საქმე ეხება „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებს, რომელთა გამოც „ფორმულას“ გოგა ხაინდრავა სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის

ქარტია პროკურატურის ამ ქმედებას განიხილავს, როგორც ინსტრუმენტს მედიის დასაშინებლად და გამომძიებელი ჟურნალისტების დასასჯელად. წყაროს კონფიდენციალობა ჟურნალისტის დაცული უფლება და ფუნდამენტური პროფესიული სტანდარტია. დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, წყარო გაამჟღავნოს. 

კრიტიკული მედიის მიმართ რეპრესიული მიდგომები საქართველოში მუდმივად ახალ სახეს იძენს და სულ უფრო ღრმავდება. უკიდურესად მტრული და ხელშემშლელი გარემო არის ის  ყოველდღიურობა, რა პირობებშიც დამოუკიდებელ მედიას უწევს მუშაობა.  

ქარტია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“ და მის გუნდს, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე პროფესიული საქმიანობის ერთგული რჩება. 

07.06.2026

6 ივნისს საღამოს, ჩაფხუტიანი პირი „გლოვოს“ ჩანთით, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, ფილარმონიასთან, შაბათის მარშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, თავს დაესხა ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ დაარტყა და სახე დაუზიანა. 

თავდამსხმელი პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა, თუმცა მას ამ დრომდე არ გამოუკითხავს ლევან ზაზაძე და სამოქალაქო აქტივისტი თამუნა გიორგაძე, რომელიც ასევე დაზარალდა ინცინდენტის დროს. თვითმხილველთა თქმით, პოლიციამ რეაგირება დააგვიანა. მედიით გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თავდამსხმელი პოლიციელებთან ერთად, ხელბორკილების გარეშე. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი.  

პოლიციის გულგრილი დამოკიდებულება მსგავსი დანაშაულების მიმართ ახალისებს ძალადობას - აგრესიული პირები ჟურნალისტებს  იოლ სამიზნედ მიიჩნევენ. ეს ხდება იმ ფონზე, როცა პოლიცია გამორჩეულად მკაცრია სამოქალაქო აქტივისტების მიმართ და ახალგაზრდებს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს, დაუფიქრებლად ადებენ ხელბორკილებს და აპატიმრებენ.

ქარტია მოუწოდებს შსს-ს კანონის შესაბამისად დასაჯოს ჟურნალისტზე თავდამსხმელი და გამოიჩინოს ძალისხმევა ჟურნალისტებისთვის უსაფრთო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. 

 
02.06.2026

30 მაისს სუს-მა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც, წლებია, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა და თავისი პროექტებით ხელს უწყობს დიალოგს ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. 

1 ივნისს დახურულ სხდომაზე მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ირაკლი ჩიხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის ძმაა. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და ასევე მედიაგამოცემა „კავკაზნიუსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 

კოლეგებისა და ოჯახის ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძის პროფესიული საქმიანობის ფოკუსი სტერეოტიპების დამსხვრევა და ომითა და ოკუპაციით გახლეჩილი საზოგადოების წევრების დაახლოება იყო. 

ჟურნალისტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ნიშნავს, რომ მას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის. 

პროკურატურამ, რომელიც ირაკლი ჩიხლაძეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას ედავება, საქმეს გრიფი  „საიდუმლო“ დაადო, ხოლო ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატს, გიორგი გელხაურს, „გაუთქმელობაზე“ მოაწერინა ხელი და საქმის მასალებზე საუბარი აუკრძალა. თავად ირაკლი ჩიხლაძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს. 

შედეგად, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედევად, საქმის დეტალების შესახებ არც საზოგადოება და არც ჟურნალისტური თემი ინფორმირებული არ არის. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააკეთეს მინიშნება, რომ ირაკლი ჩიხლაძე ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

ადვოკატი გადაწყვეტილებას უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ის მიანიშნებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ირაკლი ჩიხლაძისთვის წარდგენილ ბრალს არ ადასტურებს და რომ მსგავსი მტკიცებულებების საფუძველზე ნებისმიერი იმ ადამიანის დაკავება შეიძლება, ვინც კი ანალიტიკურ საქმიანობას ეწევა ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. 

ისეთი სერიოზული ბრალდების შემთხვევაში, როგორიც ჯაშუშობაა, მტკიცების მაღალი სტანდარტის დაცვაა საჭირო.  დახურული და გასაიდუმლოებული პროცესი საზოგადოების ინტერესში ცალსახად არ შედის. 

