სიახლეები

2023 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის" და „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს საგარეჯოში თავს დაესხნენ. „მთავარი არხი” წერს, რომ დაზიანებულია კამერა და ქვა მოხვდა ჟურნალისტს. „ფორმულას” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში კი ჩანს, რომ ქვები ამავე არხის ჟურნალისტს გიორგი კვიჟინაძესაც ესროლეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები. 

სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები განსაკუთრებით გახშირდა 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, როდესაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. თუმცა, ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.

06.07.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია იმედის, POSTV-ს, რუსთავი 2-ს და Primetime-ს წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, გიგა კობალაძე. 

სადავო მასალები ტელეკომპანია იმედმა 2023 წლის 3 და 18 ივნისს; POSTV-მ 4 ივნისს, ხოლო რუსთავი 2-მა და Primetime-მმა 3 ივნისს გამოაქვეყნა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს და მიზანმიმართულად დაამახინჯეს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

05.07.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „აი, ფაქტის” ჟურნალისტის ანა რობაქიძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გელა ნაცვლიშვილი. 

სადავო სტატია 2023 წლის 29 მაისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და მასალაში დასახელებული ფაქტები მასთან არ გადაამოწმა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

05.07.2023
2023 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა უცნობი პირი, მიკროფონი გადაუგდო და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალა ხელი.  

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლისგან. 
 
05.07.2023

ორი წლის წინ, საზოგადოება მომსწრე გახდა პრესის თავისუფლებაზე საგანგაშო თავდასხმისა, როდესაც 2021 წლის 5 ივლისს, “ღირსების მარშის” კონტრაქციის გაშუქებისას, ორმოცდაათზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა. რამდენიმე ჟურნალისტის საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანაც გახდა აუცილებელი. დაპირისპირება და თავდასხმები 6 ივლისსაც გაგრძელდა. ამ თავდასხმებისას დაშავებული ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რამდენიმე დღის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცაველებმა დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით პირი, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პასუხი არ აგო ამ ძალადობრივი ქმედებების არცერთმა ორგანიზატორმა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებები კი სათანადოდ არ იქნა გამოძიებული. 

5-6 ივლისის მოვლენები არის მორიგი შეხსენება იმისა, თუ რა საფრთხე ემუქრებათ ჟურნალისტებს საქართველოში პროფესიული საქმიანობისას. მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას და მხარდაჭერას მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელიც თავისი საქმიანობის გამო ძალადობისა და მუქარის მსხვერპლია. 

დღევანდელ დღეს ჟურნალისტები, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, კვლავ ძალადობის, მიზანმიმართული დეზინფორმაციის თუ ბოიკოტის სამიზნეები არიან. გახშირებულია როგორც ჟურნალისტების, ისე ადგილობრივი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიმართ საჯაროდ გავრცელებული მუქარები, რაც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. 

არსებულ ვითარებაში, მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებები და პასუხისგებაში მისცეს 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. ჟურნალისტებისა და ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე საჯარო მუქარების გათვალისწინებით, ხელისუფლების ვალდებულებაა მათი უსაფრთხოების დაცვა, რათა პროფესიული საქმიანობა შურისძიებისა ან თავდასხმის შიშის გარეშე შეძლონ.

05.07.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 6 ივლისს 2 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათი: ნინო კალანდია „POSTV"-ს ჟურნალისტის გური სულთანიშვილის წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2023 წლის 30 მაისს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალაში გავრცელებული ინფორმაცია დისკრიმინაციულია შშმ პირების მიმართ და ახალისებს სიძულვილის ენას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

18:00 საათი: მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების ხატია ქვათაძის და გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2023 წლის 22 მაისს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად, კონტექსტიდან ამოჭრილად და მანიპულაციურად გააშუქეს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

05.07.2023
დღეს ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.

ამ დღეს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. 

ქარტია მიიჩნევს, რომ 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება. უფრო მეტიც, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს. 

ამასთან, ეს საქმეები სათანადოდ არ არის გამოძიებული. პროკურატურის წარმომადგენლების მიერ ერთ-ერთ შეხვედრაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, პასუხისგებაში მიეცა 21 პირი,  მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებდა, როგორ ძალადობდნენ სხვადასხვა პირები ჯგუფურად. 

აღსანიშნავია, რომ დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემული ძალადობის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია და რომლებიც დღესაც პირდაპირ ეთერში ჩადიან დანაშაულს და მოუწოდებენ ხალხს ძალადობისკენ. 

ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკითა და სიძულვილის ენით საუბარს, კვლავაც გამოუძიებელია მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას. 

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოების მხრივ საქართველოში საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.
 
