სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „სეზონის” გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანის ნიკოლოზ მჟავანაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია სალომე გოცირიძე. 

სადავო მასალა მედიასაშუალების ეთერში გავიდა 2023 წლის 11 აპრილს. 

განმცხადებლის პოზიციით, წამყვანმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ფრაზები გააჟღერა და ფაქტები განზრახ დამახინჯებულად წარმოაჩინა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

18.04.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „POSTV”-ს დირექტორის შალვა რამიშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია სოფიკო კაჭარავა

განმცხადებლის თქმით, იგი სამსახურიდან განსხვავებული, კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, შალვა რამიშვილისთვის მიუღებელი იყო განსხვავებული პოზიციის ქონა არა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობის, არამედ მის მიღმაც. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეორე პრინციპის (დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ)  დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

18.04.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N 2023-2

2023 წლის 10 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ დამტკიცდა მედიაცია.

  1. ქარტიის საბჭოს განცხადებით [განცხადების ნომერი N 638] მომართა გიორგი ტუმასიანმა ტელეკომპანია „კავკასიის” გადაცემა „სპექტრის” წამყვანის დავით აქუბარდიას წინააღმდეგ. 
  2. განცხადებით სადავო იყო 2023 წლის 4 აპრილს გადაცემაში გასული მონაკვეთი, სადაც წამყვანი ამბობს - „ეს ქართული სპეცნაზი მემგონი უფრო სომხური სპეცნაზია. არაქართული ქცევა იყო”. განმცხადებლის პოზიციით, ფრაზა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული იყო და არ იყო დადასტურებულ წყაროზე დაყრდნობით ნათქვამი. 
  3. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიერ მედიასაშუალებისთვის განცხადების მიწოდების შემდეგ ჟურნალისტსა და განმცხადებელს შორის დაიწყო მედიაციის პროცესი.
  4. 2023 წლის 7 აპრილს წამყვანმა გადაცემის ეთერში ბოდიში მოუხადა განმცხადებელს და მაყურებელს. თავის მხრივ, განმცხადებელი და მოპასუხე დაეთანხმნენ მედიაციის მექანიზმს.
  5. წინამდებარე ოქმის მე-4 მუხლში მითითებული გარემოების გათვალისწინებით გიორგი ტუმასიანის განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მედიაციის საფუძველზე.
13.04.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „POSTV”-ს ჟურნალისტების შალვა რამიშვილის, ბაჩო ოდიშარიას, გური სულთანიშვილის, ნინო სალუქვაძის, ნუგზარ ხავთასის, ანა შანიძისა და დათა გვასალიას წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. 

სადავოა 6 მედიაპროდუქტი, რომლებიც 2023 წლის 23, 25, 26 და 27 მარტს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტების მხრიდან თათია სამხარაძის მიმართ კამპანიურად და გამიზნულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური მასალები დისკრიმინაციულია გენდერული ნიშნით. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

11.04.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 12 აპრილს ორ საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - ნიკოლოზ გოგლიძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების მეგი ნარსავიძის და ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა 2023 წლის 10 მარტს. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია და არ გააფრთხილა, რომ მასთან სატელეფონო ზარი იწერებოდა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე. 

19:00 საათზე - საქართველოს ძიძების ასოციაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის ნინი ტაველიძის წინააღმდეგ 

სადავო მასალა 2023 წლის 5 მარტს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია მანიპულაციურად გააშუქა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე),  მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვთა უფლებები) და მეცხრე (სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

10.04.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „კავკასიის” გადაცემა „სპექტრის” წამყვანის დავით აქუბარდიას წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გიორგი ტუმასიანი

სადავო მასალა მედიასაშუალების ეთერში გავიდა 2023 წლის 4 აპრილს. 

განმცხადებლის პოზიციით, წამყვანმა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული ფრაზა გააჟღერა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

07.04.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ფლანგვის დეტექტორის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

სადავო მასალა 2023 წლის 3 აპრილს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, მერიის დისკრედიტაციის მიზნით ჟურნალისტმა გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

07.04.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებას. აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე.

მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტვ „პირველის“ ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, „ფორმულას“ ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.

პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავარობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.

ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კრიტიკული მედია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, დეზინფორმაციისა თუ უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლება კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმშია და ამით, ართმევს საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრებებისა და პოზიციის მოსმენის შესაძლებლობას. ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის წესებს იღებს.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ არაერთგზის განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მედიის ჩართულობისა და მათი ლეგიტიმური პოზიციების გათვალისწინების გარეშე, ჟურნალისტებისათვის საფრთხის შემცველია და შესაძლოა მედიისათვის კრიტიკული კითხვების შეზღუდვისა თუ სარედაქციო პოლიტიკაზე წნეხის მექანიზმად იყოს გამოყენებული.

ჩვენი შეშფოთება დადასტურდა კიდეც, როგორც პარლამენტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების დროს, ასევე რუსული კანონის განხილვისას, როდესაც მედიას ხელისუფლებამ საკანომდებლო ორგანოში პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უკანონოდ შეუზღუდა, მათ შორის აკრედიტაციის შეჩერებით. საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი გასაჩივრებულია სასამართლოში.