ქარტია უერთდება ოჯახის და თავად ბრალდებულის მოთხოვნას, საქმე გამჭვირვალედ და მაღალი საჯაროობის პირობებში წარიმართოს, რათა საზოგადოებას მიეცეს საშუალება, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თავად შეაფასოს, თუ რამდენად ობიექტური და სამართლიანია ირაკლი ჩიხლაძის მიმართ წარდგენილი ბრალი. 

02.06.2026

2 ივნისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 14 თანამშრომელს დირექციამ ელექტრონული ფოსტით შეატყობინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მათ შორის არიან გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე და ჟურნალისტები თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად დანიშნულმა დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ გამოცემა „ბათუმელებთან“ კომუნიკაციაში გათავისუფლებები მაუწყებელში მიმდინარე რეორგანიზაციას დაუკავშირა. მან განმარტა, რომ მის გუნდს ინფრასტრუქტურული გამოწვევებისა და სხვა მიზეზების გამო ბევრი გადაცემის გაუქმება მოუწია. 

ქარტიას ეჭვებს უჩენს ის გარემოება, რომ გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და რომ ისინი ყოველთვის პატივისცემას იჩენენ განსხვავებული აზრის მიმართ და სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს. გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაწილი, ვისი პოზიციაც ამ დროისთვის ცნობილია, თავადაც ასე მიიჩნევს, რომ კრიტიკული აზრის გამო იდევნება. ეს ქარტიას აფიქრებინებს, რომ გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება. 

კვლევები აჩვენებს, რომ მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძემ აჭარის მაუწყებელი იმპიჩმენტის შედეგად დატოვა, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და პარტიულ დღის წესრიგს დაემორჩილა. ტელევიზია სხვადასხვა ხელმძღვანელობის პირობებში ეტაპობრივად  გათავისუფლდა კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტებისგან. ახლა, სავარაუდოდ, ამ სისტემური პროცესის ბოლო ტალღის მოწმე ვხდებით. 

ქარტია სოლიდარობას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულ კოლეგებს და მაუწყებლის მენეჯმენტს სამართლიანობისკენ, რეორგანიზაციის პროცესში კი გათავისუფლებებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობისა და სიცხადისკენ მოუწოდებს. 



25.05.2026

ამ კვირაში ქართული მედია კიდევ ერთხელ გახდა რეპრესიების სამიზნე. 

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, პროაქტიულად ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობის შესახებ კანონში ახლად შეტანილი ის მუხლები დაარღვია, რომლებიც შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს (54-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტები). მან პრობლემურად მონიშნა ახალი ამბების პროგრამებში გამოყენებული ისეთი შეფასებითი სიტყვები, როგორიცაა „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“ და სხვა მსგავსი და ერთ შემთხვევაში დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების შესახებ სიუჟეტის ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარის გარეშე გაშვება. კომისიამ ტელეკომპანია 20 მაისს 2,500 ლარით დააჯარიმა.  

კომისიამ „ფორმულა“ მსგავსი დარღვევისთვის წინა თვეში წერილობით გააფრთხილა. ჟურნალისტური თემის მოლოდინი, რომ წერილობით გაფრთხილებას მალევე მოჰყვებოდა ფინანსური სანქცია, სამწუხაროდ, გამართლდა. გაფართოებული მანდატი კომისიას მსგავსი დარღვევების გამო მაუწყებლობის შეჩერების უფლებასაც აძლევს.

დღეს, 21 მაისს,  პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდა გამოცემა „პუბლიკას“ ოთხ და „სტუდია მონიტორის“ ასევე ოთხ ჟურნალისტს. პარლამენტმა გაუქმების საფუძვლად ორივე შემთხვევაში ის მიუთითა, რომ აკრედიტაციის მქონე ეს ჟურნალისტები მორიგი სესიის პერიოდში პარლამენტში ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში არ ყოფილან. ეს კი იმის პარალელურად, რომ პარლამენტმა თებერვალში ორჯერ უთხრა უარი „სტუდია მონიტორის“ აკრედიტაციის არმქონე ჟურნალისტს დროებით საშვის გაცემაზე. 

თვალსაჩინოა ცენზურის ნორმალიზებისა და სარედაქციო საქმეებში ჩარევის მცდელობა და განზრახვა, რომ დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტებს, მათ შორის, გამომძიებელ ჟურნალისტებს, კიდევ უფრო შეეზღუდოთ წვდომა საჯარო ინფორმაციასა და საჯარო სივრცეებზე და შეეშალოთ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. 

ყოველივე ეს აზარალებს საქართველოს მოსახლეობას, ტოვებს რა მათ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ამ ტენდენციის გამო და სოლიდარობას უცხადებს განგრძობითი წნეხის პირობებში გაბედულად მომუშავე დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს. 