05.07.2023
მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონს, რომელიც, მათ შორის, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას ისახავს მიზნად. კანონი ძირს უთხრის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონს.
 
მმართველი პარტიის მიერ რამდენიმე კვირის წინ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ინიცირებული იყო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდებოდა 9-დან 11-მდე, უქმდებოდა სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა, იზრდებოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადები და ა.შ. აღნიშნული კანონპროექტი არ პასუხობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს და აგრძელებდა ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს. გასულ კვირას კი მმართველმა პარტიამ დამატებითი ცვლილებები შეიტანა დოკუმენტში, რომლის მიხედვით უქმდება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო და მის კომპეტენციებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ითავსებს.  სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9 დან 11-მდე იზრდება, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ერთის ნაცვლად სამი კანდიდატის დასახელების უფლებამოსილება ენიჭება. 
 
მედიის ადვოკატირების კოალიციას მტკიცედ სჯერა, რომ მაშინ, როცა გამოწვევაა პოლარიზაცია და დეზინფორმაცია, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი და მრავალფეროვანი შინაარსის მიწოდებაში გადამწყვეტია. მმართველი გუნდის არსებული პოლიტიკა და ნაბიჯები კი, პირიქით, მიმართულია კერძო მედიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლისაკენ და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებლად.  
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ისარგებლოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით და ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონს და ამით მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი და თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. 
 
ასევე მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, არ დაძლიოს ვეტო და საკუთარი ძალისხმევა და პოლიტიკა წარმართოს თავისუფალი, უსაფრთხო და პლურალისტური მედია გარემოს შესაქმნელად, რაც ხელისუფლების კონსტიტუციურ და კონვენციურ ვალდებულებას წარმოადგენს. 
 
04.07.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 9-დან 11-მდე გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას. 
 
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები თავდაპირველად სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდას, სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვას, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის უფლებამოსილების ვადების გაზრდასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების აჭარის ტელევიზიაში დასაქმებას ითვალისწინებდა. 
 
მოგვიანებით, კანონპროექტში შევიდა ცვლილებები, რომლებიც, ზემოთ ხსენებულ პრობლემურ საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმებას. აღნიშნული კი არსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწყობის პრინციპებს ეწინააღმდეგება და აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს უქვემდებარებს. 
 
ამასთან, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდით, მმართველ პარტიას ეყოლება მის მიერ დასახელებული უმრავლესობა სამეურვეო საბჭოში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას.
 
პრობლემურია განხილვის პროცესიც. მეორე მოსმენამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა მრჩეველთა საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით. კანონის მიღება მოხდა სწრაფად და საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა, ჩართულიყო შეცვლილი კანონპროექტის განხილვაში. 
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს.
 
03.07.2023

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კასპში, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს პირდაპირ ეთერში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულება და უზრუნველყონ მედიასაშუალებებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები გამოწვეულია მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიული დამოკიდებულებით ჟურნალისტების მიმართ.

30.06.2023
გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 30 ივნისს, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა TV პირველის ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, დეპუტატმა უარყო, რომ ჟურნალისტს აგინა. 
 
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ქალ ჟურნალისტებს თავს ესხმიან. 
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ მედიაზე თავდასხმის გახშირებული ფაქტების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ მმართველი პარტიის  წარმომადგენლების მხრიდან მედიასთან მსგავსი დამოკიდებულებაა.
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. 
 
30.06.2023
მედიით  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 ივნისს, კომიტეტის სხდომაზე, სადაც კინემატოგრაფისტებმა საპროტესტო პერფორმანსი გამართეს, მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს. შედეგად, მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, გადაეღოთ პროტესტის ამსახველი მასალა.
 
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აკრედიტებული ჟურნალისტები პარლამენტში თავიანთი მოვალეობების შესრულებისას დაუსაბუთებელ დაბრკოლებებს აწყდებიან. მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს რომ ეს საგანგაშო ინციდენტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს  საკანონმდებლო ორგანოში გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტი გახდა ქვეყანაში მედიის შეზღუდვის ერთ-ერთი სიმბოლო.  
 
მსგავს კრიტიკულ პროცესებზე მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვით, პარლამენტი ზღუდავს საზოგადოების კონტროლს, ხელს უშლის მოსახლეობას ინფორმირებულობას და ართმევს შესაძლებლობას ჩაერთოს  დემოკრატიულ პროცესში.
 
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, უზრუნველყოს სათანადო სამუშაო პირობები მედიის წარმომადგენლებისთვის. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, რომელიც აღიარებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონებით.
30.06.2023

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.