სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „მთავარი არხის” ჟურნალისტის ნინო გიგაურის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „შპს ანაგი”. 

სადავო მასალა ტელეკომპანიის ეთერში გავიდა 2023 წლის 19 მარტს. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა, რაც კომპანიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

22.03.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტის მეგი ნარსავიძის და წამყვანის ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ნიკოლოზ გოგლიძე. 

სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა 2023 წლის 10 მარტს. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია და არ გააფრთხილა, რომ მასთან სატელეფონო ზარი იწერებოდა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

21.03.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ეხმიანება „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტზე ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტს, რათა სახელმწიფომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ჟურნალისტის მიმართ გავრცელებულ მუქარას, დაუყოვნებლივ მიიღოს ქმედითი ზომები მის მიმართ დაფიქსირებული უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.

2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის საფუძველზე დაიწყო და დააკავა ერთი პირი.

პარალელურად, მოძალადე პირის მხარდამჭერთა მხრიდან, ჟურნალისტის მიმართ დაფიქსირდა არაერთი მუქარა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

ნატო გოგელიას ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” იცავს. ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ შეისწავლოს ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების უფლებების შელახვის ფაქტები, მიანიჭოს მათ სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიებები.

20.03.2023

პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა სწორედ ეს მედია ასრულებს. ამასთან, არის დისკუსიები, რომლის მიზანიც მხოლოდ ევროსკეპტიციზმის გაზრდაა მოსახლეობაში.

მედიის როლი არ არის კონკრეტული პირების მიმართ მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება. მედია ხელს არ უნდა უწყობდეს სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებას. 

ამასთან, მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, არ უნდა ცდილობდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ქვეყნის კურსის საწინააღმდეგო კამპანიების წარმოებას. 

მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია.

გარდა ამისა, მედია ვალდებულია დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის POSTV-ის, უნდა ახსოვდეს მედიის როლი და დანიშნულება. 

20.03.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ონლაინგამოცემა Qartli.ge-ს რედაქტორის საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ზვიად გოგუაძე

სადავო მასალა 2023 წლის 16 მარტს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია განზრახ დაამახინჯა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

20.03.2023

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებული ფაქტი. მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევის სწრაფი და ეფექტური გამოძიება და თავდამსხმელი პირის კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგებაში მიცემა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, რა დროსაც ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. იგივე პირი 14 მარტს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციასა და შენობიდან ევროპული დროშის ჩამოხევაში მონაწილეობდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან. ხელისუფლების მხრიდან მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება და კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო ახალისებს მსგავსი სახის ძალადობას.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, საჯაროდ დაგმოს და ეფექტურად გამოიძიოს მსგავსი ფაქტები.

16.03.2023

2023 წლის 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ძალადობრივი ჯგუფის, კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფოს მიერ გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ მამუკა ანდღულაძე დაესხა თავს ჟურნალისტს და დაუზიანა ტექნიკა.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაწყებული გამოძიების ფარგლებში სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ ნატო გოგელიაზე თავდასხმის ფაქტი.

15.03.2023


2023 წლის 14 მარტს „დოჟდის“ ჟურნალისტმა, ანა მონგაიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კორესპონდენტი, საშა შვედჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს და საზღვარზე დეპორტაციის ცნობა მისცეს. 

  • ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება კორესპონდენტის საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს, შეასრულოს პროფესიული მოვალეობა. 
  • ქარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საზღვრის კვეთისას არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები პროფესიული საქმიანობის გამო შევიწროებულ რუს ჟურნალისტებს.

ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს. ამის შესახებ ქარტიას არაერთი განცხადება გაუკეთებია. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „დოჟდი“ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელი იყო რუსეთში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების გამო, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს საქართველოს და სხვა ქვეყნების დახმარება სჭირდებათ. 

14.03.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის ნინი ტაველიძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია „საქართველოს ძიძების ასოციაციაა”

სადავო მასალა 2023 წლის 5 მარტს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია მანიპულაციურად გააშუქა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე),  მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვთა უფლებები) და მეცხრე (სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

14.03.2023

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 10 მარტს სამ საქმეს ონლაინ განიხილავს: 

18:00 საათზე - საქართველოს უნივერსიტეტი ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის ცოტნე გეგეჭკორის და POSTV-ს წინააღმდეგ

სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა 2023 წლის 12 თებერვალს, ხოლო „POSTV"-მ 2023 წლის 9 თებერვალს გააშუქა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არ გადაამოწმეს და არ გამოიჩინეს საზოგადოების მიმართ პატივისცემა, რათა გაეშუქებინათ ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი ორივე შემთხვევაში დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

19:30 საათზე - გიორგი ბადრიძე ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გავიდა 2023 წლის 22 თებერვალს. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. მასზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. 

10.03.2023
2023 წლის 9 მარტს რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია იმართება. აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის, საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური დაზიანების არაერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია აქციაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ დაუშვას ჟურნალისტებზე ძალადობა და საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა მისი წარმომადგენლების მხრიდან და მიიღოს ეფექტიანი ზომები მედიის უფლებების დასაცავად.
 
09.03.2023
2023 წლის 8 მარტს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი აქციის დასაშლელად გამოყენებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გაზის ყუმბარა ჟურნალისტის ფეხებთან აფეთქდა. ამასთან, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული მოვალეობის შესრულების შესახებ.
 
სამართალდამცავმა უწყებებმა იძალადეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალათ მედიის შემდეგ წარმომადგენლებს:
  • „ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, ჩაარტყა წიხლი და ტელეფონი გააგდებინა ხელიდან, მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ პრესის წარმომადგენელი იყო.
  • სპეცრაზმმა „პუბლიკის” ჟურნალისტებს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს ძალის გამოყენებით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა. 
  • ფიზიკურად იძალადეს ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორზე, გიორგი კვიჟინაძესა და დავით მანიაზე.  
  • ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას” ჟურნალისტზე, თეა თეთრაძესა და ოპერატორ ნიკა კოკაიაზე, ასევე, რამდენჯერმე შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი.
  • ფიზიკურად იძალადეს „მედიაჩეკერის” რედაქტორ გიორგი გოგუაზე. ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მან აუხნა, რომ პრესის წარმომადგენელია.
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ფორმულას” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს. 
  • ფიზიკურად იძალადეს „ფორმულას” ჟურნალისტ ნიკა საჯაიზე.
  • ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „გურიანიუსის" ჟურნალისტს მერაბ ცაავას. 
(სია განახლებადია)

ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ძალადობას, უფლებების დარღვევასა და საქმიანობაში ხელშეშლას.  

მოვითხოვთ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს. 
 
09.03.2023

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.