 
10.05.2026

9 მაისს, გვიან საღამოს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა „ღია სივრცის“ დასრულების შემდეგ, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე, რომელიც გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა, თავს დაესხა ამავე გადაცემის მეორე მონაწილეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, და სახის არეში დაზიანება მიაყენა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. 

გადაცემაში სტუმრები მცირე ჰესების დაგეგმილი მშენებლობების გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე შესაძლო გავლენაზე და ჰესების მიმართ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მხრიდან შესაძლო კორუფციულ ინტერესზე მსჯელობდნენ. 

„ფორმულას“ ინფორმაციით, ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა ჟურნალისტზე მისი პროფესიული საქმიანობის გამო. 

გელა მთივლიშვილი, მაღალკვალიფიციური საგამოძიებო სიუჟეტების გამო, რითაც ის ააშკარავებს ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს, კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს, არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ მთავრობის მაღალჩინოსნებისა თუ რიგითი ჩინოვნიკების და „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირების მხრიდან თავდასხმისა და აგრესიის სამიზნე. 

„ქართული ოცნების“ მაღალი ეშელონებიდან წახალისებული ძალადობა ჟურნალისტებზე, არაეფექტური გამოძიება და პოლიტიკურ ინტერესს დაქვემდებარებული მართლმსაჯულება აჩენს დაუსჯელობის განცდას. ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გამო  საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს შედეგები მკვეთრად არის გაუარესებული  და ეს საქართველოს იმ არადემოკრატიულ ქვეყნებთან და რეჟიმებთან აახლოვებს, რომელთა მიმართაც საერთაშორისო საზოგადოებას კითხვები მრავალი წელია აქვს.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს და მასზე თავდასხმის ფაქტის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. 

09.05.2026

7 მაისს ბრიფინგზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ დაკავებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ის თანამშრომლი, რომელმაც 2024 წლის 29 ნოემბერს ჟურნალისტ გურამ როგავაზე იძალადა. ამ დროს „ფორმულას“ ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე  პროევროპულ საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა. თავდასხმის შედეგად მან ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანება მიიღო. მოგვიანებით პროკურატურამ გურამ როგავა დაზარალებულად ცნო. 

გენერალური პროკურორის განმარტებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ამ თანამშრომელს ბრალს წაუყენებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით ხელის შეშლას. ეს დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

8 მაისს პროკურატურამ ამ პირისა და მასთან ერთად მსგავსი ბრალდებით დაკავებული ოთხი სხვა პირის ინიციალები გამოაქვეყნა.  

ამ დაკავებამ ჟურნალისტურ თემში უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე კითხვებს უპასუხა. ეჭვები გააძლიერა სასამართლო პროცესის გაუმჭვირვალედ წარმართვის საფრთხემ.

ბრიფინგს პროკურატურაში წინ უძღოდა ჟურნალისტ ელისო ჯარიაშვილის მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟი, რომელიც „ფორმულას“ ეთერში 5 მაისს გავიდა. ელისო ჯარიაშვილმა სანდო წყაროებზე დაყრდნობით შეძლო გურამ როგავაზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება. 

რატომ არ დააკავა პროკურატურამ მოძალადე უფრო ადრე? რატომ დაემთხვა მისი დაკავება დროში „ფორმულას“ ეთერში გასულ საგამოძიებო რეპორტაჟს? 

ჟურნალისტ გურამ როგავას ინფორმაციით, დაკავებული სპეცრაზმელი არ არის ის პირი, ვისზეც წყარომ ინფორმაცია ელისო ჯარიაშვილს მიაწოდა. რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას დაკავებული პირის წინააღმდეგ კონკრეტულად გურამ როგავას საქმეზე? 

რატომ არის აქცენტი შემსრულებელზე და რატომ არ ჩანს ძალისხმევა იმ მაღალი თანამდებობის პირების გამოსავლენად და კანონის მთელი სიმკაცრით დასასჯელად, ვინც პროევროპული აქციების დარბევას გეგმავდა და ხელმძღვანელობდა, ვინც მწვანე შუქი აუნთო ჟურნალისტების  მიმართ დაუნდობელ ანგარიშსწორებას და ვინც შემსრულებლებს დაუსჯელობის გარანტია მისცა?  