ამ ვითარებაში, პარლამენტის გადაწყვეტილება კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ზღუდავს განსხვავებულ აზრის გამოხატვისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობას.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სასწრაფოდ აღუდგინოს ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია და შეწყვიტოს ამ ფორმით კრიტიკულ მედიაზე დამატებითი ზეწოლის ახალი, მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება.

07.04.2023

2023 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, პარლამენტში აკრედიტაცია 1 თვის ვადით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, სოფიო გოზალიშვილს.

აკრედიტაციის შეჩერებას საფუძვლად დაედო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის შესახებ. კერძოდ, ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომ „ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ"

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებით შეუძლებელია დადგინდეს, რა მოკვლევა ჩატარდა საკითხზე და რა სტანდარტით მოქმედებს პარლამენტის აპარატის უფროსი გადაწყვეტილების მიღებისას. ჩნდება ეჭვი, რომ ეს უკავშირდება კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსს. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციები რიგი მედიასაშუალებებისთვის შეუძლებელს ხდის ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას. 

ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არ დაუშვას, რომ საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, ღიაობა და გააუქმოს მიღებული ბრძანება, რომელიც გამოიწვევს ფორმალურ დაბრკოლებებს და საქმიანობის შეზღუდვას მედიისთვის.

06.04.2023
მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებას გამოხატავს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” მხრიდან „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გამო, რომლის მიზანსაც მედიაზე ზეწოლა, საზოგადოების თვალში მისი დისკრედიტაცია და თვითცენზურის გარემოს დამკვიდრება წარმოადგენს. 

ბოლო დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადენლები  და პრო-სამთავრობო მედია აქტიურად ეწევიან „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ მიზანმიმართულ დისკრედიტაციის კამპანიას. „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე „პალიტრა მედიას” წინააღმდეგ უსაფუძვლო განცხადებები ერთ-ერთ საინფორმაციო გვერდზე გავრცელდა, რასაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების განცხადებები მოყვა. აღნიშნული გარემოება მიანიშნებს, რომ ეს კამპანია მიზანმიმართული და ორგანიზებულია, ხოლო მის სამიზნეს „პალიტრა მედია“ წარმოადგენს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებშიც მმართველი პარტია აგრძელებს  თავდასხმებს ტელეკომპანია „ფორმულაზე“. 

„პალიტრა მედია“ გამოეხმაურა მის მიმართ წარმოებულ კამპანიას და მათ შორის განაცხადა, რომ მედია ყოველთვის დამოუკიდებელი იყო პოლიტიკური გავლენებისაგან და მისი დაფინანსება გამჭვირვალეა.

ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე მედიაგარემოს ფონზე, როდესაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე რეგულარულად ხორციელდება ფიზიკური თავდასხმები, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეები, მუქარა, უკანონო მოსმენები, ხელისუფლების ბოიკოტი თუ დეზინფორმაციული კამპანია, მმართველი პარტია ნაცვლად მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვისა, აგრძელებს და აფართოებს თავის აგრესიულ და მადისკდრეტირებელ რიტორიკას და სამიზნედ ახალ მედიას ირჩევს. აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოს. 
„პალიტრა მედია“ უკვე ათეული წლებია საქმიანობს ქართულ მედია სივრცეში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების ინფორმირებასა და პლურალისტური გარემოს უზრუნველყოფაში. 

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს „პალიტრა მედიისა“ თუ ნებისმიერი სხვა მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული მადისკრეტირებელი კამპანია, შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს მედიის უფლებების დაცვა და ჟურნალისტებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა. 
29.03.2023
დღეს, 2023 წლის 28 მარტს, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრა მედიის” შესახებ განაცხადა, რომ ეს მედიასაშუალება „თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა ორი, კეზერაშვილის მეორე ტელევიზია.” ამასთან, კობახიძემ „პალიტრა მედიასთან” დაკავშირებით აღნიშნა, რომ „იქ როგორ გადაფორმდა წილები, საკუთრება და როგორია რეალურად ხარჯები, რასაც გასცემენ ტელევიზიის მესაკუთრეები - ამ დეტალებში მე ვერ შევალ.”
 
აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე, ერთ-ერთ ვებ-გვერდზე განთავსდა მასალა, სადაც ნათქვამია, რომ „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას” აფინანსებს”. სტატიას გამოეხმაურა “პალიტრა მედია” და განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის ცილისწამება.
 
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას მისთვის მიუღებელი შინაარსის გამო თავს დაესხა. 
 
ქარტია მიიჩნევს, რომ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მედია პლურალიზმის, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისა და ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალებების არსებობა.
 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედება და მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა.
 
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მაუწყებლების მფლობელების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში, ხოლო დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე. ქარტია მოუწოდებს მმართველი პარტიის წარმომადგნლებს, განცხადების გაკეთებამდე გადაამოწმონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ღია წყაროების მეშვეობით.
 
28.03.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „ჯორჯიან თაიმსის” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია მაგდა პაპიძე. 

სადავო მასალა მედიასაშუალების ეთერში გავიდა 2023 წლის 23 იანვარს. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია გაავრცელა მისი და მისი ოჯახის მიმართ. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეექვსე (კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

22.03.2023

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.