ერთი ან ორი პირის დაკავება, რომელთა პირდაპირი კავშირი კონკრეტულ დანაშაულთან ჟურნალისტური თემისა და საზოგადოებისთვის ნათელი არ არის, ვითარებას არ გააუმჯობესებს. პრობლემა სისტემურია - 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრიდან დღემდე მედიასა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ათეულობით შემთხვევა აქვთ დოკუმენტირებული. არაერთი საერთაშორისო ინდექსი აჩვენებს, რომ საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა სახიფათოა. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურისა და შსს-სგან მოითხოვს:

  1. უზრუნველყონ ელისო ჯარიაშვილისა და სხვა გამომძიებელი ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც სისტემას ძალადობაში ამხელენ.  

  2. გურამ როგავასა და სხვა ჟურნალისტებზე თავდასხმის ყოველი შემთხვევა გამოიძიონ გამჭვირვალედ, სანდოობის მაღალი სტანდარტით და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სრულად გაცნობიერებით. 

  3. გამოვლიდნენ და დაისაჯონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ დამგეგმავები, ხელმძღვანელები და მფარველები ძალოვანი სტურუქტურებსა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. 

03.05.2026

3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს საქართველოში, ვინც ხელისუფლების მხრიდან უწყვეტი და ინტენსიური წნეხის მიუხედავად, თავისი პროფესიის ერთგული რჩება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებას ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციასა და მოსაზრებებზე წვდომა შეუნარჩუნოს. 

მედიის უფლებადამცველი და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე მომუშავე, საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები ერთხმად მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც დღეს საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ემუქრება. ვითარება საქართველოში ყველა საკვანძო ინდიკატორის მიხედვით უკიდურესად საგანგაშოა და მსოფლიოს ყველაზე არადემოკრატიული რეჟიმების მონაცემებს ედრება. 

ჟურნალისტობა დღეს საქართველოში სახიფათო პროფესიაა. მედიასა და ჟურნალისტებზე ზეწოლის ინსტრუმენტები ბოლო სამი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ გამრავალფეროვნდა და ყველა ის სტრატეგია და ტაქტიკა მოიცვა, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მედიის მიმართ განსაკუთრებულად მტრულად განწყობილი რეჟიმები იყენებენ.

ხელისუფლებამ ჟურნალისტების წინააღმდეგ აწარმოა სიძულვილის ენით გაჯერებული  დეზინფორმაციული კამპანია. სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ წახალისებულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს და მათი ოჯახის წევრებს, დაუზიანეს კერძო საკუთრება და ოფისები. ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან დღემდე ისმის უსამართლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები ჟურნალისტების მიმართ. 

ძალოვანმა სტრუქტურებმა მწვანე შუქი აუნთეს ფიზიკურ ძალადობას - პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტებს თავს ესხმიან ამ სტრუქტურების წარმომადგენლები და, სავარაუდოდ, მათთან კოორდინაციაში მყოფი პირები. განსაკუთრებული აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები ხდებიან მაშინ, როცა საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების უფლებების დარღვევას ადოკუმენტირებენ. რიგ შემთხვევებში თავდამსხმელებმა ისეთი სისასტიკე გამოიჩინეს, რომ ჟურნალისტებს უბრალოდ გაუმართლათ, რომ ცოცხლები გადარჩნენ. ათეულობით ჟურნალისტმა მიიღო ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება, ნაწილი თავს ცუდად  გრძნობდა თვეების შემდეგაც კი. პროევროპული გამოსვლების დროს ქიმიური ნივთიერებებით მოწამლულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. 

ყველასთვის აშკარაა, რომ საქართველოში ჟურნალისტებს დევნიან მათი პროფესიის გამო. ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ცალკეული იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამოძიებული არ არის. დაუსჯელობის სინდრომი ძალადობრივ ჯგუფებს ახალ-ახალი დანაშაულების ჩადენისკენ უბიძგებს. 

დღემდე საპატიმროშია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი. მისთვის წარდგენილი ბრალი უსამართლო და დაუსაბუთებელია, მაღალი თანამდებობის პირები კი სიცრუის გავრცელებით ცდილობენ ჟურნალისტის დისკრედიტაციას. რეჟიმი მზია ამაღლობელს სამაგალითოდ უსწორდება, რათა გაკვეთილი მისცეს ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაბედავს.

საკანონმდებლო ცვლილებებმა უკიდურესად შეზღუდა საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ცვლილებების ნაწილი მედიას უშუალოდ ეხება. 

ჟურნალისტები თავისუფლად ვეღარ მუშაობენ ველზე. მათ აპატიმრებენ და აჯარიმებენ ხან „ხელოვნურად გზის გადაკეტვის“ და ხან ტროტუარზე დგომით გამვლელებისთვის დაბრკოლების შექმნის გამო. ამგვარი ქმედების განმეორების შემთხვევაში ჟურნალისტებს სისხლის სამართლის წესით დევნა და ერთ წლამდე პატიმრობა ელით. მართალია, ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული საქმეების ნაწილი საბოლოოდ შეწყდა, მათ გამო ჟურნალისტებს მაინც დიდი ემოციური ზიანი მიადგა. ჟურნალისტებმა დაკარგეს დრო სასამართლო დარბაზებში საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და მათ მუშაობაში ხელი შეეშალათ.   

“ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონების შედეგად, მედიას აღარ აქვს წვდომა დასავლურ ფინანსებზე, რაც მათ დამოუკიდებლობის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მაუწყებლებს მაღალი ფინანსური სანქციები და ლიცენზიის/ავტორიზაციის დაკარგვა ელით.  

საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი ჟურნალისტების სტიგმატიზაციას ემსახურება. ხელისუფლება ძირითადი უფლებების შესაზღუდად დადგენილ დრაკონულ ჯარიმებსა და არაადეკვატურ სასჯელს იყენებს მათი პოტენციურად მსუსხავი ეფექტის გამო. 

საქმე იქამდეც მივიდა, რომ არაერთი ჟურნალისტი ფეისბუქ პოსტების გამო დაჯარიმდა. 

რეპრესიული კანონებით გამოწვეული კრიზისის ფონზე დაიხურა რამდენიმე რეგიონული მედიასაშუალება.  

კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია, რომელიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, ძლიერი პარტიული კავშირებით და მაღალი ლოიალობით მმართველი გუნდის მიმართ, მთავარ ცენზორად ჩამოყალიბდა. მან მიიღო მანდატი შინაარსობრივ საკითხებში არბიტრის როლის შესასრულებლად და ახლა ის ამოწმებს, რამდენად იცავენ მაუწყებლები სიზუსტისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. კომისიის ორმაგი სტანდარტები და სიმკაცრე კრიტიკული მედიის მიმართ კანონმდებელთა ჩანაფიქრის მიმართ კითხვებს არ ტოვებს. ეს ყოველივე კი ასუსტებს მედიის თვითრეგულირებას, რომელიც საუკეთესო ინსტრუმენტია თვითრეფლექსიისთვის და სექტორის გასაჯანსაღებლად. 

საზოგადობრივი მაუწყებელი, რომელსაც მოქალაქეები მილიონობით ლარით საკუთარი შემოსავლებიდან აფინანსებენ, სხვა ინსტიტუციათა მსგავსად, მიტაცებულია. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან განდევნეს კრიტიკულად განწყობილი არაერთი მედია პროფესიონალი.     

ჟურნალისტებს არ აქვთ წვდომა საჯარო ინფორმაციაზე და საჯარო სივრცეებზე, ხშირად კი მათ სხვადასხვა საბაბით არ უშვებენ პარლამენტში, სასამართლოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.  

„ქართული ოცნება“ რეპრესიებს მიმართავს იმ უცხოელი ჟურნალისტების მიმართაც, ვინც ქართველი ჟურნალისტების მხარდამხარ მუშაობს, რათა აღწეროს საქართველოში მიმდინარე პროცესები, მსოფლიოს დაანახოს ის სირთულეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები აწყდებიან ევროპული არჩევანის დასაცავად ბრძოლისას. საქართველოში უცხოელ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. მათი ნაწილი ქვეყანის დატოვების შემდეგ უკან აღარ შემოუშვეს, ხოლო  ზოგიერთს ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს. 

რეპრესიების და ურესურსობის მიუხედავად, ქართული ჟურნალისტიკა ცოცხალია, დინამიური, ვითარდება და ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ჟურნალისტებს სრულად აქვთ გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ ეს კონკრეტული ისტორიული მომენტი აკისრებს. სამაგალითოა მათი პროფესიული გამბედაობა და პიროვნული სიმამაცე იმ დროს და იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია, სასამართლოს ჩათვლით, მიტაცებულია, როცა ვერავინ აძლევს მათ უსაფრთხოების გარანტიებს. შეუძლებელია, ეს თავგანწირული მცდელობა უკვალოდ დაიკარგოს. გვწამს, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ჟურნალისტების მიერ „ქართული ოცნების“ ხელში მიღებული საშინელი გამოცდილება ისტორიის ნაწილი გახდება და იქცევა გაფრთხილებად მომავალი თაობებისათვის. 

მანამდე კი, ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულის გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას, და სამართლიან, ღირსეულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ჟურნალისტებისთვის.